ნაწარმოებები


ნაწარმოებების შერჩევა უკრაინაში მიმდინარე ომის თემაზე შექმნილი ლექსებისა და მოთხრობების კრებულისთვის - დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
16 აპრილი, 2022


პირველი ქართველი პოსტმოდერნისტი და თანაც ქალი

#ავდარიანა

ნინო დარბაისელი

პირველი ქართველი პოსტმოდერნისტი და თანაც ქალი
(ერთი პაროდიული შტრიხიც ელენე ბაქრაძის პორტრეტისათვის)

      ძვირფასებო, პოსტმოდერნიზმის ან გენდერის შესახებ კვლევებს მანდ,  ახლო-მახლოში ვინმე ხომ არ აფინანსებს?    ლიტერატურის მუზეუმის დირექტორობა მნდომებია, კი ვეცადე,  მაგრამ რა ვქნა, არ გამომივიდა!
      ახლა რამე სხვა უნდა ვცადო!
      გამიგია, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი კარგ ფულებს იძლევა,  გენდერულ რამეს თუ მოაქცევ კვლევის სათაურშიო, მაგრამ დავიგვიანე:  ჯერ ერთი, ის ხელმძღვანელობა აღარ ჰყოლია და ახალი კიდევ - ეგრე ხელგაშლილი არა ჩანსო, თანაც,  რაც მე მაგ ფონდზე ვწერე პირადად თუ საჯაროდ, აგერ უკვე რამდენიმე წელიწადია, რაღა გამომივა!
      ახლა სულ ბოდიშები რომ ვუხადო, მაინც საეჭვოა, რამე გადმომიგდონ. არადა, პირველი ქართველი, ნამდვილი ლესბოსელი პოეტი ხომ აღმოვუჩინე ელენე ბაქრაძის სახით, ის ერთი და აგერ ახლა  - პირველი პოსტმოდერნისტი ქალიც ჩვენია!
რა ბრძანეთ?
... დიახ, ისიც ელენე ბაქრაძეა!
      ამა წლის 12 აპრილს, "კავკასიურ სახლში" დაგეგმილ კონფერენციას ‘’ელენე დარიანის დღიურების ავტორის ვინაობა“ ხომ როგორ ველოდი! მაგრამ მოლოდინის მღელვარებას კიდევ უფრო მიმძაფრებდა ფიქრი იმაზე, თუ  კონკრეტულად რას იტყოდა ბატონი ლევან ბრეგაძე თავის მოხსენებაში ,,უჩინარი დედნის პწკარედი’ , რომელიც შეეხებოდა პაოლო იაშვილის ლექსს ..წერილი ანა
ახმატოვას“, რომელიც მან „ ელენე დარიანის“ ფსევდონიმით ჟურნალ „მეოცნებე ნიამორებში“ გამოაქვეყნა 1922 წლის მერვე ნომერში და მერე ელენე ბაქრაძემ, ჩვევისამებრ, მიითვისა და სათავისოდ გადაიკეთა.
  მჯერა, ჩემი არ იყოს, ბევრმა იცით ეს ლექსი ზეპირად და მაინც დავდებ მათთვის, ვისაც შეხსენება სჭირდება:
.
წერილი ანა ახმატოვას
.

მე მინდა გითხრა სამძიმარი,
რომ ბლოკი მოკვდა!
ხან და ხან ჩუმი და მძინარი
მეცა ვარ ბლოკთან.
ჩამოდი ჩემთან. მე მგონია
ვიქნებით დები:
თუ პეტერბურგის აგონია
გიყვარს… და ვცდები.
თბილისის მადლი და შვენება
გიშველის, ვიცი.
ორივეს ერთად გვეჩვენება
წასული პრინცი.
შენ დაღალული გიბანია
სხეული ნისლში…
ჩემი ქვეყანა ისპანია
არი ივლისში.
მე ცოტა მიცნობს: სხვანაირი
მეწვია ბედი.
შენთვის საჩუქრად მაქვს დაირი
და ოქროს გედი.
ჩვენი მზე, ჩვენი მხარე ლურჯი
ლოყებს აგინთებს;
აკოცე შენი ცივი ტუჩით
თამარის თითებს.

  როგორც ბიოგრაფიიდან ცნობილია, მარიჯანის პოეზიის საღამოზე დასასწრებად მისულ ელენე ბაქრაძეს მარიჯანი, ძველი დაქალი, მსუბუქად რომ ვთქვათ, დიდი აღფრთოვანებით არ შეხვედრია.
  ეს უკვე 1957 წელია, მთელი 35 წელია გასული მას შემდეგ, რაც ეს ლექსი გამოქვეყნდა.
    მოგვიანებით საბოდიშოდ მარიჯანი რომ მას კლასელად მოიხსენიებს, რაც სრული ქრონოლოგიური აბსურდია, რადგან, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ასაკობრივი სხვაობა მათ შორის 7 წელია, ამის თაობაზე ადრე, წინა ოპუსში უკვე მოგახსენეთ. ისიც გითხარით, რომ საპასუხოდ ელენე ბაქრაძე მარიჯანს უძღვნის ლექსს, რომლის ხელნაწერიც გ. ჯავახიშვილმა გამოაქვეყნა თავისი წიგნის გარეკანის ბოლო, უკანა გვერდზე. ხოლო წიგნში პატიოსნად აღნიშნული აქვს, რომ მარიჯანისადმი მიძღვნილი ლექსი (1957!!!-ნდს) და ‘’წერილი ანა ახმატოვას’ (1922!!! -ნდს) მსგავსებას ამჟღავნებს.
  ლევან ბრეგაძის მოხსენება დევს ინტერნატში, არ არის ძნელი მოსაძებნი, წაიკითხეთ და დარწმუნდებით, თუ რაოდენ დამაჯერებლად დაასაბუთა ავტორმა, რომ ლექსი ‘’წერილი ანა ახმატოვას’’ ეკუთვნის პაოლო იაშვილს.
  ეს -  ძალიან კარგი, სხვას არაფერს არც მოველოდი, გამოქვეყნებულ ვერსიაში ისიც მიუთითებს მარიჯანისადმი მიძღვნილი ლექსის  მსგავსებაზე.
  ეს იგი,  რა გამოდის. ორმა მეცნიერმა უჩემოდაც აღმოაჩინა, რაც აღმოსაჩენი იყო, მე რაღას ვიჩემებ!... თუმცა, როგორც იტყვიან, ჰაერზე რომ არ ვილაპარაკოთ, ჯერ მეორე ლექსიც ვნახოთ:

წერილი მარიჯანს.

მინდა დღეს გითხრა გულის ნადები
თუმც ჩავიფერფლე დიდი ხანია.
მაგრამ მე მჯერა ისევ ვართ დები
გვწვავს ძველებურად ჩვენ პოეზია.
შენთვის საჩუქრად არ მაქვს დაირი,
არც ოქროს გედი მომიწვევია,
მხოლოდ მე მახსოვს შენი დარდები
ჩემთვის წყლულები შეგიხვევია.
მე სხვანაირი მეწვია ბედი.
ის არ იკლებდა ჩემით გართობას,
თბი;ლ თანანგრძნობით აღარ მოხვედი
არ შემოგჩივლე მეც მარტოობა.
დღეს ჩვენი ხალხი გათბობს გვირგვინით
წელთა გუგუნი შუბლზე განათებს.
იყავ დღეგრძელი. ჩემს გულისტკივილს
სულ სხვა თაობა გაასამართლებს.
.
ელენე დარიანი.
.
1957წ. ტფილისი.
.
ახლა  მე მარტო შესაბამის ადგილებს
დაგიწყობთ თვალნათლივობისათვის ჯერ პაოლო იაშვილის და შემდგომ ე. ბაქრაძის ლექსიდან,  და-კავშირს ჩავურთავ შუაში მეტი მკაფიოობისათვის, ხოლო  დასკვნები თქვენ თვითონ გამოიტანეთ:

1. წერილი ანა ახმატოვას
და
წერილი მარიჯანს

(ამაზე იქნებ თქვენი ყურადღება არც გამემახვილებინა, მაგრამ მოგეხსენებათ, “წერილი” - პოეტური ეპისტოლე - ჟანრია, თან ჩვენს შემთხვევაში - პაოლოს საყვარელი ჟანრი, დაწყებული მისი უცნობილესი ლექსით ‘’წერილი დედას“, ამაზე ლევან ბრეგაძე გარკვევით მიუთითებს.
.
2.  ორივე ლექსის დასაწყისი, პირველი ტაეპი

მე მინდა გითხრა სამძიმარი
და

მინდა დღეს გითხრა გულის ნადები

3. ვიქნებით დები
და
ისევ ვართ დები
.
4. მე ცოტა მიცნობს: სხვანაირი მეწვია ბედი
და
მე სხვანაირი მეწვია ბედი.
.
5. შენთვის საჩუქრად მაქვს დაირი
და ოქროს გედი.
და
შენთვის საჩუქრად არ მაქვს დაირი,
არც ოქროს გედი მომიწვევია,
.
….და არსად არავითარი ბრჭყალები…
არის თუ არა ეს _ პოსტმოდერნი!
არის თუ არა ეს - ავტორსა (ელენე ბაქრაძე) და მკითხველს (მარიჯანი) შორის კონვენცია - წინარე, ნაცნობი ტექსტით ირონიული თამაში. რატომ ირონიული? ნიშნისმოგებით ინტონაციას სულ ვერ გრძნობთ?
ხედავთ, რას ეუბნება ფინალში? გავიმეორო?!
კი ბატონო!
.
იყავ დღეგრძელი. ჩემს გულისტკივილს
სულ სხვა თაობა გაასამართლებს.
.
ამ ელენე ბაქრაძის ირგვლივ დაუსაბუთებელი ვარაუდებისა და კონოტაციების ისეთი ბუღი დააყენეს, მეც ხომ შემიძლია, ერთი ვარაუდი გამოვთქვა, უბრალოდ, ოდნავი ინტერპრეტაციის უფლება მივცე თავს?!
ჰოდა ვაძლევ:
საკუთარ ინტენციას, ჩანაფიქრს აჟღავნებს მარიჯანისადმი ლექსში ელენე ბაქრაძე.
ფინალში უკვე  მკაფიოდ ჩანს, რომ ქართულ ლიტერატურაში საუკუნის ფალსიფიკაცია მოფიქრებული აქვს;
კარგად იცის, რას და რატომ აკეთებს.
მისი ჩანაფიქრია,  ახლა რომ ვახორციელებთ სწორედ,  ‘’სულ სხვა თაობელები“!
  ეს კიდევ არაფერი!
  რას არის გადარჩენილი პაოლო იაშვილი და ქართული პოეზია, რომ იცოდეთ:
  სხვა ქართველი და არაქართველი პოეტების ლექსები თავისი ხელით რომ ჰქონდა ე. ბაქრაძეს გადაწერილი, ამაში ცუდი რა არის, არ იყო ქსეროქსობანა მაშინ, არც  კარგი წიგნები  იშოვებოდა და ასე  სხვაც ბევრი იქცეოდა.  მართლა თავისი ბრალი ხომ არ არის, ლიტერატურის მუზეუმელ გამომცემლებს ამდენი ერთად რომ “შეეშალათ” და წიგნში, როგორც  საკუთარი,  ისე შეუტანეს, არა?
პაოლოს ამ ლექსის ამბავი განსაკუთრებულად იცით, რატომ მაინტერესებდა?
მდგომარეობაა - განსხვავებული. დოკუმენტურად დასტურდება, რომ ეს
ადამიანი ძალიან სერიოზულ მიმოწერას აწარმოებდა ცისფერყანწელთა მკვლევართან ვალენტინა ბალუაშვილთან, რომელიც ანა ახმატოვას პირადად იცნობდა. რუსულად  პაოლოს ლექსის ბწკარედებიც  გაუგზავნა, როგორც თავისი. არსებობს ეს მიმოწერა, ლევან ბრეგაძის მოხსენებაშიცაა.
  კიდევ კარგი, ეს ამბავი არ გამოვიდა, თორემ მერე გენახათ, ახმატოვას არქივში რომ აღმოჩენილიყო ქართველი პოეტესას მიერ ჯერ კიდევ ოციან წლებში მიძღვნილი ლექსი.
  რუსი მკვლევარების გულმოდგინების ამბავი რომ ვიცი, აქამდე სადოქტოროები იქნებოდა დაცული ელენე ბაქრაძეზე. იქნებ ფოტოილუსტრაციებში განჯაში, ნიკოლოზ ბარათაშვილის ნასაფლავარის ფოტოც გამოჩენილიყო.
თან ეს როგორ ლამაზად გაკეთდებოდა, ხომ იცით: ხომ ირწმუნებოდა,  ელენე დარიანი მე ვარო, ნახევრად ხომ მართალიც იქნებოდა. ტონობით ფაქტი აქვს, ელენე დარიანს რომ ეძახიან მეტსახელად, (ის  იქით იყოს, რომ სამგვარიანი ბაქრაძე- ბერიშვილი- ქართველიშვილი ადამიანის დაფიქსირება სამისამართო უბის წიგნაკში მთლად მოსახერხებელი ვერ არის, არ ეტევა და მინიმუმ, ეკონომიურობისთვის მეტსახელით ურჩევნია ადამიანს).
  ვინღა  გაარკვევდა, მეტსახელსა და ფსევდონიმს შორის განსხვავებას. განა ამის იმედად არ ამღვრიეს წყალი მისმა .... აპოლოგეტებმა... და ცოტა კიდევ მეტებმა, ოღონდ არცთუ უანგაროდ?
ხომ კიდეც გაუვიდათ აქამდე?
ვერ აიყოლიეს საქმეში ჩაუხედავი, გულუბრყვილო ადამიანების მთელი სიმრავლე?!
  უილიამ ბლეიკის ბიოგრაფები აღნიშნავენ, რომ ქრონოლოგიურად იგი ერთ-ერთი პირველი რომანტიკოსი იყო, თუმცა ამ მიმდინარეობის განვითარების ადრეულ სტადიას მან კვალი ვერ დააამჩნია, რადგან გვიან გამოქვეყნდა მისი შემოქმედებაო.
აქაც საბედისწერო დაგვიანებასთან გვაქვს საქმე!
ელენე ბაქრაძის გამოცდილების გაუთვალისწინებლად, წვალებ-წვალებით გაიკვალა ჩვენში გზა პოსტმოდერნმა, მაგრამ ჯერი ახლა ლიტერატურის ისტორიკოსებზეა.
დიახ! მათ უნდა შეავსონ ეს თეთრი ლაქა და ელენე ბაქრაძეს, როგორც პირველ და თანაც ქალ პოსტ მოდერნისტს კუთვნილი ადგილი ახლა მაინც მიუჩინონ,  სადაც ჯერ არს!
აბა, ყველა სამკაული შემოეცალა მასმედიით გულმოდგინედ ნაპიარებ ამ ათწლოვან კერპს და ცოდო არ არის?!
მასაც ხომ უნდა რაღაც!
მაინც ქალია!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები