ნაწარმოებები



ავტორი: წეროს თოვლი
ჟანრი: პოეზია
7 იანვარი, 2022


***

ისევ შემოდგომა.
ჭადრები.
დგანან.
მზეს სწირავენ ფოთლებს.
როცა არც ცოცხლობ და არც კვდები,
უბრალოდ დაზამთრდება.
მოთოვს.
მანამდე სიმწიფეა ბროწეულის.
მანამდე ყურძენსაც წურავენ.
მანამდე სისხლი გაქვს მოწამლული.
სული ჯერ წმინდაა, თუ რამე.

მერე კი,
როდესაც არსად ხარ,
ყველა გივიწყებს და გრიყავს.
ფიქრებს გიმძიმებენ, ასმაგად,
ლექსები,
რომლებიც გიყვარს.

/აქ ისევ წერენ და ბეჭდავენ.
აქ ცივი ქარები ქრიან.
მოჭრილ თმებს ქარები შეჭამენ.
მოჭრილ თმებს სიზმრები მიაქვთ/.

შენ კი,
ჩემო კარგო ქვეყანა,
როგორი მარტო ხარ.
მუნჯი.
ისევ გესევიან ყორნები.
ღამით სისხლის გემოს სინჯავ.

მოჭრილი მკლავების მაგიერ,
სხეულზე გეზრდება ზამთრები.
ვიღაცა საყდრებსაც დაგინგრევს.
ვიღაცა იფიქრებს მთავრდები.

მე და შენ ნიჭი გვაქვს აღდგომის,
ისეთი,
შეშურდებათ ღმერთებს.
თუკი უსაშველოდ დავღონდით,
გულიც უსაშველოდ გვიცემს.

ჩვენში სახლდებიან ქარიშხლები.
ძალიან, ძალიან შორეულნი.
გაუშვი,
ვისაც ავიწყდები.
გზებია. ზღვებია. ბორანია.
გაუშვი.
გემებით. ხომალდებით.
უკვე წეროებიც მიფრინავენ.
აღარ ღირს ცრემლი და მონატრება.
სევდა,
ასეთი სიფრიფანა
გაწყდეს. დაიხეს.
დაიფანტოს.
მახსოვს, მეც ვიყავი სევდის მცველი.
ახლა,
ლექსებს ვუწერ პალიასტომს,
მეწამულ ნისლში რომ მესიზმრება.

21.11.21

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები