ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თემური57
ჟანრი: პოეზია
21 მარტი, 2022


მზის შვილიშვილი (პოემა)

  მ ზ ი ს    შ ვ ი ლ ი შ ვ ი ლ ი               
                    პოემა

                                  სამი შვილიშვილი მყავს, ახლა ყველაზე უფრო,
                                ომი არ მინდა . ადრე ასე არ ვფიქრობდი.
                                  მე რა შემიძლია? ...ყოველ დილით ვლოცულობ.
                                სახელმწიფოებრივჰუმანიტარულ ღონისძიებაში
                                მონაწილეობა მივიღე, კიდევ პოემების დაწერა შემიძლია,
                                დავიწყე ,,მედეათი"  ჩვენი  ფესვებით".  თითქმის სამი კვირა
                                მოვანდომე.
                                    პოემას ვუძღვნი ყველა დედას, რომლებმაც შვილები
                                სამშობლოს დამცველებად აღზარდეს.
                                                                  ავტორი
                     
   
              პროლოგი 
დედასამშობლოვ სად იწყები ან სად მთავრდები,
საიდან მოდის შენი ფესვი ან შენი ჯიში?
რისთვის ვეწამეთ, რად გვადინეს თვალთაგან ცრემლი,
ან რისთვის გვერგო ეს ამდენი ვაი და ვიში? -
,,მზის შვილიშვილებს დრო არ გვქონდა დარდის და მოთქმის,
ღმერთს ვადიდებდით და შევთხოვდით მუხლმოყრით შველას,
ხმლით მოვაპობდით  ,,აზიურ ტევრს“ შურის და ბოღმის,
თავს ვარიდებდით ბედისწერის ულმობელ წყევლას.
გვწამდა ყოველთვის, ვამაყობდით მაშინაც ღმერთით,
როცა ამქვეყნად ურჯულოებს ხელთ ეპყრათ ტახტი,
ჩვენ ფენიქსივით, მარცხის შემდეგ აღმდგარვართ მკვდრეთით,
ღმერთის წინაშე ქართველები ვყოფილვართ ნაღდი.
საიდან მოდის ისტორია ნეტავი ქართვლის? -
ბევრჯერ დაუსვამთ ეს შეკითხვა მტრებსა და მოყვრებს,
დასაბამიდან, გაჩენიდან მიწაზე ნათლის,
რადგან დავეძებთ იმის შემდგომ ქვეყნად ჩვენ მოძმეთ.

          ნ ა წ ი ლ ი      პ ი რ ვ ე ლ ი

            თავი  პირველი
თესალიაში, ზევსია მოწმე,
იოლკოსს იჯდა მეფე პელიას,
ეჯავრებოდათ ქალაქის მცხოვრებთ,
ჩუმად ეძახდნენ ტირანს, მელიას.
ძმისწულ იაზონს დაუგო მახე
და წამოსკუპდა ბოროტი ტახტზე,
ხშირად ამბობდა:  ,,ხეირი ვნახე,
,,მხოლოდ იმიტომ, რომ ვფიქრობ ნაღდზე“. -
თავის მემკვიდრეს მოძღვრავდა მუდამ,
უქებდა ყმაწვილს გონსა და სიმხნეს,
მერე მოხსნიდა თავს ,,აზრის გუდას“
და უკითხავდა მისებურ სიბრძნეს:
,,ვისაც გულში აქვს მომავლის რწმენა,
უნდა უწყოდეს ესე არაკი,
რომ არ შეიქმნე ბედ-იღბლის წერა,
სიცოცხლე უძღვნა, როგორც ზვარაკი
დასახულ გეგმას, იმ დიად მიზანს,
რასაც ესწრაფვი, რისკენაც ილტვი,
მოკლული მტერი ვერაფერს გიზამს,
საკურთხეველზე დადევი ფილტვი.
შეწირე ღმერთებს, ირწმუნე მათი,
მისანი გეტყვის რა გელის ხვალე,
ნუ შეგაშინებს მომავლის დარდი,
ცხოვრებას ქონი ნელ-ნელა თალე“. -
თანამეცხედრედ პელიასს ესვა,
ანაქსიბია, ბეანტის ქალი,
მისი მშვენება მას ჭირად ექცა,
მისკენ ეჭირა სუყველას თვალი.
ეჭვიანობდა, ბედს არ დანებდა,
ცოლს მოანატრა მზე გაზაფხულის,
ვინც არ მოსწონდა თვალში, ბრძანებდა,
ამოხადეთო, მაგ წყეულს სული.
ბევრმა ვაჟკაცმა იხილა  ,,ტიქსი“,
ირგვლივ ანთხევდა გესლსა და ჭორებს,
მგელივით მუდამ სწყუროდა სისხლი,
სისხლის ტბორების უცქერდა მორევს.
პოსეიდონის ძე იყო რადგან,
ღმერთის სურვილად რაცხავდა თვისას,
კვალს დაამჩნევდა ზღვისპირას, წყალთან,
ტალღების ხმაზე ანთხევდა რისხვას.
მამას ეძახდა, მასთან ყბედობდა,
ეფერებოდა გარდაცვლილ დედას,
აზვირთდებოდა, გასივდებოდა,
წამოუვლიდა ანაზდად ბნედა.
დუჟს მოადენდა ბოროტი ფიქრი,
მიაწყევლიდა მტყუანსა და მართალს,
ხელს წაივლებდა სამოსზე იგი,
შემოიხევდა ტანსაცმლის კალთას.
რომ შეატყობდნენ მონები დაღლას,
ბნედამორეულს შესვამდნენ ფარზე,
შეუდგებოდნენ, ასწევდნენ მაღლა
და გაიდებდნენ პელიასს მხარზე.
ორი დღე-ღამე უსულოდ ეგდო,
არ იკარებდა ახლოს არავის,
მერე ნახავდა პატარა ფერდობს
და მოითხოვდა გაშლას კარავის.
აისის რიჟრაჟს, დაისი  სცვლიდა,
ის კი კარავში ადგენდა გეგმას,
მთვარის სხივები ცვიოდა ციდან,
,,აცისკროვნებდა” საოცარ კვეხნას.
თავს შეიქებდა, სდიოდა ცრემლი,
გულის ფიცარზე იმტვრევდა თითებს,
შეშინებული ტიროდნენ მცველნიც,
თავის კატუნით უქებდნენ  ,,მითებს“.
ხელის აქნევით ბრძანებდა ამას:
,,წადით, დამტოვეთ, ჩააქრეთ კვარი“,
დაიფარებდა სახეზე ფარდას,
,,დილამდე იდვა ვითარცა მკვდარი“.

              თავი  მეორე
მეფის წინაშე ძმისწული წარსდგა,
პელიას იჯდა მშვიდი და წყნარი -
,,მე, შენს წინაშე დავდექი რადგან,
სამემკვიდროდ მაქვს სამეფო გვარი.
ესონს - მამაჩემს, შენს მკვიდრ სახლიკაცს,
იოლკოს ტახტი ეჭირა უწინ,
ამის შესახებ ბჭობა არ მიყვარს,
შენ ჩემზე კარგად იცი და უწყი.
კუთვნილი ტახტი გადმომცე მინდა,
მუხლი მოკეცო და მეთაყვანო,
თუ კიდევ რამე შემოგრჩა წმინდა,
გთხოვ, საკითხზე არ მეყაყანო“.
სახე დაფარა წითელმა ფერმა,
თვალთაგან მზერაც გამოკრთა კუშტი,
სატევრის  ვადა მოსინჯა მცველმა,
მეფემ თავს ზემოთ აღმართა მუშტი.
თითის გაქნევით ანიშნა მეფეს,
ძმისწულმა უთხრა:  ,,დაგიჯენ ძვირად,
თუ გაბრაზდები, გაგიქნი ფერდებს,
ძვალსაც გაგიხდი, იცოდე, რბილად“ -
შეკრთა პელიას, დაებნა გონი,
უცბად დაიცხრო ბოღმა და ბრაზი:
,,ცოტა ავღელდი, შევტოპე მგონი“-
თქვა და წარმოთქვა მზაკვრული აზრი.
- რადგან ტახტსა მთხოვ, დე, იყოს ასე,
მტრობა და შუღლი რისთვის დავიწყოთ?
გავათანაბრებ ორთავეს შანსებს,
ჩვენი ცხოვრება ჩვენვე ავიწყოთ.
გასცურავ კოლხეთს, ნახავ აიეტს,
ჩვენ ამით შევკრათ ძმობის საწყისი,
მე არ გიხილავ ვფიქრობ ცარიელს
და დაბრუნდები ოქროს საწმისით!
პოსეიდონის წინაშე ვფიცავ,
თუკი შენ შეძლებ, იაზონ ამას,
დაგადგამ გვირგვინს, შემჭამოს მიწამ,
აღარ დავიწყებ მე  შენთან თამაშს“. -
,, მეფევ! ვიხილავ კოლხეთის ზეცას,
რადგან ასე გსურს, მოგართმევ საწმისს,
სიტყვა-სიტყვაა, დავიცავ წესსაც,
მართე ქვეყანა მანძილზე ამ ხნის“ -
ზურგი უჩვენა ძმისწულმა სწრაფად,
იღბალს იწვევდა მისი დასტური, -
,,იქნებ კოლხეთის მიწაში დაგფლან“  -
წარმოთქვა მეფემ - ამოგხდეს სული !

          თავი  მესამე
თესალ;იაში დაირხა სიტყვა,
ერთი თვის თავზე  ესონის ვაჟი,
კოლხეთს მიცურავს, გმირებიც მიჰყავს 
და  რომ წინასწარ გაქვითა ბაჟი. -
მან პირველ რიგში იხმო არგოსი,
გემის აგება სთხოვა მეგობარს,
შემოიხია გმირმაც სამოსი:
,,ცოტა დროაო, მე არ მეყოფა“. -
გემი თვის თავზე მზად იყო უკვე,
ორმოცდაათი მებრძოლიც შეკრბა,
პელიასს ესე ამბავი უთხრეს,
ცოტა არ იყოს დაიბნა, შეკრთა,
მაგრამ დაუხშო კარები ფიქრებს,
,,მომავლის სხივის“ იმედად მყოფმა, -
,,მისი სიკვდილი მამცნონო იქნებ,
ამის მთქმელს ოქროს დავაყრი ოხრად“. -
თქვა და უყარა ბედ-იღბალს წილი,
სხვა რა გზა ჰქონდა ლოდინის გარდა?
უნდა გაეღო დროს თვისი წილი
სიცხადისათვის აეხსნა ფარდა.
აგებულ ხომალდს უწოდეს ,,არგო“,
ზღვაში შეცურეს, აუშვეს აფრა,
პოსეიდონთან აღმოჩნდნენ მარტო,
მუხლმოყრით სთხოვეს; ,,გვატარე წაღმა“ ! -
თვით აკასტოსი, პელიასის ძე,
ბიძაშვილს ედგა გემბანზე ფვერდით,
მეფეს როგორღაც ხმა მიაწვდინეს
მანაც ისურვა დაწევა მდევრით,
მაგრამ გავიდა ,,არგოსი“ ზღვაში
და მიეფარა ჰორიზონტს აფრა,
ბზარი გაუჩნდა პელიასს ხმაში,
რწმენა  ჩაუკლა, ნაჭრებად აქნა.
გემბანზე იდგა ჰერაკლე გმირიც,
თეზევსთან ერთად და ორფეოსთან,
რათა გაეღოთ მათ თვის წვლილი,
კაციც ეფრინათ მელიაგროსთან.
ამინდი იდგა მზიანი, წყნარი,
დემნოსთან ,,არგომ“ ჩაუშვა ღიზა,
მოიმარაგეს ღვინო და წყალი,
კოლხეთისაკენ განაგრძეს ცურვა.
ხუთი დღის შემდეგ მიადგნენ მიწას,
სამოთრაკიას, მცირე სამოთხეს,
მზე აფრის წვერზე ნებისად იწვა,
მათ, რომ ხომალდი ისევ ,,დაოთხეს“.
ჰერაკლე იდგა შტურვალთან მაშინ,
როცა ჩამოწვა ქუფრი და დელგმა,
ის ზღვის ღვთაებას შეუდგა მხარში
და წარღვნას ბედად გაასწრო გემმა.
თეზევსს დაუთმო შტურვალი გმირმა,
თვითონ წამოწვა დასაძინებლად,
მალე გაისმა გაბმული ხვრინვა,
ზვირთების ცემაც თითქმის მინელდა.
განვლეს ჰელესპონ, იცურეს აღმა,
დოლორთ ქვეყანას მიადგნენ დილით,
ღუზა ჩაუშვეს, ჩამოხსნეს აფრა,
პირი დააღეს ქალაქის ხიბლით.
მეფე კიზოკოს დაუხვდა სტუმრებს,
მარაგი მისცა საჭმლის და წყლისა,
თვლებსა და ოქროს დაჰპირდა ულევს,
ხელშიც ჩაუდო იაზონს ქისა.
მკერდზე მუშტების ბრაგუნ-ბრაგუნით,
გმირები ცურვით გასცილდნენ ნაპირს,
ქარის ისმოდა სტვენა გაბმული,
წყვდიადს აპობდა  შუქურა ,,ნათლის“.
მთვარის თეთრ სხივებს ტალღები ცრიდა,
შტურვალს შებმოდა ბრგე ორფეოსი,
შორს, ვარსკვლავები ცვიოდა ციდან,
როცა გამოჩნდა მარჯვნივ კიროსი.
მიადგნენ ნაპირს, ჩაუშვეს კიბე,
ჰილასს უბრძანეს გადასვლა დაბლა,
ფეხი წამოჰკრა, დაემხო პირქვე,
ლოყაზე ქვიშის დააჩნდა დამღა.
ხმა გაოგონა ნაზი და მორცხვი,
ხმის ექოს მიჰყვა, როგორც მძინარე,
გადაიარა პატარა ბორცვი,
კიდეც გამოჩნდა ქვემოთ მდინარე.
მდინარის ნაპირს შეავლო თვალი,
სამი ფერია ცურავდა წყალში,
სახეზე უცებ მოედო ალი,
გაწითლდა, როგორც პატარა ბავშვი.
მიადგა ნაპირს, შეცურა მათთან,
მკერდამდე სცემდა ტალღები ჰილასს,
მაგრამ ქალებმა დატოვეს სახტად,
მათი მოხმობა დაუჯდა ძვირად,
მოაჯადოეს, შეუკრეს ხელი,
მდინარის ფსკერზე დააბეს იგი,
მისი მოძებნა შეიქნა ძნელი,
ნაპირზე დადგა მძებნელთა რიგი.
მზე ჩაესვენა ჰორიზონტს იქით,
ჰილასის კვალი არ ჩანდა არსად,
მელიაგროსმა განაგდო ფიქრი,
არგოელთათვის წარმოთქვა ცალყბად:
,,აქ უნდა დარჩეს ჰერაკლე მგონი,
არვინ ივარგებს მის გარდა გზირად,
აზრიც არ მინდა დავუშვა ორი,
რომ მტერს საქციელს დაუჯენს ძვირად“.
ბედს დამორჩილდა ჰერაკლე მყისვე,
თანხმობა მისცა თხოვნაზე ძმობილს,
საგმირო საქმე უხმობდა ისევ,
ქალღმერთ გეასგან ეულად შობილს.
ნელა ასწიეს გემბანზე ტრაპი,
დაემშვიდობნენ მორიგ წვევამდე,
აფრაც აუშვეს, აგრილდა რაკი,
ნაპირზე დარჩა მხოლოდ ჰერაკლე.

            თავი  მეოთხე
სალმიდენონში შეცურდა გემი,
ღუზა ჩაუშვა ნაპირთან ახლოს, -
,,ფინევსი ვნახოთ,იაზონ! გველის,
დროს არ დავკარგავთ, სადღაც აქ  სახლობს“.-
თანხმობით შეხვდა თეზევსის თხოვნას,
ფინევსის ნახვა თავადაც სურდა,
კი მოასწრებდნენ ერთ დღეში მოვლას,
ოღონდ, როგორმე ეჩქარათ უნდა.
კითხვა-სწავლებით მოძებნეს იგი,
სახლის წინ იჯდა ფინევსი მარტო,
,,კოლხეთს მივცურავთ“! - წარმოთქვეს რიდით, -
,,ჩვენს ხომალდს ჰქვია მოხუცო არგო“. -
ხელის აწევით უძღვნეს სალამი,
მუხის კოტორზე ჩამოსხდნენ იქვე, -
,,თქვენ გზა გქონიათ ძნელად სავალი“-
თქვა მოხუცმა და შეუქო სიმხნე.
მერე იკითხა მიზეზი ნახვის,
თეზევს მიმართა: ,,რა გქვია, გმირო?
მუდამ ღია მაქვს კარები სახლის
და პურ-მარილიც ჩემთან არ ძვირობს“. -
,,არგოელნი ვართ, ჩვენ, როგორც გითხარ,
ჩემი სახელი თეზევსი გახლავს,
მაინც გიპოვეთ, გეძებდით დიდხანს,
იაზონია, გვერდით რომ მახლავს.
გაგვიგონია, რომ ჰარპიები,
გოგო-ჩიტები გპარავენ საჭმელს,
მათ მოშორებას ჩვენ დაგპირდებით,
ოღონდ გაუწყებთ მოხუცო სათქმელს.
,,ვიცი, რაც გინდათ, გზა არ აგებნათ,
რომ მომდურავი არ დარჩეთ ბედის,
როცა მიცურავთ სიმპლეგადებთან,
არ დაგავიწყდეთ გაშვება მტრედის“. -
სტუმრებს შეუძღვა ფინევსი სახლში
და გააგრძელა მოხუცმა თხრობა:
,,კლდე რომ დაიძვრის კლდისაკენ მაშინ,
აღარ დაიწყოთ, გმირებო, ბჭობა.
გაუშვით მტრედი, უყრეთ ფრინველს,
რაკი გააღწევს ის კლდეთა შორის,
შეერთდებიან კლდეები მყისვე,
გაგიჭირდებათ გატევა სოლის,
თქვენ უნდა შიში გულებში დაფლათ,
თვალი ადევნოთ გაშლას კლდეების,
ნიჩბებს მოუსვით, აუშვით აფრა,
დრო არ გექნებათ ღმერთთან ვედრების.
სწრაფად გაცურვა მოასწროთ უნდა
და გააღწიოთ მეორე მხარეს,
თუკი ვერ შეძლებთ გმირებო, გუნდად,
ყველა თქვენგანი  ,,პონტოს წყალს“ დალევს“.
დაემშვიდობნენ სტუმრები ფინევსს,
მტრედი იყიდეს, ქათქათა, თეთრი,
ყავლი გასვლოდა საქმეში იმ დღეს,
პირისპირ დარჩნენ ,,არგო“ და ღმერთი.

          თავი  მეხუთე
,,სიმპლეგადები“! - ატყდა ყაყანი, -
,,აი, შეხედეთ, ამოჰყო წვერი,
თავი ხაფანგში მგონი გავყავით,
შიშთან თამაში ყოფილა ძნელი“.
გემბანზე უხმეს, ჰაოსიც გაჩნდა,
ხელში ეჭირა ქათქათა მტრედი,
სახეს მკვდრისფერი მკაფიოდ აჩნდა,
ძაფით ეკიდა ანძაზე ბედიც.
ნიშანი მისცა თეზევსმა ჰაოსს,
გაუშვეს მტრედი, თვალებად იქცნენ,
ხომალდი კლდესთან მიცურდა ახლოს,
,,არგონავტები“ ნიჩბებთან ისხდნენ.
ფრთები გაშალა, აიჭრა მტრედი,
ხომალდის თავზე შეკრა კამარა,
სიმპლეგადები საშიში ხედით,
ბედს აღემართა თავის საფარად.
გაფრინდა მტრედი, შეძვრა ნაპრალში,
თეზევსმა სწრაფად მოიძრო ქუდი,
ზღვა აბობოქრდა, როგორც ზღაპარში,
კლდე, კლდეს შეასკდა, ჩიტს მოსწყდა კუდი.
როგორც კი იწყეს განზიდვა ქვებმა,
თეზევსმა  მისცა ნიშანი ქუდით,
ბედთან დაიწყო ხომალდმა  შებმა,
რომ გაეწყვიტა როგორმე ხუნდი.
მოუსვეს ნიჩბებს, ყვირილით გაძღნენ:
,,ჩვენო ღმერთებო გვატარეთ წაღმა“! -
,,არგონავტები“ კლდეებში გაძვრნენ,
მშვიდობიანად გავიდნენ გაღმა.
მცირე ზიანი მიადგათ მხოლოდ,
ხომალდის კუდი შეკვეცა ქვებმა,
მუშტად შეკრულმა გმირების ქორომ,
ჰერას სიმღერით მიუძღვნა ქება.
გახარებული არგონავტები,
ზეიმით შეხვდნენ კლდეებთან ბრძოლას,
ამ დიდებული გამონათებით,
გემი მიანდეს ნიავის ქროლას.
რვა დღე იცურეს ქარის იმედად,
განთიადისას მიადგნენ კუნძულს,
ამინდი გახდა ცივი იმდენად, 
დაბლა ჩავიდნენ და მოჰყვნენ ძუნძულს.
თვალი შეავლეს ნაპირთან, ახლოს,
შუბებით იდგნენ ტყეში ქალები,
თითით უჩვენა თეზევსმა არგოსს:
,,შეხედე, არგოს, ამორძალები“! -
შიშისგან ყველას დაესხა რეტი,
გემზე აბრუნდნენ, ასწიეს ღუზა,
ტყიდან ისროლა ვიღაცამ კეტი,
ორფეოსს იგი შიგ თავში დრუზა.
მიუსხდნენ ნიჩბებს, ახსენეს ღმერთი
და გაეცალნენ საშინელ მხარეს,
ღამის წყვდიადი შეემკო ვერცხლით,
ყური უჩანდა შორს, ზღვაში, მთვარეს.
დიდხანს იცურეს არ ჩანდა მიწა,
ევედრებოდნენ ქალღმერთ ათენას,
გემბანზე მწველი შიმშილი იწვა,
ჩუმად სწყევლიდა ქალის გაჩენას.
დაოსებულებს ეწიათ ბედი,
ხომალდს მართავდა არგოსი მხოლოდ,
შირს, ჰორიზონტზე დალანდა ხედი,
წყალზე მოჩანდა კუნძულის ბოლო.
,,მე ვხედავ მიწას“! - წარმოთქვა ჩუმად,
თავი არ ჰქონდა ყვირილის არგოსს,
ხბოს შესანსლავდა ერთ წამში უმად,
ჩასუქებულს და ორი წლის ნაშობს.
გახედეს სივრცეს, გაოცდნენ ძლიერ,
ყალყზე დაუდგათ არგოელთ  თმები,
თვალი შეასწრეს საშინელ ჩიტებს,
შიშმაც საფეთქლებს დაატყო წლები.
სპილენძის ფრთები ელავდა მზეზე,
სიტყვას ახშობდა კაკაფონია,
აკასტო მძიმედ წამოდგა ზეზე,
,,აქ რომ გადავრჩეთ, არამგონია“ -
თქვა და ბიძაშვილს სთხოვა გასცლოდნენ,
,,არესის მიწას“, საერთო საფლავს,
მწველი სხივები წყალზე ანცობდნენ,
სიო არხევდა ხომალდის აფრას,
მაგრამ მიიღო მან უარი მტკიცე,
,,სახელს გაგვიტეხს ვაი და ვიში,
ჯერ ცოცხლები ვართ და გულიც გვიცემს,
უნდა დავძლიოთ როგორმე შიში“.
მრავალ ბრძოლებში გამოცდილები,
არ შეუშინდნენ ურჩხულთა რისხვას,
ტყეში იპოვეს ფრიქსეს შვილები,
შეშინებულნი ვერ ძრავდნენ სიტყვას.
,,ნუ ისაუბრებთ ჩურჩულით აწი“.-
უთხრა ჰაოსმა ფერმიმქრალ ბიჭებს, -
,ჩვენთან წამოდით, ხიდები დაწვით,
აღარაფერი აქ აღარ გიჭერთ“! -
ეს გამოწვევა მიიღეს ძმებმა,
თავის დაქნევით დათანხმდნენ ჰაოსს,
,,ერთად განვაგრძოთ საწმისის ძებნა“! -
თქვეს და დასძინეს: ,,შევავსებთ საძმოს“!

                         
                  ნ ა წ ი ლ ი        მ ე ო რ ე

      თავი  პირველი
კოლხეთის მიწას, წალკოტს და მზიანს,
მეფე აიეტ მართავდა, მზის ძე,
ცოლად შეერთო მას იდიია,
არავინ იყო ,,შვენიერ“ მისებრ.
მედეა ჰყავდათ უმრწმესი შვილი,
სახემცინარი, ალვა-ტანადი,
ვით მარგალიტი, ბუნებით ქმნილი,
კეთილი, მშვიდი, მამის ნანატრი.
გრძნეული გახლდათ ასული მათი,
ჰელიოსის ძეც წყალობდა ხშირად,
ფაზისის პირას აუგო ბაღი,
მნათობთა-მნათობს,  ღრუბლიდან მზირალს. -
მშვიდად მიჰქონდა დროება დღეებს,
საკლავს სწირავდნენ წარმართ ღვთაებას,
მაგრამ კოლხეთის უძლეველ მეფეს,
მაინც შეჰყარა ბედმა ვაება.
აიეტს ერთ დღეს ეახლა ფრიქსე,
ჩამოუყვანა ვერძი ოქროსი,
,,მეფევ! წყალობა გაიღო იქნებ
და  მომათხოვო ქალი უფროსი“ -
სთხოვა და იქვე გადატყდა მუხლში,
თავი ახალა გრანიტის  ფილას,
,,მისმა მშვენებამ ჩამაგდო მწუხრში,
შევეყარ ჭმუნვას და აღარ მძინავს“! -
გაჭრა ვედრებამ, უზომო ჭმუნვამ,
სუფრა გამზადდა შემწვარი გოჭით,
პირი დააღო  ,,უხადმა ჭურმაც“,
თანხმობაც ითქვა მეფისგან მოჭრით.
ვერძი ღვთაებას მიართვეს ძღვენად,
ტყავი გახადეს, დაჰკიდეს ხეზე
და დაუყენეს ურჩხული მცველად,
რადგან ათასფრად ბრწყინავდა მზეზე.
მისანმა მეფეს პირდაპირ უთხრა,
რომ იცოცხლებდა იგი მანამდე,
ვიდრე ,,საწმისი“ ეკიდა სუფთად,
უცხო თვალთაგან დაიფარავდნენ.
მეფეს ნათქვამმა შეჰყარა დარდი,
ფიქრებმა გული გაუპეს ორად,
ბედს დაყაბულდა, იხმარა ფანდი,
ბევრჯერ გაზომა, გადაჭრა სწორად.
ამიტომ ბრძანა აიეტ მეფემ:
,,თვალი ადევნეთ დიდსა და მომცროს,
,,ოქროს საწმისზე“ მუდმივად მყეფლებს,
კოლხთა მიწაზე გავუთხრი ორმოს“.
კარგად ახსოვდათ ბრძანება ესე,
მიმოდიოდნენ მგზავრები უბრად,
ერიდებოდნენ სიკვდილის მთესველს,
გარდაცვალება არავის სურდა.
ფრიქსე ზედსიძედ გაუხდა მეფეს,
გადაივიწყა სამშობლო მხარე,
უფრთხილდებოდა ჯანსა და ელფერს,
მაგრამ სიკვდილმა მოძებნა მალე.
შესქელდა გლოვით ,,წუხილის ნისლი“,
ღმერთებს შესწირეს ხარი ზვარაკად,
მისი ამბავი, საქმენი მისი,
დღემდე შემორჩა ხალხში არაკად.
ფრიქსეს ვაჟები მეფეს იმ მიზნით,
რათა ეხილათ  თავად  ელადა,
ეახლნენ, უთხრეს: ,,ჩვენ  ვივლით იმ გზით,
როგორც ვიდოდა მამა ძველადა.
გაგვიშვი მეფევ! წავალთ,  ვიცურებთ,
საგმირო საქმე მოითხოვს ამას,
ეს გამგზავრება ჩვენ არ ვისურვეთ,
ეს ანდერძია,  უნდოდა მამას“. -
ასე იპოვეს არგონავტებმა,
ტყეში, შიშისგან წამხდარი ძმები,
და აქ დამთავრდა ეს ,,მონატრებაც“,
დასრულებამდე მოკეცა ფრთები.

        თავი  მეორე
ცალკე შეუქმნეს წალკოტი ხევში,
გრძნეულ მედეას, ფაზისის პირას,
მარტო ცხოვრობდა ის სასახლეში,
მშობლებს ხვდებოდა მხოლოდღა კვირას.
ყველა ქვეყნიდან მოჰქონდათ მგზავრებს,
მისთვის ყვავილთა, ხეთა ნერგები,
მეთუნეთ სთხოვა და დაუმზადეს,
ჩითილებისთვის თიხის დერგები.
აკვირდებოდა, ზრდიდა, სწავლობდა,
გამოცდილებას ატანდა ჭკუას,
ბალახს ხარშავდა, ყველას წამლობდა,
ხალხში მედეას ეძახდნენ მკურნალს.
ვინ არ ითხოვა ასულის ხელი,
მამაც ატანდა მედეას ძალას,
მაგრამ თანხმობა შეიქმნა ძნელი,
ეუბნებოდა მთხოვნელებს არას!
არ შეისმინა ვედრებაც დედის,
გადაჭრით ბრძანა, ამბავი ესე:
,,თუ თქვენ დადგებით პირისპირ ბედის,
ჩემი სიკვდილის იქნებით შემსწრე“.
შიშმა შეიპყრო მეფე აიეტ
და მიუჩინა მეურვე ასულს,
ბრძანა: ,,ვინც ესე სურვილს აიტეხს,
ის ჩაბარდება უცილოდ წარსულს“.
ყველამ იცოდა, ნიშნავდა რასაც,
მუქარა მეფის, ამგვარი რისხვა,
დაუჯდებოდათ სიკვდილის ფასად,
ვერ იხილავდნენ ცისკარის სისხამს.

          თავი  მესამე
კოლხეთის მიწას მოადგა ,,არგო“,
ცურვით გაუყვნენ ხმელეთის ნაპირს,
წყლის შესართავი შენიშნეს ახლოს,
თვალიც შეავლეს ტყის პირას ნახირს.
,,იქით აიღე, ორფეოს გეზი“, -
არგოსს წურწურით სდიოდა ოფლი -
,,აგერ, მინდორში დაუბამთ ნეზვი
და ხედიც მოსჩანს გორაკზე სოფლის“. -
გემმა შეცურა ფაზისის წყალში,
არგოსმა შვებით ამოისუნთქა,
მას იაზონი შეუდგა მხარში:
,,ესეც კოლხეთი“! - ამაყად უთხრა, -
,,ახლოს მივწიოთ ნაპირთან გემი,
განაგრძო სიტყვა: ,,დავმალოთ სადმე,
აქ, ამ მიწაზე არავინ გველის,
გამოგვიჩნდება ყელამდე საქმე“.
,,არგო“ დამალეს უღრან ლელიანს,
ნაპირზე დაადგეს სიფრთხილით ფეხი,
მზეს ნათლის სხივი გამოელია,
ცა მოიქუფრა, გავარდა მეხი.
მიწას რძისფერი დააწვა ჯანღი,
სუნთქვა გაჭირდა, დაობდა ძვალი, -
,,ეჰ! აქ ცხოვრება ნამდვილად არ ღირს,
ირგვლივ არა ჩანს სიცოცხლის კვალი.
აგერ, ხე მოსჩან, მგონი მუხაა,“ , -
თქვა იაზონმა: ,,სველი ვართ სულ მთლად,
ჩვენთან ბუნება მაინც სულ სხვაა,
მშრალი დარია, არ გიჭირს სუნთქვა“. -
თეზევსმა თვალი მოავლო ირგვლივ,
ფეხით მოქექა ნოტიო მიწა,
ფარზე დაარტყა მახვილი იბტყლივ,
ღამისთევისთვის ნიშანი მისცა.

              თავი  მეოთხე
ცა მოიწმინდა დილისკენ ისე,
სილაჟვარდეში აიბნა მზერა,
წამოიშალა ბანაკი მყისვე,
თეზევსმა ბორცვი ისევ დაზვერა.
სახელდახელოს მიუსხდნენ სუფრას,
დალიეს წყალი, გატეხეს პური,
მღელვარებისგან გახშირდა სუნთქვა,
ფრთხილად მიუგდეს გარემოს ყური.
მზე ხეებიდან ამოიწვერა,
ხვარტი დააწვა დატბორილ მიწას,
,,მგონი არა ვართ ღმერთების წერა“-
თქვა იაზონმა: ,,ათენას ვფიცავ! -
სჯობს სამი კაცი მეფეს ვეახლოთ,
რადგან არ არის იგი ავყია,
შენ წამომყვები გვერდით ტელამონ,
ჩვენთან წამოვა კიდევ ავგია.
ფრიქსეს ვაჟებმა იციან გეზი,
მიგვასწავლიან მეფის სასახლეს,
როგორმე გაძლებთ, იკვებეთ თევზით
და თუ შეიტყობთ ამბავს საზარელს,
როგორ მოიქცეთ, მიხვდებით თვითონ,
ნუ შეშინდებით და სდექით მტკიცედ,
ისე დაჯგუფდით, ბევრი ხართ ვითომ,
გულიც ბრძოლისთვის გმირულად გიცემთ.-
,,ჩვენ რა ვაკეთოთ იაზონ, ველად?
რისთვის ვიმალოთ, როგორც ნადირი?
ერთად წავიდეთ  აიას  ყველა,
ასე იქნება უფრო ნამდვილი“. -
,,ამფიარაოს, მომაპყარ ყური,
კითხვის დასმის დრო არ არის ახლა,
ბედთან ვთამაშობთ, გზაც გვიძევს რთული,
დაღებულიაქვს სიკვდილსაც ხახა.
რაკი გვიხილავს ჩვენ ორმოცდაათს,
იგი მიხვდება მაშინ ყველაფერს,
აღარ მოიდებს აიეტ ჩვენს ხათრს,
საქმეს გავუჩენთ  ტიქსზე მენავეს.-
როგორც ვთქვი, ალბათ, აჯობებს ასე,
აქ დამელოდეთ სრული დღე ათი,
წასვლის დრო არის“ - თქვა იაზონმა -
,,თორემ ასიცხდა, ჩამოწვა ხვარტი“.
       
            თავი  მეხუთე
ყვავილებს სხლავდა ბაღში მხევალი,
მზეზე ბრწყინავდა ათასფრად ნამი,
ბუნება იყო თავის მძევალი,
ამ უნაზესი, ლამაზი წამის. -
,,მეფის ასულო, სტუმრები სჩანან,
გადმოუხვიეს“ - შეკრთა მხევალი, -
,,ფეხით არიან, მოდიან ჩქარა,
ხომ არ მოჰყვებათ ნეტავ მდევარი“ ? -
,,ხუთნი არიან, ამოვლეს ხევი,
მიდი, გახედე, მომგვარე ბაღში“ -
მეფის ასულმა მოკუმა ხელი,
მჯიღი აძგერა მნონა-ქალს მხარში.
ზურმუხტისფერი ეფინა ბალახს,
მედეა იდგა ყვავილთა შორის,
სიო არწევდა ყაყაჩოს ყანას,
მაღლით ისმოდა ჭიოკი ქორის.
ელადელ სტუმრებს მოუძღვა მონა,
მათაც პატარა სპექტაკლი დადგეს,
ერთად შექუჩდნენ, შეიკრნენ კონად,
ფარ-მახვილები მიწაზე დადეს. -
,,მეფის ასულო! ვარ ელადელი,
მქვია იაზონ, გფარავდეს ჰერა,
ღმერთმა გიმრავლოს სიცოცხლის დღენი,
არ მოგეწყინოს ვარსკვლავთა ცქერა“. -
სტუმარმა მკერდზე მიიდო მკლავი,
მერე უდრეკი, მოდრიკა მუხლი,
ანაზდად შეკრთა, შეასწრო თვალი,
ქალის სახეზე ჩამოწვა მწუხრი. -
კარგად ესმოდა უცხოთა ენა,
მაგრამ გახევდა, დაყრუვდა თითქოს,
სულმა დაიწყო ნარ-ნარი ფრენა, -
,,ეს ელადელი ნეტავ რას ითხოვს?
ან მე რა მომდის, რა მემართება?
განა დრო არის ამჟამად ფიქრის?
ან რატომ გაქრა ეს შემართება?
რად შფოთავს გული, საითკენ ილტვის“ ? -
,,მეფის ასულო, მომეცი ნება“ -
გამოაფხიზლა მიმართვამ უცებ,
თქვენს სილამაზეს მიუძღვნა ქება,
ასეთ მშვენებას პირველად ვუცქერ“. -
მიძღვნილმა ქებამ  გაფანტა ნისლი,
შეკრთა მედეა, მოვიდა გონზე,
გახედა ფაზისს, შედედდა სისხლი,
გამოდიოდა მხედარი ფონზე.
,,მეფის მონაა“ - ამცნო ელადელს, -
,,უკვე შეგნიშნეს, გეძებენ ალბათ,
წყალი მოგწვდებათ მხოლოდ წელამდე,
დაუბრკოლებლად გააღწევთ გაღმა.
მეფის წინაშე წარსდექი რიდთ,
მშვიდობით აზონ! შეგხვდები მალე,
ხელმწიფის მონას გაჰყევი, მიდი,
მეც სასახლეში ვიქნები ხვალე“.

        თავი  მეექვსე
ხელმწიფის ფეხთით  მოკეცა მუხლი,
თავი დაუკრა მდაბლით სტუმარმა,
მოულოდნელად შეიგრძნო სუსხი,
არ უმტყუნა და გაჭრა გუმანმა.
,,უთხარი სტუმარს“ - მიმართა ვეზირს -
მეფემ ღიმილით: ,,რა უნდა ჩენგან“ ?
თუ საწმისი სურს, უჩვენეთ გეზი,
თვითონ მივიდეს აზონი ხესთან.
თუ გადაურჩა საშინელ ურჩხულს,
ტანჯვა-წამებით შეჰყარე სიკვდილს,
მე ვერ ავიტან ზურგსუკან ჩურჩულს,
იქნებ მოეშვან ტყავისთვის სირბილს“. -
როს დაამთავრა ვაზირმა თხრობა,
მშვიდად მიიღო ხელმწიფის თქმული,
თავი ასწია სტუმარმა, მოლბა,
,,მეფევ! განზრახვა არა მაქვს მტრული.
უნდა მიბოძო ოქროს საწმისი,
რადგან მოითხოვს მას ბიძაჩემი
და ეს გახდება იმის საწყისი,
რომ თესალიას მივადგე გემით.
წამართვეს ტახტი, ვარ მეფის წული,
ჰერას წყალობით მოვცურეთ კოლხეთს,
ბრძოლით ვიარეთ, გზა გვედო რთული
და უამრავი ურჩხულიც მოვსრეთ“. -
,,რადგან ელამ ბედს ამგვარად სურდა,
მსურს გამოგცადო და არ თქვა უარი,
აზონ! უღელში შეაბა უნდა,
ცეცხლისმფრქვეველი შენ წყვილი ხარი.
ბოსელში სუფევს უკუნი ბნელი,
გამოუშვებენ, როს მივცემ ნიშანს,
ერთ დღეში უნდა ,,არესის ველი“,
მოხნა და თუკი მიაღწევ მიზანს
დახნულ მინდორზე დათესო წმინდად,
ოღონდ კბილები, თანაც დრაკონის“, -
მეფემ ელადელს შეხედა მშვიდად:
,,აბა, რას მეტყვის გმირი აზონი“? -
არ გააწბილა სტუმარმა მეფე,
მხოლოდ ეს უთხრა: ,,ინებეთ როდის“ ? -
დარბაზში ექო ისროდა შხეფებს,
,,მზის შვილიშვილი, მედეა მოდის“. -
მისი სიტურფე ეკურთხა ზენას,
მედეა ჩანდა  უფრო ლამაზი,
სტუმარმა მისკენ მიმართა მზერა,
გასუდრულიყო მთელი დარბაზი.
,,ნუთუ ის არის? შემჭამოს მიწამ“ ! -
ფიქრმა იბარტყა, დაება ენა,
,,პოსეიდონის დიდებას ვფიცავ!
არა! სხვა არის, პირველად ვხედავ“. -
,,შენ, ელადელო! ასე ვის  უცქერ“ ?  -
ვერ გაიგონა ბოლომდე, თქმული,
თავი დახარა, გაწითლდა უცებ,
მესკიასავით უხტოდა გული.
ვიღაც უკნიდან შეეხო ფრთხილად,
გონზე მოვიდა ანაზდად იგი,
მიჰყვა მოახლეს, შეასკდა ფილას,
ძლივს გაიარა თაღების რიგი.
ქვემოთ დაუხვდა  ყველა ერთობით,
ხმა ამოიღო უცებ ავგიამ:
,,ერთი მითხარი,  თუკი გვენდობი,
ასეთ თამაშში ნეტავრა ყრია ?
მეფეს რასა ვთხოვთ? სახვეწი რა გვჭირს,?
ჩუმად შევიტყვე სად არის ტყავი,
ჩამოვხსნათ იგი, დავუყვეთ ფაზისს,
ვინც დაგვეწევა მოვსხიპოთ თავი“. -
ვიდრე ეტყოდა ავგიას პასუხს,
მონამ იაზონს ჩურჩულით უთხრა:
,, თქვენთვის ხელმწიფის მშვენიერ ასულს,
სასახლეში აქვს გაშლილი სუფრა“. -
სტუმარმა მონას ჩაშჭიდა ხელი,
ჰკითხა: ,,ვეახლო მედეას, როდის“ ? -
,,როცა  დღისსულის იცვლება ფერი,
ხელი გამიშვი, მხევალი მოდის“ -
მონას სასწრაფოდ გაუშვა ხელი,
,,მე გამომყევით“ ! - წარმოთქვა სიტყვა,
ბილიკს გაუყვა იაზონ მღერით,
ამალა უკან მდუმარედ მიჰყვა.
მოახლე სტუმრებს წამოეწია
და მიაცილა ოთახის კართან,
ბედი არგოელთ თავად ეწვია,
გადააფარა თავისი კალთა.
მილაგ-მოლაგდნენ, დაიწყეს ბჭობა, -
..ალბათ, ეს ჟამი ჩვენთვის არს თარსი,
საჭირო არის ჩვენების ხმობა,
რომ არ გავიღოთ ჩვენ ძვირი ფასი“. -
თქვა ტელამონმა, წამოწვა ტახტზე,
ვადა მოსინჯა ხმელი თითებით, -
,,ეჰ! ჩვენი რაზმი რომ ახლა გვახლდეს,
თესალიაში უკვე ვიქნებით“. -
,,არა, ტელამონ!  ყველა ვინც სცდება,
უცებ იმოკლებს ცხოვრების შარას,
კარგს არ გვიქადის მახვილის ცემა,
ღრუბელი ნათელს თუკი დაფარავს,
უნდა ელოდო გაფანტვას მისას,
მზად უნდა დახვდე გამონათებას,
ასე უცილოდ მიაღწევ მიზანს,
ასე აჯობებს, ვფიცავ ათენას!
ახლა კი მივწვეთ, წავთვლიმოთ ცოტა,
დაღლილები ვართ, გზა გვედო გრძელი,
ყოველსა საქმეებს სჭირდება ცოდნა,
წინ გველოდება გამოცდის გრდემლი“. -
თქვა იაზონმა, იბრუნა მხარი,
ქალღმერთ საღათას შეწევნა სთხოვა,
ბაღის ბოლოში აბღავლდა ხარი,
ფიქრების ისევ დაიწყო თოვა.

          თავი  მეშვიდე
ბინდი ჩამოწვა, აყმუვლდა მგელი,
სასახლის ბაღში იკივლა ჭოტმა,
მთვარე არ ჩანდა  ,,და იდო ბნელი“,
მშვიდად ხვრინავდა ადამის მოდგმა.
ფეხს აუჩქარა ბილიკზე ლანდმა,
უკან მისდევდა მეორე ლანდი,
სწრაფად გაღვივდა იმძლავრა დარდმა,
თანაზიარი მოძებნა დარდი.
აზონს მედეა დაუხვდა ბაღში,
მთლად შეებურა მას სახე, პირი,
ანაზდად სტუმარს შეუდგა მხარში,
შავი სამოსი ჩაეცვა მწირის.
ლანდი პირისპირ ლანდის წინ შედგა,
მეორე ლანდი წყვდიადში გაქრა,
,,ჩემო სტუმარო! მშვიდობა შენდა!
როგორ მოვიქცეთ? რას ფიქრობ, რა ვქნათ“ ? -
მზის შვილიშვილმა შეწყვიტა თხრობა
და საბურველი მოიხსნა სახის, -
,,შენი მშვენებით მუდმივი თრობა,
ვფიცავ ათენას! არასდროს დამღლის“. -
თქვა იაზონმა, მოდრიკა მუხლი, -
,,მინდა გაგანდო გულისთქმა ჩემი,
გავიქცეთ ახლა, ხელს გვიწყობს მწუხრი,
დაბლა, ზღვისპირას მოგველის გემი“ -
,, არასდროს უფრთხის მარდი გმირობას“ -
წარბი აზიდა მედეამ  გიშრის, -
,,ჯერ შეასრულე აზონ, პირობა
და მერე წასვლას არავინ გიშლის.
მე, მოგცემ წამალს, აფრქვიე ხარებს,
დაიიმედე ვაჟკაცო, გული,
მერე უჭირე ორთავეს სახრე,
სწრაფად გაავლე მინდორზე ხნული.
აჰა, მახვილიც, მიიღე ჩემგან
და როს დათესავ ხნულებში კბილებს,
ყური მიუგდე, იდექი მედგრად,
როცა ზეცაში ქორი იკივლებს,
ყველა კბილიდან აღმოიზრდება,
ნახნავში სწრაფად თითო ურჩხული,
ვიდრე სიმაღლე ზეცას მისწვდება,
მახვილისცემით წაართვი სული.
მიდი მეფესთან, საწმისი სთხოვე,
მაგრამ იცოდე არ ენდო სიტყვას,
ის დაგთანხმდება, დრო გავა მდორედ,
მახვილს დაუწყებს მალულად სინჯვას.
უთხარი მეფეს, რომ დაიღალე
და დასვენება  გჭირდება დაღლილს,
რომ ეახლები ტყავისთვის ხვალე,
რომ მოსწრაფება საქმისა არ ღირს.
მე აქ დაგხვდები, შენებთან ერთად,
აქ მოგიცდიან ბაღში ხვალისთვის,
ჩვენ არ ვიქცევით  ურჩხულის კერძად,
თვითონ ვიზრუნებ შემდგომ ტყავისთვის“. -
ჩურჩული შეწყდა, გაგრძელდა წამი,
ლანდი ლანდისკენ გადაიხარა,
მერე იხელთა მცირედი ჟამი
ჩუმად წარმოთქვა: ,,ძლიერ მიყვარხარ“ ! -
ბაგემ მოძებნა ღამეში, ბაგე,
,,ერთ სული იქმნენ სახედ და ხატად“,
ხე სიყვარულის, კოლხეთში დარგეს,
მთვარე მზირალი, დატოვეს სახტად.

            თავი  მეერვე
აისისფერი შეერწყა ცისკარს,
მეფე აიეტ დაუყვა კიბეს,
ხალხი მოაწყდა სასახლის ჭიშკარს,
მოახლეები იქნევდნენ მჯიღებს.
შუა მინდორში, მახვილი ეპყრა,
იაზონ მშვიდად ელოდა ნიშანს,
ბედისწერასთან პირისპირ შეყრა,
გადაეწყვიტა სანუკვარ მიზანს.
,,არესის ველზე“, სახნავის თავში,
მონებს დაედგათ გუთანი ხისა,
მზერა გაყრილი თვალიდან-თვალში,
დინჯად უცქერდა შვილიშვილს მზისას.
ხელით ანიშნა, რომ ეაზროვნა,
გაუჩინარდა მედეა ბაღში,
,,გეავ, მიშველე“ ! - თქვა იაზონმა,
ბზარი გაუჩნდა ანაზდად ხმაში.
ბუღა ხარები მორბოდნენ მისკენ,
ცეცხლისმფრქვეველი,  რკინისფეხება,
იგი შეეშვა ყურებას ცისკენ,
შიშსა სძლია და მედგრად შეება.
ხარებს აფრქვია წამალი მკერდზე,
უცებ დაურვდნენ, გახდნენ მორჩილნი
და ელადელმა დაადგა ქედზე,
დიდი უღელი, ზედგამოჭრილი.
მასში შეაბა ორთავე მკვირცხლად,
ხელში იფანის წკეპლა აიღო,
,,კვალი ამჩნია“ ნოყიერ მიწას,
პირველი ხნულიც სწრაფად გაივლო. -
მზემ სამხრობისას ანთხია გესლი,
როს დაამთავრა მინდორის მოხვნა,
მარჯვენა პეშვით აიღო თესლი,
ხნულის მოთესვას სასწრაფოდ მოჰყვა.
ზეამოსწია მახვილის ვადა,
მზემ ათინათის შეკონა მძივი,
თვითონაც იგი ჰელიოსს ჰგავდა,
მარჯვედ აკაფა ურჩხულთა მწკრივი.
ჩამოიწურა სახიდან ოფლი,
ეახლა მეფეს, დაუკრა თავი:
,,როგორც დაგპირდი, ამ საქმეს მოვრჩი,
პირობისამებრ მეკუთვნის ტყავი“. -
,,უცხო სტუმარო, ყოფილხარ გმირი,
მე ვაღიარებ, დავმარცხდი შენთან,
სუფრა მზად არის, გავმართოთ ლხინი,
ხვალ კი მივიდეთ  საწმისის ხესთან“. -
,,მადლობას გიძღვნი, დიდო აიეტ!
მსურს დავისვენო წალკოტში ცოტა,
ამდენ სიხარულს გული დაიტევს?
მოლხენისათვის მოგვიწევს მოცდა“. -
ბილიკს დაუყვა მიენდო გუმანს,
ბაღში შევიდა, დაზვერა სივრცე,
მედეა ხესთან ელოდა სტუმარს,
მოახლეებმაც მაშინვე იცვნეს.
უთხრა მედეამ ,,მომყევი, აზონ
და ააჩქარონ ნაბიჯი სხვებმაც,
წამი მოკლეა, სიმცირით ფასობს,
ურჩხულთან სწრაფად მოგვიწევს შებმა“. -
ურჩხულს ნახარში აფრქვიეს ღვიის,
იგიც სიკვდილის შეიქმნა წერა,
ჭმუნვამ დაუთმო ადგილი ღიმილს,
,,საწმისს“ მიაპყორ სუყველამ მზერა. -
ჩუმად მივიდნენ ფაზისთან ფეხით,
ნაპირთან დახვდათ ნავი და მონა,
თვალი შეასწრეს, მდევრებმა ზევით
გადმოიარეს სირბილით გორა.
ქვემოთ დაუყვნენ მდინარეს ზღვისკენ,
მოძებნეს  ,,არგო“ ავიდნენ გემზე,
კიდეც აღაპყრეს ხელი, ზეცისკენ,
როს შეამჩნიეს მდევარი სერზე.
,,თეზევს! დადექი შტურვალთან მედგრად,
შენ კი ორფეოს, ადევნე თვალი,
ჩვენი ჯერია, დაგვინდო ბედმა,
ჩვენ კვლავ გვეყუდვნის ჩვენივე თავი“. -
,,იოლკოსისავ, მეფეო, გისმენ“! -
უთხრა იაზონს შტურვალთან მდგარმა,
არგონავტები მიუსხდნენ ნიჩბებს,
კიდეც დაჰბერა ძლიერმა ქარმა.
გემბანზე იდგა მედეა მარტო,
ხელში ეჭირა ,,ოქროს საწმისი“,
არავინ იცის, ის გახდა რატომ?
დიდი მტრობის და ცოდვის საწყისი.


                      ეპილოგი
ჩვენ დავაბიჯებთ ნატერფალზე მედეას სულის,
სისხლით დავწერეთ ისტორია, მძიმე გვხვდა ხვედრი,
მაინც შევძელით ეპოქებში გავლება ხნულის,
ეულად ვვლიდით, არ გვყოლია მოყვარე გვერდით.
,,ოქროს საწმისი“ სიმბოლოა გმირობის, ნიჭის,
შემოგვნატრიან ჩვენზე დიდი ერების შვილნი,
არ დავიტოვეთ ნატამალი წარსულის ხინჯის,
ჩვენი გონებით, უფლის მადლით გვივლია, ვივლით.
პატივს მივაგებთ მოწიწებით პირველქმნილს - სიტყვას,
გზა გაგვივლია მძიმე ბრძოლის, მართლის და ჭირის,
,,ოქროს საწმისთან“ მოუყრია მუხლები ,,მზის ქალს“
და ეპოქებში მისი სული საბრალოდ სტირის.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები