ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
27 იანვარი, 2022


ჩემი "კაშკაშა" გვარი

გვარი ცოცხალი ისტორიაა, ოჯახის მემკვიდრეობითი სახელია. გვარიშვილობა კი ადამიანის ღირსების, მისი მაღალზნეობრიობის მაჩვენებლად გამოიყენება.
ალბათ ნებისმიერ ადამიანს, განსაკუთრებით ქართველს, ეამაყება საკუთარი გვარი.მეც მინდა ცოტა რამ მოგიყვეთ  ჩემს გვარზე და გაგაცნოთ ამ გვარის სასახელო წარმომადგენლები.
კ ა კ ა ჩ ი ა ს  გვარის წარმომადგენლებს ალბათ ხუთივე კონტინეტზე შეხვდებით, მაგრამ საქართველოში ქართველი კაკაჩიები ძირითადად ცხოვრობენ წალენჯიხის რაიონში, (ყველაზე მეტი ოდენობით ობუჯში), აფხაზი კაკაჩიები კი  გალში, სოხუმში, ოჩამჩირის რაიონის სოფ. მერკულაში, საიდანაც გადმოსულან დასავლეთ საქართველოში.
კაკაჩია იმ მეგრულ საგვარეულოთაგანია, რომლებიც აფსართა მიერ აფხაზეთის დაპყრობის შემდეგ ქრისტიანობის შენარჩუნების მიზნით სამეგრელოს შემოეხიზნენ, აქ დამკვიდრდნენ და მსგავსად ათობით პროტოაფხაზური (ანუ მეგრულ-ჭანურის ერთ-ერთ კილოზე მოლაპარაკე ნამდვილ აფხაზთა) საგვარეულოებისა არ გააფსარდნენ. იქ, აფხაზეთში, კაკაჩიები, როგორც XVII საუკუნის მიწურულის ერთი დოკუმენტიდან ირკვევა სოფელ ქიაჩის მკვიდრი აზნაურები  ყოფილან. იქიდან კი ობუჯში დამკვიდრებულან. გვარსახელ კაკაჩიას ეტიმოლოგიის შესახებ რამოდენიმე მოსაზრება არსებობს. სულხან საბას განმარტებით კაკაჩი არის ,,ღამე მთოვარით ნათელი”. პროფ. კორნელი დანელიას აზრით ეს სიტყვა ბგერადობით მეგრულ-ჭანური იერისაა და იმის გათვალისწინებით, რომ ქართულის შ ბგერას მეგრულში კანონზომიერეად ჩ შეესატყვისება ის ქართულ(ი) კაშკაში-ს ზანური შესატყვისი ჩანს. კაკაჩი იგივე მნიშვნელობისა ყოფილა, რაც მეგრულში თუთარჩელაა. ის მეგრულშიც დასტურდება. მაგ. კაკაჩია სერი – მთვარით განათებული ღამე, მეორეგვარად თუთარჩელა
გვარი კაკაჩია ისტორიულ წყაროებში პირველად მოხსენიებულია მე-17 საუკუნის მე-2 ნახევრიდან მთავარანგელოზთა ქიაჩის სასწაულთმოქმედ ხატთან დაკავშირებით. ეს ხატი 1640 წელს შეწირა სოფ.ქიაჩის (ახ. ოჩამჩირის რ-ნის ტერიტორიაზე) ეკლესიას თავისი მეორე მეუღლის ნესტან დარეჯანის სულის საოხად ლევან II დადიანმა და გაუჩინა ორი აღაპი კვიტაურის სასახლეში, ერთი კვირიკობის 13-ში, მთავარანგელოზთა კრების დღესასწაულზე, და მეორე -ყველიერის შაბათს, რაც ირკვევა მასზე არსებული წარწერით,
ცნობილი იტალიელი მისიონერისა და მოგზაურის არქანჯელო ლამბერტის მითითებით ქიაჩი ყოფილა ზემო ოდიშის (აფხაზეთის)  ერთ-ერთი ადგილი, სადაც იჯდა ქიაჩის ეპისკოპოსი. აქ იყო დაბრძანებული ქიაჩის მთავარანგელოზთა სასწაულთმოქმედი ხატი. (ა. ლამბერტი „სამეგრელოს აღწერა“ თბილისი 1938 წ. გვ.121-122) ეს ეკლესია 1638 წელს დანგრეულა. 1680 წლიდან ხატი უკვე ობუჯშია. ა. ლამბერტისვე გადმოცემით ობუჯში ყოფილა საეპისკოპოსო კათედრალი. ეკლესია წმინდა გიორგის სახელზე ყოფილა აშენებული და მთავრების სამარხსაც წარმოადგენდა. მე-13 საუკუნემდე ობუჯის საეპისკოპოსო კათედრალი ზემო სამეგრელოს საეკლესიო ცენტრი ყოფილა. თემურ-ლენგის ერთ-ერთი შემოსევისას  მონასტრის დიდი ნაწილი დაუნგრევიათ და  მე-14 საუკუნიდან კათედრალი წალენჯიხაში გადაუტანიათ.
ეს ხატი სამი ძმის: მაგაში, შამიში და გამახარდი კაკაჩიების მეშვეობით გამოერიდა ოსმალების შემოსევებს და სხვა საეკლესიო ნივთებთან ერთად (სამწერობელი.სასაკმევლე და სხვ.) მოხვდა სოფ. ობუჯში, სადაც სავარაუდოდ კაკაჩიები მსახურობდნენ მას. გარკვეული პერიოდის შემდეგ, შერგელაიებსა (შენგელაიები) და კაკაჩიებს შორის არსებული ვალის საფასურად, ხატი შენგელაიების ხელში აღმოჩნდა. ( კაკაჩია გამახადის ჰყოლია შვილი გაუზი, მას ემართა თურმე შერგელაია მამაშარის ვალი....(სამწუხაროდ, ზუსტად არაა ცნობილი რისი ვალი იყო ეს და რატომ დაედო კაკაჩიას), საქმე გაარჩიეს კოკია ჩიქვანმა,საუსტარ შერვაშიძემ და მურზაყან ანჩაბაძემ...აღმოჩნდა რომ კაკაჩიას ვალის გადახდა არ შეეძლო, მისმა შვილმა გაუზიმ დადო სასახლე, მაგრამ ეს არ იაღმოჩნდა საკმარისი, მაშინ კაკაჩიამ კიდევ დადო ხატის კლიტე არჩივი, რომელიც მოსამართლეებმა მისცეს შერგელაიას). შემდეგ ხატი სოფლის ცენტრში აშენებულ ეკლესიაში დაბრძანდა და დიდი მადლით, ძალითა და შიშით სარგებლობდა. სასამართლოზე მასზე აფიცებდნენ  მოწმეებს, მასზე ლოცულობდნენ და "გადასცემდნენ"(წყევლიდნენ) ერთმანეთს.( ალ. კაკაბაძე. 1921 წ. ჩანაწერები).
შემდეგ, როგორც მთელ საქართველოში, ობუჯშიც დაინგრა ეს ეკლესია, სხვა, 10-ზე მეტ ეკლესიასთან ერთად, ხატი კი ზუგდიდის მუზეუმში გადაიტანეს. კეთილი ადამიანებისა და მოსახლეობის მონდომებით ობუჯში აშენდა მთავარანგელოზების მიქაილისა და გაბრიელის  სახელობის ეკლესია.
კაკაჩიებმა ამ ეკლესიას ქიაჩის სასწაულთმოქმედი ხატის ასლი შევწირეთ.
არაერთ კაკაჩიას უსასახელებია თავისი გვარი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  უმა თურმანი ვულოცავთ დაბადების დღეს