ნაწარმოებები



ავტორი: ბეთ ავენ
ჟანრი: პროზა
9 იანვარი, 2022


ე! გაჩთა!

###

მოდიოდა.
არა, უფრო მოფრატუნებდა.
არც ისეთი მოხუცი იყო, მაგრამ ცხოვრებამ ნაადრევად დააბერა.
ხელში ცელოფანის ორი პატარა პარკი ეჭირა.
მივესალმე და მოვიკითხე.
- როვა ვიქნები, ქე ვარ ჯერემ რაცხა.
მარტუა ვარ სახში კი გეცოდინება ჩემები ყველა ქალაქშია.
- საახალწლოდ არ ჩამოსულან?
ვკითხე.
- ოჰ, მეშვიდე წელია პირი არ უქნიენ აქით.
ხანდახან რამეს თუ გამუაგზანიან, თვარა ისე ვერ ჩამოდიენ.
უჭირს იგენსაც.
შენ როის ჩამოი?
- მესამე დღეა.
- ჰო, კაია
- რაღა კაია ისოდორე, აღარავინ მყავს.
არც ბავშვობის მეგობრები, არც ჩემები, აღარც ძველები.
- ჰო, მარა, კარ-მიდამო ხომ გაქ?
- გავყიდე ისიდორე
- უი, რას ჩივი?
ძნელია, ალბათ, ხომ?
- კი. ძალიან
- მალხაზა, ბიჯო, აგერ ქაფშიე და პაწა ჭადის ქფილი ვიყიდე და მესტუმრე ამეღამ.
ორივე მარტუა ვართ და ერთათ მოვწრუპოთ,  კარალიოკის ოტკა მაქ.
- მითხარი რა შევამატო სუფრას, ისიდორე
- ქაფშიას და ჭადს რაღა უნდა შუუმატო?
მერე კიდომ მე აფერი არ მეჭუმა ყოლისფერი მაწუხებს. ხომ მოხვალ?
თავი დაუქნიე თანხმობის ნიშნად და გავუღიმე.
ჭიშკართან მეცა კეცის მჭადის და ზეთზე შემწვარი ქაფშიის სუნი.
    არ მახსოვს ბოლოს როდის ვიჯექი დაბალ სამფეხა  სკამზე.
რამდენი ვინმე და რამდენი რამე გამახსენდა.
ბუხარი გიგზგიზებდა.
ორივეს წინ გურიაში რომ უყვართ ისეთი რონკები გვედგა.
აუჩქარებლად  ვწრუპავდით კარალიოკის ოტკას.
შიგადაშიგ - რათ გინდოდა აგინიო- იტყოდა ისიდორე
და მორიდებულად წაატეხავდა მოხარშულ დედალს ჯერ ერთ  ფრთას, მერე მეორეს, მერე კურტუმოს, კისერს.
დააბეჩავა გაჭირვებამ ისიდორე, ზედმეტად მორიდებული  გახადა.
ასე ოთხი რონკის მერე აღიღინდა.
ღმერთმა ხმაც უბოძა და სმენაც.
ისე გემრიელად მღეროდა და ისე უხდებოდა ეს გურული ჟღურტულივით სიმღერა, სუფრას, სამფეხა სკამს, ტაბლას, ბუხარს, კარალიოკის ოტკას და რონკებს რომ ჩემს გულში ჩაბუდებული გრძნობები ერთბაშად  თვალებიდან გადმომცვივდა.
- ფუტია, ხომ?
მკითხა ისიდორემ.
რაზეც მხოლოდ თავი დავუქნიე, რადგან სიტყვა ვერ წარმოვთქვი  და გარეთ გავედი. ლამაზად ბარდნიდა.
აქა-იქ ძაღლების ყეფა მოისმოდა.
სიბნელიდან ვიღაცამ - შობას გილოცავ, ისიდორეო.
ისიდორე ახლა ,,ოცდახუთსა დეკემბერსა,, ღიღინებდა.
მერე უცებ შეწყვიტა და:
- შემოი, მალხაზია არ გაცივდე. გევიდა აი ფუტი.
მოი, მოი,  ერთი  ჩვილის სადღინძელო მაქ სათქმელი.
    სახე თოვლს მივუშვირე და ცოტახნით მეც ფიფქივით მსუბუქი და თეთრი ვიყავი,  იმ ფიფქივით, რომელიც ისევე უხმაუროდ და  მშვიდად  იქცევა წყლად, როგორც ახლა მიწისკენ მოფარფატებს.
შობა დგებოდა, ადრე რომ დიდი სიხარულით და  ჟრიამულით  ვხდებოდით.
ახლა  მხოლოდ სევდიანი და ჩუმი  სიხარული იყო. გააზრებული.
- ა! კიდომ კაი სანთელი ვიყიდე, თვარა აი რას გვეყოფოდა?
სოფლის ტაძრიდან ზარები  გადმოიღვარნენ.
- ე!
გაჩთა! 
შობას გილოცავ, მალხაზია!
- მეც გილოცავ, ისიდორე.
    დილამდე ვიხსენებდით  ადამიანებს და ამბებს ისე,
რომ ერთმანეთის მარტოობა არ დაგვირღვევია.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები