ნაწარმოებები



ავტორი: ქეთ
ჟანრი: პოეზია
12 იანვარი, 2022


მე შენ გიღალატებ ქმართან

ნუკრი ბერეთელი

მე შენ გიღალატებ ცოლთან,
მოვა ის უგულო ღამეც
და ეს ოცნებებიც ორთა,
ნერვებგადაყვლეფილ წამებს
უფრო გააზანტებს, რათა,
ვიგრძნო საუკუნო ზიზღი
თავის და სხვათა და სხვათა!
მიწყივ საკუთარის, მიწყივ...

მე შენ გიღალატებ ცოლთან,
გული უძღებია კაცის,
შენთან ყველაფერი მქონდა,
მქონდა დიდებაც და მარცხიც
გამოერეოდა ზოგჯერ...
მარცხს ვინ დაეძებდა - მწამდი!
ქისტის მარჯვენივით მომჭერ
კუზად ამოზრდილი დარდი.

მე შენ გიღალატებ ცოლთან,
ვიღაც თაფლობისთვედ ვედრებს
მას, რაც შხამისფერად მორთავს
ჩვენი საძინებლის კედლებს.
და გულს უშენობა ნელა,
მშვიდად გამოუტანს წირვას:
ბნელა, შუადღითაც ბნელა!
მცივა, ზაფხულშიდაც მცივა!

შენ მე მიღალატებ ვეღარ
რადგან ერთგული ხარ ფიცის...
რადგან ღვთისმშობელთან წევხარ-
ისიც დედაა და იცის
შენი ერთგულების ფასი.
მე ვერ შეგიფერებ რადგან
ბრბოსაც ურჩევნია ფარსი!
ყალბი სიყვარულის დადგმა!!!

მე შენ გიღალატებ ცოლთან,
მაგრამ სიკვდილის წინ თუკი
ბოლო ნატვრის ნება მქონდა
და თუ ავაგლიჯე ლუქი
(შენც ხომ უჩემობა არ გსურს?)
ნატვრის ჩაჟანგებულ კარებს,
კვლავ შენს საპატრონო ამ სულს
შენივ გულის კოვზზე დავლევ!!!

---------------------------------------

ქეთი თელია

მე შენ გიღალატებ ქმართან,
მოვა ის უგულო ღამეც,
როცა გიერთგულებ აღარ,
ნერვებგადაყვლეფილ წამებს
უფრო გაამწარებს, რათა
ვიგრძნო საუკუნო ზიზღი
შენი ჩემდამი და სხვათა!
მიჭირს, გასაოცრად მიჭირს...

მე შენ გიღალატებ ქმართან,
ასე გისახოვრებ დარდებს,
თუმცა გენატრები აღარ,
მაინც ვერ ივიწყებ წამებს,
როცა ყველაფერი გვქონდა,
მაგრამ მე არ მერქვა შენი,
სულმა სინათლე ვერ ჰპოვა,
ჩავრჩით შორი-შორს და ბნელში.

მე შენ გიღალატებ ქმართან,
გული შეეჩვია ყინვას,
სულ რომ ყველაფერი მქონდეს,
მაინც უშენობა მცივა.
შენ კი არ გეძახი, მოდი!
(თუმც კი არ წასულხარ არსად),
გულზე მაწევს მძიმე ლოდი,
ვყიდი სულსაც ჩალის ფასად!

მე შენ გიღალატებ ქმართან,
უკურნებელია სენი,
როცა წარმომიდგენ სხვასთან,
და აღარ ვიქნები შენი,
მერე ვეღარაფერს შეცვლის
ამ ხელისგულების ბოდვა,
თითქოს არც მოვსულვარ შენთან -
არ ჩამიდენია ცოდვა.

მე შენ გიღალატებ ქმართან,
ჩვენ ხომ ასე გვსურდა ერთად,
შენგან ვეღარსად ვერ წავა -
დარდით გათანგული ვნება,
მაინც არ მეთმობი, ვფიქრობ -
თითქოს მზე ხარ სულის ბაღში,
თუკი ვერ აიტან ღალატს -
არც კი გამომხედო მაშინ!

მე შენ გიღალატებ ქმართან,
და რომ მოვა ვნების ღამე,
შენ ვერ მაპატიებ, რადგან -
უჩემობითა ხარ სავსე!

შენ რომ მიღალატებ ცოლთან,
მე რომ გიღალატებ ქმართან,
ვიღაც დაიჯერებს - მოვა !
მას არ შეუძლია რადგან -
უჩემობა არის შენი
და მე არ მეკუთვნის მართლა -
არაფერი შენგან, გნატრობ,
როცა კი ვიძინებ ქმართან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები