ნაწარმოებები


რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთი გაბინაშვილი
ჟანრი: პოეზია
5 აპრილი, 2022


ჰეი, ტყემლებო...

გამოშიგნულ  ოთახს გავს სული,
მახსოვს, რომ აქ იყო რაღაც:
რაც მიყვარდა, მძულდა, მტკიოდა...
ცარიელი კედლებია გული,
ყველა სურათი ჩამოუხსნიათ და ახლა
იესოს ხელისგულზე დარჩენილი ნამსჭვალებივით ატყვია ნალურსმები.
ვიცი, აქ წინათ ეკიდა ფოტო
ქალის, რომელსაც უყვარდა სიცოცხლე.
თვალები - ჭაღებდამსხვრეული ჭერი,
აქ  ენთო სინათლე, ახლა კი ღამე დგას- უვარსკვლავო ცა.
და მე ვწვები ცივ იატაკზე,
მაგრამ ის არაა მიწა, რომ მიმიღოს,
მინდა ვიგრძნო, რომ ადრე ჩემთანაც იყო სიცოცხლე.
იატაკი კი ისეთი გაცვეთილია და იმდენი ნაფეხური ამჩნევია,
როგორც ჩემს სხეულს-
გაუვლით, შეუწმენდიათ ლაფში გასვრილი ფეხები და
წასულან.
მე კი ხელებზე მამჩნევია ჯვარცმის ნიშანი.
ჭრილობებიდან არ მდის მირონი,
ეს სისხლია- წითელი წყალი.
ახლა უკვე ძალიან გვიანია გონებაში რაიმეს განჭვრეტა.
სიძველისაგან მწვანე ხავსი მოსდებია ფიქრს
და მას ასდის ობისა და სიმჟავის მწკლარტე სუნი.
გული მერევა.
ვწევარ საკუთარ ნარწყევში
და ვიხრჩობი.
გარეთ კი თავგამეტებით ყვავიან ტყემლები.

და მე მეცოდება მათი ყვავილობა,
მათი სინაზე, მათი მოლოდინი, მათი თავმომწონება.
ჰეო, თქვენ, ტყემლებო,
არავინ გაპატიებთ, არავინ გაპატიებთ
ამ გაზაფხულს.
ყველა ყვავილის გამო მოგიწევთ პასუხის გება,
ყველა ყვავილის გამო დაისჯებით!

ჰეი, ტყემლებო,
გაიბერტყეთ ეგ აღვირახსნილი,
მომლოდინე და მიმნდობი სხეულები,
და გახმით - თავები დაიხოცეთ,
თორემ წამებით  ამოგხდებათ სული.

ჰეი, ტყემლებო,
როგორ მეცოდებით, როგორ მტკივა
თქვენი იმედებით ანთებული სული,
თქვენ ხომ წარმოდგენაც არ გაქვთ
იმ ქარებზე, რომელმაც თქვენთვის უნდა იქროლოს.

გახმით ტყემლებო-დაიბერტყეთ ეგ ვნებები,
თორემ ყველა კვირტში მახათს გაგიყრიან,
არ გაპატიებენ, არ გაპატიებენ
ყვავილობას.

ჰეი, ტყემლებო,
შეხედეთ ჩემს სულს,
საკუთარ ნარწყევში რომ იხრჩობა,
შეხედეთ და გაიქეცით
საკუთარი სხეულებისაგან შორს,
იქნებ თქვენ მაინც გადარჩეთ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები