ნაწარმოებები



ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
8 იანვარი, 2022


რევერსული ლექსი




როგორ სიყვარულს დაიჩრდილავო
იკითხა ბოშამ,
გოგრის მოხალული მარცვლები ააჩხრიალა,
ერთი გაკვნიტა  და დაღეჭა.
სად მიიკრავო პირველ სხივსო,
მაჯა კარტივით ავუტრიალე,
ჯერ ამ ნაკეცებში  ჩემი ძალა ამოიკითხე,
მერე  გიპასუხებ - მეთქი, ისე წამომცდა,
თითქოს მისი დარგული ნერგის ამოთხრა დავაპირე
და ვაგრძნობინე რამდენ რამეზე ვიყავი წამსვლელი.
გადააფურთხა.საქონლის მოხარშული ენის ფერი კანი
ნიკაპთან უფრო ჩაუმუქდა, ცალი თვალი მოჭუტა
და ამღერდა.
ვუსმენდი უსიამოვნო, ალბათ უფრო უხეშ სიმღერას
ყველა იმასთან შედარებით,
რაც კი აქამდე მომისმენია და ვფიქრობდი,
ვინ მოიგონა აიწონა-დაიწონა?
როგორი  იქნება მისი მომავალი ან ,,ესა მესა გადის ესა’’ რა გათვლაა?
მოღიღინე ზურგით დამიდგა.
დავინახე როგორ ჩამოვარდა მისი მხრების მოძრაობიდან
გამომშრალი ბელტივით -გენეტიკური ამორფულობა,
როგორ ჩახლიწა პლანეტის მასიური სხეული
და უმწიფარი ხასიათის გამოვლენა
ოზონის ხვრელთან მიახლოების შემდეგ გადაიფიქრა.
ნეტავ სად უნდა ვმდგარიყავი ასე ბრიყვულად
თუ არა უფრო საკუთარი  თავის წინაშე
და მეღიარებინა არ ჩადენილი დანაშაული,
რომელზეც პასუხი ჯერ არავის მოუთხოვია.
თუმცა ვინ იცის, არხეინად მყოფი თუ არა
სხვა რა ეწოდება საგნის აღმნიშვნელ ამგვარ სახელს,
უძრავად მყოფი საგნის აღმნიშვნელ უამრავ სახელს,
არსებითის ბურუსში რომ გახვეულა და
გრამატიკული მელანქოლიით ბრუნავს ადამიანის ირგვლივ.




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები