ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლ. ლორია
ჟანრი: პროზა
20 იანვარი, 2022


რეისი ლონდონი - ფამფალეთი (მეორე ნაწილი)

                              იონა 

    ორმა ფამფალეთელმა იცოდა უკვე მერის მამა ლორდი  უილიამ ჰანოვერი  რომ იყო სტუმრად  სოფელში და ორმა თუ იცოდა, მთელმა სოფელმა იცოდა უკვე.  იცოდა იონამაც, მაგრამ მისთვის ლორდი და  მათხოვარი  ბევრს არაფერს ნიშნავდა,    ორივე სტუმარი იყო.  სხვებთან ერთად სტადიონზე  მოსულმა    პირველი რაც გააკეთა,  შვეულმფრენთან მივიდა და მფრინავს ჰკითხა,  ფრენა კი იცი და შენ ქართული  თუ იციო.  კიო, მფრინავმა,  ბათუმიდან ვარო.  ხოდა  წამოი ახლა, ნამგზავრი ხარ, მოშიებული იქნები  და აი ვერტალიოტი ჩემს ეზოში დააფრინე, სახლის წინ იმხელა მინდორი მაქვს თავისუფლად დეეტევიო.  გაკვირვებულმა მფრინავმა  თავიდან ვერ  მიხვდა რაში იყოს საქმე,  მერე სხვა ფამფალეთლებმა  აუხსნეს,  იმ  კაცის  შვილი,  ვინც ჩამეიყვანე  ამ კაცთან ცხოვრობს, შვილივით უვლის და  სახლში  იმიტომ გეპატიჟებაო.  არაო, არც დაღლილი ვარ და არც მოშიებული,  ნუ წუხდებით, თან  ეს კაცი როდის დაბრუნდება უკან არ ვიცი,  თანხას საათობრივად  მიხდის და აქ უნდა დაველოდო, ასე ვართ მოლაპარაკებულიო. 
- ვწუხდებით  თუ არ ვწუხდებით არაა მაი შენი საქმე,  იი კაციც ჩვენთან წამოვა,  აამუშავე ახლა მაი ვერტალიოტი, გეყურება ძამა  შენ?  -  გაბრაზდა იონა.
ვერ დეიძვრენ ბიძიკო  ასე იოლად თავს,  დოუჯერო უნდა! -  უთხრა თენგიზა კიკაჩეიშვილმაც.  თენგიზა  საბჭოთა  პერიოდში ფამფალეთის კოლექტივის თავმჯდომარედაც იყო ნამუშევარი,  სოფელი პატიოსან კაცად იცნობდა. სხვა კოლექტივის თვმჯდომარეები სასახლეებს რომ აშენებდნენ,  თენგიზას სახლიდან გაჰქონდა  თუ რამე სჭირდებოდა კოლექტივს  და ორსართულიანი სახლი ახლაც დაუმთავრებელი  ჰქონდა. სამაგიეროდ სოფელს  უყვარდა და  პირველი თამადაც იყო კარგა ხანს, სანამ ზაურა თალაკვაძის  გოგოს  ცისანას ქორწილში გულმა არ უმტყუნა.  ის  იყო ბოლო მაყარი გადიოდა სეფიდან,  გამიჩერდი ერთი წამითო  სთხოვა  და რაცხა ფხიზელი ჩანს აი კაცი, ყანწი მომიტანეთო, დაიძახა.  არადა ზაურას ოჯახის და სამეზობლოს  ყველანაირი ყანწი ჰქონდა უკვე გამოყენებული.  თენგიზას მეუღლემ, ქალბატონმა  როგნეტამ,  რომ შეატყო მეუღლე დამითვრაო, სამზადში  საგულდაგულოდ გადამალა ყველა  განსხვავებული სასმისი  -  გულს უჩიოდა ქორწილის  წინა ღამით  თენგიზა.  როცა  ყანწმა შეაგვიანა  და მომტანიც არ ჩანდა ირგვლივ  არავინ  იქვე მის წინ  კანფეტებიანი  და ახლად შეყვითლებული მანდარინებით სავსე ვაზა  მოაპირქვავა  სუფრაზე და ღვინით  გაავსო:  რადგან ყანწი არ მოაქვთ,  მე და შენ ახლა აი ვაზა უნდა დავლიოთ,  ამ  ვაზასაც  მოგცემ  და ვიზასაც და  გზას დაგილოცავთო და  მიხედეთ აწი ცისანასო. მაყარი თვითონ  მისახედი იყო, ლუღ-ლუღებდა რაღაცას რომელ ენაზე,  ვერ გაუგებდა კაცი, თან რატომღაც ყურების დონეზე აწეული  მარცხენა ხელის საჩვენებელი თითი  დაატრიალა  სამჯერ  საათის ისრის  ბრუნვის მიმართულებით და მერე ცისკენ  აღმართა.  ანუ ახლა შენ ამბობ, რომ    დედამიწა ბრუნავსო  და ჩვენ ისევ დავბრუდნებით    და ყველაფერი  კარგად იქნებაო, -  გუხარდა  თენგიზას  მთვრალი  მაყარის  ჯესტიკულაცია რომ ამოხსნა.  თენგიზა    სანამ კოლექტივის თვმჯდომარე გახდებოდა ფამფალეთის საშუალო  სკოლაში მათემატიკას ასწავლიდა.  მაყარმა ამის მერე  საჩვენებელთან ერთად შუანა თითიც  ცისკენ  აღმართა, ლათინური ,,ვე“ ასო გამოუვიდა  - ანუ ვიქტორია,  ჩვენ გავიმარჯვებთო, -  ახლა ახალი  ამოცანა ამოხსნა  თენგიზამ.  მაგრამ მაყარს,  გამარჯვების ნაკლებად თუ შეატყობდი რამეს,  - პირიქით,  ისე ირხეოდა ახლა მაღლა აწეულ ხელთან ერთად, როგორც სინუსოიდა ან  ლერწამი ქარში. კაცს ეგონებოდა  ქარი უბერავს სეფაშიო.  მერე, რადგან ცალი ხელით ვერ  ერეოდა, მეორე ხელიც შეაშველა ვაზას.  პირთან მიტანა კი შეძლო და  ნახევრამდე დალევაც და ასე ნახევარი  დაუბრუნა თამადას,  ის ნახევარიც ამ დალევა-დაბრუნებაში დაეღვარა. გაბრაზებულმა თენგიზამ ღვინიანს რავა მიბრუნებს,  ხო ღირსია ახლა აი ვაზა თავზე დავაფშვნაო,  მარა ვაზაში  ჩარჩენილი  ღვინოს არ აკადრა ეს საქციელი,  ისევ პირამდე შეავსო ვაზა,      ბოლომდე დაცალა და მაშინ შეეკუმშა გული:  დასტუკა  მატორმაო -  ერთი თქვა, ვაზა მაგიდაზე დადო,  დაჯდა და თავი გვერდით გადაუვარდა და ვერც გაიგო მეუღლის შეკივლება.  სამი დღე იყო  შეერთებული სასუნთქ აპარატზე. სამი დღე უნთებდა ფამაფალეთის ეკლესიაში მღვდელი  თეოდორე ბაღდავაძე სანთელს და სამი დღე ლოცულობდნენ ფამფალეთელები,  ზოგიც გულში და ზოგიც ეკლესიაში,  უფალო,  კაი კაცია  თენგიზა  კიკაჩეიშვილი  და გადაგვირჩინეო.  ზუასტად  არავინ იცის,  ლოცვის გამო თუ  ექიმების ოსტატობა,  თუ ორივე ერთად და მაგრამ გადარჩა თენგიზა.  გულის სტენდირება  გაუკეთეს, თვითონ ამბობდა  გული გამირემონტესო,  თუმცა  გადარჩენით  კი გადარჩა, მარა ღვინის დალევა აუკრძალეს და შემწვარის ჭამა.  საავადმყოფოდან  სახლში რომ დაბრუნდა,  მთელი ფამფალეთი დაპატიჟა, თამადად  იონა დააყენა  და მაშინ  გამოაცხადა,  ქელეხის სუფრა გვექნება დღეს, თუ ლობიო და ფლავი    უნდა ვჭამო მარტო აწი, მკვდარი ვყოფილვარ, ვენოკები და ყვავილები არ მინდა თქვენი, მხოლოდ    მიტირეთო. ტირილით  არავის უტირია, სიცილიც ვერ აკადრეს  ფამფალეთელებმა,  თავიდან  ვერც  ,,ხასანბეგურა“  თქვეს და  იონამ შვიდი სადღეგრძელო სულ წასულების  თქვა.  მთელი ეს შვიდი სადღგრძელო იმას ფიქრობდა, აი ცოცხალი კაცი,  წასულებში რაფერ მოვიხსენიოო და შვიდი საღეგრძელოს მერე გაუნათდა გონება და  განსხვავებული  მოითხოვა,  ჯერ რომ არ დალეულა ამ ოჯახში ის სასმისი მომიტანეთო. თოფის ლულა, ლამფის შუშა, ქვიჯა და დაჭყლეტილი კლარნეტი  რომ  დაიწუნა,  მერე თქვა,  ნახევარი კრამიტი  მომიტანეთო. ნახევარი კრამიტი რომ ვერ ნახეს, სამზადის სახურავს მთელი მოაძვრეს და გატეხეს შუაში და მოუტანეს.  მთელი ფამფალეთი ელოდა რას იტყვისო. იონამ, ამ ნახევარი კრამიტით ცოცხალ-მკვდარი ხალხის სადღეგრძელო უნდა ვთქვაო, გამოაცხადა.  მაშინ გაეღიმა თენგიზა კიკაჩეიშვილს და იონას გადაეხვია, კარგი კაცი ხარ შენო  და ,,ბულბულს ენა, ვარდს სინაზეო.. “ - სიმღერა წამოიწყო ცრემლი რომ დაემალა. აყვა იონა: ,,მოგტაცე და შეგთავაზეო...“ და მერე ეს ვითომცდა  ქელეხის სუფრა ლხინის სუფრად  გადაიქცა და  ხასანბეგურაც დააქუხეს..
    იონა ორაგველიძეზე    სოფელში  ცუდს ვერავინ იტყოდა, თუმცა  იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო და ნაკლი  მასაც უამრავი ჰქონდა  და ერთი ის იყო, რომ  ყანის თოხნა არ უყვარდა  -      არც თვითონ  დადიოდა ნადში,  არც არავის ეძახდა  თვითონ. თოხნის დროს არავინ იცის საიდან ამოდიოდა ერთი რუსი,  იგორა.  გარკვეული საფასურის ნაცვლად ის თოხნიდა იონას ყანას,  ორჯერ, ორი კვირის შულედში,  პირველი თოხი - მარგვლა და მეორე თოხი- მოროდი, მერე სასუქსაც უყრიდა, ამონიუმის გვარჯილას, სამ  შეკვრას  და მიდიოდა ისევ.  თვითონ იონას  შუადღით  ყანაში სანადო მოსაკითხის  წაღებაც ეზარებოდა,  რა მარონიებს ახლა ამ სიცხეშიო,  იტყოდა  მეზობლის ბავშვს, დათუნას ატანდა. 
წელსაც პირველი თოხი უწევდა უკვე და ამოვიდა იგორა.    მზე შუბის ტარს კარგა ხნის წინ აიყო აცილებული. 
- ე, კაცო,  არ ყოფილა დათუნა სახლში, დედამისს ოზურგეთში წოუყვანია,  სირცხვილია, წოუღე იმ  კაცს საჭმელი და სასმელი,  ამ სიცხეში  მშიერს  რამე  რო დეემართოს, ღმერთს რა პასუხი გავცეთ?!  -  ეჩხუბება იონას  მეუღლე.
- არაფერი არ დეემართება იმას, ვიცი  მაი მე!
- საიდან იცი ვითომ?
- შენ არ მიკითხავდი  ბიბლიიდან იონაზე, ხოდა ვიცი თქვა,    რავა მაინც და მაინც ჩემს  ყანაში მეეღება ბოლო?
- რაცხა არ მახსოვს წინასწარმეტყველური ნიჭი  გამოგეჩინოს როისმე!
- გითხარი წუხელ  ა,  ნახე  ხვალ  თუ არ გათენდეს-თქვა? არ გათენდა?
- კიდე კარგი არ გისმენენ საწყალი დედაშენი და მამაშენი!
- თუ არ გჯერა  წაი შენ!   
- არ გრცხვენია იმ უცხო კაცთან  მარტო რომ მიშობ ყანაში? 
-   ნუ გეშინია, არაფრის  თავი არ ექნება იმას! 
- კაცი გქვია ახლა შენ?
- რა ჩემ ფეხს დასაწვავად ევეთრიე იმ  წელს    ბახმაროში!    ვერ ვიჯექი სახლში?
- რატომ  ხელი არ მომტყდა  წერილი რომ გამოგიგზავნე,    რომელი ნესტანი  ვიყავი, ან დარეჯანი -  ან ვითომ შენ  მყავდე ტარიელი! 
- ხო,  მახეკიე ახლა მკვდარი ვეფხვები  და ლომები! 
  შორიდან  რო მოგესმინა,  ნანასთვის და იონასთვის,  ჩხუბობენო  იფიქრებდი,  ახლოს მოსულს  ანდაზა  გაგახსენდებოდათ ერთი,  ცოლ-ქმრის ჩხუბი უცხოს ნამდვილი  ეგონაო. მზე და მთვარე ერთმანეთისთვის ამოსდითო, მეზობლები ამბობდნენ  იონასა და ნანაზე.  ერთი დარდი ჰქონდათ ორივეს, მეათე წელი იყო უკვე დაქორწინებულები იყვნენ და შვილი არ ჰყავდათ.
იონას სამხედრო  ასაკმა რომ მოუწია იმ პერიოდში საბჭოთა ჯარები ახალი შეყვანილი  იყო  ავღანეთში,  რაიონის კომისარი მამის ძმაკაცი  იყო და  მიშველე,  აი ბაღანე  ავღანეთში არ გოუშვანო,  შეეხვეწა. იმან საქართველოში ვერ დავტოვებ, მაგრამ  მეზობელ რესპუბლიკას  გავახერხებ სადმეო და  იონა  ოზურგეთის კომისარიატიდან პირდაპირ აზერბაიჯანში გაუშვეს  ტაქსით.  არც მანამდე  და არც მას მერე ახალწვეული ტაქსით  წასულიყო ჯარში, თან ერთი ქვეყნიდან მეორეში (მერე რა  რომ საბჭოთა კავშირი  ერქვა  - კანონით  სხვადასხვა ქვეყნების  კავშირი იყო)  მსოფლიოს ისტორიას არ ახსოვს.     
ბახველმა ბიჭებმა,  ვისაც უკვე ჰქონდა გავლილი  სამხედრო,  წინასწარ დაარიგეს იონა,  ჯარში ვინმე რამეს გეტყვის ეგრევე დაარტყი,  მით უმეტეს თუ პირველი ორი ასო ,,იო...“ თქვეს და ,,ტვაიო” დააყოლესო,  მაგენი ყველა სიტყვაზე იგინებიან  და ურტყა  უნდა თუ არა დაგჩაგრავენო.  იონას სამხედრო ნაწილში ქართველი არავინ დახვდა,  მაშინ  ასეთი წესი იყო ქართველებს  საქართველოდან რაც შეიძლება  შორს, ძირითადად ციმბირში და იმას იქეთ  აგზავნიდნენ ვინმეს  სახლში დაბრუნების სურვილი რომ ნაკლებად გასჩენოდა.  დიდი ნაწილი  არ იყო, ათას კაცამდე,  სამხედრო საწყობებს  ყარაულობდნენ - აქედან გაჰქონდათ იარაღი  პირდაპირ ავღანეთში.  ვაგონებს ხშირად კედლებზე მიწერილი  წერილები ჩამოჰქონდათ,  რომელთა შორის ზოგი ქართულიც ერია.  ,,ბიჭებო,  ქართველი ხართ ვინმე?“ - ასეთი წერილი ნახა ერთხელ ვაგონის შიგნითა კედელზე, ახალი წარწერა იყო აშკარად და  ,,კიო“  - იონამაც მიაწერა, რომელიც  აზრზე არ იყო როგორ მოხვდა ამ ნაწილში,  თორემ შერცხვებოდა აუცილებლად.  იონა დიდი მორუსულე არ ყოფილა, სკოლაშიც არ იკლავდა თავს სწავლით.    ხოდა ულაწუნებდა ყველას ვინც ,,იო“-თ  ეტყოდა რამეს, არადა სახელიც  იო-თ ეწყებოდა და ჯერ კიდევ კარანტინში ყოფნისას    ოფიციალური  გიჟის სახელი  ჰქონდა.  გმირი  კი მაშინ გახდა,  კარანტინის გავლის შემდეგ,  ნაწილში  გადასულმა რუს სტარშინას,  სპორტის  ოსტატს    კრივში,  ხელი რომ  დაარტყა და გათიშა.  სჯობს თავიდან მოვყვეთ ეს ფრიად მნიშვნელოვანი ამბავი:  ერთ კვირა დღეს, როცა ნაწილი ისვენებდა,  ყაზარმაში შესულმა  დაინახა      რუსს  ორივე  ხელი  ყელში ჰქონდა  წაჭერილი  ერთი    გალეული ყაზახისთვის და წყლით  ნახევრად სავსე  ბოთლივით  აჭანჭყარებდა.  იონა ამ ყაზახთან ერთად კარანტინში იყო ფიცის მიღებამდე, ხოდა  გამოესარჩლა -  იმდენი რუსული კი იცოდა,    გაუშვი ხელიო,  რუსს უთხრა.  იმან გამოხედა,  ,,იო“-ს თქმა  კი  მოასწრო და    იონამ  სად  დაარტყა, რომელ წერტილში, ვერც  მაშინ მიხვდა და ვერც  მერე გაიხსენა.      ყბაში აპირებდა, მაგრამ რუსმა ინსტიქტურად  თავი დაწია,  თუმცა დარტყმის აცილება ვერ მოასწრო  და საფეთქელთან მოხვდა იონას  მუშტი.    ყაზარმაში სხვა ჯარისკაცებიც იყვნენ და  თვალს არ უჯერებდნენ ძირს გაშოტილ სტარშინას რომ უყურებდნენ.    მოვკალი ეს უპატრონო მგონიო, - გაიფიქრა იონამ.  წაქცეულს სამი გრაფინი  წყალი გადაასხეს თავზე. როგორც იქნა  რუსმა თვალები გაახილა.    რომ შენიშნეს, მოცოცხლდაო, გაიქეცი ქართველოო,    - იონას უთხრეს.  იონა კი  მშვიდად იდგა და ოდნავ გახარებული დაჰყურებდა ზემოდან სტარშინას დაახლოებით ისე, აფრიკაში მონადირებულ ლომთს რომ ზევიდან დაჰყურებენ მონადირენი -  იმ განსხვავებით, ის ლომი ან მისი ფიტული ცოცხალი იყო, რუსს კი თვალები ჰქონდა ახელილი.  იონას      ყველაფერი უნდოდა  შეიძლება მაგრამ  კაცის მოკვლა ნამდვილად არა, ის კი არა, ბავშვობისას  სტუმარი  რომ მოუვიდოდათ,  სახლიდან მიდიოდა, იცოდა ერთ ქათამს მინიმუმ გამოყვანილი  ჰქონდა წირვა. ახლა ხასიათზეც მოვიდა და  იმას ნატრობდა, ღმერთო გამახსენე სად  დავარტყი ამ ხვადაგს,  ალბათ  კიდევ დამჭირდებაო. სტარშინა  აზრზე რომ მოვიდა ცოტა,  ჯარისკაცებს უბრძანა, გადითო ყველამ გარეთო და ქართველო,  შენ დარჩიო,  -  უთხრა,  ისე რომ იატაკზე იყო ისევ ჩამჯდარი.  უსიტყვოდ  გავიდა  ყველა. იონას არ შეშინებია,  ის კი გაიფიქრა,  სანამ ჩამჯდარია, ერთიც ხომ არ ვაფეთოო, მაგრამ  დამჯდარი კაცის დარტყმა არ იკადრა.  ელოდა როდის ადგებოდა, თან ფიქრობდა, რას  მიზამს, დიდი-დიდი მომკლას ამ უპატრონომ  და სულ გაიხსენა ყველაფერი რაც თვრამეტ წელიწადში ჰქონდა ჩატეული,  არადა  რა დასჭირდა?  ხუთი წამი ალბათ,  ეს ხუთი წამიც პატარა ბიჭი იყო  ბახვის ორღობეებში დარბოდა.  მობრუნდა ისევ აზერბაიჯანში. რუსმა უყურა  ცოტა ხანს,  მერე უთხრა,  ქართველო,  მე შენ არ დაგარტყამ,  იმიტომ კი არა,  რომ  ვიცი ქართველებს  ცხელი სისხლი გაქვთო,  უბრალოდ მაინტერესებს, ნორმალური თუ ხარო  და გაიცინა.    დაშტერდა აი  უპატრონოო,    - იონამ გაიფიქრა.  რუსმა  კი  სიცილი შეწყვიტა და წამოდგა, თან საუბარს აგრძელებდა:      იმ შენს ყაზახ ძმაკაცს კი უთხარი, სამსახური სამსახურია და უფროსის ბრძანება  უნდა შესრულდესო.  იონასთვის ის  ყაზახი  ისეთივე ძმაკაცი იყო,  როგორც ყველა დანარჩენი, მაგრამ არაფერი  უთქვამს.
საღსამალათი  რომ გამოვიდა იონა ყაზარმიდან გარეთ,  მთელმა ნაწილმა ამოისუნთქა.  ის ყაზახი მოვარდა,  წამო,  ნამცხვარზე და რძეზე დაგპატიჟებ,  დღეს  კვირაა, საჩაიეში რძე იქნებაო.  იონამ, ახლა არ გამეცინოს,  თორემ რას იფიქრებენო და სიცილიც შეიკავა და ყაზახთან ერთად ნახევარი  ლიტრიც რძე დალია საჩაიეში  და შაქრიანი ორცხობილაც დააყოლა,  თუმცა რაც დედის რძეს მოსწყდა იმის მერე ვერ  იტანდა ვერც თხის და ვერც ძროხის რძეს  და არც ნამცხვრის მოყვარული  იყო დიდად.  ამის შემდეგ  ისეთი  პოპულარული გახდა იონა, ნაწილთან ახლოს მდებარე სოფლებიდან  ბავშვები ექსკურსიაზე მოჰყავდათ,  ეს არის ის  ქართველი, რუსი სტარშინა რომ ნოკაუტში გაგზავნა ერთი დარტყმითო, ის კი არა რამდენიმე ბავშვმა  ავტოგრაფიც კი თხოვა.  თავიდან  ვერ მიხვდა იონა,  მერე აუხსნეს  - რაის ავტოგრაფიო,  კი გაიფიქრა, მაგრამ უარი არ უთქვამს, მაშინღა და ერთადერთხელ ინანა იონამ, ეს რამხელა გვარი მაქვსო.     
ნაწილის უფროსი უკრაინელი იყო და  ქართველების მოყვარე.  იონასთვის საყვედურიც  არ უთქვამთ,    გალახული სტარშინა  სხვა ნაწილში გადაიყვანეს.  იონა კი,      სერჟანტი გახდა და ოცი  კაცის უფროსი -  საკუთარი თავის ჩათვლით.  მერე  სხვა ქართველებიც ჩავიდნენ ნაწილში.  ჯარისკაცები სხვადასხვანაირად ახვედრებდნენ იონას ამბებს,  რუს სტარშინას ყბა მოტეხაო,  ათი კაცი ერთად ცემაო,  ნაწილის მეთაური ის არისო,  ერთი კია, ნაწილში არავინ არავის არ ჩაგრავდა ამის მერე, მით უმეტეს კი ქართველს ვინ გაუბედავდა სიტყვის ხმამაღლა თქმა,  იონა გაიგებსო.
მალე გავიდა ორი  წელი,  სანამ საბუთებს გაუფორმებდნენ,    ნაწილის უფროსმა,  ჯარში დარჩი,  პრაპორშიკის წოდებას  მოგცემთ,  ბინა გექნება სამხედრო ქალაქში და  მაღალი ხელფასიო, მაგრამ  იონამ იუარა, ორსართულიანი სახლი  მაქვს ბავხში, რად მინდა თქვენი ბინაო,  მერე ტაქსი დაიქირავა ისევ და ისე  დაბრუნდა ოზურგეთში, როგორც წავიდა.
ეზოში ჩასულს მთელი სოფელი იქ დახვდა თავმოყრილი.  ეხუტებოდა  და კოცნიდა ყველა. ჭიშკართან ცხენი რომ დაინახა,  გაიფიქრა ვინმე მეზობელია  ცხენით  მოსულიო.  ცხენს თეთრი ზოლი გასდევდა  ცხვირზე და მეწამული ფერის იყო,  ამდენი ხალხის შემყურე მოუსვენრად ცქმუტავდა და აღვირს აწვალებდა. ბოლოს დედ-მამასაც  რომ ჩაეხუტა,  მაშინ იკითხა,  ვისია  ეს ცხენიო?  შენიო, - მამამისმა.  ზაფხულობით  ბახმაროში დაყავდათ იონა და მისი  უფროსი  და მაიკო.  ის გაახსენდა იონას  როგორ თხოვა ერთი საფერისცვალებო დოღის შემდეგ,  მამას,  ცხენი მიყიდეო, - მასაც მოუნდა დოღში  მონაწილეობის მიღება და გამარჯვება.  მამამ  სათამაშო ცხენი  რომ უყიდა,  ცრემლი წამოუვიდა,    მე  ნამდვილი  ცხენი  მინდოდაო,  არადა  კლასში არ დადიოდა ჯერ. ეს გაახსენდა ახლა და თვალცრემლიან მამასაც იგივე ახსენდებოდა.  ცხენს ალია დაარქვა და მთელი დღეებს ჯირითში ატარებდა,  ბავშვობის ოცნების ახდენა უნდოდა იონას.   
ბახმაროში,  ფერისცვალების დოღზე  დაინახა ნანამ პირველად იონამ. ყველას გაუსწრო      მისმა ალიამ,  ფინიშის ხაზი გადაკვეთა,  მერე შებორძიკდა,  წინა ფეხებზე დაიჩოქა და იონა რომ გადმოხტა,  მაშინღა წაიქცა და იქვე დალია სული.    უყურებდა  ნანა,  როგორ  ტიროდა ცხენის თავთან  დაჩოქილი იონა  და თვითონაც  ატირდა.  იცოდნენ იონას  ფიცხი ხასიათი, ვერავინ ბედავდა ახლოს მისვლას.  ნანა მივიდა და მხარზე დაადო ხელი. მივუსამძიმრეო -  მეგობარ გოგოებს  და  გაბრაზებულ ძმას, ალექსას უხსნიდა მერე.  ნანას ხელის შეხებაზე იონას  თითქოს ელვამ  დაუარა მთელ ტანში .  თავი ასწია და იმანაც მაშინ  პირველად დაინახა ნანა.  იონა ოცდაერთის იყო მაშინ, ნანა ოცის და მესამე კურსზე სწავლობდა პედაგოგიურზე,  ნანას ძმა ალექსა  კი  ოცდაათს  იყო  უკვე მიტანებული. 
დაჯილდოების ცერემონიაზე  არ  მისულა,  სახლში მიუტანეს პრემია  და ათმანეთიანი  ბროლის საკანფეტე, რომელიც  იქვე  მიამსხვრია  ჭიშკარს -  ალიას  ვუგზავნი სამოთხეშიო,  ფულით  კი  სამეგრელოში შეიძინა უხედნი ულაყი, ზურგზე მოექცა  და ალექსანდრე მაკედონელივით  გააჭენა  მზისკენ,  ცხენს  საკუთარი  ჩრდილის რომ არ შეშინებოდა.  მერე  მოიკითხა, ის გოგო ვინ იყოო.  ნანაა მზიანიდანო. მეორე დღესვე    გადავიდა ბახვიდან    მზიანში.  ნანას სახლთან თოხარიკით ჩაატარა ახლად გახედნილი ცხენი.  უკან  ყეფით მოსდევდნენ  სოფლის ძაღლები.  ნანას მამას დიდი  თანამდებობა ჰქონდა რაიონში და დიდი სახლი  სოფელში,    ძმა  კი გურიაში პირველი მერსედესით იწონებდა თავს და ფირალობისკენ უწევდა გული.  შენიშნა  იონამ,  ფარდა როგორ გადაიწია    მეორე სართულის  ფანჯარაში და ნანას მოჰკრა თვალი.  უკან,  ბახვში    დაბრუნებულს ამბავი დაახვედრეს, რაიკომის მდივნის შვილს მოსწონს ნანა, მალე ნიშნობას აპირებენო. გული დასწყდა.  მეორე დღეს, ადრე  დილით  წერილი  მოუტანა ნანას კლასელმა ბიჭმა.  დღეს ორ საათზე მზიანის  ბოლოს ცაცხვებთან წყარო რომ გამოდის,  იქ ვიქნებიო,  ბოლოს კი  „ნანა“ ეწერა  წერილს. იონამ  წერილს რომ  მოკიდა ხელი, ის  ელვა და ცეცხლი იგრძნო  ისევ,  ფერისცვალობას ნანას ხელიდან რომ ჩაეღვარა  მთელ სხეულში  და მთელი  ღამე  ტანსაცმელ გაუხდელი  ეგდო ლოგინზე, ხელში  ნანას წერილი ეკავა  და ერთ წერტილს იყო მიშტერებული, მაგრამ წერტილს არა, ნანას თვალებს ხედავდა  და ბნელ  ოთახში კაშკაშა სინათლე იყო თითქოს. 
ორ საათზე ძაღლების ყეფის ხმაზე მიხვდა ნანა, იონა  მოდისო.  ორ წუთში ცხენზე იყო  უკვე.  უკან მოსდევდნენ  ძაღლები,  ალექსა  მერსედესით  და  კიდევ ერთი მანქანით - ალექსას  ძმაკაცები.        იმ  ბიჭმა ვინც წერილი მიუტანა იონას,      ალექსა  გააფრთხილა, ნანა რაცხას აპირებსო -    შეშინდა,  ვაითუ  გაიგოს  ალექსამ  მე რომ ვარ საქმეში გარეული  და  ძვალს და რბილს  გამიერთიანებსო.  ძაღლები მალე ჩამორჩნენ.  სოფელს  რომ გასცდნენ,  მაშინ  გადაასწრო  ცხენს  მერსედესმა  და ვიწრო ადგილას  ჩადგა გარდიგარდმო.  ერთ მხარეს ადიდებული  მდინარე  მიაგორებდა ტალღებს, მეორე მხარეს  კლდე იყო  დამრეცი,    უკან კი დადევნებული  მეორე მანქანა მოადგათ.  მარტო რომ ყოფილიყო,    ცხენიანად გადაევლებოდა იონა მანქანებს, მაგრამ ახლა  ნანა  ეჯდა წინ, რომელიც,  გვერდულად მჯდომარე, ისედაც ძლივს იკავებდა თავს. აღვირი მოსწია,  ძლივს გააჩერა დაოთხებული ცხენი.  ალექსა გადმოვიდა მანქანიდან, ხელში  ნაგანით.    ჩადიო, -  იონამ ნანას უთხრა.  არა, მოგკლავსო,    -  ნანამ  და  სიფრიფანა სხეულით  შეეცადა იონას დაფარვას. იონა ცდილობდა  ცხენიდან ჩამოესვა  გოგო,    ნანა ტიროდა,  უძალიანდებოდა, არ ჩადიოდა ცხენიდან.  ხედავდა ალექსა  ამას  ყველაფერს და ჰაერში გაისროლა იარაღი.  დაფრთხა ახლად გახედნილი  ცხენი, ყალყზე შედგა.  მოახერხა ალექსამ და  ნანა  ჩამოსვა მიწაზე,  თვითონ კი თავი ვერ შეიმაგრა და  ჩამოვარდა ცხენიდან.      ალექსამ  ქამარში გაირჭო ნაგანი და  დას უთხრა    მანქანში ჩაჯექიო უთხრა.  ნანა იონასთან მივარდა, წამოდგომაში მიეხმარა.  რა დროს  შევრცხვიო,  - იონამ გაიფიქრა და  ძლივს აიტანა მიწიდან წელი. ძმები ხართ, მაგრამ აწი  ჩემი საქმე  მაქვს ამ  კაცთანო,  -  ძმაკაცები  გააბრუნა ალექსამ.  დაჯექი თუ არა  ვესვრიო, - ისევ ნაგანინკენ წაიღო ხელი ალექსამ როცა სამნიღა დარჩნენ.    ნანამ  ტირილი დაიწყო, მაგრამ ადგილიდან არ დაძრულა ისევ და ცდილობდა წინ აფარებოდა იოანას.   
- შენ ბახველი  იონა არ ხარ, რუს სტარშინას ყბა  რომ მოტეხე ჯარში?  - ჰკითხა უცებ ალექსამ იონას.
- კი, ის იონა ვარ, ოღონდ ყბა არ მომიტეხია! 
  -  სად მიდიოდით?!
    -  ქვიანში!   
იცოდა ალექსამ  ქვიანი სოფელი რომ იყო  ლანჩხუთის  რაიონში.
- ქვიანში რაი გინდა? 
- ჩემი  დაია იქ გათხოვილი!   
ახლა დას მიუბრუნდა ალექსა:
-    ამ კაცს  მზიანიდან  ქვიანში მიჰყვები?
-    ხო,  მივყევბი!  - ჩურჩულით  თქვა  ნანა და თავი დახარა.     
              -  ერთი წლის მერე მასწავლებელი ხდები ქალი,  აი უნდა ასწავლო ბაღნებს?    -  გაიცინა ალექსამ.  ახლა ისევ იონას მიუბრუნდა.
            -  შენო  ის იონა არ ხარ ჯარში  რომ ტაქსით წახვედი და ტაქსით დაბრუნდი?
            -  კიო,  - ისევ უპასუხა იონამ.  რა ვქნა ახლა,  ტაქსის სად გიშოვნოთ და  აგერ,  ა,  მანქანა და დაჯექით აბა ორივე  და ჩამოყალიბდით,  ბახვში მიდიხართ თუ ქვიანშიო.  არაო, იონამ,  მე ცხენით წავალ წინ და თქვენ მანქანით  გამომყევითო. 
ცოტაც და უცნაურ მგზავრებს დაინახავდა კაცი  ოზურგეთი - ლანჩხუთის გზაზე,  წინ ცხენით და უკან მერსედესით.
ამ ფიქრებში ჩაეძინა იონას და  სიზმარში  ხედავს  ჩვეულებრივი იონა კი არა, იონა წინასწარმეტყველია თითქოს და აბობოქრებულ ზღვაში მოქცეული  ეუბნება მგზავრებს.  „აღმიქთ და შთამაგდეთ მე ზღუასა მაგას, და დასცხრეს ზღუა  ესე თქუენ ზედა, რამეთუ ჩემ გამო იყო ყოველი ესე ჭირი თქუენ ზედა“.  მგზავრებმა კი  ზღვაში  კი არა წელამდე  ყანაში შეაგდეს თითქოს.  ყნანის შუაგულში ერთი ხე იდგა, მის ხის შეაფარ თავი იონამ,  წამოწვა დავიძინებო , მაგრამ  იქ უკვე    ჩეეეულებრივ  იონად გადაიქცეულს  ნამდვილი იონა წინასწარმეტყველი დახვდა  თითქოს  და  ეუბნება:    ,, ადე  შე ზარმაცო,  უცხოს  არ ათოხნინო ყანა შენი თუ  მოსავალი გწადდეს  უხვი  და  გსურს  განმრავლდე და ლაღობდეს შთამომავალი შენი“.
გაიღვიძა,      ალექსა ედგა თავზე,  - სიძე,  შე  ძველო,  ადექი გაკეთდა  ქვეყანა, კაია შუადღის  ძილიო,  - ეუბნებოდა და იცინოდა.  ცოტა ხანს უყურა,  იონამ, მერე ეუბნება:
- ალექსა, ძამა  შენ  უცხო ხო არ ხარ ჩემთვის?
- უცხო რაფერ ხარ?  - მერე სახლისკენ მიბრუნდა ალექსას, - ნანა გამოხედეა ამ შენს ქმარს მთლად დაწყობილი  არასდროს არ იყო, ახლა მთლად გააბდლებულა.
-     ყანის თოხნა იცი?      - ეკითხება ისევ იონა.
- არ მიცდია, მარა რავა არ მეცოდინება!  -  გაიცინა ალექსამ.
წავიდეთ მაშინ  ყანაშიო, - თქვა იონამ,  მერე  ალექსასთვის თოხი მეზობელს გამოართვა,  უსიტყვოდ  მოკიდა  ნანას გამზადებულ საჭმელს ხელი  და    ყანისკენ  წავიდა.  ალექსაც თან მიჰყვა. 
ყანაში ჩასულმა,  აი შენ ფული რაც დაგპირდი,  აგერ საგზალიც,  აწი ჩემი ყანა მე თვითონ  უნდა ვთოხნო, თავისუფალი ხარ რუსოო,  -  იგორას უთხრა  იონამ.  ეს ქართველები დაშტერდნენ  თუ დაჭკვიანდნენო, ეს ვეღარ მოიფიქრა რუსმა,  იონას ყანიდან  მოკლე გზა იცოდა  სოფლის მთავარ გზამდე  და  ,,ბაკაკი წყალში კიკინებსო’,  ესღა თქვა და ისე წავიდა,  უკან არც მოუხედავს.      იონამ  და ალექსამ კი მუშაობა გააჩაღეს,  ხან თოხით,  ხან ხელით აცლიდნენ სარეველა ბალახს აბიბინებულ ყანას, დრო და დრო ნადურსაც შემოსძახებდნენ.      ერთი საათი ისე იმუშავეს,  არც დაუსვენიათ,  იონამ    მხოლოდ  მაშინ მოიხედა,  ნაცნობი    მზერა  რომ იგრძო  ზურგზე, ნანა  გადმოსულიყო ყანაში,    რად  დააგვიანდათო და გაკვირვებული უცქერდა  ყანაში  მომუშავე ქმარს და ძმას...
წლის თავზე    ბიჭი    შეეძინათ ნანას  და იონას. ცას ეწია სიხარულით ალექსა, ბიძა გავხდიო.  ერთხელ ნანა  ბავშვთან  ერთად სტუმრად  იყო  მშობლებთან - წვეულება ჰქონდათ, ქორწინების ოცდახუთ წლის იუბილეს აღნიშნავდნენ.  დილიდან  ახველებდა იონას.  სიცხე გაუზომეს, ოდნავ ჰქონდა აწეული.  სახლში  დატოვეს,  ვირუსი არ  იყოს, პატარას არ  გადასდოსო. ბნელოდა  ,,უცხოს“  ძახილი რომ მოესმა ჭიშკრიდან:  - იონა, გამოდი გარეთო.  გავიდა.  რომელი ხარო, დაიძახა.  -  არ მიცნობ შენ,  მარა მე გიცნობ, შენი ცოლისძმა  ალექსა  შემომაკვდა ჩხუბში,  ვიცოდი, რა მოყვრობა გქონდათ და მინდა, პატიება გთხოვო, სანამ ფირალად გავვარდებიო.  რაიო,  -  იონამ დაიღრიალა,  სახლში შევიდა  და მალევე  გამობრუნდა უკან  სანადირო თოფით და  დამენახე ერთი სად ხარო, - დაიყვირა.  მაშინ  გაიცინა  ,,უცნობმა“, არ მომკლა,  შე უპატრონო,  ალექსა ვარ,  გრიპის ელექსირი მოგიტანე აგერ, ბუზის ოტკაო. 
დილამდე  იქეიფეს  სიძე-ცოლისძმამ,  კრიმანჭულით შეხვდნენ  მზეს და ნანაც    დაბრუნდა. მარტო იყო.  ბავშვი მშობლებთან დაეტოვებინა.  ჯერ ძმას დაუწყო ჩხუბი,  რას გამოიპარე,    გადირია  ნენე, გეთქვა მაინც, აქ თუ მოდიოდიო.    მერე  იონას  ჯერ შუბლზე დაადო ხელი,  მერე  თერმომეტრი ძალის-ძალად  ჩაუდო  იღლიაში,  თან აბებს უმზადებდა, დავალევინოო.  გამჭყიპავს ახლა რაცხებითო,  - ცოლისძმას შესჩიოდა  იონა, მაგრამ გადარჩა, არ ჰქონდა სიცხე. მივაღებინე მაგას მე უკვე წამალიო,  -  იცინოდა ალექსა... 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს