ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
24 მარტი, 2022


პატრიოტულ თემატიკასთან დაკავშირებით

დიდი მადლობა უკლებლივ ყველას ლექს - სტატუსების მოწონებებისთვის, კომენტარებისთვის, გაზიარებისთვის.

მიხარია ახალგაზრდებიც რომ აქტიურობენ პატრიოტულ თემატიკასთან დაკავშირებით.

ჩვენს ახალგაზრდებზე ყოველთვის კარგი წარმოდგენის ვიყავი, მაგრამ რაც ფეისბუკში გავწევრიანდი, იმის მერე კიდევ უფრო კარგი წარმოდგენა შემექმნა. ნაკითხი და განათლებული თაობა მოდის, თაობა, რომელიც ბევრ სარგებელს მოუტანს საქართველოს.

ჩვენ გვიყვარს წიგნების კითხვა, ჩვენ გვიყვარს ისტორია, ჩვენ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა. ჩვენ - ჩვენს გმირებს ლექსებსა და სტატუსებს ვუძღვნით. ხშირად ვაზიარებთ 9 აპრილზე, 26 მაისზე, საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მესაძირკვლეებზე დაწერილ ლექსებსა და გამონათქვამებს.

მიმდინარე წელს ჩვენზე - „წიგნის ჭიებზე“ ეს ლექსი დავწერე:

მიყვარან წიგნის ჭიები -
გულწრფელი წამკითხველები,
ჰყვავიან ვაჟას იები,
ხარობენ ქართლის ველები.

ვსულდგმულობთ წიგნის ჭიები
ფშაველას შემოქმედებით,
ჩვენთვის ამოდის მთიები,
კვლავ ღუღუნებენ მტრედები.

თვალწინ მეშლება ამ ქვეყნის
ულამაზესი ხედები,
მაქვს სიკვდილამდე საკვეხნი,
გულით მლოცავენ დედები.

და არამარტო დედები...
აქტიურობენ მამებიც,
გვაქვს ერთნაირი ხედვები,
გვწყალობდეს მადლი სამების.

იას ვეფერე ტურფასა,
როგორც ფშაველი მგოსანი!
შემციცინებდნენ შორიდან:
ვარდი, ყაყაჩო, სოსანი!

მესალმებოდა... არჩევანს
არ მიწუნებდა შროშანიც!
ამას ყველაფერს ამჩნევდა
ეს თვალი პატიოსანი!

გვიყვარს, ვკითხულობთ, ვაზროვნებთ,
ბევრნი ვართ, არ ვართ ცოტანი...
დღეს ამ ყველაფრით ამაყობს
თქვენი რურუა ოთარი.

მთიები - ცისკრის ვარსკვლავი გახლავთ...

რაც თვითიზოლაციაში ვიმყოფებოდი, ვაჟა-ფშაველას ლექსზე შექმნილი სიმღერა „მინდა გაკოცო, მაკოცო“ კიდევ უფრო მეტად შემიყვარდა, ხშირად ვღიღინებ.

ვაჟას ლექსის გავლენით ეს ლექსი დავწერე:

გული ზღვასავით მიღელავს,
ხარ ჩემი სულის ნაჟური,
მსურს შენთვის ვჭექო სიმღერა -
ესოდენ გარიჟრაჟული.

„მინდა გაკოცო, მაკოცო“,
კოცნით აგივსო თვალები,
და ერთხელ კიდევ დავლოცო
ის შენი ნატერფალები.

არ ვიცი, გითხრა მეტი რა,
ეშხით დამდაგე ყმაწვილი,
მე - შენი ცრემლის წვეთი ვარ,
შენ - ჩემი სულის ნაწილი.

მთის მოტივზე წერა 2010 წელს დავიწყე. ლიტერატურულ საიტებსა და ფეისბუკზე მთის წარმომადგენელ პოეტებს ვეპაექრებოდი კაფიებში. კაფიაობაში თანდათან დავიხვეწე. მეგობრებმა ხუმრობით ,,ოთარიუს რურუაული“ შემარქვეს.

2011 წელს ექსკურსიაზე გახლდით ფშავში, კერძოდ ჩარგალში. ჩემთვის ვღიღინებდი გიტარის თანხლებით, ფშავლის ქალები შემიჩნდნენ: რამე სატრფიალო გვიმღერეო, ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე, იოსებ ნონეშვილის ლექსი ,,ეგ სახე მყინვართა სარკეშიც მინახავს“ (იგივე ,,ქალი ხარ, ალი ხარ“) ვუმღერე.

რაც დრო გადის, ვაჟას კიდევ უფრო მეტად ვაფასებ, ვიდრე აქამდე ვაფასებდი. გარდა პოეზიისა და პროზისა, ვაჟას ფილოსოფიური ნარკვევებიც აქვს, რაც უფრო მეტად ამაღლებს ჩემს თვალში, როგორც რიგითი მკითხველის.

2011 წლის 25 იანვარს მივუყვებოდი ჩარგალში ვაჟა-ფშაველას ნაკვალევს და თან ვაჟას სიტყვებს ვიმეორებდი გულში:

„ნეტავ თუ დაგვიფასდება
ქართველთა შვილებს ამაგი?!“

დაგვიფასდება, აუცილებლად დაგვიფასდება! სხვანაირად არც შეიძლება, ჩვენ ხომ რაზიკაშვილების მშობელი ერი ვართ!

რამდენიმე თვის წინ მსახიობმა ასმათ ტყაბლაძემ ერთ-ერთი ტელევიზიის მეშვეობით განაცხადა: „მე ვაჟა-ფშაველა მიყვარს!“ წელში გავიმართე სიამაყით! ქალბატონ ასმათს მანამდეც ვცემდი პატივს და იმ დღის მერე კიდევ უფრო დიდ პატივს ვცემ. ვინც ვაჟას შემოქმედებას აფასებს, ის ჩემთვის მამულიშვილია!

მე და ჩემს მოყვასს - ლელა მეტონიძეს ისე გვიყვარს ვაჟას შემოქმედება, დაუსრულებლად შეგვიძლია მოვიყვანოთ ციტატები ბუნების მგოსნის შემოქმედებიდან! ლელა ვაჟას სულის თანაზიარია.

ლელა მეტონიძე ძალიან კარგი ადამიანია, გულმხურვალე მამულიშვილი. სხვანაირად არც შეიძლებოდა ყოფილიყო, რადგან ლელა ძალიან კარგი გვარის წარმომადგენელია, თუნდაც ნატო მეტონიძე რად ღირს, რომელიც ძალიან კარგი ადამიანი და მომღერალია. მის მიერ შესრულებული სიმღერებიდან განსაკუთრებით ,,მზე შინა და მზე გარეთა“ (იგივე ,,სამაია“) მიყვარს.

ლელა აქტიურად იყო ჩართული ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობაში, ზვიად გამსახურდიასთან და მერაბ კოსტავასთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს თავისუფლებისთვის გამართულ აქციებში. ლელა მეტონიძე 9 აპრილის თაობის წარმომადგენელია.

„წამებულნი 9 აპრილისანი!“ - ასე უწოდა ერისკაცმა - ზვიად გამსახურდიამ 1989 წლის 9 აპრილს რუსეთის ბოლშევიკური იმპერიის ჯარის მიერ რუსთაველის გამზირის ბრძოლის ველზე მომწყდარ ქართველებს.

ლიტერატურულ საიტ „ურაკპარაკი“-ს ფორუმში, ჩემმა მეგობარმა პოეტმა - თეა თაბაგარმა ზვიად გამსახურდიას პოეზიასთან დაკავშირებით ასეთი კომენტარი გააკეთა: „ზვიად გამსახურდიას პოეზია - საინტერესო და ტკბილხმოვანი პოეზიაა“. მართლაც ასეა.

ზვიად გამსახურდიაზე რატომღაც მხოლოდ პოლიტიკური კუთხით მსჯელობენ, არადა კონსტანტინე გამსახურდიას შვილი - შესანიშნავი მწერალიც იყო. ზვიად გამსახურდია თავის წიგნებში შესანიშნავად საუბრობს რუსთაველზე, თამარ მეფეზე, კოლხებზე, ქრისტიანობაზე, საქართველოს სულიერ მისსიაზე.

თანამედროვე ქართველი ავტორები შესანიშნავად იცნობენ ქართულ ლიტერატურას და არამხოლოდ ქართულს. ისინი თავადაც შესანიშნავად წერენ პატრიოტულ თემატიკაზე.

თეა თაბაგარს ერთ ლექსში ასეთი სტრიქონები აქვს:

„სული შემიბერე, ღმერთო,
გულზე... საქართველო მეწვის“.

ჩემმა მეგობარმა პოეტმა - გენრი დოლიძემ ერთ - ერთ ინტერვიუში განაცხადა:

,,გული მწყდება, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ჩემი ხელმოწერა არ არის“.

გენრიმ ამ სიტყვებით ჩემი სათქმელიც თქვა. რამდენიმე წლის წინ ივერიელთა ერთობის ტრაქტატზე მოვაწერე ხელი სამების საკათედრო ტაძარში, მაგრამ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ჩვენი ხელმოწერა რომ არ არის, მეც მასავით განვიცდი. მეც მასავით განვიცდი იმას, ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას პირადად რომ არ ვიცნობდი, მიუხედავად იმისა, რომ მოვესწარი.

მართალია, დამოუკიდებლობის აქტზე ჩვენი ხელმოწერა არ არის, მაგრამ ჩვენ დღემდე მამულიშვილობის გზაზე ვდგავართ, ჩვენი შემოქმედებით სამშობლოს ვემსახურებით, ჩვენიანად მიგვაჩნია ის, - ვინც ჩვენ გვიჭერს მხარს და საქართველოსთვის კეთილდღეობა უნდა.

დაბოლოს, ჩემივე ლექსით მინდა დავასრულო:

ფიცი

ვფიცავ, ჩემს ქართულ ხასიათს,
ღვთისმშობლის წილხვედრ მიწას,
დიდგორს, შამქორს და ბასიანს,
ცრემლშეუშრობელ რიწას.

მანდილს - ქართველი ქალისას,
სიყვარულივით წმინდას,
გოგლას უმწიკვლო მარიტას,
ფხოვს, ჩარგალს, სტეფანწმინდას.

ვფიცავ, მთაწმინდის მთვარეს,
ნაციონალურ ცეკვებს,
ვაჟას შვლის ნუკრის თვალებს,
ალგეთში დაზრდილ ლეკვებს,

რომ სანთელივით იწვის
მკერდქვეშ მართალი გული,
ესმის ყივილი მიწის,
უსმენს სულგანაბული.

გულწრფელ სტრიქონებს ვუწერ
მე ცხრა აპრილის გმირებს,
დედას, რომელიც ურწევს
აკვანს პატარა შვილებს.

ვფიცავ, სიმღერას გედის,
დედის სამარეს წმინდას,
ღუღუნს მშვიდობის მტრედის,
გრემს, გელათს, ნიკორწმინდას,

რომ უთქმელადაც მიყვარს
ყველა მამულიშვილი,
აქ ნათქვამ არც ერთ სიტყვას
არ მიადგება ჩრდილი.

ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები