შენ მეუბნები, რომ ყველა მზე ჩავიდა ჩემთვის, რომ განთიადებს ვეღარასდროს ვერ მოვესწრები. შენ მეუბნები, წახვედი და დადგა სიბნელე და ღამე უნდა დაგეძებდე ხელის ცეცებით. შენ მეუბნები... აღარ მესმის მე კი სიტყვები, ვეღარ მოდიან სათქმელები გულის გულამდე. შენ მეუბნები... ბნელა. შავ ღამეს გულში ვიკრავ და ისე გფიქრობ. ვგრძნობ რომ ვმთელდები, სრული ვარ და ზღაპარს გიყვები. ვგრძნობ, ჩემი ცხელი სუნთქვისაგან ცეცხლად ინთები. ჩემში იღვიძებ ყველა დილას და ჩემში ცხოვრობ. ჩემს სისხლს უყვები სულ ყოველ დღე, ნანახ ზმანებებს. მეც მათრობს შენ ღვინოსმული ხორცის ანცობა, შენ მსგავსად ფეხი მერევა და ვგრძნობ ნაბახუსევს. ვიცი, რა გსურს და რას ოცნებობ, რა გიყვარს ვიცი. შენ მეუბნები, ზურგს მაქცევ და ყველა მზე ჩავა, რომ ვეღარასდროს დავაღწევ თავს ველურ უკუნეთს. არ მეშინია, ყველა ცაზე რომც დადგეს ღამე, რადგან ჩემს სულში შენი მზე დგას და მე ამ მზეზე ვშიშვლედები და ვიფიცხებ სხეულს. უშენობისკენ ისე მივილტვი, თითქოს ზღვისკენ მიდიოდეს ჩემი შიშველი სხეული. მიდიოდეს ფრთხილი ნაბიჯით, ეწვოდეს ცხელ ქვიშაზე ფეხისგულები და მერე შიშჩამდგარი ნებდებოდეს ტალღების ლივლივს. უშენობისკენ ფეხაკრებით მივდივარ, რათა გავაგრილო ჩემი სული. წყალი მფარავს და მე თვალებს ვახელ ფერადი ქვების დასანახად. და ვიფიქრობ სხვა სამყაროზე - ხმელეთზე. მერე ისევ ზურგს ვაქცევ მარტოობას, ახლა უფრო თამამი და აჩქარებული ნაბიჯით მოვიწევ შენკენ. ცხელ ქვიშაზე ისე ვწვები, თითქოს საქორწინო სარეცელი იყოს. ჩემი შიშველი და სველი სხეული გელოდება, როგორც მზის სხივებს. ცხელია და მწველი შენი ყველა შეხება. შენი კოცნები ზურგზე მზისგან გაჩენილი ჭორფლებივით მამჩნევია. და ნამზეურივით ტოვებს ნაკვალევს. მზე აბერებს და აჭკნობს კანს. ეს ნამზეურიც ფენა-ფენა აიქერცლება და მხოლოდ ხსოვნასავით შემომრჩება, აქა-იქ დალაქავებული სხეული. მაგრამ მაინც... დიდხანს, დიდხანს ვიწვები ცხელ ქვიშაზე და დაგელოდები ჩემი კანის ყველა უჯრედს როდის გამოაშრობ და გამოფიტავ. მერე ჩავიცვამ გლისგახეთქვამდე მოღებული კაბას და თავაწეული ვივლი ქუჩაში, რათა დედამიწაზე არსებულ ყველა ქალს შევაშურო, ჩემი შენში ამომზევება. ზაფხულის დღეები კი მიილევა. მალე შესუსტდება შენი სხივების მწველი ძალა, და მერე, რომც შემეხო, ვეღარ დასწვავ ჩემს კანს და მე ღამე არ გამიჭირდება დაძინება ამ დამწვრობისგან. ვიცი, მალე ყველა მზე ჩავა და ცას დაიპყრობს არყისფერი ღრუბლების ჯარი, და როცა შენი მწველი სხივებისაგან თვალის გახელა მიჭირს, მე ვიჩრდილავ მზერას და შემოგყურებ: შენს ნაიარევ სახეს ჯერ კიდევ ამჩნევია იმ კაცის სული, ვინც ამ ჭრილობებამდე იყავი და მას არ სურს ტყუილის თქმა, მისი ვნებით გახელებული თვალები მამცნობს, რომ დაღლილია ამდენი ბრძოლით, რომ ჯერ კიდევ ვერ მოუშუშებია იარები და რომც სურდეს, არაღაფერი დარჩენია გასაზიარებელი. და ეგ ტუჩები, რისხვისაგან მომუწული ტუჩები მაფრთხილებს, რომ მალე ყველა მზე ჩავა... მაგრამ არ ვნაღვლობ, რადგან ვიცი, რომ მხრებზე ჭორფლებივით მამჩნევია ზაფხულის ხსოვნა და ყველა ჯერზე, როცა სხვები მხოლოდ ნაოჭებს დაინახავენ, ჩემს თვალებთან ნაადრევად გაჩენილს, მე ვიფიქრებ იმ მწველ ზაფხულზე და ქარიშხლები ვეღარაფერს დამაკლებენ, რადგან ჩემი მზეები მექნება თვალებში ჩამწყვდეული და ისინი არ მომცემენ გაყინვის უფლებას.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. Მადლობა, ქალბატონო მანანა. Მადლობა, ქალბატონო მანანა.
1. წარმატებები წარმატებები
|
|
მონაცემები არ არის |
|
|