ნაწარმოებები


ნაწარმოებების შერჩევა უკრაინაში მიმდინარე ომის თემაზე შექმნილი ლექსებისა და მოთხრობების კრებულისთვის - დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთი გაბინაშვილი
ჟანრი: პროზა
18 აპრილი, 2022


თითები

  დღეს მანანა იყო შემოსული, მწვანილი უნდოდა. დაინახა ჩემი ჯოხი და გაეცინა: „ვა, ჯოხით დადიხარ უკვე?!“  რა ჯოხი ესაა, ამას ვერც დაეყრდნობი, ცოტა ძალა რომ დავატანო, გადატყდება. იმედივით არის, მგონია, თუ წავბორძიკდები, დამიჭერს. რაც ასაკი გერავ, ყველა ფეხის ნაბიჯზე წასაქცევს ხედავ, ყველგან სიკვდილი გელანდება. სიკვდილი კი იქნება დროცაა რომ მოვიდეს, მაგრამ ძალიან მაშინებს. მეშინია წასვლის.
  გასულ ზამთარს წავიქეცი, უფალმა დამიფარა, რომ საფეთქელი არ დავარტყი. ხელი დამიყვა ცუდად და ამ დრომდე ვიტკიებ. მისივდება წვიმიან ამინდებში.
  სანამ ახალგაზრდა ხარ, არც სიკვდილზე ფიქრობ და არც წაქცევაზე, ბერდები და ყველა ძვალი ერთად გახსენებს თავს.  მეწყინა მანანას ღიმილი. ეჰ, მის ასაკში მეც კი დავდიოდი გამართული, თავაწეული... რა განა თავად  არ დაბერდება? მაგრამ სანამ წლები კარგად არ გაგიჯდება ძვლებში, მანამდე გგონია, შენ სულ გლუვი კანი გექნება, შენთან ასაკი ვერას გააწყობს.
  ერთხელ, მაშინ ჯერ ერთი შვილი მყავდა, ქუთაისში მივდიოდი მატარებლით, ვაგონში რომ ავედი, ყველამ მე გამომაყოლა თვალი. ლამაზი ვიყავი. კოხტად შეკერილი შაბიამნისფერი კაბა მეცვა, მიხდებოდა თვალებისფერი ტანსაცმელი. ჯეირანს გავსო, მომადევნეს კაცებმა. ერთი მოხუცი ქალი იჯდა და იმას მივუჯექი გვერდით. მოლეული ქალი იყო, ხილაბანდი წაეკრა. გაწყალებულ კალთაზე მარილისაგან მოკრუნჩხული ხელები დაესვენებინა. მეც კოხტად მეწყო ხელები ლაკის რეძიკულზე. თავს ვიწონებდი. მაშინ ასეთი ნივთები ჭირდა, ჰოდა, მე კიდევ ლენინგრადიდან ჩამომიტანა ჩემმა დამ. ისეთი ვარ, მინდა ყველამ დაინახოს ეს რეძიკულიცა და ჩემი  ლამაზი თითებიც.
  ვზივარ თავმომწონე და ვამჩნევ, ჩემს გვერდით მჯდომი ქალი, ხან ჩემს ხელებს აკვირდება, ხან თავის დანაოჭებულ თითებს და სინანულით აქნევს თავს.  თითქოს ხელებით განისაზღვრებოდა წლები. დღე და ღამესავით შორი-შორს იყო ჩვენი წლები - ჩემი პირველი თოვლივით თეთრი და მარმარილოსავით ჩამოთლილი, მისი უწყლობისაგან ძალადაკარგული მიწასავით გამოფიტული. შემეცოდა, შურს-მეთქი, ალბათ, ჩემი.
  წლები გავიდა.  ის მზერა და ის ხელები სულ მახსოვდა, მალი-მალ დავყურებდი თითებს, ნაოჭი არ გამიჩნდეს, ფერი და ფორმა არ დაეკარგოს-მეთქი. 
  ახლა ვხვდები, იმ ქალს კი არ შურდა ჩემი, ვეცოდებოდი. მე ჯერ კიდევ წინ მქონდა მთელი ცხოვრება, ჯერ ახალი შედგმული მქონდა ფეხი გზაზე, ამ გზაზე ქვა-ღორღი უნდა გამევლო, ჭაობები იყო, ათასი წასაქცევი მელოდა, მას კი უკან მოეტოვებინა ყველა უბედურება და ტკივილის დასასრულს უახლოვდებოდა.  ჩვენ ერთმანეთი გვებრალებოდა.
  ასე ვართ ახლა მე და მანანაც. ის ჩემს სიბერეს იგდებს აბუჩად, მე - მის გამოუცდელობას. მე უკვე ყველა ტკივილი მიგემნია და აღარაფერი მაკვირვებს, ის მეცოდება, ჯერ რომ არ შეუმჩნევია თვალის კუთხესთან პირველი ნაოჭი, პირველი ჭაღარა ნაჩქარევად არ ამოუგლეჯავს თმიდან, ჯერ რომ არ უგრძვნია, როგორია, როცა ქალი კი არა, მოჩვენება ხარ, როგორია, როცა შენი ერთადერთი მეგობარი სიმარტოვეა....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები