ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
15 აპრილი, 2022


თეონა ქუმსიაშვილის გარდაცვალებაზედ

ძნელი ყოფილა ცხოვრება, ძალიან ძნელი... ამაში ხევსურეთში მომხდარმა ტრაგედიამაც დამარწმუნა.

2010 წელს მთელი საქართველო შესძრა არაბულების, დაიაურებისა და ქუმსიაშვილების ტრაგედიამ, უღმერთოდ გაიწირნენ ეს ადამიანები.

ზოგჯერ სასტიკი და დაუნდობელია ეს წუთისოფელი, კარგი პიროვნებები ნაადრევად მიდიან იმ ქვეყნად, ალბათ ღმერთსაც კარგები უნდა თავისთვის.

ასეთი საშინელი ტრაგედია 1987 წლის შემდეგ არ მომხდარა საქართველოში, მაშინ პოეტი თამაზ ბაძაღუა დაიღუპა რამდენიმე ადამიანთან ერთად, მხოლოდ პოეტი ბათუ დანელია გადარჩა.

დიდი სულის ადამიანი უნდა იყო, სხვისი ტკივილი რომ გაიზიარო, მაგრამ მე საბედნიეროდ ჩემს მოყვასს, ჩემს თანამემამულეს სხვად არ ვთვლი და არც არასდროს ჩავთვლი, სანამ ცოცხალი ვარ. გელა დაიაურის ტრაგედიამ მთელი ციკლი შემაქმნევინა თეონა ქუმსიაშვილზე, რომელმაც კარგი სახელი და შემოქმედება დატოვა ამქვეყნად თავისი ხანმოკლე სიცოცხლის მანძილზე.

სანამ საქართველოში ერთმანეთის სულის თანაზიარი ადამიანები არსებობენ, იმ ქვეყნად წასულ ქართული სულით გაჟღენთილ პიროვნებებს დავიწყება არ უწერიათ!

თეონა ქუმსიაშვილს სამწუხაროდ პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ მის სიმღერებს მთელი სულითა და გულით ვმღეროდი გიტარაზე.

თეოს შესახებ პირველად გაზეთ ,,კვირის პალიტრიდან“ გავიგე, ხოლო მისი სიმღერები რადიო ,,არ დაიდარდო“-ს საშუალებით მოვისმინე პირველად.

განსაკუთრებით მინდა გამოვყო ,,დილაო - ავდრიანაო“, რომელიც თეომ ტარიელ ხარხელაურის ლექსზე შექმნა. ყოველი მოსმენისას ცრემლები მომდის და გულისცემა მიჩქარდება.

მართალია, თეოს არასოდეს შევხვედრივარ, მაგრამ ამას ჩემთვის ხელი არ შეუშლია მასზე ლექსები დამეწერა.

სანამ თეოსნაირი ადამიანები და შემოქმედები გვყვანან, ვერ ვაფასებთ, მხოლოდ მაშინ ვხვდებით მათ ფასს, როცა ამ ქვეყნად აღარ არიან.

ჩემს დანარჩენ სათქმელს, ეს ჩემი ლექსი ამბობს:

თეონა ქუმსიაშვილის გარდაცვალებაზედ

როს წახვედი ამ ქვეყნიდან -
ხმის პატრონი საოცარი,
აგვიტირდა კანდელი და
აგვიცრემლდა სალოცავი.

თუმც სიმღერებს შენსას ვმღერი,
გადვეკიდე არღუნს მტრადა,
შეიმოსა თალხით ერი,
როს არღუნმა გაგვწირა და

ერთიანად დაგვამწუხრა,
ცრემლი წასკდა საქართველოს,
ქვეყნის ბედზე ძვლებიც სწუხან,
ვშიშობ ვეღარც გაამრთელოს

ღმერთმა მუცოს იარები...
სითბო ყველას გვიწილადე,
ჩვენ კი-ვინაც ვიარებით,
მოგიგონებთ სიკვდილამდე.

ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები