ყვავილებს უყვარდათ დედაჩემი (ლექსებსაც, ოდესღაც). ხის თაროზე დამტვერილ და ხმელად შემორჩენილ ფერმკრთალ ქრიზანთემებს და მიმოზებს მისი სიმღერები ისევ ახსოვთ, ღიმს რომ უცოცხლებდათ, დარდიანებს. ქარში ვამზეურებ დედის ნაქსოვ შალს და უმიზეზოდ ვაგვიანებ თეთრ სახლში...თვალწყლიან ანგელოზებს ჩემს სახელს კარნახობს დედაჩემი, თან ამჩნევს, რომ მისდა გასაოცრად, შვილები ტკივილებს ვერ არჩენენ. ერბოკვერცხშეუმწვარ ხელისგულებს ნაჯაფი თითები ეხებიან... ახლა რაც ამშვიდებს, დაკარგული, ზღაპრად მოშრიალე ,,ვერხვებია". ბორცვმა შეინახა დედაჩემი ფიქრებად, ნატვრებად, მუდარებად... დამრჩა უსაშველო განაჩენად- მშობლების უმტვერო სუდარები.