ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთი გაბინაშვილი
ჟანრი: პროზა
9 მარტი, 2022


ხუთი და კიდევ ხუთჯერ ხუთი

ვეროშპირონი
ნოშპა
კაპტოპრილი
ვალერიანი მწვანე
გულის კაპლი
სათვალე მახოსთვის
გეტრები ნათელას
ფეხსაცმელი გიას
კრემი დახეთქილი ქუსლებისთვის (თუ ფული დამრჩა)
მარილი
შაქარი
ზეთი ოლეინა 5 ლიტრიანი
გრეჩიხა
მაკარონი გრძელები
საწუწნი კანფეტები
სპიჩკა
სალფეტკები
ტვალეტის ქაღალდი
სარეცხის საპონი
.............
ეს მერამდენედ ვათვალიერებ ცალხაზიანი რვეულის ფურცელზე ჩამოწერილ საყიდლების სიას და გუნებაში ჩემს ფულს ვითვლი. ვანაწილებ, ვაკოწიწებ, რაღაცს ვაკლებ, სხვას ვუმატებ, თან მთელი ძალით ვიკრავ გულში  ჩანთას, ემანდ სულ არ ამომაცალონ და ხახამშრალი არ დამტოვონ. რა ვიცი მე, ათასი მამაძაღლი დადის. გამძარცვონ ახლა მეცა, აშენდებიან რა 220 ლარი მაქვს - მთელი ჩამი ხელფასი, რომ გაწყდნენ და ამაზე მეტი არაფერი შევიდეს მათ ოჯახებში. 220 ლარი რა, რა უნდა ქნას ადამიანმა? ცეცხლი უკიდია ყველაფერს. 9 ლარიო გრეჩიხა, 9 ტყვია  მოხვდეთ მაგათ გულს, მაგრამ გული სად ატიალიათ. გაგონილა ქა ასე? რა უნდა ქნა, როგორ უნდა იცხოვრო, როგორ უნდა გედგას პირში სული?!
  ჯვარი მწერია.  ღმერთს არ ვაწყინო, ესეც დიდი რამეა. დიდი რამე კი არა და რომ არ მქონდეს, რა უნდა ვქნა, სად გინდა წახვიდე, კაცი. 220 ლარი ცოტაა? ზოგს ესეც არ აქვს, ზოგს კი არა, უმუშევარია ნახევარი ქვეყანა. ეს სამსახურიც რომ არ მქონდეს... კი არ უნდოდათ, ამ გასაწყვეტებს, არა, ის ხო კარგად უნდოდათ, არჩევნებზე რომ ფოშტის ცხენივით დამაჭენებდნენ. კარდაკარი და ჭირი მაგათ.  კეპკაც ხომ დამახურეს.  ამხელა ქალს ეგ შემშვენოდა? სირცხვილით ვიწოდი, მაგრამ შვილი რომ მშიერი გყავს, სირცხვილი და თავმოყვარეობა გვერდით უნდა გადადო.  როგორც გეცხოვრება, ისე უნდა იცხოვრო. ახლა მარტო ქუდი იყო?  ეხვეწები და ეღრიჯები ამ ხალხს, ეს შემოხაზეთ და ასე იქნება და ისე იქნება ქვეყანა, ამათ კიდე, დაეცათ მეხი, ძაან იციან პოლიტიკა. შვილო, წაგლეჯვაზეა ყველა, რას გამოგრჩნენ!  ვინ ყველაზე ვამბობ რა, მე ეგრე არა ვარ? მეც შვილისთვის არ ვცდილობდი? არა ბიჭო  და მართლა მაგათი  აშენებული  ქვეყნისა მჯეროდა. რა ვქნა აბა? ჩემი სამშობლო ჩემი მშიერი შვილის ცრემლებთან მთავრდება. ახლა რა გავყიდე თუ რა, რისი უნდა მრცხვენიოდეს, რა ბედენაა ალხანა დამაჯდება კისერზე თუ ჩალხანა, სულ ერთნი არ არიან? ერთი ჯიშისანი, ან სად ჯანდაბაში ატიალიათ ჯიში. რამეს გაგიხერხებთო დამპირდნენ, თან ცხელოდა და რა ცხელოდა, გამძვრა სული, ფეხები რომბებივით დამისივდა, ლამის იყო ძარღვები დამსკდომოდა. ჩაიარა არჩვნებმა და გაიბღინძნენ, თავიანთი სქელი ტრაკები ჩადეს სავარძლებში და ვის დაჰკარგვიხარ, ვისი ტიკი-ტომარა ხარ, აღარც დაპირება ახსოვთ და აღარც შენ ახსოვხარ არავის.
  ეჰ, დიდი გაჭირვებით კი მივიღე ეს ადგილი, ადგილი მეცა ახლა მინისტრად დამნიშნეს რა.  დამლაგებელი ვარ, მაგრამ მადლობის მეტი რა მეთქმის, ავად თუ კარგად თავი გაგვაქვს. რას ამბობ, ქალო, ეგ რომ არ მქონდეს გავწყდებოდით მშივრები. ეს პენსია რა, მახოს პენსია გადასახადებში მიგვდის, გაზია, დენია, მკვდარია, ცოცხალია, მთლად ხომ არ ჩამოისვამ ცხვირზე მურს, სულ ხომ არ ამოიკვეთავ ფეხს ყველგან... ნათლას პენსია კიდევა,  წინასწარ მაქვს გამოტანილი, სარეცხის მანქანა  ვიყიდეთ. უჰ, დავისვენე რა, ვენაცვალე მაგის მომგონსა, ხელები აღარ იყო ჩემი, როგორია ცივ ზამთარში ჯერ რეცხე, მერე გაავლე, ახლა ლილაში გაატარე. ახლა ეს ჩემი ბებრები, გენაცვალე, სხვა ყაიდის ხალხია, სხვა ცხოვრებას მიჩვეულნი, მოჰკალი და ჭრელა-ჭრულებში ჩააწვინე, თეთრი, ქათქათა, გახამებული-გაკრახმალებული...არა, ეს ნათელას  2 კაპიკი მოგვაკლდა, მაგრამ მაგას ვჩივი, დავისვენე,  ქალად აღარ ვვარგოდი, დავრეცხავდი და მაღონებდა მთელი ღამე ეს ძვლების ტკივილი. რაც არის არის, ავად თუ კარგად მივათრევთ ცხოვრებას.
  ხელფასის დღეს მოვდივარ ქალაქში და ვიმარაგებ პროდუქტს. ჩვენთანაც კია, ყველაფერი მოაქვთ, მაგრამ ისეთი ფასებია, რა ვიცი, ქა, 10 კაპიკის მომატება გამიგია, 20-ის,  მაგრამ ისეთი უნამუსო ღორები არიან 1 და 2 ლარი აღარ ჰყოფნით.
  მთელი დღეა დავწანწალებ ბაზარში და აღარ ვიცი ეს ჩემი ხელფასი რამდენად გავწელო და გავფხრიწო. წამლები ვიყიდე.  სათვალის გარეშეც ვერ დავბრუნდები, ეს გასაქრობი გია დასჯდომია ზედ და გაუტეხია. დუდღუნებს პაპა მთელი კვირაა. ერთი მინა მთლად დაფშხვნილა, მერე გადარჩა, მიიდებს ამ ცალ მინას თვალზე და შეჰყურებს ტელევიზორს.  იქაც ისეთებს აჩვენებენ, ცალი თვალით კი არა სულაც არ უნდა უყუროს კაცმა, მაგრამ რას ვიზამთ, სულ ბაიყუშებივით ხომ ვერ ვიქნებით? გიასაც ფეხსაცმელი უნდა ვუყიდო, ენაცვალოს დედა, გოლიათი მყავს, ისე სწრაფად ეზრდება ფეხი. გაზაფხულზე არ ვუყიდე?  ვეღარ ეტევა, გაცვეთას ვერ ასწრებს, უჰ, ჯანიც გავარდეს ამ ფულს, ოღონდ ეგ გაიზარდოს და ფულს კი არა, სულს დავიშურებ? ზეთიც რომ მომივიდეს, წვრილმანებს მაროსთანაც ავიღებ ნისიაზე, მომცემს, არაა ეგეთი ქალი, ან კი რატომ არ მომცემს რა, როდის შემირცხვენია თავი.  ჩემთან არ დაეკარგება.
  ამ ანგარიშში და წინ და უკან სიარულში დავიქანცე.  არა რა, შენს  სახლს არაფერი სჯობია. ბირჟაზე ჩამოვალ, თინას  შევძახებ, ბავშვი მყავდა დატოვილი, არ ჩერდება გია მოხუცებთან, არც გაემტყუნება, პატარაა  გართობა უნდა, იმათ კიდევ ხან წნევა და ხან რა, ხმაურისა და  თამაშის ნერვები სადღაა.
  ეზოში კაცი-შვილის ჭაჭანება არაა, მოხუცები არიან და დასვენება თუ მოუნდათ-მეთქი, მაგრამ გულმა მაინც რაღაცნაირად რეჩხი მიყო. კარი გავაღე თუ არა, მაშინათვე მივხვდი ყველაფერს. წადი აბა შენი კუ დაძებნე, ხომ არ გაიპარა-მეთქი. არ წავიდოდაო, ჩანთების დარდი ჰქონდა, საკბილო ეგულებოდა, ძლივს მოვიშორე თავიდან. შიშისაგან ერთიანად ვკანკალებდი, თავბრუ მესხმოდა.
  ტელევიზორი ჩართული იყო, მიშა იქვე თავის სავარძელში იჯდა, ის სათვალის ცალი მინაც გავარდნოდა ხელიდან. საცოდავ ნათელას კიდევ სამზარეულოში დაელია სული, იატაკზე დაცემულიყო.  კარტოფილი დაედგა მოსახარშად, ჩაჰქორობოდა ეს ოხერი. მეც ჩამიქრა რამდენჯერ და მომიკვდა თავი, რომ დროზე ვერ მივხედე, დროზე ვერ მივაქციე ყუარდღება.  გაშეშებული ვდაგავრ, ერთიანად ვცახცახებ, მინდა ვიყვირო, საშველად დავუძახო ვინმეს, მაგრამ ეზოში ბავშვია და არ მინდა შევაშინო.
  ვფიქრობ, გავიყვან -მეთქი ისევ  თინაანთა ბავშვს და თან შევტირებ ხალხს ჩემს უბედურებას, გავაგებინებ  ყველას, რომ ჩემი პატრონი ამ ცისქვეშეთი აღარავინ დარჩა.  გამიზარდოს ღმერთმა გია, შემოვრჩით-მეთქი ამ მიწას მხოლოდ ეს უბედური დედა-შვილი.  გიას, ჩემს გიას, აღარავინ ჰყავს-მეთქი და უცბათ  ყველაფერი გავიაზრე.
  ხვალ არა და ზეგ არჩევნებია. შემჩნეული ხარ იმათთან ურთიერთობაშიო, ცუდად არ შემოგიტრიალდეს, ხომ არ დაგავიწყდა სამსახურს გაძლევთო, -ამას წინეებზე მითხრა.  ვისთანა-მეთქი, ქალო,- წამივიდა თმა ყალყზე.  ყველაფერი ვიცით, ტყუილად ნუ იმართლებ თავსაო, ლალი მაგათი დამქაშია, შენ კიდევ შემჩნეული ხარ მაგასთან ურთიერთობაშიო.  სარწმუნო წყაროებმა თქვეს, რამდენჯერ დაუნახავთ შენი სახლიდან გამოსულიო. რა სარწმუნო წყარო,  ქალო, გზის  გადაღმა ცხოვრობს-მეთქი.  ერთად დავიზარდენით. ხან ის გადმოვა ქინძის სათხოვნელად და ხან მე გადავძახებ დაფნის ფოთლისთვის-მეთქი, რისი პოლიტიკა, ქალო, მართლა აღარა გრცხვენიათ-მეთქი. მე რომც დაგიჯერო, ზემოთ მაგას როგორ აუხსნი და როგორ დააჯერებო, ისედაც იმდენი პარტიული ჰყავთ დასასაქმებელიო.  როგორ არ გრცხენიათ-მეთქი, ორი მოხუცი და ბავშვია ჩემს კისერზე, დაგჭირდათ და თან გადაგყევით და ცოცხის ჭერასაც თუ დამამადლითი მაგას რა მომაფიქრებდა-მეთქი. უიმე, ქალო რას გაფიცხდიო, მე კი ვიცი, რომ  შენი ნდობა შეიძლება, მაგრამო. რა მაგრამ-მეთქი. სადგურთან რომ მანო ცხოვრობს, მაგის რძალსაც სდომებიაო. მერე-მეთქი, ხომ იცი როგორც ხდებაო. ახლა არჩევნებია, ხმებია ყველაფერიო, იმათ ხუთი ამომრჩეველი ჰყავთ,  შენს ოჯხში კიდევ სამი ხმააო. მერე ქალო, ორი  ხმის გამო მიტოვებთ-მეთქი შვილს მშიერს. მართლა არაფერი გაგეგება ამ პოლიტიკისო, ჯერ ერთი არჩევნებს ერთი ხმა იგებსო, და თანაო,- თვალი ამარიდა,- თქვი, ქალო, მეტი რაღა უნდა მითხრა-მეთქი კიდევ. რაო და მანოსთან ახალგაზრდები არიანო და ეგეც ხომ იციო, მარტო დღეისანი ხომ არ ვართო.
  მთელი ღამე თეთრად გავათენე, ინათა და ვფრინდი რაიონის ცენტრში. იმ გათხსირებულმა მდივანმა კი მალოდინა მთელი საათი, მაგრამ მაინც  შევედი, ასე და ასეა ჩემი საქმე არ დამღუპოთ-მეთქი, მაგ კაპიკებით მიდგას სული. ახლა ამ პატარა დაბისთვის ხუთი  ამომრჩეველი  ცოტა არააო, მერე მარტო ეგეც ხომ არაა, დიდი გვარიაო, ხომ იცი როგორ ხდება ხოლმეო, იმ ხუთის უკან კიდევ ხუთჯერ ხუთი დგასო... შევხედავთ ამ არჩევნებზე რა იქნებაო, ხომ ნამდვილად ხართ ჩემი ერთგულიო, გეფიცებით-მეთქი, მივიტყაპუნე დამჭნარ მკერდზე ხელი... გაგითვალისწინებთ, რამეს გაგიხერხებთო. ეს სამი ხმა ჩვენიაო ხო? აბა როგორ-მეთქი, მაშ როგორ!- შევპირდი.
  ხვალ არა და ზეგ არჩევნებია. მანოს რძალს  ხუთი  სული ჰყავს, ხუთი ამომრჩეველი და კიდევ უკან ხუთჯერ ხუთი,  გვარია დიდი, დიდად გასამრავლებელი კი არიან, ქურდები და ოხრები, მაგრამ ეგეთებისაა ეს ცხოვრება. მე კიდევ... ერთი, ამ ცის ქვეშეთში მეტი არც არავინ მყავს. ხვალ არა და ზეგ.ზეგ არჩევნებია, მე კიდევ ერთი ვრჩები, ხუთთან სამი კიდევ ჰო, მაგრამ ერთი? არა, ჩემი საშველი აღარაა. ნათელას პენსიაც  რომ წინდაწინ მაქვს აღებული? იმასაც მომთხოვენ, მინდობილობა ჩემზე ჰქონდა, მე ავიღე, ქალი კიდევ ცოცხალი არაა, აბა მკვდარს  ვინ რას მისცემს?  მომთხოვენ!  აბა ვინ შემაწევს? ბავშვი კიდევ სასკოლე მყავს, რა უნდა ვქნა? არა ამ სამსახურის დაკარგვა არ იქნება.
  აი მაშინ ვიფიქრე,უნდა დავმალავ-მეთქი.  გაჭირვებაში მყოფ კაცს, ისეთები მოგივა აზრად, დალხინებულმა რამდენიც უნდა იფიქროს, რომ ვერას გახდება.  რის ვაი-ვაგლახით ავიყვანე ეს ჩემი მოხუცები და საწოლში ჩავაწვინე, ვითომ და სძინავთ. არჩევნები ხვალ არა და ზეგაა, ეს მზე კიდევ ისე აჭერს. მალი-მალ მიმაქვს და ახალ-ახალ ყინულებს ვალაგებ ამათ გაყინულ სხეულებს.
  ჭირის ოფლი მასხამს, ფოთოლი გაიფაჩუნებს და სისხლი მეყინება, აი ესაა და ვინმე მოვიდა, მოვიდა და მიხვდა-მეთქი  გვერდით ოთახში მკვდრები რო  მყავს დამალული.  ეს ბავშვი ცალკე არ მეშვება, რატომ არ იღვიძებენო, რატომ არ ჭამენო, აიჩემა ეს სათვალე მე უნდა მივცე პაპასო, მე გავუტეხე და ახლა მე უნდა გავახაროო. ცალკე ამაების ფიქრში ვარ, ცალკე ეს სახლი მაქვს მისალაგებელი, არა ბინძურად კი არაფერი მაქვს, მაგრამ ფანჯრებია დასაწმენდი, აბლაუდები არსად დამრჩეს.  ათასი მიმსვლელი და მომსვლელი იქნება, როცა იქნება ხომ უნდა გავაგებინო ხალხსა, ამ მოხუცების ამბავი. მერე კიდევ ვითომ მკვდარიო, და მკვდარს ვინ უყურებს, სულ აქეთ-იქით აცეცებენ თვალებს. უიმე, ლილიამ იცის, ქალო, სადაც გინდა შევიდეს, მაინც იპოვნის სათქმელსა...
  რაც მე მაშინ შიში ვჭამე, იჰ, გახსენებაც აღარ მინდა. ეს არჩვენების დღეც მოვიდა. წნევამ ამიწია, კეფა მაქვს დაჭერილი, ტვინში მასხამს სისხლი, მასკდება საფეთქლები. დილაუთენია  სულ ბარგანაობით წავედი და შემოვხაზე. მოხუცებიო? არ შეუძლიათ და იქნებ სახლში გამოგზავნოთ-მეთქი ვინმე. მოვიდნენ.  შიშისაგან ერთიანად ვკანკალებ, ისეთი ვარ, ლამის არის სული გამძვრეს, ვაი და მიხვდნენ  და მერე რა ჯანდაბა ვქნა.  ძლივს ჩაეძინათ-მეთქი,  წამლები მივეცი, ისეთი წნევები ჰქონდათ, ლამის წაიღეს-მეთქი წერილი... ვეხვეწე და ვეღრიჯე, ნუ გამაღვიძებინებ, მე არ ვიცი ვისაც ხაზავენ-მეთქი?  კაიო, კანონი ირღვევა, მაგრამო...  კანონი ახლა თქვენც ჩემთვის გაქვთ რა მოგონილი, კანონი ისაა, რაც თქვენ გაწყობთ-მეთქი, გულში  ვთქვი, მაგრამ ათასი მადლობა კი გადავიხადე. 
  წავიდნე და ამოვისუნთქე, უჰ, რახან ეს ტირთი ჩამომეხსნა და ახლა დატირებას მაინც შევძლებ-მეთქი. ავტეხე ვაი უშველებელი, ახლა ქა, ისე მაქვს შიშისა თუ ნერვიულობისაგან გული გაქვავებული, რომ აღარც მეტირება.  ვირტყამ მუხლებზე ხელისგულსა, მიშველეთ-მეთქი ხალხო, დავიღუპე-მეთქი, გულში კიდევ გახარებული ვარ, ჰაიტ მანოს რძალო, ხუთნი ხართ-მეთქი არა,  გაჯობათ  თუ არა ერთის  ჭკუამ.  მოდის და მოდის ხალხი. ყველას უყვარდა ეს საწყლები, უწყინარი ხალხი იყვნენ, მშრომელი, წინ ზახარ უკან გადადიო არავისთვის უთქმათ. მოდიან და ინანებენ, მე კიდევ პირს ღიმილი დამთამაშებს, თავს ვერ ვიკავებ. ხუთნი არა-მეთქი, მანოს რძალო?! 
  კარგა დაღამეულზე მოვიდნენ  ესენიც, პარტიის ხალხი, აბა კარგ ადგილას ვერ გილოცავთ-მეთქი.  რას გვილოცავ, ქალო, მეორე ტური იქნებაო. რა იქნება-მეთქი? რაო და ჩვენა და იმათ ერთნაირი ხმები ავიღეთ და მეორე ტურიც იქნებაო.
  თითქოს თავში კვალტა ჩამცხეს, რაღაც დატრიალდა, სამყარო დადგა ყირაზე და ყველაფერი გაშავდა, მაგრამ სანამ  ბინდი ჩამოდგებოდა, მანოს რძალი დავინახე, მანოს რძალი ერთი არ იყო, ხუთი იყო და კიდევ მის უკან ხუთჯერ ხუთი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები