ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
2 მაისი, 2022


გამსახურდიას ნაწარმოებების მიხედვით ლექსების მთელი ციკლი მაქვს შექმნილი

ძალიან მიყვარს კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედება, განსაკუთრებით „დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა“.

გამსახურდიას ნაწარმოებების მიხედვით ლექსების მთელი ციკლი მაქვს შექმნილი, ერთ კარგ სპექტაკლს გავაკეთებდი. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებულ თეატრ - სტუდია ,,მოდი ნახეს“ მსახიობი ვიყავი 13 წლის განმავლობაში.

1970 წელს რეჟისორმა ვახტანგ ტაბლიაშვილმა, ასევე რეჟისორ დევი აბაშიძესთან ერთად, კონსტანტინე გამსახურდიას რომანის - „დიდოსტატის მარჯვენა“-ს მიხედვით ამავე სახელწოდების მხატვრული ფილმი გადაიღო, რომელშიც შორენა კოლონკელიძის როლს ლალი ბადურაშვილი ასრულებს, მაგრამ ალბათ ბევრმა არ იცის, რომ ლალი ბადურაშვილს დუბლიორი ჰყავდა. ცხენის ჭენების სცენებში, ცხენზე ამხედრებული შორენა - ვასილ მჟავანაძის შვილი - ნინო მჟავანაძეა. ამ ფილმის ეკრანზე გამოსვლის შემდეგ, ყოველ მეორე გოგოს „შორენას“ არქმევდნენ მშობლები.

ამ ფილმის ნახვის შემდეგ, ეს ლექსი დავწერე:

შორენა

დგას სვეტიცხოვლის ტაძართან ახლოს
უმანკო, როგორც შველი ან კრავი...
და რადგან უტა მის გულში სახლობს,
ხელთ არსაკიძის უპყრია მკლავი.

დგას სვეტიცხოვლის ტაძართან ახლოს,
არ ანაცვალა თუმც ლაზმა თავი, -
ო, არ იქნება შორენა მარტო,
ვიდრე უპყრია ხელთ უტას მკლავი.

რაც შეეხება თენგიზ არჩვაძეს, თენგიზ არჩვაძემ ვახტანგ ტაბლიაშვილის ფილმში ,,დიდოსტატის მარჯვენა“ სვეტიცხოვლის აღმშენებლის - კონსტანტინე არსაკიძის როლი შეასრულა, რომელსაც მეფის ბრძანებით მარჯვენა მოჰკვეთეს. რამდენიმე წლის წინ ბატონი თენგიზი მცხეთაში იმყოფებოდა სტუმრად ბიზნესმენ ელგუჯა ბუბუტეიშვილის ოჯახში. სუფრაზე ბატონ თენგიზს ყანწი მიართვეს, ყანწი მარცხენა ხელით დაიჭირა და სუფრაზე მსხდომ წევრებს ასე მიუგო: ,,ბოდიში მინდა მოგიხადოთ, მარცხენა ხელით მიჭირავს ყანწი, რა ვქნა, მარჯვენა სვეტიცხოველში დავტოვეო“.

დაბოლოს, ისევ ჩემივე ლექსით მინდა დავასრულო:

სვეტიცხოველი

„სვეტიცხოველი სვეტია თუ მოკვეთილი მარჯვენა?!“

ოთარ მამფორია

მივდივარ მცხეთას, შარახვეტია
ქარია, მაგრამ არ მსურს დარჩენა...
სვეტიცხოველი ჩემთვის სვეტია
და მოკვეთილი არის მარჯვენაც!

ისევ შემიხსნა ქარმა საკინძე,
ამიგიზგიზა გულში ხანძარი,
მივდივარ მცხეთას, რომ არსაკიძეს
მეც დავულოცო რწმენის ტაძარი.

იქ ფრესკებიდან მიმზერს წარსული,
მხოლოდ ქართული სული ტრიალებს.
კოლონკელიძის მოდის ასული
სიზმრად... თეთრ ღვინით მივსებს ფიალებს.

ვხედავ მეფეთა მოვლილ საფლავებს,
ისევ მიდგება სევდა თვალებში,
როცა მოვკვდები, დამასაფლავეთ
ღვთის სანთელივით წმინდა მხარეში.

ო, ეს ცრემლები უფრო მეტია,
ვიდრე ამ გულში ცეცხლის გაჩენა...
სვეტიცხოველი ჩემთვის სვეტია
და მოკვეთილი არის მარჯვენაც!

ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები