ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
9 აპრილი, 2022


9 აპრილი

„წამებულნი 9 აპრილისანი!“ - ასე უწოდა ერისკაცმა - ზვიად გამსახურდიამ 1989 წლის 9 აპრილს რუსეთის ბოლშევიკური იმპერიის ჯარის მიერ რუსთაველის გამზირის ბრძოლის ველზე მომწყდარ ქართველებს.

მერაბ კოსტავას ცხოვრებიდან ყველაზე დასამახსოვრებელი ალბათ მაინც მისი სიტყვით გამოსვლა იყო რუსთაველის პროსპექტზე 1989 წლის 9 აპრილს. მერაბმა შეკრებილებს შემდეგი სიტყვებით მიმართა:

„მამულიშვილნო, ძმანო და დანო! საქართველოს ისტორიაში ყოფილა დიდებული წამები და ეს წამი არის ერთ-ერთი უდიდებულესი. როდესაც ამ სამოცდაათი წლის მანძილზე, ამ ტანჯვასა და ვაებაში, ამ სისხლისღვრაში, პირველად, ასე შეკრული, ასე მთლიანი, წარმოდგა ქართველი ერი ღვთის წინაშე!“

მამულიშვილების ბრძოლამ საბოლოოდ შედეგი გამოიღო და 1991 წლის 9 აპრილს - ზვიად გამსახურდიამ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა! სამწუხაროდ მერაბ კოსტავა ვერ მოესწრო დამოუკიდებლობის აღდგენას, 1989 წლის 13 ოქტომბერს - ავტოავარიის შედეგად დაიღუპა ბორითთან.

2010 წლის გაზაფხულზე - 9 აპრილის ტრაგედიიდან 21 წლის შემდეგ, გადავწყვიტე მეც დამეწერა ლექსი ამ თემაზე, მოკლე ან გრძელი. ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე, მხოლოდ ერთი სტროფი მომაფიქრდა, ეს ერთი სტროფი პირველად დედაჩემს წავაკითხე (ჩემი ლექსების პირველი შემფასებელი დედაჩემი იყო), რომ წაიკითხა, ასე მითხრა: ,,აღარ გააგრძელო, ამ ერთი სტროფით უკვე ყველაფერი თქვიო“. შემდეგ ეს ლექსი ურაკპარაკზე გამოვაქვეყნე და ოთხმოცდაათზე მეტი კომენტარი დააგროვა. აი, ეს სტროფიც:

9 აპრილის გახსენება

... და გაისმოდა მუსიკა ქარში,
ყველა ტაძარში სანთლები ენთო.
ვაი, რაღა ვთქვა... ოთხმოცდაცხრაში
ჩვენ გაზაფხული მოგვიკლეს ღმერთო.

ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები