ნაწარმოებები



ავტორი: ლ. ლორია
ჟანრი: პროზა
13 იანვარი, 2022


თოვლის ბაბუა და ღვთიური ნაწილაკი, ანუ იცინის ის ვინც ბოლოს იცინის (ლილე 2021 - მე-2 ადგილი)

                 

სატელეფონო ზარი  ფიფქიათა  სკოლაში ზუსტად თორმეტ  საათსა და ცამეტ წუთზე დაფიქსირდა.  პლაზმური ტელეფონით თოვლის ბაბუა რეკავდა.  ეკრანზე  მორიგე ფერია  გამოჩნდა უახლესი ტექნოლოგიით მიღებული    იისფერ  ფანტელებიანი სამოსით,    რომლის ტემპერატურას სპეციალური ჩიპი არეგულირებდა და ადამიანის  სხეულის ტემპერატურასთან მიმართებაში ოპტიმალური იყო. 
- გისმენთ! 
-   უკვე შვიდი  წუთია თქვენს გამოგზავნილ ფიფქიას ველოდები.  იქნებ და მითხრათ სად არის? 
-       უი, თოვლის ბაბუა, საყვარელო,  ფაფუკო და  ფუმფულა წვერებით  მოსილო,  თქვენ ბრძანდებით?! 
-         ნეტა მე რომ ვრეკავ, სხვა ვინ უნდა იყოს?
-       რა გითხრათ,  ჩემო კარგო,  ეს ბოროტი რობოტები  ყველგან  ყველაფერს  ხლართავენ!  ფიფქია  უკვე  კარგად ხანია  გამოფრინდა    მფრინავი ეტლით!
- სად არის...
ამის თქმაღა  მოასწრო  და კავშირი შეწყდა.  უკვე დაიწყო...    ეს იყო პირველი ფიქრი, რამაც თოვლის ბაბუას  გაუელვა.  ისევ    გადარეკა და  აბონენტი მიუწვდომელიაო,    ეკრანზე გამოჩენილმა რობოტმა უპასუხა.    ჩაცინების ხმაც  გაიგო -  დიახ, არ მოყურებია -  რობოტი იცინოდა  ცივი,  გამყინავი  სიცილით  -  ბოროტი  რობოტი. 
ორი ათას  ორმოცდაათი წლის დადგომამდე  თერთმეტი საათი და წუთებიღა  იყო  დარჩენილი.      თოვლის ბაბუამ  კვანტური სმარტ ტელევიზორი ჩართო  და წარმოსახვითი პულტით არხების ცვლა დაიწყო მთელ მსოფლიოში  უკლებლივ ყველა არხზე -  გასართობი არხების  ჩათვლით    სპეციალურ საინფორმაციო გამოშვებას გადმოსცემდნენ.  შინაარსი ყველგან ერთი  და იგივე იყო:    დედამიწას  სასიცოცხლო ენერგია,  უკანასკნელი მარაგი სიყვარულის  ეწურებოდა და  შეიძლებოდა ამას  მისი  მზის გარშემო ბრუნვის სიჩქარის  შენელება გამოეწვია,  რასაც მოჰყვებოდა გლობალურ მასშტაბის კატაკლიზმები.  ამას თან ერთვოდა  გააქტიურებული  ბოროტი რობოტები, რომლებიც ცდილობდნენ  ადამიანებისთვის  სიცოცხლე  წამებად ექციათ.
  ისარი  სპეციალური ხელსაწყოზე, რომელიც  დედამიწაზე  არსებული სიყვარულის  მარაგს აჩვენებდა,  ჯერ კიდევ დადებით ნიშნულთან  იყო, თუმცა ეს ბოლო დღეები  მისი მნიშვნელობა კატასტროფულად კლებულობდა.  სიყვარული  ოდნავღა უსწრებდა სიძულვილს  -  სულ რამდენიმე გულით.  ადამიანებს  იმის წარმოდგენაც აშფოთებდათ და ზარავდათ,  თუ რა მოხდებოდა მაშინ როცა ხელსაწყოს ისარი ჯერ  ნულთან და შემდეგ  ნულს ქვემოთ, უგულობისკენ  დაეშვებოდა. 
სიყვარულის საზომ  ერთეულად  გული  ოცდამეერთე საუკუნის ოციან წლებში დაადგინეს  მსოფლიოს ქალაქთა  მერების კონგრესზე,  სადაც გლობალურ დათბობაზე  და  სხვა    საფრთხეებზე იყო საუბარი.  ქვეყნები  თანდათან  შიგაწვის ძრავების  გამოყენებისგან  თავს იკავებდნენ და იყენებდნენ  განახლებადი ენერგიების წყაროებს,  რაც  გარკვეულ შეღავათს  აძლევდა და მცირეოდენი ამოსუნთქვის საშუალებას აძლევდა დედამიწას. თუმცა  იმ წლებში დამატებით  მსოფლიოს  კოვიდ საშინელება დატყდა თავს.    კონგრესზე  ყველა დააფიქრა  ქალაქ თელავის მერის  სიტყვამ,  მან პირდაპირ პროპორციულ სიდიდეებად  ჩაითვალა დედამიწის გლობალური დათბობა და ადამიანის სულის გლობალური გაცივება.  თოვლის ბაბუამაც თავის სიტყვაში,  ერთ-ერთ უმთავრეს საფრთხედ  ატმოსფეროს  სითბური აირებით  დაბინძურებასთან  ერთად ადამიანის სულის დაბინძურებაც  ახსენა  და  ამის ერთ-ერთ გამოვლინებად კოვიდვირუსი მოიყვანა, რომელიც ფართოდ გავრცელებული  უსიყვარულობის ფონზე დამატებით აშორებდა  და აცალკევებდა  ადამიანებს. 
-  სიყვარული ქრება, მეგობრებო.  ფრთხილად ვიყოთ.  იქნებ ფიზიკოსებს ვკითხოთ, თუ ენერგია მუდმივია,  სიყვარული რატომ არ არის მუდმივი?  - ასე დაამთავრა თავის  სიტყვა თოვლის ბაბუამ.
  კონგრესზე  გადაწყვიტეს  ვიდეო  კონფერენცია მოეწყოთ  და დაკავშირებოდნენ ყველაზე ცნობილ ფიზიკოსებს.  მათ თქვეს,  ის რისი ერთეულიც არ ვიცით  და საზომი ხელსაწყო არ გვაქვს,  ვერ გავზომავთო  და    წინადადება შემოიტანეს  შემოეღოთ ახალი  ფიზიკური  სიდიდე  -  სიყვარული,  რომელსაც  ადრე  მხოლოდ როგორც გრძნობას,  ისე მოიხსნიებდნენ. შესაბამისად უნდა შექმნილიყო მისი გამზომი ხელსაწყოც.  ეს ყველაფერი საშუალებას მისცემდა  პლანეტა  დედამიწაზე მცხოვრებთ  გაემოეკვლიათ  სიყვარულის  რა მარაგს ფლობდა თითოუელი ადამიანი, ორგანიზაცია და  მთლიანად  დედამიწა.    ამის შემდეგ კონგრესზე შესვენება გამოცხადდა.  ახალი ინიციატივა    წამის მეასედ ნაწილში  უკვე მთელი დედამიწისთვის იყო  ცნობილი.  პროექტს  ბევრი  კრიტიკოსი  გამოუჩნდა:  განა შეიძლება სიყვარული  გაიზომოს, ან გაზომილი და  ანგარიშნარევი  სიყვარული რაღა სიყვარული იქნებაო,  - იძახდნენ ოპონენტები.  ცალკე უნდა ვთქვათ, რომ      ლიტერატორთა  ნაწილმა  ,,აუწონავი    სიყვარულის  პოეტები“- ს საზოგადოებაც კი დააფუძნეს,  მაგრამ შესვენების შემდეგ  წარმოთქმულმა  თოვლის ბაბუას  სიტყვამ  ყველაზე აქტიური მოწინააღმდეგეებიც  კი დაადუმა. 
-   მეგობრებო,  მიხარია და მივესალმები, როცა განახლებადი ენერგიების წყაროებზე ვსაუბრობთ,  მით უმეტეს მისასალემებელია, როცა კონგრესის დელეგატი საქართველოდან ამბობს ამას,  სადაც ძირითადად საწავავის იმპორტირება  უხდებათ და მისი ასტრონომილი ფასები  მძიმე ტვირთად აწევს მოსახლეობას და  ეს მაშინ,  როცა ეს მზის, ქარის და მდინარეების ქვეყანა შეიძლება თავად გახდეს ენერგიების იმპორტიორი.  დიახ დედამიწა  თუ გვინდა გადარჩეს,  სწრაფად უნდა გადავიდეთ  განახლებად ენერგიის წყაროებზე, მაგრამ თქვენ როგორ ფიქრობთ,  სიყვარული არ საჭიროებს განახლებას?      გასაგებია,  თქვენი კეთილშობილი ზრახვები, როცა    ამბობთ, რომ სიყვარული არ იზომება,  მაგრამ ყველანი ვთანხმდებით რომ ამ დაუნდობელ დროში,  როცა სამყარო აავსო სისასტიკემ და სიძულვილმა,    სიყვარულს გაფრთხილება სჭირდება.  დიახ, კიდევ  ერთხელ გავიმეორებ, სიყვარულს სჭირდება გაფრთხილება და    დრო თუ გაქვთ,  შემიძლია მილიონჯერ  გავიმეორო ეს.  დავსვათ უბრალოდ კითხვა,  რას სჭირდება გაფრთხილება? რა თქმა უნდა მას,    რამაც შეიძლება მოიკლოს, ან  სულაც  დამთავრდეს,  გაქრეს. მაშინ რატომღა გვეშინია გავზომოთ სიყვარული?  ეს, დიდი ბოდიში ყველა ჩიტთან,    მაგრამ  გამოდის  სირაქლემასავით    სილაში  თავები ჩავრგოთ და ამით პრობლემებსაც  დავემალოთ და საკუთარ თავსაც?
ამ სიტყვებმა მსოფლიო ყველა მედია საშუალება  მოიარა.  ამის შემდეგ ყველაზე აქტიურ  ანტიმზომელებსაც კი      არავითარი არგუმენტი აღარ დარჩათ.  სასწრაფოდ  შეიქმნა  ხელსაწყო გულომეტრი, რომელიც  ზუსტად ზომავდა სიყვარულის  სიდიდეს ოჯახებში,  ქუჩებში, სკოლებში  და  პარლამენტშიც  კი.      შემდეგ ეს ყველა მონაცემი  იკრიბებოდა და  საბოლოო ჯამში ზომავდა დედამიწაზე სიყვარულის  სიდიდეს.  ხელსაწყო  უფასოდ  დაურიგდათ  მერებს,  მერები კი  თავის  მხრივ ასევე უფასოდ ურიგებდნენ როგორც ოჯახებს, ასევე  ნემისმიერ მსურველს.   
მაშინ პლანეტა  დედამიწის მაცხოვრებლებმა  სიყვარულის და სიკეთის  უკანასკნელი ძალები მოიკრიფეს,  ქვეყნებმა  შეძლეს  გაერთიანება საერთო საფრთხის წინააღმდეგ,    მსოფლიოში შეწყდა ომები,  შეიქმნა  კოვიდვაქცინა  და  საფრთხემ  ჩაიარა,  თუმცა  როგორც აღმოჩნდა დროებით. ორმოციან  წლებში  სიყვარულის  დონემ  კვლავ  შესამჩნევად იკლო და ამას დაემატა  მეორე საშიშროება,  შეიძლებოდა  დედამიწა ბოროტ  რობოტთა ტერორისტულ ორგანიზაციის ,,ბორორობო“-ს  ხელში გადასულიყო და მათ    ომი დაეწყოთ  არათუ ადამიანის,  არამედ ყველა ცოცხალი არსების წინააღმდეგ.  უკვე რამდენიმე ქვეყნის  მუნიციპალიტეტებს  სწორედ  ,,ბორორობო“  მართავდა და ადამიანები  სასწრაფოდ  ტოვებდნენ  იმ ადგილებს.      ტელევიზორში აჩვენებდნენ    ხალხს, რომლებიც დიდი რიგების გამო ამაოდ ცდილობდნენ  თვითმფრინავების  ტრაპებზე ასვლას.  ჯერ-ჯერობით  ბოროტი რობოტები მაინც უმცირესობაში იყვნენ, ამიტომ რაიმე რადიკალური ზომების მიღებას ერიდებოდნენ.     
- არ არის გამორიცხული  ფიფქიაც  ბორორობომ  ჩაიგდო  ხელში, ვაფრთხილებდი ხო,  ყველას ვაფრთხილებდი... -  ამოიოხრა  თოვლის ბაბუამ  და თითქოს გულიც ამოატანა სიტყვებს.  ტელევიზორი გამორთო.    თითქოს  ამას ელოდნენო,        კარებზე ზარის ხმაც  გაისმა.    ნუთუ ეს ფიფქიაა?!    -  ჩაილაპარაკა    და კარებისკენ    წავიდა.  წინასწარ ჭკვიანი კარის ეკრანს  შეხედა.  არავინ ჩანდა. ხო არ მომეყურა ზარის ხმაო,  -  გაიფიქრა,  თუმცა კარები მაინც გააღო. კარებთან  პატარა  ბიჭი  იდგა  მეცხვარის ტყაპუჭით. 
- თოვლის ბაბუა აქ ცხოვრობს? -  იკითხა  მან.
ცხოვრებაა ეს?  - კინაღამ წამოსცდა    თოვლის ბაბუას.  წლების წინ    სადღაც  გაგონილი  ანეკდოტი  გაახსენდა,  მაგრამ  ამას ხმამაღლა  ბავშვთან  ვერ იტყოდა.  სამოსზე აკვირდებოდა მოსულს,  რომელსაც ძველ საქართველოში საკმაოდ ხშირად იყენებდნენ. 
- დიახ,  პატარავ, აქ ცხოვრობს! 
  სხვის  სამოსს რაღა ვუყურებო,  მერეღა  გაახსენდა, შესაფერისი  ფორმა  რომ არ ეცვა  -  სპორტული ტანსაცმლით და  საშინაო  ფლოსტებით  იყო.    აბა ვის  უანახავს  თოვლის  ბაბუა ფლოსტებით?      შეეძლო ეთქვა  მზარეული ვარ,  ან თუნდაც მდივანიო,  ან კარისკაციო და შემდეგ ტანსაცმელი გამოეცვალა,  მაგრამ  გამოვიდოდა, რომ ტყუილს იტყოდა. არა,  ტყუილი არ სძულდა,  როგორ შეიძლება      თოვლის ბაბუას ვინმე სძულდეს,  მაგრამ არ მოსწონდა, ნაკლებად  უყვარდა    მოკლეფეხებიანი და დიდ ღიპიანი  ტყუილი, სულ ჭამაზე  რომ ეჭირა თვალი და კუჭს იქით ვერ იხედებოდა.  სიმართლე ვთქვთ  ტყუილსაც დიდად არ  მოსდიოდა თვალში თოვლის ბაბუა,  მაგრამ  არ ამჟღავნებდა და  რამდენჯერმე  ფერიებს,  რომლებსაც ყველასი სჯერავთ,  თოვლის ბაბუასთან  ათხოვნინა,  ჩართე საახალწლო პროგრამაში, აბა ერთი უწყინარი ტყუილი ვის რას დაუშავებს, შეიძლება გამოსწორების შანსიც მივცეთო,  მაგრამ თოვლის ბაბუა  სასტიკ უარზე იყო  ყოველთვის: -  ,,კუდი ძაღლისა არ განიმართების, არცა კირჩხიბი მართლად ვალს", არადა არა, არ მინდა პატარები ტყუილს შეეჩვიონო,  - ამბობდა. 
- ვერ დაუძახებთ?
- დიახ, დიახ.... იცით პატარავ...
- ვიცი,  მე მივხვდი თქვენ  თოვლის ბაბუა ხართ!  სათხოვარი  მაქვს,    ჩემი  მეგობარი  ცუდად არის,  მის  გამოჯანმრთელებაში დახმარება მინდა გთხოვოთ!  ამ დილით მითხრა, ნეტა თოვლის ბაბუა და ფიფქია თუ  მოვლენ    და ახალ წელს  თუ  მოგვილოცავენ,  რა მაგარი იქნება,  თან ფიფქიასთან ვალსსაც ვიცეკვებდიო.    თქვენ  და ფიფქია თუ ახალ წელს მიულოცავთ,  დარწმუნებული ვარ  კარგად გახდება!   
- ვეცდები  შენი საახალწლოს სურვილი შევასრულო,      ფიფქიას  ველოდები,  წუთი-წუთზე უნდა მოვიდეს. ოღონდ უნდა მითხრა  ვინა არის ავად, სახელი და გვარი უნდა დამიწერო და  სად წევს, რომელ საავადმყოფოშია?
- ის  ადამიანი არ არის,    ნაწილაკია?
                თოვლის ბაბუამ  თავიდან იფიქრა მომეყურაო,  არადა ქარიც კი არ ზუზუნებდა,  როგორც ჩვეულებრივ  დეკემბრის ბოლოს იცის.  თოვდა.  ფანტელები, რომლებსაც საერთო  ნაკლებად აინტერესებდათ  სამყაროში მიმდინარე მოვლენები,  წინასაახალწლო ცეკვებს რეპეტიციობდნენ.  სახლში კი  ანთებული  ბუხარი ოდნავ გამოსცემდა ხმას,  ნეკერჩხლის შეშა    ღუღუნით იწვოდა და სინათლითა  და სითბოთი  ავსებდა ოთახს.
- რა ბრძანეთ?
- დიახ, ნაწილაკია ცუდად,  ჰიგსის  ღვთიური ნაწილაკი როგორც მას ფიზიკოსები უწოდებენ.
კიდევ  კარგი,    ახლა ყანწი არ მიჭირავს ხელში, თორემ აუცილებლად  გამივარდებოდა,  ან მთლად უარესი კიდევ კარგი რომელიმე ცეცხლსასროლ იარაღს არ ვატარებ, ისიც  აუცილებლად  გამივარდებოდაო,  - გაიფიქრა თოვლის ბაბუამ და მერეღა მოისაზრა სტუმარი სახლში შეეპატიჟებინა.
- მობრძანდით,  ახალგაზრდა  მეგობარო, მობრძანდით! მაპატიეთ, რომ არც კი შემოგიპატიჟეთ,  სახლში გავაგრძელოთ საუბარი და თან ყველაფერი კარგად ამიხსენით! 
თან დაბნეული  იყო უცნაური  ბავშვის სტუმრობით, თან შერცხვა  - ამდენ ხანს კარებთან  ესაუბრებოდა  პატარას.  თუმცა    ისიც უნდა  ვთქვათ, რომ ასეთი უცნაური სათხოვარით  არ ახსოვდა ვინმეს მისთვის მოემართა.   
ბიჭი    ანთებულ  ბუხართან მდგარ  საახალწლო  ნუგბარით სავსე  მაგიდასთან მიიპატიჟა. მერე მოიბოდიშა,    ახლავე მოვწესრიგდები და  საუბარი მერე გავაგრძელოთ,  შენ მანამდე გოზინაყით და ჩურჩხელებით  ჩაიტკბარუნე ყელიო.  თუმცა    პატარას ისეთი მოწყენილი  მზერა ჰქონდა,  გაიფიქრა, ახლა გოზინაყის და ჩურჩხელების ხსენება ნამდვილად უადგილო იყოო.  მართლაც,  სტუმარს საერთოდ  ყურადღება არ მიუქცევია სასუსნავისთვის.  უხერხულად    ჩამოჯდა  სავარძელში  და  ბუხარში  მოღუღუნე ცეცხლს მიაპყრო  სევდიანი  მზერა.
თოვლის ბაბუა    მალევე დაბრუნდა  თეთრ,  ქართულ ჩოხაში  გამოწყობილი.
- ანუ  ნაწილაკი?
- დიახ! 
- ხო,  მაპატიეთ, ახალგაზრდა მეგობარო,  როგორ მოგმართოთ?
- გიორგი!
- ანუ, გიორგი,    თქვენ ამბობთ ნაწილაკი არის  ცუდად,  მაგრამ  როგორ მიხვდით?
- თვითონ მითხრა!   
- ანუ    თქვენ ხედავთ  მას? 
- კი, რა თქმა უნდა!
- ნაწილაკის ზომა იმდენად მცირეა, რომ მათი დანახვა შეუიარაღებელი თვალით არვის არ ეწიფება ხელთ და  თქვენ ამბობთ  რომ ის გესაუბრებათ კიდეც? 
- კი, მესაუბრება!
- ან, მოიცათ, მოცათ..  ნაწილაკი საუბრობს კიდეც, ეს ხო შეუძლებელია?!
- მე ხომ მესაუბრება, ანუ  შესაძლებელია!  -  თქვა ბიჭმა და გაიცინა წრფელი ბავშვური სიცილით.  თოვლის ბაბუასაც გაეღიმა, გულს მოეფონა.  საოცარია,    სიცილიც კი როგორ შეიძლება  განსხვავებული  იყოსო,  - გაიფიქრა.    ბოროტი რობოტის სიცილი  გაახსენდა, მათ გადასწვდა ფიქრით:    ,, Rira bien qui rira le dernire“-ო.    - ლათინების ანდაზაც გაიხსენა.
- იცინის ის, ვინც ბოლო იცინის!  - თქვა    უცებ ბიჭმა.  ნუთუ უკვე ხმამაღლა დავიწყე ფიქრიო,  -  გაუელვა  გონებაში თოვლის ბაბუას,  მაგრამ უკვე არაფერი აღარ უკვირდა.
- დიახ, დიახ,  ყველაფერი შესაძლებელია,  როგორც ამობენ,  ,,არასოდეს არ ვთქვათ არასოდეს“!
  მაგრამ მე დავინახავ მას, რომ ახალი წელი მუვულოცო?!
- კი, ზუსტად თორმეტზე დღეს,  საახაწლო  კარნავალზე  დარბაზში შემოვა!
თოვლის ბაბუას თითქოს რაღაც გაახსენდა უცებ.
- ღმერთო დიდებულო,  როგორ ვერ მივხვდი?  ანუ    ჰიგსის ღვთიური ნაწილაკია ცუდად?  ანუ თურმე რაშია საქმე.  გამახსენდა,  როცა სიყვარულის საზომი ხელსაწყო მივიღეთ,  მახსოვს  ერთ წერილში მადლობას  მიხდიდა. მაშინ ამას ყურადღება არ მივაქციე. ერთი  მოცლილი ფიზიკოსის ხუმრობად ჩავთვალე.  ანუ სიყვარულის  ნაწილაკი, ღვთიური ნაწილაკია  ცუდად.  აი,  რატომ  ეწურება დედამიწას სიყვარულის მარაგი! ახლავე უნდა მოვიძიო ის წერილი,  როგორც მახსოვს მისამართიც ეწერა.    დიახ,  გამახსენდა  ელემენტალურ ნაწილაკთა სოფელი.
- კი, ნამდვილად იქ უნდა წავიდეთ!
- სასწრაფოდ  უნდა გავეშუროთ!  ნეტა ფიფქია სად არის ამდენ ხანს? 
ამ დროს კარებზე  კვლავ ზარის ხმა გაისმა.  თოვლის ბაბუამ  კარებს გახედა.    ეკრანზე  მოჩანდა  გოგონა დახეული კაბით ტალახში ამოსვრილი. 
- კონკია?!  კი მაგრამ  ფიფქია არ  უნდა მოსულიყო?  ისევ ეს ბოროტი რობოტები,  ანუ ყველაფერი აურიეს, მაცალონ !  იცინის ის ვინც ბოლო იცინის?!  -  ჩაილაპარაკა შემოსასვლელისკენ წასულმა  თოვლის ბაბუამ    და        კარი გააღო.    ოთახში შეცივნული    გოგონა შემოვიდა. 
- კონკია?!  მოდი,  გათბი!  ისევ  გაგაწვალა დედინაცვალმა?  ხო გავაფრთხილე,  რომ  წესიერად მოგპყრობოდა, მოდი,  მოდი! 
- თოვლის ბაბუა,  კონკია კი არა,  ფიფქია ვარ!
- ვაჰ, ფიფქია, ჩემო კარგო,  მაპატიე რომ ვერ გიცანი,    ეს რა მოგსვლია?!
- ჩემს მფრინავ ეტლს  თავს დასხნენ  რობოტები,  შუაგულ ტყეში ავარიული დაშვებაც  კი მომიწია.,  ხმას არ იღებდნენ, მხოლოდ დამცინავად იღიმოდნენ.  მერე რობოტი პატრულები დამეხმარნენ.  არც კი ვიცი, საერთოდ თუ მოვიდოდი, ისინი რომ არა,  ძლივს შევძელი  გზის გაგრძელება.
- ბოროტი რობოტები და კეთილი რობოტები, თუმცა ჯერ კიდევ სიკეთე იმარჯვებს!  - ჩაილაპარაკა თოვლის ბაბუამ და სიყვარულის მაჩვენებელ გულომეტრს  შეხედა ისევ -  სიყვარულის დონე ისევ შემცირებულიყო, თუმცა ჯერ კიდევ ნულს ზემოთ იყო ისარი.   
- ფიფქია, შენს  ოთახში  ცხელი შხაპი მიიღე და  გარდერობში  ყველაზე საუკეთესო  ახალი  კაბა აარჩიე!  სასწრაფოდ  მივდივართ ელემენტალურ ნაწილაკთა სოფელში,  სიყვარულის ნაწილაკია  ცუდად! 
- თოვლის  ბაბუა, დალიე!
- ეჰ, ჩემო კარგო,  დავლიე კი არა მთელი დღე ლუკმა არ ჩამსვლია  პირში.  რაღას ელოდები?  დიდი მისია გვაქვს,    ჩვენ  სამყარო უნდა გადავარჩინოთ  -  ღვთიურ  ნაწილაკს  უნდა ახალი წელი მივულოცოთ!      მერე გზაში  მოგიყვებით  ყველაფერს!  ხო,  პარდონ,  არც კი გაგაცანით ერთმანეთი,  ფიფქია, ეს გიორგია.  გიორგი, ეს კი ფიფქია.
- სასიამოვნოა! -  ლამის      ერთდროულად თქვეს  ფიფქიამ და გიორგიმ.   
ფიფქია  ოთახისკენ მიდიოდა    და თან გულში  ბრაზობდა, კი მაგრამ  31 დეკემბერს  თორმეტ  საათამდე საერთოდ ერთხელ არ მახსოვს სასმელი დაელიოს!  რა ელემენტალურ ნაწილაკებზე მესაუბრებოდა თოვლის ბაბუაო,  მაგრამ თქმით არაფერი უთქვამს.
  თოვლის ბაბუას განკარგულებაში სპეციალური მფრინავი ეტლი იყო,  თუმცა  ელემენტალური  ნაწილაკების სოფლისკენ  გიორგის ორცხენიანი  მარხილით დაადგენ გზას.  როგორც გიორგიმ თქვა,  ეტლით გაფრენის შემთხვევაში  დიდი იყო ალბათობა იმისა, რომ ბოროტ რობოტებს  გზა გადაეჭრათ.  თოვლის ბაბუას  საქართველო  ნაბიჯ-ნაბიჯ ჰქონდა შემოვლილი,  მაგრამ იქ სადაც მარხილმა გადაუხვია    საერთოდ გზა თუ იყო,  არც კი იცოდა.    ამასობაში  ფიფქიასაც მოუყვნენ,  თუ სად მიდიოდნენ სტუმრად.  ფიფქიას  ელემენტალური ნაწილაკების ფიზიკა დიდად არ იტაცებდა,  ატომურმა  ფიზიკამ  სკოლაში მომიღო ბოლო, ახლა კიდე ამაზე ფიქრი  მინდოდაო,  ან,  კარგი, ვთქვათ  და თოვლის ბაბუა დათვრა, ეს პატარ ბავშვი რა ნაწილაკებზე მესაუბრებაო,  - დარდობდა.    თუმცა სიმართლე რომ ვთქვათ ისიც წუხდა  სამყაროს ბედზე  -  იქნებ და მართლა  დიდი მისია მეკისრებაო და რადგანაც გულჩვილი  ფიფქია იყო,  ცრემლების გადმოყრასაც კი აპირებდა,  მაგრამ  გადაიფიქრა - ახალი კაბა გამიფუჭდებაო. 
ისევ ლამაზად  თოვდა.  გზის ორივე მხარეს  თოვლით დაბარდნილი ხეები ჩანდა.    თოვლის ფანტელებმა,  რა თქმა უნდა იცოდნენ  თოვლის ბაბუა მოდისო და  თავმრუდამხვევი  ცეკვებით აცილებდნენ  მარხილს.    ვერ იტყვი, რომ  მათ არ ადარდებდათ სამყაროს ბედი,  უბრალოდ  ისე სწრაფად ხდებოდა ცვლილებები,  შესაძლო საფრთხეების შესახებ ჯერ არაფერი გაეგოთ. 
გზაში  რაიმე ინციდენტს ადგილი არ ჰქონია.  თორმეტს რამდენიმე წუთი აკლდა  ათასფერი შუქებით გაჩირაღდნებულ ეზოს რომ მიადგნენ.      ჭიშკარი ავტომატურად  გაიღო. ეზოში ძალიან ლამაზი სახლი იდგა, ფართე ფანჯრებით,  ათასგვარი ორნამენტებით და საახალწლო მორთულობებით  დამშვენებული.    ერთი რაც გაუკვირდა თოვლის ბაბუას,  ის იყო,  სახლს ბუხარი  არ ჰქონდა.     
- თოვლის ბაბუა,  გიკვირს ალბათ  ბუხარს რომ ვერ ხედავ?
- კი,  გიორგი, რაღა დაგიმალო და მიკვირს?
- ამ სახლს ზამთარში  დედამიწის  სითბო    ათბობს, ზაფხულში  კი  აგრილებს.  სპეციალური მოწყობილობა,  რომელიც ძვირი არ ჯდება  და ,,კანადური ჭა „ჰქვია.  ვიცი თქვენ  როგორ წუხართ დედამიწის  ბედზე,  არავითარი მავნე გამონაბოლქვი არ არსებობს. ჯერ-ჯერობით დედამიწაზე  ფართოდ არ იყენებენ.    თუმცა კანადაში და საფრანგეთში  უკვე ბევრი სახლი ამ პრინციპით  თბება და გრილდება.
თოვლის ბაბუასაც  გაგონილი ჰქონდა  მსგავსი სახლების შესახებ,  წუხდა რატომ გამორჩაო,  ნეტა  ამ ყველაფერმა კარგად  ჩაიაროს,  მომავალ კონგრესზე აუცილებლად უნდა დავაყენო საკითხი,    რომ  მსგავსი ეკოლოგიური სახლები მთელ დედამიწაზე  რაც შეიძლება მეტი ააგონ, ოღონდ მთავარია ახლა გადავრჩეთო. 
- კარგი იქნება თუ  იყალთოს საბავშვო ბაღებში  ამ ტექნოლოგიას    დავნერგავთ, ძველ ახალ წელს  აუცილებლად იყალთოს უნდა ვეწვიოთ!  - გადაულაპარაკა ფიფქიას. 
ამასობაში სახლს მიუახლოვნდნენ. ფართო ფანჯრებში ჩანდნენ მუშკეტერების ფორმაში გამოწყობილი კვარკები  და  ზოროს ფორმით აღკაზმული  მეზონები. ფოტონების ანსამბლი ჯონ ლენონის  საშობაო  სიმღერას  ,,So this iz christmas”  ასრულებდა.    იქვე    ლეპტონები,  ადრონები და  მეზონები მიმოდიოდნენ.  ფანჯარასთან პროტონი ელექტრონს უმტკიცებდა რაღაცას.  დარბაზში მხოლოდ  ჰიგსის ღვთიური ნაწილაკი არ ჩანდა არსად.  მერე  ყველამ ერთად ათვლა დაიწყო:    ათი...  ცხრა.. 
მარხილიდან  გადმოვიდნენ და სახლის კიბეებს აუყვნენ. გიორგის ტყაპუჭი  უცებ ოქროსფრად შეფერადდა  და ზედ ლამაზი ციფრებით ორი ათას ორმოცდაათი გამოესახა. 
- ოჰ, ახალი წელი?  - თქვა ფიფქიამ. 
- მატყუარა ახალი წელი?!  - გაიფიქრა  თოვლის ბაბუამ. 
- თოვლის ბაბუა,  არ გამიწყრეთ,  სიმართლე რომ მეთქვა,    იმ წამსვე  ჩვენთან ბოროტი რობოტები  გამოჩნდებოდნენ და  შეიძლებოდა მათ ხელი შეეშალათ,  ნუ მიწყენთ ხო? 
- რა გაეწყობა,  არ გიწყენ? - თქვა თოვლის ბაბუამ, თან გაიფიქრა, იმედია ამ ამბავს ის  მოკლეფეხება ტყუილი ვერ გაიგებსო. 
ამასობაში  საკარნავალო დარბაზში ელემენტალური ნაწილაკები თვლას  აგრძელებდნენ.  სამი... ორი...  ერთი...    წამიც და  ცა ულამაზესმა ფეიერვერკებმა გაანათეს ...    ფოტონების ანსმბლმა  მრავალჟამიერი წამოიწყო.  ზუსტად ამ დროს  გაიღო კარები და  პირველი დარბაზში ახალ წლად  ქცეული  გიორგი შევიდა, მას ფიფქია  და მხარზე  საჩუქრებით სავსე ხურჯინით    თოვლის  ბაბუა შეყვა.    სწორედ ამ დროს  დარბაზის  მოპირდაპირე მხარეს  პატარა ოქროსთმიანი ბიჭი გამოჩნდა,  მოწყენილი  იყო, ისეთი ნაბიჯებით მოდიოდა, გეგონებოდათ სულ ახლახან ისწავლა სიარულიო,  მაგრამ  როგორც კი  ახალი წელი,  თოვლის ბაბუა და ფიფქია შენიშნა,  ,,მოსულანო,“ - დაიძახა,  სახეზე  ბედნიერი ღიმილი გამოესახა და    მათკენ  გაიქცა.  ახლოს რომ მივიდა,  ჯერ გიორგი-ახალ წელს დაურტყა  ბავშვურად ხელი ხელზე, მერე  თოვლის ბაბუას ჩაეხუტა. ამასობაში ფოტონების ანსამბლმა  მრავალჟამიერი  დაასრულა და  დარბაზი იოჰან  შტრაუსის ვალსის  მელოდიებმა აავსო.  ჰიგსის ნაწილაკმა    გალანტურად დაუკრა  თავი ფიფქიას.  ფიფქიამაც სიამოვნებით  მიიღო  გამოწვევა.  ცეკვავდა,  თან ცრემლები მოსდიოდა და ახალ კაბას უსველებდა,  თუმცა ამას აღარ ნაღვლობდა  -  ერთს ნატრობდა მხოლოდ,  ღმერთო,  ეს ყველაფერი ახლა კვახებად არ გადაიქცესო. 
ცეკვა რომ დამთავრდა,  ნაწილაკები  ყველანი თოვლის ბაბუას შემოეხვივნენ,  ისიც  ყველას საჩუქრებს ურიგებდა.  ამასობაში  დარბაზში დიდ ეკრანზე  რომელიღაც არხის სპეციალური  საინფორმაციო  გამოშვება  ჩაირთო.  დიქტორი  გაღიმებული და ბედნიერი ყველას ულოცავდა,  ეს ბოლო წამებია ისე გაიზარდა  დედამიწაზე  სიყვარულის მარაგი,    საფრთხე  აღარ გვემუქრება და  დამატებით  გვინდა გაცნობოთ,    ორგანიზაცია  ,,ბორორობო“- მ  თვითლიკვიდაცია გამოაცხადა,    თვითონ  რობოტები კი ჯართის ჩამბარებელ პუნქტებთან  მიდიან და ჯართად ბარდებიან,  ეს რა ბედნიერი ახალი წელი გვითენდებაო.
- ,,იცინის ის ვინც, ბოლოს იცინოსო“,  -  გადაულაპარაკა  გაღიმებულმა და ბედნიერმა  ჰიგსის ღვთიურმა ნაწილაკმა  თოვლის ბაბუას, ფიფქიას  და  გიორგი-ახალ წელს.  თოვლის ბაბუას მაშინღა  გაახსენდა    სიყვარულის საზომი ხელსაწყო,  გულომეტრი,  რომელსაც სულ თან ატარებდა, თუმცა არც კი დაუხედავს,    სიხარულით  გაცისკროვნებულ ღვთიურ ნაწილაკს  უყურებდა და უბრალოდ იგრძნო დედამიწაზე და მთელ სამყაროში იმდენჯერ იყო მომატებული  სიყვარულის  ოდენობა,  კიდევ მრავალი  ათასი წელი  სიცოცხლეს საფრთხე ვერ დაემუქრებოდა...
             


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები