ნაწარმოებები



ავტორი: მიშკინა
ჟანრი: პროზა
11 იანვარი, 2022


გადაგვარება

                                                                                                                           
      როგორც ყოველთვის ეს დილაც ყავით და სიმარტოვით დაიწყო. მართალია, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ქალაქში ვცხოვრობ აქ მარტოობა მაინც მთავარი სენია, თუმცა მე ის ემიგრანტი ვარ საკუთარ თავთან განმარტოებულს ისედაც ბევრი, რომ ჰყავს სანუგეშებელი და მოსაფარებელი, გასახსენებელი და გასაჩუმებელი. საკუთარ თავთან ეს ფუთფუთი გადამექცა სწორედ იმ ძალად  ჩემი წინსვლა, რომ განაპირობა და გადაჭედილ ნიუ-იორკიში ერთ-ერთი წარმატებული ჟურნალისტიც გამხადა. მიყვარს ჩემი საქმე. როცა იტყვიან შრომისმოყვარე კაცს ეშმაკმა შრომა უქცია ცოდვადო მეც მიგულისხმებენ, რადგან მხოლოდ ამისთვის მაქვს დრო და მხოლოდ ეს მაბედნიერებს.
      ხანდახან საკვლევი საკითხი თუ ობიექტი დიდად არ მხიბლავს. დღესაც არასასურველი ინტერვიუ მაქვს ემიგრანტების შესახებ შეკვეთილი სტატიისთვის. არ დაგიმალავთ და არ მიყვარს ემიგრანტები. საკუთარი მიწის მიტოვებით უკვე იმდენი გაიღეს ჰგონიათ, რომ ეხლა ყველაფერზე წასვლაც შეიძლება. წლების წინ გადაღებული კორეული ფილმის „პარაზიტის“ გმირებს ჰგვანან.  ამ თემაზე წელიწადში რამდენიმე სტატიის შექმნა მაინც მიწევს, თუმცა ქართველ ემიგრანტებზე არასოდეს არაფერი დამიწერია. დღეს კი სავარაუდო რესპოდენტების სიაში ქართველი აღმოვაჩინე, რომელიც თითქმის ორმოცდაათი წელია რაც ემიგრაციაშია და არცერთხელ არ დაბრუნებულა სამშობლოში. ქალის  ბიოგრაფია საინტერესო მეჩვენა, მისამართიც ხელსაყრელი იყო, ნიუ-იორკიდან არც ისე შორს, პატარა, ფლემინგტონის უმეზობლო დასახლებაში ცხოვრობდა, ამიტომ გადავწყვიტე მას ვწვეოდი და ინტერვიუ მასთან ჩამეწერა.
      პატარა, ერთ სართულიან, მზით და კატებით სავსე ძველ სახლში ცხოვრობდა მოხუცი. შესასვლელი კარი ღია დამხვდა. იგი პიანინოზე იჯდა და გვერდით მდგომ პატატა გოგონას  „სულიკოს“ ასწავლიდა.  ბავშვს ძალიან უჭირდა ქართული სიტყვების სწორი წარმოთქმა ამიტომ „სულიქოს“ მოსმენა არც თუ ისე მომხიბვლელი იყო. დამინახა თუ არა ქალი სწრაფად წამოდგა და ჩემთვის უკვე სახელდახელოდ გაწყობილ მაგიდასთან მიმიპატიჟა. ცოტაოდენე საუბრის შემდეგ მთავარ საქმეზე გადავედით, მაგრამ სამწუხაროდ ინტუიციამ მიმტყუნა რადგან ვერაფერი საინტერესო მისგან ვერ გავიგე. არაფერი ჰქონდა მოხუცს მოსაყოლი. ყველაფერი რაც  გაიხსენა ემიგრაციამდე პერიოდს ეკუთვნოდა. მივხვდი ტყუილად ვკარგავდი დროს, ამიტომ ბოლოჯერ ვსცადე მისი ყურადღება ამერიკაში ყოფნის პერიოდზე გამემახვილებინა  და ვკითხე ოდესმე თუ გიფიქრიათ უკან დაბრუნებაზეთქო. გაეღიმა, რა თქმა უნდა მიფიქრიაო. მახსოვს ერთხელ  მტკიცედაც გადავწყვიტე უკან დაბრუნება, მაგრამ არაფერი გამომივიდაო.
- ქალბატონო მედეა, გთხოვთ დაწვრილებით მომიყევით რამ გადაგაწყვეტინათ სამშობლოში დაბრუნება და რამ შეგიშალათ ხელი. ეს ძალიან საინტერესო იქნება სტატიისთვის - ვუთხარი და სმენად გადავიქეცი.
დიდი სიამოვნებითო მითხრა და მოყოლა დაიწყო:
- ეს წლების წინ მოხდა. მაშინ ჯერ ისევ ახალგაზრდა ვიყავი. ჩემი დღე სისხამ დილით ყავის რიგში იწყებოდა, როცა ქალაქში ციმციმა ბილბორდები ჯერ ისევ თვალის მომჭრელად ბრჭყვიალებდნენ. ასე მიყვარდა ღამის ოცნებებიდან გამოფხიზლება და სანამ ყავის არომატს ვიგრძნობდი, რაღაცის შეცვლის იმედიც მიჩნდებოდა. იმ დილით როდესაც სტარბაქსის  მეყავე, მომხიბვლელი და მატყუარა ღიმილით ყავას მაწვდიდა მშობლიური სიმღერის ხმა შემომესმა:
                      „საყვარლის საფლავს ვეძებდი,
                        ვერ ვნახე...  დაკარგულიყო!..
                        გულამოსკვნილი ვჩიოდი:
                        სადახარ ჩემო სულიკო?!“ 
სისხლი გამეყინა. არა, განა ნოსტალგიამ იმოქმედა ასე, არა ქალის ხმა იყო მეტად მარტოსული. იგი ხმამაღლა, ნაწყვეტ-ნაწყვეტი ხმით მღეროდა და თან სავაჭრო მოლის ბილიკზე ველოსიპედს მიაქროლებდა. ასეა, როდესაც იცი შენი ენა არავის ესმის უფრო ხმამაღალი და მარტო ხარ. ეს სიმარტოვე კი იმდენად მძაფრია სირცხვილსაც და უხერხულობასაც აფერმკრთალებს. მეცნო ტკივილი, თვალი ავარიდე, სხვის ქვეყანაში უსამშოლოდ ცხოვრება სიტყვით არ ინუგეშება. საკუთარი თავი გამახსენდა, ახლად ჩამოსულს მეც ასე მძაფრად მტკიოდა საქართველო. ასე იცის  შენი მიწის მონატრებამ, სიმსივნესავით მოგედება გულზე და ბოლო ამოსუნთქვამდე ყელში ცრემლებად გებჯინება. ამ მონატრებასთან ბრძოლა იწვევს სწორედ ყოველგვარ გადაგვარებას. საკუთარ თავთან გაუცხოებულ მოღიღინე  ქალსაც ეტყობოდა ახლად ჩამოსული იყო რადგან იმედი  ჯერ ისევ უკრთოდა ფართო და დამფრთხალ თვალებში. სამუშაო ფორმაში გამოწყობილს თმა დაუდევრად შეეკრა და სიმარტოვეს სიმღერით ინუგეშებდა. იქ მდგომთაგან მხოლოდ მე გავიგონე მისი გატეხილი ხმა და სამუდამოდ გულში დამრჩა.  მას შემდეგ ყოველ დილით ველოდებოდი მის გამოჩენას. ისიც არასოდეს აგვიანებდა. სევდიანი და მარტოსული მოუყვებოდა ციმციმა ბილბორდებით განათებულ ცარიელ ქუჩას. თითქოს მის ოთახში გამეფებული მკვდარი სიჩუმე  ლანდად ადევნებოდა და გაღიმების უფლებას არ აძლევდა მარტოხელა მდგმურს. მე კი ყოველ დილით იმედით ვეძებდი შავი, მშობლიური თვალების ცვლილებას, თუმცა შემდეგ გამოცდილებამ მასწავლა რაც არ უნდა დიდი იყოს ადამიანის მეტამორფოზა ემიგრანტის თვალებში სევდა არასოდეს ქრება. ეს ის ხალხია მთელი ერის ამპარტავნება რომ უტვირთია და დაჩაგრულს და მდაბალს მშობლიური სითბოღა გახდენია ღმერთისთვის სახვეწარი. ალბად შენც შეამჩნევდი როგორ გავს კაფკას „მეტამნორფოზა“ ქართველი ემიგრანტის ცხოვრებას...  მის თვალთვალში ბევრმა კვირამ განვლო.  ყოველ დილით შორიდან ვიზიარებდი მის უსიტყვო სევდას და მისი მოჩვენებითი ღიმილი მიკაწრავდა გულს. თუმცა ის-ის იყო ლამის შევეჩვიე კიდეც მის დარდს, რომ ერთ დღესაც აღარ გამოჩნდა. აქ დრო ემიგრანტებისთვის  წინ არ მიდის, აქ, ემიგრაციაში  დრო წრეზე ბრუნავს, ამიტომ ყველა ცვლილება უცნაურ მოუსვენერობას იწვევს,  ხოდა მეც ავფორიაქდი. სხვების ქვეყანაში ჩემიანის მოსაკითხად გამოვედი. მინდოდა ვინმეს დაედასტურებინა ჩემი სიხარული და ეთქვა ვერ გაუძლო და უკან დაბრუნდაო. არ აღმოჩნდა რთული მისი ასავალ-დასავალის გაგება. იქვე, მაღაზიაში კონსულტანტად მუშაობდა. უცებ გულით  გარდაიცვალაო საწყალი, გულწრფელი სინანულით გაიქნია თავი მისმა თანამშრომელმა. უკვე რამდენიმე დღის გარდაცვლილი უპოვნიათ  სახლში. უხმოდ გამოვედი მაღაზიიდან და მთელი გზა როგორც ის მღეროდა ისე გულამოსკვნილი ვტიროდი. უცხო მიწაზე, რომ უნდა დამარხულიყო ამაზე კიდევ მეტად მტკიოდა გული. შემზარა მისმა ბედმა, დაბრუნების ოცნებას სამუდამოდ, რომ დაემშვიდობა. მაგრამ განა მეც იგივე გზაზე არ ვიდექი? განა მე მყავდა ვინმე, რომ უცხო მიწაზე არ დავეტოვებინე? ტკივილმა და შიშმა გადამაწყვეტინა ერთ  წამსაც აღარ გავჩერებულიყავი აქ. უკანმოუხედავად დავბრუნდი სახლში, ძველი ჩემოდნები გადმოვიღე და სრწაფად დავიწყე ჩალაგება. სიჩქარით ვცდილობდი საკუთარ თავს გავქცეოდი. მეშინოდა რაიმე ფიქრი არ დამწეოდა და არ გავეჩერებინე. თითქოს ეხლაღა გამოფხიზლებული მზად ვიყავი ჩემოდანზე დამჯდარი, აეროპორტში დავლოდებოდი საქართველოში უახლოეს ფრენას, რომ ამ დროს მობილურზე შეტყობინება აციმციმდა. წერილი ჩემი შვილისგან იყო. ყოველი მისი სიტყვა ზეპირად მახსოვს, რადგან მხოლოდ მათ განაპირობეს ჩემი აქ დარჩენა: „დედა, როგორ ხარ?  - მწერდა იგი - დღეს გასაუბრებაზე ვიყავი, მაგრამ ამჯერადაც  არ გამიმართლა. აქ სიღარიბემ და  უმუშევრობამ ისე შეშალა ადამიანები უკვე მართლა მეშინია. ქუჩებიც მუდამ სავსეა გაბრაზებული ხალხით.  ხან ჟურნალისტებს ვებრძვით, ხან მღვდლებს, ხან ჰომოსექსუალებს. ვლანძღავთ პოლიტიკოსებს, ბიზნესმენებს, მდიდრებს და ღარიბებს, რუსებს და ამერიკელებს. ჩვენი მოსაწონი ვერავინ ვნახეთ. თითქოს ეხლა ნამდვილად მთავრდება დედა საქართველო. მადლობა ღმერთს, რომ გამართულ ქვეყანაში შენ მყავხარ იმედად“. გავშრი, ჩემს დაძველებულ, იმედის და მატყუარა ოცნებების მატარებელ  ჩემოდნებს გავხედე და სასო წარმეკვეთა. შემდეგ სამსახურში დავრეკე, დაგვიანებისთვის მოვიბოდიშე და უკვე გზაში ვართქო ვუთხარი.  მას შემდეგ წლები გავიდა.  ეხლა  ხანდახან თუღა გამახსენდება ის „სულიკოს“ მომღერალი ქალი, თუმცა მასზე ერთ უცნაურ სიზმარს ხშირად ვხედავ: თითქოს თბილისის აეროპორტში ვარ, რომელიც სავსეა ხალხით და მის უპატრონო ცხედარს ელოდება...  შემდეგ ჩემი შვილიც ჩამოვიდა ამერიკაში. მე კი უკან დაბრუნებაზე ფიქრიც შევწყვიტე და ასე, ახალ მიწაზე უფესვოდ მოჭიდებულს გამაქვს თავი. მალე შვილიშვილებიც შემეძინა და თითქოს ბედნიერებით  გაივსო  გული, მაგრამ ხანდახან ისეც ხდება  შორიდან ჩემსკენ მომავალ ჩემივე შვილიშვილებს ვერ ვცნობ და მაშინ ვგრძნობ როგორი მწარეა სხვა ხეზე დამყნობილი ხის ნაყოფის სიუცხოვე. - მოხუცი უცებ გაჩუმდა. იფიქრა სიტყვა ძალიან ხომ არ გამიგრძელდაო და მორცხვად, ძველი სამოვრიდან ჩაი ჩამომისხა. შემდეგ შეკითხვით სავსე თვალებით შემომხედა და ქართულად მკითხა?
- შენ შვილო არასოდეს გიფიქრია უკან დაბრუნებაზე? - დიდი ხანია არც ქართულად და არც „შვილოთი“ არავის მოუმართავს ჩემთვის. დიდად არ მომეწონა  მისი ასეთი ფამილიარობა.
- არა, არასოდეს!  - ვუთხარი და ვიგრძენი როგორ შეეპარა ჩემს ღიმილს ირონია -  აქ არის ჩემი საქმეც, წარმატებაც და  მომავალიც.
- აჰ შვილო, წარმატება ჩაივლის, სიბერეში კი სინანული მწარე და აუტანელია. - დამარიგა ჭკუა მოხუცმა. დიდი მადლობათქო ვუთხარი, გამოვემშვიდობე და სწრაფად გამოვედი.
        დიდი ხანია დაუგეგმავად არც არაფერი მიხარია და არც არაფერი მწყინს, მაგრამ მისმა ნათქვამმა „შვილომ“ მწარე გემო მაინც დამიტოვა, თუმცა ნიუ-იორკის საცობი ყოველთვის ყველაფრის მკურნალია და როდესაც სახლში მივედი უკვე კმაყოფილი ვიყავი, რადგარ ვიცოდი უმადურ ემიგრანტებზე კიდევ ერთ გენიალურ სტატიას შევქმნიდი... მაგრამ ამ დღის შემდეგ,  ჩემდა სამარცხვინოდ ერთი უცნაური რამ დამჩემდა - სადაც არ უნდა წავიდე, რა წარმატებასაც არ უნდა მივაღწიო და როგორი ბრჭყვიალაც არ უნდა იყოს სარკე, ჩემს ანარეკლში ყოველთვის ვხედავ კაფკას შეშინებულ და ამაზრზენ ტარაკანას.
     

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები