ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
17 მაისი, 2022


ვეფხისტყაოსნური თავშესაქცევი

#ოპუსები
ნინო დარბაისელი

ვეფხისტყაოსნური თავშესაქცევი

      მახსოვს, რაღაც კანონზომიერებასავით გამოიკვეთა ჩემი ახალგაზრდობისას: ადამიანები, რომელნიც ლიტმცოდნეობის  სულ სხვა და სხვა სფეროს იკვლევდნენ მთელი ცხოვრება, სიბერეში შესვლასთან ერთად სულ უფრო  ინტენსიურად, ღრმად და ღრმად, მე ვიტყოდი,  უღრმესად  ინტერესდებოდნენ ვეფხისტყაოსნით.
  ერთი კია, ამ დაინტერესებას  ასაკის მატების უკუპროპორციულად კლებადი, თანდათან გაზედაპირულებული  აზროვნებით ძნელად  თუ აქცევ კეთილნაყოფიერად.
    ამის შემხედვარე ერთი მეგობარი გვეუბნებოდა მაშინ, ახლავე გაფრთხილებთ, ვეფხისტყაოსანში გადავვარდები თუ არა, მიხვდით, რაც მჭირს და გულწრფელად მიტირეთო.
    ეს შესავალი  უთუოდ  ეიჯიზმის  ღია მანიფესტირებად ჩამეთვლებოდა, რომ არა ერთი მნიშვნელოვანი გარემოება:
    მე თვითონ დავბერდი და უტყუარ ინდიკატორად ის მაქვს, რომ ვეფხისტყაოსანზე ფიქრს, მის ჩხრეკას არათუ ვერ ვეხსნები, უფრო და უფრო ვეწაფები.
    ამას კიდევ აიტანდა ადამიანი, სიბერე ისეთი რამეა, ყველას მოელის, ვისაც დიდხანს სიცოცხლე უწერია.
    საქმე ისაა, რომ  ვერ ვადგენ, დაკვირვებები თუ აზრები, რაც ამ უკვდავ ქმნილებასთან დაკავშირებით მებადება, 
ავია თუ კარგი, სხვისგან ვიცი, წამიკითხავს და  ახლა მაგონდება  თუ  თავად ვი-გონებ.
    აი, მაგალითად ეს:
    არაბეთი და ინდოეთი -  სასიცოცხლო ამოცანის წინაშე მდგარი ერთი და იმავე  სამეფოს  ალტერნატიული
მოდელებია.
  და ეს ასე ჩანს, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ორივეგან ასაკოვან მეფეს ერთადერთი ასული ჰყავს და მემკვიდრედ მიაჩნია, ან იმ ასულზე ხელქვეითი - მხედართმთავრის ვაჟი და თავადაც სამხედართმთავროდ შეღერებული ხელქვეითია  შეყვარებული, ან იმიტომ, რომ სიყვარულის გვირგვინი -  ორივეგან  - ერთდროულად ქორწინება და სამეფო ტახტია… თუმცა ავთანდილი  - საბოლოოდ,  დავით სოსლანისა არ იყოს, მეფის მეუღლეობასა და მხედართმთავრობას უნდა დასჯერებოდა. 
  ეს ყველაფერი ხომ  მაინც ჟანრის მორფოლოგიაში ჯდება…
    ვფიქრობ, შეიძლება,  დაასახელო  სხვადასხვა დონის, ათასი მსგავსება ნესტანსა და თინათინს, როგორც პერსონაჟებს შორის, მაგრამ  ,,იპოვე ათი განსხვავებაო”, ტესტივით რომ შეადგინოს ვინმემ, ამის ნახევარს ან იპოვი, ან არა.
  ხშირად მიფიქრია, როგორ მოიქცეოდა ნესტანის მდგომარეობაში თინათინი, ან პირუკუ… და პირადად მე განსხვავებული ვერსია ვერ წარმომიდგენია.
    ერთადერთი, მაგრამ საკვანძო მომენტი მაქვს საორჭოფო:
    არ მგონია, ბრძენ თინათინს არ ეფიქრა, რა მოჰყვებოდა უდანაშაულო სტუმრის, სასიძოდ მოწვეული მეფის ძის მალულად მოკვლას, ხოლო რაც მოჰყვა, ხომ ვიცით.  ამაზე დგას სიუჟეტი.
  ვორჭოფობ-მეთქი, იმიტომ ვთქვი, რომ თინათინი - გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილი არ უნახავს მკითხველს. იქნებ  მიზეზი ისაა, რომ სიყვარული - მუდამ სხვა სიბრძნით განსჯის და არა -  სამეფოთი.
    ანუ ეს ორი ქალი ერთი სახის ორ მოდუსად მიმაჩნია.

***
    შეიძლება, იგივე  ვთქვათ ავთანდილსა  და ტარიელზეც?
    ოოო, აქ კარგი დაფიქრებაა საჭირო.
  ტარიელს ჩვენ რომ ვხვდებით, ავთანდილივით ,, ჯერთ უწვერული” კი არა,  ლამის მთელცხოვრება გამოვლილი, წყლის პირას მჯდომი “ხელი “ რაინდია და მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ,  “ხელი ვით შესძლებს ბრძნობასა”.
    თუ გავიხსენებთ აზრს, რომ არა მხოლოდ გენეტიკა და ხასიათი, არამედ და იქნებ მეტადაც, გარემოებები აყალიბებს პიროვნებას, უნდა ვთქვათ, რომ ავთანდილი ჩვენ თვალწინ ყალიბდება,  გამოუვალი მდგომარეობებიდან გამოსავლის ძიებაში იღებს ახალ-ახალ, მოულოდნელ  გადაწყვეტილებებს, იძენს იმ ცხოვრებისეულ გამოცდილებასა და ცოდნას, რაც მას აკლდა, წინასწარი განსწავლულობისა და  სამეფო წვრთნის მიუხედავად.
    დღევანდელი კრიტერიუმებით - ის პრაქტიკულად, პროსტიტუციას მიმართავს - საკუთარი უმშვენიერესი სხეულით. თუკი პროსტიტუცია სქესობრივი ურთიერთობაა საზღაურის ფასად, განა  მისი საზღაური - ინფორმაცია არაა ნესტანის შესახებ?
    გამოვიყენოთ ე.წ.  ,,რბილი ენა” და ვთქვათ, რომ იგი  სიძვას მიმართავს
და რაც არ უნდა იძახოს,  ,,ყვავი რა ვარდსა იშოვის, თავი ბულბული ჰგონიაო”, გულანშაროს ამბებში” ბოზი ნაცის” მქონე  ფატმანი  ყოველმხრივ გაცილებით  ზნეობრივად გამოიყურება, ვიდრე ავთანდილი (ბოლოს და ბოლოს “დედისა მჯობი დედაა”-  ნესტანისთვის).
      წარმოიდგინეთ, რა აზრისა უნდა იყოს იგი, ქალი საპირისპირო სქესზე:
ქმარი -  ანგარების გამო, გამცემი და მოღალატე გამოადგა, (ნესტანი - ძღვნად უნდოდა გულანშაროს მეფისთვის მიერთმია)
  ერთი საყვარელი - ჭაშნაგირი - მოძალადეა და თან  მწარედ ემუქრება,     
  მეორე საყვარელი - ავთანდილი - მატყუარაა, ჯერ ვაჭრულად გადაცმულმა წარმომავლობა ხომ დაუმალა, მერე დამცინავი და საიდუმლოს გამომძალველია.
    სხვა კაცები როგორი შეხვდა ფატმანს  - არ ვიცით, ძვირფასო ფსევდო- ფემინისტები, მაგათი სინსილა რომ გაწყდეს!
  აი,  ვინ უნდა ჩაბმულიყო ფემინისტურ მოძრაობაში. ზედგამოჭრილი იქნებოდა  “me too” - “მეც ასევე”, ან როგორც ითარგმნება ქართულად.
  უებრო რაინდი ავთანდილი კი, ყველაფერთან ერთად,  თავისი საყვარლის საყვარლის - უდანაშაულო ჭაშნაგირის მკვლელია, თან მოკლულს მტკიცებულებად  ბეჭდიან თითსაც აჭრის, (ეს მხოლოდ გვამისადმი არა ადამიანური მოპყრობაა, არა? თუ მოროდიორობაც ემატება) და დღევანდელი გაგებით,  ნამდვილი კრიმინალია.
    ამ ყველაფრიდან ჩანს, რომ მისთვის მიზანი - ამართლებს საშუალებას.
    ამიტომ არის გაუმართლებელი, ეპოქის ღირებულებათა და ზოგადი კონტექსტის და კიდევ რაღაცეების გაუთვალისწინებლად - ტექსტის განსჯა, ამ შემთხვევაში მაინც, თორემ ტექსტიდან გაუსვლელად მისი ანალიზის აპრობირებული მეთოდებიც ხომ არსებობს ლიტმცოდნეობაში, რახანია.
  საბოლოოდ  ვთქვათ, რომ  ავთანდილი - დინამიური სახეა, ხოლო ტარიელი - თავად გვიამბობს საკუთარ დინამიურ წარსულს. მან იცის, რომ ისეთი რამ აქვს ჩადენილი, რაც არ “ხმდა” (,, უსისხლოდ მოვჰკალ იგი ყმა, თუცა ხმდა სისხლს დადენითო”),  რაც შეეხება მხატვრულ აწმყოს,  ამ დროს იგი, როგორც ვთქვი, - ხელია.
და ხელადყოფნის მიუხედავად, სტატიკური სახეა.
ქორწინების მერე - უნდა ვივარაუდოთ, რომ იგი ღირსეული მეფე იქნება.
    რა გამოდის?
    ცხოვრებისეული ამოცანის, გამოუვალი მდგომარეობის წინაშე - თანამედროვე გაგებით, ორივე  გმირი კრიმინალურ გზას ირჩევს.
  ავთანდილის პიროვნული თავგადასავლის დინამიკა - უფრო სხვათა მსახურებასა და მეგობრობაში ვითარდება, ტარიელისა - სტატიკაცა და დინამიკაც უფრო სიყვარულში….
თუმცა უფროობითობაა მაინც….
  ალბათ შეიძლებოდა საუბარი შინაგან დრამატიზმზეც. ავთანდილი მას  ლოცვით უმკლავდება ( “ლოცვა ავთანდილისა), ტარიელი - ლომ-ვეფხის ხოცვით. ..
    ხომ არ ვეწინააღმდეგები საკუთარ ნათქვამს? სტატიკური სახეა-მეთქი?
    ვფიქრობ არა, იგი ხომ ბავშვობიდანვე ვით კატასა, ხოცდა ლომსა.
ხანდახან მეჩვენება, რომ ტარიელი ავთანდილს დახოცილი ლომების რაოდენობით აღემატება - ერთადერთი სხვაობა ესაა.
   
აი, კოტეჯამდეც მოვაღწიეთ!

მგზავრობისას დროის გასაყვანად დაწერილ ამ ოპუსს ერთი კითხვით ვამთავრებ:
    - როგორ მოიქცეოდა ამდენი ხნით არაბეთიდან  გადახვეწილი ავთანდილი, შინ დაბრუნებულს ქვეყანა “მტერთაგან შეიწრებული” , ხოლო  ქვეყნის გამოუვალი მდგომარეობის გამო, თინათინი -  რომელიმე უფლისწულზე გასათხოვრად გამზადებული, ან სულაც გათხოვილი რომ დახვედროდა?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები