იმ ქვეყნად მე და დედაჩემი როლებს გავცვლით, ერთმანეთის ცხოვრებას გავიმეორებთ: ის შვილი იქნება, მე- დედა. ჩვეულებისამებრ, როგორც სჩვეოდა, არც მე ჩავუღრმავდები მისი სიტყვაძუნწობის მიზეზს. არასდროს გავიკვირვებ მოსადაფებულ მზერაში ამოხორკლილ ბორცვებს- ვარსკვლავთა სასაფლაოს. არ შემაწუხებს მისი შიშის ფერუცვლელობა და ტრადიციულად, კატეგორიულიც ვიქნები: ყოველდღე შევახსენებ შვილის ვალდებულებებს. ავუკრძალავ ფიქრს სხვათა სიყვარულზე. ავუკრძალავ ყველაფერ იმას, რაც არ მომწონს. ერთადერთი, რასაც ვერ შევძლებ (და რაც მან შეძლო შვილობამდე), იქნება ის, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ვერ გადავჭრი უხილავ ჭიპლარს- ვერ მივატოვებ.