პირველი თავი
- ვინ სვამს გამოფენაზე გამოტანილ საკუთარ ღვინოს? - მოესმა ხმა ევის და შორეული ფიქრებიდან საგამოფენო დარბაზში დაბრუნდა. თავი წამოსწია, გასწორდა, დარბაზი გავსებულიყო ხალხით. - ოჰო, როგორც ირკვევა, კარგა ხანია ოთხს გადასცდა, - გაიფიქრა ევიმ. მთელი ბოთლი გამოეცალა. მერეღა გაახსენდა, რომ რეალობაში კაცის ხმამ დააბრუნა და დაუპატიჟებელ სტუმარს შეავლო თვალი. მის წინ ასე 40 წლამდე ასაკის მამაკაცი იდგა, ყურებს უკან ოდნავ შევერცხლოდა თმა. მაღალი იყო, განიერი მხარ-ბეჭი ჰქონდა, დიდი ხელები, თაფლისფერი დაღლილი და თბილი თვალები. სიღრმეს ძირი ვერ მოუძებნა ევიმ და შეყოვნდა, არის მასში რაღაც განსაკუთრებულიო, უთხრა ფიქრმა. მოეწონა. შერცხვა და უხერხულობის გასაფანტად თავზე გადაისვა ხელი, თმა შეისწორა. კაცი კი იდგა მშვიდი, ყველაფერი გამოვლილი მაქვს ადამიანის მზერით და ქალს ზვერავდა. - დამიანე, - ხელი გამოუწოდა უცნობმა. - ევი, - თავისი პატარა ხელი შეაგება ქალმა და საჭიროზე ოდნავ დიდხანს შეჩერდა თითები კაცის ხელისგულზე. დიდი და თბილი ხელები ჰქონდა. ევი გონს მოვიდა და თითები გაითავისუფლა. უხერხულობის გასაფანტად შესთავაზა ღვინო. დამიანემ მიპატიჟება მიიღო. სქელი, ბლანტი და შუშხუნა იყო სასმელი. მოეწონა, თუმცა ვერ გაერკვა, რამ უფრო მოხიბლა და მიიზიდა - ღვინომ თუ ქალის თვალებმა. - აბა თუ იცი რა საერთოა ღვინოსა და ქალს შორის? - ჰკითხა დამიანემ. - ორივე გათრობს და მერე ორივეს დავიწყებას ცდილობ, ერთი ესაა: ზედმეტი ღვინო თუ მოგივიდა, ისევ ღვინომ უნდა გიშველოს, ქალის გადამეტებულ სიყვარულს კი სხვა ქალი ვეღარ შველის, - ისე უთხრა ევიმ, თითქოს ამ კითხვაზე მთელი ცხოვრება ეფიქროს. დამიანემ უცნაური სიახლოვე იგრძნო. დაფიქრდა, იქნება მყავდესო სადმე ნანახი. დამამახსოვრდებოდაო უთუოდ. ვინ იცის დამსიზმრებიაო შორეულ ბავშვობაში ან იქნება ეს ის ქალია, რომელზე და რომლისთვისაც ვწერდიო. საკუთარ თავზე გაეცინა. - მაშინ მოდი ისეთ ღვინოსა და ქალს გაუმარჯოს, რომლის დავიწყებაც გვინდა და ვერ ვახერხებთ, - თქვა დამიანემ. - ღვინოსავით მათრობელა ქალს და ქალივით სასურველ ღვინოს გაუმარჯოს, - ნაზად მიუჭახუნა ბოკალი ევიმ და მოსვა. - კარგია, - შეუქო სასმელი სტუმარმა. - კი, ღვინო ნამდვილად საუკეთესოა. დამიანემ ისევ დააგემოვნა ღვინო, ერთი ყლუპი ჩაიგუბა პირში და თითქოს ამ გემოს დამახსოვრებას ცდილობსო, თვალები დახუჭა. მერე ისე გაუსწორა მზერა ევის და უთხრა: - შენ ისიც გეცოდინება, რითი ჰგავს ღვინო და კაცი ერთმანეთს. ევიმ ბოკლები შეავსო, ღვინო მოსვა, კაცს თვალებში ჩახედა და მცირე დუმილის შემდეგ ღიმილით უთხრა: - არიან კაცები, ჯერ კიდევ მოდუღარი მაჭრები, უნდა აცალო დაღვინება, თორემ საფრთხეს შეგიქმნიან; არიან კაცები, წყალგარეული ღვინოსავით ყალბნი, თავის ტკივილს იწვევენ; არიან განსაკუთრებულნი, თაროზე შემოდებული ღვინოსავით მტვერდადებულნი, მათი მთავარი ხიბლი წლებშია და კიდევ, ალბათ, ის ხდით იდეალურებად, რომ მათზე მხოლოდ ლეგენდები დადის, გემოს კი ვერ გაუგებ, რადგან კარგ მევენახეს საკუთარ მარანში დიდი ხნის წინ შეუნახავს; და არიან ზედაშე ღვინოსავით საუკეთესონი, უნაკლონი, მაგრამ მათთან მიახლოვებამდე თავად უნდა იყო ზიარებისათვის მზად... ერთი ესაა მამაკაცები ეტიკეტს არ ატარებენ და ძალიან დაკვირვებით უნდა შეარჩიო: ბევრი არ უნდა ეძებო, თორემ დათვრები და მერე ის საუკეთესო ღვინო, ვეჭვობ, აღარაფერში გამოგადგეს. სიჩქარისას კი შესაძლოა, შაქარზე დაყენებული სითხე შემოგაპარონ და იქნება ისეთი ნაბახუსევი დაგიტოვოს, სიკვდილიც კი განატრებინოს. დამიანემ ქალი კიდევ ერთხელ შეათვალიერა. უფრო ელამაზა. - მე რომელი ვარ, შენი აზრით? - ჰკითხა მოგვიანებით. ღვინოს სითამამე მოეტანა ქალისთვის. გონებას მისძინებოდა მშფოთვარე დღის შემდეგ. თვალები კი - ნაკვერჩხლებივით მწველნი, გაცელქებულნი, სადავეებახსნილნი, ევის აღარაფერს ეკითხებოდნენ. ახლა უკვე სრულიად დაუფარავად ათვალიერებდნენ კაცს: ბოჰემურად გამოიყურებოდა, უდარდელი კაცის იერი ჰქონდა, მრავალთ ადვილად მოატყუებდა, მაგრამ ევი არავის ჰგავდა და ალბათ ამიტომ თუ გადააბიჯა მტკიცედ მისმა მზერამ ყალბ ღიმილს და ნიღაბს მიღმა არსებული კაცის სურვილი მოათვალიერა. იქ, მხოლოდ საკუთარი თავისთვის ხილულ სამყაროში, დამიანე სევდას დაეფარა. მოეჩვენა, რომ შველას ითხოვდა, დახმარება სჭირდებოდა. ძალიან ბევრი გამოევლო და ახლა, რაღაცნაირად სულერთი გამხდარიყო ყველაფერი. მოეჩვენა ევის, რომ ეს კაცი მდინარის დინებას მიჰყოლოდა. საწინააღმდეგოდ წასვლის უნარი კი ჰქონდა, მაგრამ იმ სხვა მხარესაც აღარ ელოდა ხსნას, დანებებულ ჯარისკაცს ჰგავდა, იარაღდაყრილს. არა, ბრძოლიდან გამოქცეულს არა, ბრძოლისაზრდაკარგულს უფრო, სიკვდილს შეგუებულს, დასასრულისთვის მზადმყოფს, ტკივილამდე იმედგაცრუებულს, მონანულს. სიჩუმე საჭიროზე მეტხანს გაგრძელდა და უხერხულობამ მუჯლუგუნი წაჰკრა ევის. გამოფხიზლდა. დამიანეს ხელისკენ გაექცა თვალი, ბოკალს შემოხვეულ თითებზე ოქროს რკალი ბრჭყვიალებდა. - რაც დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, სხვისი მარნის თაროზე შემოდებული ღვინო ხარ, - და თვალით საქორწინო ბეჭედზე ანიშნა, - მეტი ჯერ არ ვიცი, კაცსაც და ღვინოსაც დრო გაცნობს. ახლა უკვე დამიანემ შეავსო ბოკლები. ლამაზიცაა და ჭკვიანიც, გამოუტყდა საკუთარ გულს, თავი გვერდზე გადასწია და ევის მიაჩერდა. ქალმა მზერა მოარიდა, მაგრამ მისი თვალები ნისლივით მოედო ყელზე. - დროს გაუმარჯოს, როგორც ყველაზე სასტიკ მოცემულობას, რომელიც ხანდახან ჩვენთვის შექმნილი ადამიანების ცხოვრებაში ისრებს აურევს და მიმართულებას შეუცვლის, მერე კი დავდივართ ნახევარკაცები და სწორად ამ ნახევარი სხეულით ვგრძნობთ ყველაზე კარგად სრულყოფილების მნიშვნელობას, - უჰაერობასავით მკერდზე მიბჯენილი დუმილის გასაფანტად თქვა დამიანემ და ჭიქა გამოცალა. ევი იდგა თავდახრილი და თითით ჭიქის ზედაპირს ეალერსებოდა. დალევას არ ჩქარობდა, კაცის თქმულზე ფიქრობდა. მერე თავი კი არ ასწია, თითქოს აყვავებული ნუშის ტოტი მოღერებულიყო მზისკენ, თვალები მიანათა დამიანეს. კაცს მოეჩვენა ცას შევყურებო - მილიონი ვარსკვლავით აკიაფებულს. ქალმა ნაბიჯი წადგა, კაცისკენ გაიწია, თავისუფლების სიმსუბუქეს გრძნობდა. ყველა ბორკილი დამსხვრეულიყო. ევის ხორციანი და მოგიზგიზე ცეცხლივით მწველი მხარი ნიავივით გაელამუნა დამიანეს პერანგს და კაცის სიახლოვეს, მაგიდის კიდეს ჩამოეყრდნო. წამით ტემპერატურამ აიწია, პულსი გახშირდა, სუნთქვა გაუძნელდა. ევიმ კი, მიუხედავად იმისა, რომ ამ წუთას მართლა გრძნობდა ნახევარ სხეულსაც და სრულყოფილებასაც, ემბაზიდან ეს-ესაა ამოყვანილი ბავშვის უცოდველი გამომეტყველებით თქვა: - არასდროს არავის ვხვდებით უფრო ადრე ან გვიან, ვიდრე საჭიროა. - რატომ, მაგალითად, ჩვენ ხომ შეიძლება უფრო ადრე შევხვედროდით ერთმანეთს? - გამომცდელად ჰკითხა დამიანემ. - უფრო ადრე შეიძლება ჩემს მაგიდასთან არც შეჩერებულიყავი, ან მე არ შემომეთავაზებინა შენთვის ღვინო. - ეჭვი მაქვს, უფრო ადრეც შევჩერდებოდი შენს მაგიდასთან, - ღიმილით უთხრა კაცმა. საოცრად მოუნდა მოწევა. ათრთოლებული თითებით ჯიბეში სიგარეტი მოძებნა, ერთ ხანს ხელში ატრიალა კოლოფი და ისევ უკან დააბრუნა. - სულ ის რატომ გვინდა, რაც აკრძალულია? - სიგარეტის ამკრძალავ ნიშანზე ანიშნა ევიმ. - ჰოდა, აკრძალვებს გაუმარჯოს მაშინ! - თქვა დამიანემ. - აკრძალვების დარღვევებს გაუმარჯოს! - ეშმაკურად გაუღიმა ქალმა. - ხშირად სახლი მყუდრო მხოლოდ ბოქლომიანი კარის გამო ჩანს, გააღებ კარს და სიცარიელე გვიყურებს, - შეედავა დამიანე. - სიცარიელე ხშირად ყველაზე სავსეა - მთავარია, მისი დანახვა შესძლო. - მაშინ სინათლეს გაუმარჯოს, რომელიც ყველაფერს ცხადად გვაჩვენებს. - სინათლე ხედვაში არ გვიწყობს ხელს. დილის სისხამზე წაქცევის ალბათობა უფრო დიდია. - მაშინ სიბნელეს გაუმარჯოს! - გაეცინა დამიანეს. - თუ სინათლეში ვერ ხედავ, სიბნელეში მით უფრო ვერ წადგამ ნაბიჯს, - თქვა ევიმ და დამიანე მიხვდა, რომ ქალი ეთამაშებოდა და ესიამოვნა მასთან კამათი. ახლა ევი პატარა, ცელქ ბავშვს ჰგავდა და კაცს სითბო შეეპარა ძარღვებში: - მაშინ გულის თვალებს გაუმარჯოს, რომელიც უკუნ ღამეშიც კი მიაგნებს სასურველს და გაგრძნობინებს, რომ მთლიანი ხარ. - სრულყოფილებას გაუმარჯოს! - თქვა ევიმ და წარმოუდგენელი ბედნიერების შეგრძნება დაეუფლა - თითქოს მილიონ ნაწილად დაშლილიყოს და ახლა ვიღაცას მისი გამთლიანება მოეხერხებინა. ორივე დადუმდა. ერთ ხანს საკუთარ გულს უსმენდნენ. უცნაური სევდა იგრძნო კაცმა. ამ ქალთან შეხვედრამდე ნათქვამი ყველა სიტყვა გაუფასურდა, ყველა ადამიანს დაეკარგა მნიშვნელობა, სამყარო გაფერმკრთალდა, გაერთფეროვნდა... დიდი ხანია დამიანეს აღარც ღვინო უკვირს და აღარც ქალი და მაინც, ამ წუთას ორივე ისეთი სასურველი ეჩვენებოდა, საკუთარი თავის უკვირდა. დუმილი მთებში ჩამავალი მზესავით ამშვიდებდა სულს. ყველაზე ნამდვილი ჩვენს ცხოვრებაში ის ადამიანია, ვისთანაც სიჩუმის გაყოფა შეგვიძლია, - იფიქრა კაცმა. ევი კი იდგა და სადღაც შორს, კედლებს მიღმა იყურებოდა. ოდნავ მოეჭუტა თვალები და კაცს მოეჩვენა, სხვა სამყაროშიაო ახლა, სხვა ცასა და სხვა ზღვებს ხედავსო უთუოდ. დრო თითქოს შორი გზიდან მიმავალი მგზავრი ყოფილიყოს, აღმართით დაღლილი, ჩრდილში დასასვენებლად ჩამომჯდარი, გაქრა ყველა საათი, ევი და დამიანე იმ განზომილებაში აღმოჩნდნენ, სადაც მზე სხვაგვარად ჩადის, სადაც მზის ჩასვლა არც კი აღამებს, რადგან სამყაროს ადამიანები ანათებენ, სადაც ყველა ადამიანი ცალკე მზეა, სიყვარულისგან გასხივოსნებული, მოელვარე. და ევი გაჰყვა გზას თავისი პლანეტისაკენ. იისფერი იყო ცა და სისხლივით ღელავდნენ სანაპიროზე თავნება გოგოებივით გამოშლილი ყვავილები. ქარმა წამოუბერაო თითქოს, შეაცია ევის, შეაჟრჟოლა. - არ მითხრა რომ შეგცივდა, თორემ საკუთარი თავის პატივისცემას დავკარგავ, - გახუმრება სცადა დამიანემ. მისი სიტყვები ევის სმენას მისწვდა, მაგრამ გაგება კი ვერ შესძლო. თითქოს შორეული ძახილი სმენოდეს, ისეთი არეული და გაოცებული მზერა მოავლო ჯერ კაცსა და მერე დარბაზს, დამიანე დაეჭვდა, მგონი ჩემი არსებობა აღარც კი ახსოვდაო. პავილიონი თითქმის დაცლილიყო. მონაწილეებს საკუთარი მაგიდების ალაგება დაეწყოთ. ვიღაცები, ვისაც უფრო მეტად გამართლებოდა, ახალ პარტნიორებს ათასი მადლობით აცილებდნენ. ვიღაცებს, დღეს რომ ბედი არ სწყალობდათ, თავაზიანობის ნიღბები ჩამოეხსნათ და განგებ ხმამაღლა საუბრობდნენ უსამართლობასა და ჩაგვრაზე. თითქოს ღრმა ძილიდან გამოაფხიზლესო ევი, მიხვდა, რომ ის ბოლო ხავსი, რომელსაც ასე ეჭიდებოდა, ხელიდან გამოსცლოდა. ეს დასასრული იყო. ზღაპარი დასრულებულიყო, ეტლი გოგრად გადაქცეულიყო თითქოს და თავზარი დასცა იმაზე ფიქრმა, რომ საკუთარი წუთიერი აღტყინების გამო აქცია ზურგი იმ ერთადერთ კარს, რომლიდანაც გაქცევა შეიძლებოდა. ცივად დადგა ჭიქა მაგიდაზე და დარჩენილი ღვინოების ყუთებში ჩალაგებას ისე გაფაციცებით შეუდგა, იფიქრებდით, ბოლო მატარებელი ეს-ესაა უნდა გავიდესო. დამიანესთვის ქალების ცვალებადი ბუნება უცხო არ იყო, მაგრამ ახლა მაინც შეაკრთო ევის უეცარმა გარდაქმნამ. თითქოს თაკარა მზე უკუნ ღამეს შეეცვალოს. - ევი, - ფრთხილად შეეხო ქალის მხარს, - მომიტევე თუ რამე გაწყენინე, მაგრამ იქნებ ამიხსნა და გამოსწორება შევძლო. - ახლა უკვე შეუძლებელია! ამას აღარაფერი ეშველება! - ფოლადივით ცივი ხმით უთხრა ქალმა და საკუთარმა ხმამ თავად შეაკრთო, შედგა: - არა, სწორად ვერ გამიგეთ, დამნაშავე თქვენ არ ხართ! - აბა? - ეს მე... მხოლოდ მე გამოვუტანე საკუთარ თავს განაჩენი, - დასრულება არ აცადა ევიმ ისე დაამატა და ნივთების შეგროვება განაგრძო. - რამდენად მძიმეა განაჩენი, იქნებ ექვემდებარება გასაჩივრებას? - ფაქტობრივად აღარ! - თქვა ქალმა. კაცი დაიბნა. ერთი პერიოდი იფიქრა, ღვინო მოეძალა და სევდა მოუტანაო, მაგრამ მაინც შეუძვრა სხეულში ეჭვი და არ მოასვენა. - ვფიქრობდი, ჩემს ცხოვრებას ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი საღამო შეემატებოდა, მაგრამ იმედი გამიცრუვდა, ვეჭვობ, ჩემმა ყოფნამ ზიანი მოგაყენა, - უთხრა, როცა ღვინოები მანქანამდე მიატანინა და დამშვიდობების დრო მოვიდა. - ვერავინ მოგვაყენებს ზიანს, თუ ამისი უფლება თავად არ მივეცით. - მაინც რა ზიანი მოგადგა, თუ საიდუმლო არაა? - ცოტა არ იყოს და კრიზისი გვაქვს. ამ გამოფენას ჩვენი ვენახის გადარჩენა-არაგადარჩენის საკითხი უნდა გადაეწყვიტა, მაგრამ... - არ იდარდო, სანამ რამე ძვირფასია ჩვენთვის, მანამდე მისი გადარჩენის შესაძლებლობა არ გამქრალა, - უთხრა დამიანემ და ხელი გაუწოდა. - უარესებიც გადამიტანია. ამასაც გავუძლებ, მე მაგარი გოგო ვარ, - უთხრა ევიმ და მანქანაში ჩაჯდა. სანამ ძრავას ჩართავდა, დამიანემ კარზე ჩამოაყრდნო ხელები და გაოცებულმა ჰკითხა: - საჭესთან ჯდები? გამორიცხულია! ნასვამი ხარ! - ხომ გითხარი, მე მაგარი გოგო ვარ-მეთქი. - სიცოცხლეს რისკავ! ეს სწორი არაა. - სწორად ცხოვრება მოსაწყენია. ვგიჟდები ბაგირზე სიარულზე, - იდუმალებით მოცული სახით შეხედა და კაცს უპასუხო კითხვასავით დაუტოვა ღიმილი.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. ან-ნი-კა.
მადლობა დიდი. <3 ან-ნი-კა.
მადლობა დიდი. <3
7. საინტერესოა ძალიან . წარმატებები
საინტერესოა ძალიან . წარმატებები
6. საინტერესო აზრებია შიგ :) საინტერესო აზრებია შიგ :)
5. Კრავაი, უდიდესი მადლობა. ❤️ Კრავაი, უდიდესი მადლობა. ❤️
4. Კრავაი, უდიდესი მადლობა. ❤️ Კრავაი, უდიდესი მადლობა. ❤️
3. ძალიან საინტერესოდ წერთ. დიდი მიხვედრილობა არაა საჭირო, რომ იწინასწარმეტყველო ამ ნაწარმოების მომავალი. მე სასიამოვნოდ დამიმორჩილა. ველოდები გაგრძელებას.
ძალიან საინტერესოდ წერთ. დიდი მიხვედრილობა არაა საჭირო, რომ იწინასწარმეტყველო ამ ნაწარმოების მომავალი. მე სასიამოვნოდ დამიმორჩილა. ველოდები გაგრძელებას.
2. მადლობა, ნიკი, რომ წაიკითხე.
სასვენ ნიშნას რაც შეეხება, გავასწორე, კი ნამდვილად, ეს ხაზი წინა დიალოგის გაგრძელება იყო და არასწორი პუნქტუაცია აზრს კარგავდა. მადლობა.
მადლობა, ნიკი, რომ წაიკითხე.
სასვენ ნიშნას რაც შეეხება, გავასწორე, კი ნამდვილად, ეს ხაზი წინა დიალოგის გაგრძელება იყო და არასწორი პუნქტუაცია აზრს კარგავდა. მადლობა.
1. საინტერესო შეხვედრა იყო საინტერესო შედარებები ღვინოსთან :) - აბა თუ იცი რა საერთოა ღვინოსა და ქალს შორის? - ჰკითხა დამიანემ. - ორივე გათრობს და მერე ორივეს დავიწყებას ცდილობ, ერთი ესაა: ზედმეტი ღვინო თუ მოგივიდა, ისევ ღვინომ უნდა გიშველოს, ქალის გადამეტებულ სიყვარულს კი სხვა ქალი ვეღარ შველის, - ისე უთხრა ევიმ, თითქოს ამ კითხვაზე მთელი ცხოვრება ეფიქროს.
- შენ ისიც გეცოდინება, რითი ჰგავს ღვინო და კაცი ერთმანეთს. ... ( პასუხს არ დავაკოპირებ ყველამ თავად წაიკითხოს )
- უთხრა, როცა ღვინოები მანქანამდე მიატანინა და დამშვიდობების დრო მოვიდა. აქ ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს დიალოგის ნაწილიაო ეს ხაზი ცოტა სასვენიო ნიშნები რაღაც სხვანაირად უნდა იქნეს გამოყენებული ჩემი აზრით
ასევე, ურთიერთობის დასაწყისი დიალოგები ცოტა ზედმეტად პათეტიკურებია და მერე ნორმალურ დიალოგში გადადის
წარმატებებს გისურვებ
საინტერესო შეხვედრა იყო საინტერესო შედარებები ღვინოსთან :) - აბა თუ იცი რა საერთოა ღვინოსა და ქალს შორის? - ჰკითხა დამიანემ. - ორივე გათრობს და მერე ორივეს დავიწყებას ცდილობ, ერთი ესაა: ზედმეტი ღვინო თუ მოგივიდა, ისევ ღვინომ უნდა გიშველოს, ქალის გადამეტებულ სიყვარულს კი სხვა ქალი ვეღარ შველის, - ისე უთხრა ევიმ, თითქოს ამ კითხვაზე მთელი ცხოვრება ეფიქროს.
- შენ ისიც გეცოდინება, რითი ჰგავს ღვინო და კაცი ერთმანეთს. ... ( პასუხს არ დავაკოპირებ ყველამ თავად წაიკითხოს )
- უთხრა, როცა ღვინოები მანქანამდე მიატანინა და დამშვიდობების დრო მოვიდა. აქ ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს დიალოგის ნაწილიაო ეს ხაზი ცოტა სასვენიო ნიშნები რაღაც სხვანაირად უნდა იქნეს გამოყენებული ჩემი აზრით
ასევე, ურთიერთობის დასაწყისი დიალოგები ცოტა ზედმეტად პათეტიკურებია და მერე ნორმალურ დიალოგში გადადის
წარმატებებს გისურვებ
|
|
მონაცემები არ არის |
|
|