ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
18 აპრილი, 2022


დედაშვილობაზე

მიტევების კვირაა და ვინმეს ჩემგან რამე წყენა თუ ახსოვს, თუნდაც პატარა წყენა, ვთხოვ მომიტევოს. მე პირადად ყველაფერს ვაპატიებ ადამიანს ორი რამის გარდა: ღალატის და დედის გინების გარდა.

ღალატია ჩემგან წასვლა, ჩაშვება და ასე შემდეგ. ადამიანს, რომელსაც ვენდობი, ჩემს დარდებს ვუზიარებ, საიდუმლოს ვანდობ, არ უნდა ჩამიშვას, არ უნდა გამთქვას, გულში უნდა შეინახოს ყველაფერი, სამარეში უნდა ჩაიტანოს. მე პირადად ასეთი ვარ, ადამიანი თუ მენდობა, თავის განცდებს მიზიარებს, საიდუმლოს მანდობს, მე იმას იმედებს არ გავუცრუებ, ყოველ შემთხვევაში არ ჩავუშვებ. მოკლედ ჩამშვებები და ენატანია ხალხი შორს ჩემგან.

ღალატის და დედის გინების გარდა, ყველაფერს ვაპატიებ ადამიანს!

დედამიწაზე არავინ და არაფერი უნდა გააღმერთო დედისა და დედაშვილური სიყვარულის გარდა. ჯერ კიდევ როდის თქვა გენიოსმა ვაჟა-ფშაველამ:

,,ლამაზად შვილის აღმზრდელი
დედა მიცვნია ღმერთადა“.

არ არსებობს იმაზე ძვირფასი სიტყვა, ვიდრე
,,დედაშვილობა“.

დედაჩემის სიცოცხლეში (1958‐2012) მხოლოდ ერთი ლექსის დაწერა მოვასწარი მასზე, მხოლოდ დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ დამიგროვდა დედაზე ლექსები.

სასწაულის მოხდენა რომ შემეძლოს, პირველ რიგში დედაჩემს გავაცოცხლებდი, რადგან დედის გარეშე ცხოვრება - ეს იგივეა, ქართველი ადამიანი უცხო მიწაზე ცხოვრობდეს და სამშობლოს ნოსტალგია სტანჯავდეს.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ, დედა ისე მენატრება, როგორც ზვიად გამსახურდიას ენატრებოდა საქართველო დევნილობაში ყოფნისას.

არ არსებობს დედაზე დაწერილი ცუდი ლექსი, დედაზე დაწერილი ყველა ლექსი თავისებურად კარგია.

დედაშვილურ სიყვარულზე უფრო დიდი გრძნობა არ არსებობს დედამიწაზე, ისევე როგორც არ არსებობს დედის გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილზე უფრო დიდი ტკივილი, შვილის გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილის გარდა.

ხშირად ჩაეხუტეთ დედებს... ცუდ ხასიათზე ვიყავი თუ კარგ ხასიათზე, დედას ყოველთვის ვეხუტებოდი. არა აქვს მნიშვნელობა ცუდად ხარ თუ კარგად, დედას ხშირად უნდა ჩაეხუტო (ვისაც აღარ გვყავს, ნათელში გვიმყოფოს უფალმა), ჩახუტებით სითბო გადადის. მშობლის სიყვარულიდან იწყება მოყვასის სიყვარული.

დედა სიცოცხლის ელექსირია! ბედნიერია ის ქალი, რომელსაც დედა ჰქვია, ქალისთვის დედობაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს.

არავის ეყვარები ისე, როგორც მშობელ დედას უყვარხარ, არავინ გიერთგულებს ისე, როგორც შენი დამბადებელი გიერთგულებს.

ჩვენ – ქართველებს ბევრი კარგი სიტყვა გვაქვს დედაზე: ,,დედაენა“, ,,დედაბოძი“, ,,დედა ისტორია“, ,,დედამიწა“ და ასე შემდეგ.

როგორც ყველა პოეტს და პოეზიის მოყვარულს, მეც მაქვს საყვარელი ლექსი. ჩემი საყვარელი ლექსი ლადო ასათიანის ,,სალაღობო“-ა, ჩემებიდან კი ამ ლექსს გამოვარჩევდი:

დედა

დედა არა მყავს... ჩამიქრა კვარი,
ჩემთვის ღამეა დილა ყოველი,
მსურს სიკვდილამდე ვატარო ჯვარი
და შემწედ მექნეს სვეტიცხოველი.

დედა არა მყავს... ჩაქრა ვარსკვლავი,
ცაც თანამიგრძნობს სიმწუხარეში,
სულგანათლებულ მშობლის საფლავი
სულის მისატან არის მხარეში.

აღარ მიყვავის ბაღნარში ნუში,
თუმც კვლავ მივყვები დროის დინებას,
ხშირად მიკრავდა მშობელი გულში,
მიზიარებდა გამოცდილებას.

ამ მონატრებას სტრიქონებს ვსწირავ,
ცხარე ცრემლები მისველებს ლოყებს,
ქუდბედიანი ვიყავი წინათ,
ხმაშიც არ მქონდა ნაღველი მოყმეს.

მე გულახდილად ვსაუბრობ ღმერთთან,
მხოლოდ მას ძალუძს ბედის მისნობა,
მჯერა: ვიქნები დედასთან ერთად,
როცა მიმიღებს მარადისობა.

აქ სამუდამოდ ჩამიქრა კვარი,
ჩემთვის ღამეა დილა ყოველი,
მინდა მეც ვზიდო ეს მძიმე ჯვარი
და მეწეოდეს სვეტიცხოველი.

ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები