მეორე თავი
ევიმ მანქანა დაძრა და უკან მოიტოვა ცხოვრებაში მოჩვენებასავით შემოჭრილი კაცი. რაღაც ეტკინა ამ უეცარი შეხვედრითა და განშორებით. სახლამდე ორი საათის გზა იყო და ამ დროის განმავლობაში ფიქრობდა იმ 30 წელზე ასე უმიზნოდ რომ გაეტარებინა და დარჩენილ ცხოვრებაზე, რომელიც აღარ იცოდა, როგორ გაელია. აქამდე ყველა დღე იმედი იყო, რომ რაღაც დიდისკენ, რაღაც მნიშვნელოვანისაკენ მიდიოდა. სულ ფიქრობდა, რომ ასე მშვიდად ვერ ჩაივლიდა ცხოვრება, უნდა მომხდარიყო რამე, უსათუოდ უნდა ამოვარდნილიყო გრიგალი და ახლა მოეჩვენა ევის, რომ იმ რაღაც მნიშვნელოვანს მივაგენიო. ცხოვრობდა ევი, მიჰყავდა წლები თუ წლები მიერეკებოდნენ მის ცხოვრებას, აღარ იცის. იყო ბედნიერი და შიშით სავსე დღეები, იყო ცარიელი წუთები და იყო სავსე დროც, მაგრამ მაინც სულ რჩებოდა სივრცე, რომელიც შევსებას, რომელიც სრულქმნას ითხოვდა და ახლა თითქოს რაღაც ვერდასატევი შეიჭრა მის სისხლში. თითქოს ჩამომდგარიყო ის დრო, ოცდაათი წელი რომ უცდიდა, მაგრამ არა, არ უნდოდა ევის, არ უღირდა საკუთარი ოცნება მამის ღალატად, მამის იმედგაცრუებად. ერეკლეზე ფიქრი აჰყვა. სიტყვა გატეხა, მამას უღალატა და პირობა არ შეასრულა, აკი დაჰპირდა, რომ ყველაფერს გააკეთებდა ოჯახის გადასარჩენად, ოჯახი კი ამ ვენახის გარეშე აღარ იარსებებდა, მისი დაკარგვა დაღუპვას უდრიდა. ცუდი წელი იყო, მიწების გაყიდვა და ვენახების გაჩეხვა დაიწყო. მიხვდა ერეკლე, რომ მალე მათ ზვრებში ვაზის მოძებნა გაჭირდებოდა, დაენანა მსხმოიარე ვენახები. ბანკისგან აიღო სესხი და მომიჯნავე მიწა შეისყიდა. იმედი ჰქონდათ, მოსავალს აიღებდნენ და ვალის გარკვეულ ნაწილს მაინც დაფარავდნენ, მაგრამ მსხმოიარე ვენახი გაუჩანაგა უცნაურმა დაავადებამ, თითქმის არ შერჩათ ჯანსაღი მტევნები ვაზებს. ლამის გადაჰყვა ერეკლე დარდს. ის მცირე თანხაც, რომელიც აღდგომელაშვილებს მოეპოვებოდათ, ვაზის მკურნალობას შეალიეს. ახლა ერთ მხარეს ბანკია, რომელიც ვალის დაბრუნებას ითხოვს, მეორე მხარეს - სახელმწიფო, რომელსაც ერეკლეს ვენახები სჭირდება. ნებით არ თმობს ერეკლე ვენახს, ახლა კი, ამ სესხის გამო, შესაძლოა ძალით წაართვან. ყველაფერი სასწორზე დევს, ყველაფრის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგანან. იცოდა ევიმ, რომ აზრი არ ჰქონდა, მაგრამ რამდენჯერმე მაინც გაიბრძოლა: - იქნებ გვეყიდა შაქარი და ცოტა ღვინო დაგვეყენებინა ჭაჭაზე?! - შეაპარა მოხუცს. - რას მეუბნები?! ვინ მოვატყუო, ღმერთი? - წამოხტა ერეკლე სკამიდან. - გამოფხიზლდი, მამა! საბარძიმე ღვინოს ქვეყანაში შენღა აკეთებ! - მით უფრო არ შეიძლება ჩემი ღვინის გაფუჭება! - ყველაფერს ვკარგავთ, ცარიელზე ვრჩებით. ეს უკეთესია? - ბრაზი მოეძალა ევის. - ცარიელი არ დავრჩებით, კაცობა დამრჩება, კაცად დავრჩები, გესმის? - ერთ ხანს ორივე დუმდა,მერე დაუმატა, - კაცისგან ყოველთვის შეიძლება ვაჭარი დადგეს, აი ვაჭრისგან კი კაცი აღარ დადგება... მამაშენი ვაჭარი არაა და რომ იცოდე, არც შენ ხარ ვაჭარი! მიუხედავად იმისა, რომ ერეკლე აღდგომელაშვილი სიჯიუტეს შესაძლოა სახლ-კარის გარეშე დაეტოვებინა, მომავლისათვის საფრთხე შეექმნა, მაინც არ დაიხევდა უკან, რადგან მისთვის არასოდეს დამდგარა არჩევანი ვენახსა და შვილს შორის. ისინი ერეკლესთვის განყენებულნი არც იყვნენ, ერთ მთლიანობად მოიაზრებდა. შვილი ვენახის გადასარჩენად სჭირდებოდა და ვენახი კიდევ შვილისთვის. ღირსების საქმეა, ღირსეულს კი უზნეო კაცი ვერასდროს შექმნისო, უყვარდა ხოლმე ერეკლეს თქმა. იცოდა ევიმ, რომ მამის გატეხვა არა და არ გამოვიდოდა, სიმართლე ითქვას და გულის სიღრმეში თავადაც ეთანხმებოდა ერეკლეს. ეამაყებოდა მისი სიმტკიცე და გულში იქნებ კიდევაც აქეზებდა: წლებმა არ გძლიოს, შენს გზას არ გადაუხვიოო, მაგრამ ხანდახან იღლებოდა, ძალას კარგავდა და საკუთარ თავსაც უბრაზდებოდა, მამასაც და ამ ვენახსაც. ევის ძარღვებში მამის სისხლი ჩქეფდა. იცოდა ერეკლემ ამ სისხლის ფასი და ძალა. ეს ახლა ევიმაც იცის უკვე. იგრძნო კარგავდა და ეძვირფასა. მზადაა, ყველასა და ყველაფერს აღუდგეს წინ ამ ვენახების დასაცავად, ყველასა და ყველაფერს დაუპირისპირდეს, თითქოს ეს უბრალოდ ბებერი ვაზები კი არა, მამაა თავად, თითქოს ეს ოქროსფერი და სისხლისფერი მტევნები წლებია მამის. იმ წელსაც ტრადიციულად იმართებოდა ღვინის გამოფენა. იშვიათად მონაწილეობდნენ აღდგომელაშვილები მსგავს სიყალბეში, მაგრამ ახლა სხვა ამბავი იყო, ახლა ყველა შესაძლებლობა უნდა მოესინჯათ, ყველა გზა უნდა ეცადათ. თუ ამ გამოფენაზე მათ ღვინოს შეამჩნევდნენ და ევი ხელშეკრულების გაფორმებას შესძლებდა, რათა მათი სადესერტე ღვინო ექსპორტზე გაეტანათ, პრობლემას ვერ მოაგვარებდნენ, მაგრამ გარკვეული დროით მაინც შეაჩერებდნენ. თუ ბანკში სესხის ნაწილს შეიტანდნენ, სახელმწიფოს ბერკეტი ეცლებოდა ხელიდან მათ წინააღმდეგ. და იმ წუთას, თითქოს რომ იგრძნო ყველაფერი უკვე დაკარგულად, მიხვდა, რომ სულ ტყუილი ყოფილა ბავშვობის ოცნება: ნეტა ხანძარი გაუჩნდესო ამ ზვრებს, თურმე საკუთარი სხეულივით და იქნება სულივით მნიშვნელოვანი ყოფილა ამ ვენახის არსებობა. მართალია, ყველა უბედურებას ყურძენსა და ღვინოს აბრალებდა, თითქოს ამ ვაზის ბრალი ყოფილიყოს დედის სიკვდილი, მამის მოუცლელობა, უმეგობრობა, მუსიკალურ კარიერაზე უარის თქმა... უკვე დიდი ხანია მუსიკას მუსიკისთვის აღარ წერს. მხოლოდ იმისთვის ირჯება, რომ ამ ხმებს ვეღარ უძლებს, წამით არ სტოვებდნენ ბგერები და ისე ხმაურობდნენ, სიმშვიდე ვეღარ ეპოვნა. არა და არც ახსოვს, რა არის სიმშვიდე. მათ სახლ-კარში მუდმივად სიჩუმის სუნი დგას, მაგრამ ეს უფრო ყრუ სიჩუმეა, რომელიც ყველაზე მეტად მაშინ იგრძნობა, როცა სიმშვიდე ღამის უღრანებს ეფარება. სიმშვიდე კი აქ იქნება იყო კიდევაც ოდესმე, მაგრამ ევის არ ახსოვს, ამიტომ ისწრაფვის თავისუფლებისკენ, მარტოობისკენ, ფიქრობს, რომ მარტოობა სიმშვიდეა. ალბათ, ოცდაათი ჯერ ძალიან ცოტაა, რადგან ევის წარმოდგენაც არ აქვს, რომ სიმშვიდეს ხმაური კი არა წონასწორობა ქმნის, სულიერი კომფორტი, ჰარმონია გონებისა და გულის. ევის სხეულში კი მუდმივად ომია, ის თითქოს ბრძოლის ველად ქცეულა, ერთ მხარეს საღი აზრია, მეორე მხარეს - ინსტინქტი, დაიკმაყოფილოს მხოლოდ საკუთარი სურვილი. ევი ყოველთვის სწორად ცხოვრობს, ისე, როგორც საჭიროა, ისე, როგორც მისგან საზოგადოება, ოჯახი, ქვეყანა მოითხოვს. ცხოვრება თითქოს მიდის განსაზღვრული კალაპოტით, წლები ერთი სწორი ხაზია სიკვდილის მოლოდინში, ამ სწორ ხაზზე თეთრეულივით გამოუფენიათ მოვალეობები და პასუხისმგებლობები. ასე იცხოვრა ბებიამ, ასე იცხოვრა დედამ, ასე უნდა ეცხოვრა მასაც. უნდა გაჰყოლოდა ამ სწორ ხაზებს, უნდა მომკვდარიყო, დაემარხა ოცნებები და თავიდან დაბადებულიყო, იმ სხვისი, როდისღაც, სადღაც შორს დაწერილი მოვალეობებისა თუ ინსტინქტების შესასრულებლად. მაგრამ ევი ვერ გარკვეულა - ის, რაც საზოგადოდ სწორადაა მიღებული, მართლაც სწორია თუ არა. ევიმ არ იცის, ვინ დააწესა ეს კანონები, ის, ვინც სწორი და არასწორი განსაზღვრა, იმსახურებდა თუ არა საკუთარი თავის მოწონებას, თავად თუ ჰქონდა სიმშვიდე ნაპოვნი. ფიქრობს ხოლმე ევი, რომ ერთ დღეს ის დაარღვევს ყველა პირობას და გაიქცევა, წავა აქედან, ამ ვაზებისგან, ამ ოჯახისა და ნაცნობებისგან, წავა საკუთარი თავისგანაც შორს, წავა და იპოვნის ახალ ადგილს, სადაც არ ეცოდინებათ არაფერი ევის შესახებ, სადაც ევი მოძებნის საკუთარ თავს, სადაც უბრალოდ დაწვება და ყველა აზრს გაუშვებს თავიდან, სადაც ყველა ფიქრი იქნება მარტივი და მსუბუქი. ფიქრობს ხოლმე იმ სხვა გზაზე, იმ გზაზე არც ერთი ნაცნობი ხე არაა, ის გზა სწორი არაა, არც ადვილი გასავლელია, მრუდე გზაა, ბევრი ტალახითა და წუმპეებით, მაგრამ იმ გზის ბოლოს უსასრულოდ მაღალი მთის წვერზე, ისეთი სიმშვიდეა, თითქოს სამყაროს ღრმა ძილით დასძინებოდა. ამ სულისშემძვრელ სიმშვიდეში ზის ხოლმე ევი და საკუთარი გულისცემის ხმაც კი აღარ ესმის. და ქარიშხლიან ღამეებში სიმშვიდეს ნატრობს, საკუთარ თავთან განცალკევებას, უადამიანობას, უსიტყვობას, რათა შესძლოს აქამდე ნასწავლი ყველა სიტყვა გამოდევნოს სხეულიდან და იქ, რაღაც ახალი, ჯერ ართქმული, ჯერ არდაწესებული გააგებინოს საკუთარ თავს. ხანდახან ოცნებობს ევი, რომ ერთ დღეს იისფერ კაბას ჩაიცვამს, კაბას უსაშველოდ გრძელი ბოლოთი, მოშიშვლებულ მხრებზე თმა ექნება დაუდევრად დაყრილი. კაბა ეცმევა... ისეთი დიდი და ჰაეროვანი ზღაპრის წიგნის ფურცლებზე რომ უნახავს ოდესღაც. მერე, როცა გაჩირაღდნებულ დარბაზში მის სახელსა და გვარს გამოაცხადებენ, თითებს მოჰკიდებს კაბის კალთებს და ჰაერში ასწევს, რათა შესძლოს სცენაზე ასვლა, საიდანაც მთელი მსოფლიო ჩანს და მაშინ ევის მღელვარებისაგან არ შეუწითლდება ლოყისთავები, ევის არ დაეკარგება სიტყვები, ის მსოფლიოს ჩახედავს თვალებში და ყველაფერს ეტყვის, ყველა სიმართლეს, რასაც აქამდე ადამიანები ასე გულმოდგინედ მალავდნენ და როცა ევის მარჯვენა ხელში ეჭირება გველივით მაცდური და ცივი ოქროს კაცის შიშველი სხეული, ამ კაცზე, ამ აღიარებაზე, ამ დარბაზზე მნიშვნელოვანი იქნება ის ხმა, რომელსაც მიაწვდენს მსოფლიოს. მანამდე კი ევი ივლის ჰოლივუდის ზღაპრულ სამყაროში, ჩასწვდება კინოს სულს და სხეულსმიღმა ბგერებს აახმოვანებს, ფერებს შესძენს. ევი აღარ ივლის ზვრებს შორის ასე შეუმჩნევლად, ის პატარა სასტუმროში გაჩერდება, დილაუთენია დაიწყება მისი ცხოვრება და ივლის ყვითელი საქაღალდითა და მუყაოს ჭიქაში მოთავსებული აპარატის ყავით ხელში. ჩქარი, საქმიანი ნაბიჯით ივლის ფართე ტროტუარებზე, სადაც ათასობით უცნობი აუვლის გვერდს. მერე ნაშუადღევს ნაჩქარევად ისადილებს და პარასკევ საღამოობით დალევს ბურბონს. თითქმის არაფერია ევის ოცნებაში განსაკუთრებული, მაგრამ მას მიაჩნია, რომ ეს საკუთარ თავთან მარტო ყოფნის დღეები იქნება, უფიქრო დღეები, რომელიც სიმშვიდეს მოიტანს. ჰოლივუდამდე კი ევის ყოველი დილა ისედაც უთენია იწყება დარიჩინიანი ყავით. მერე ვენახებია, თვალუწვდენელი ზვრები, ბებერი ვაზები თავისი დანაოჭებული კანით, მზეჩამხრჩვალი მტევნები... კიდევ ცხენია, ის წაბლისფერი, ქარივით სწრაფი და ზღვასავით დაუდგრომელი. ევის ფიქრი უყვარს და ფიქრი ყველაზე უკეთ ჯირითისას მოდის. ანდობს ხოლმე სხეულს თავაწყვეტილ, ჯერ კიდევ მოდუღარი მაჭარივით დაუღვინებელ რაშს და მიჰყვებიან ქარებს. ღელვას შეუპყრია ევი და გაოფლილ სხეულზე გადაწოლილი, მიაგელვებს მსოფლიოში ყველაზე დაუდგრომელსა და მოუსვენარ ცხენს, რომელსაც „El mar” უწოდა. მიერეკებიან ქარებს და უყვებიან უკიდეგანო ველებს გასული ღამის სიზმრების შესახებ. და მერე ასე მხრებდამძიმებული სევდითა და ყელში გაჩხერილი ტკივილით, დგას ხოლმე სამყაროს წინაშე ევი და ყველა გადაყლაპული ცრემლის მიუხედავად, იღიმის. და მიუხედავად ამისა, ევი არ ცხოვრობს, მის ნაცვლად სხვა ცხოვრობს თითქოს. ევის აღარც ის ახსოვს ვინაა, ხანდახან მაინც ეჩვენება, რომ ეს გოგო, ზღვა რომ უყვარს და ზღვასავით დაუღალავი ცხენი, დარიჩინიან ყავას რომ სვამს და ღვინოებში კარგად ერკვევა, არის კიდევაც და არც არის ევი. თითქოს აღარ იცის რა არის მთავარი, არ იცის ამ ცხოვრებაში რა ნამდვილია და რა მოგონილი. დაავიწყდა ევის თითქოს როგორი იყო, სანამ საზოგადოებას მისცემდა უფლებას თიხით მოსვრილი ხელებით გამოეძერწა, ასეთად ექცია... და სინათლეს მისეული ღამის პეპლებივით დასტრიალებენ თავზე კითხვები, მაგრამ ვერ პოულობს სიტყვებს, რადგან პასუხები დამალობანას თამაშობენ. და მართალია, მუდმივად საყვედურობს მამას, რომ ამ პროვინციაში გამოკეტა და თითქოს სამყაროს წაართვა შესაძლებლობა ევის მუსიკა მოესმინა, მაგრამ ახლა იცის, რომ მისი ძალა ამ ვაზებშია, ამ ბებერ ვაზებში. იცის: რომ არა ეს ვაზები, ეს ვენახი, ეს ქვევრები, ეს ცა და მიწა, ეს ნოყიერი მიწა და ის ნისლი, ზღვისქაფისფერი ნისლი, ნაწვიმარზე რომ წვება ხოლმე მათ ზვრებზე, არც მუსიკა იქნებოდა და ვერც ევი იქნებოდა ევი, რადგან ჩვენ მხოლოდ სახელები და გვარები არ ვართ, ჩვენ ის მიწა ვართ, რომელმაც გვშობა, ჩვენ ის ცა ვართ, რომელიც გვაწვიმს, ჩვენ ის რტოები ვართ, რომლიდანაც მონაბერი ნიავი გვიგრილებს სევდაშებოჭილ სულს. ჩვენ, ყველა, ასაკის მიუხედავად, საკუთარი სახლის კედლებივით ხანმრავალნი ვართ, მათსავით დაბზარულნი, ძირმაგარნი, ანდაც საძირკველმორყეულნი... ჩვენ ისიც ვართ, ჯერ არ გათენებული ხვალინდელი დღე და რადგან ჩვენი შვილებიც ვართ, არშობილი შვილები, მეტი მოგვეთხოვება საკუთარი თავისგან, მეტი გვმართებს, მეტი გვევალება. სწორედ ეს მოვალეობის განცდა თუ იყო ევის რომ გულზე ისე აწვებოდა, თითქოს მთებს მოეყოლებინათ თავიანთი მძიმე სხეულების ქვეშ და გასრესვას, შთანთქმას უპირებდნენ. ძალა უნდა მოიკრიბოს და მამას უთხრას, რომ არაფერი გამოვიდა, მაგრამ როცა სახლში დაბრუნდა, თოთო ბავშვივით უმწეოდ იგრძნო თავი. ბინდი ადგას ზვრებს. ეზოში თუთის ხესთან ერთი ლამპიონი ანათებდა, სახლში კი სრული მდუმარება გამეფებულიყო. იცოდა, რომ არავის ეძინა, მაგრამ ძალით დაეხუჭა თვალები სახლს, უსიამოვნო მოლოდინის შიშში გარინდულიყო, დამალულიყო. ევის გონებაში ბგერები ახმიანდნენ, ერთ ხანს ეცადა ყურადღება არ მიექცია, თავი გადაიქნია, თითქოს ამ ხმების თავიდან გამობერტყვას აპირებსო, მაგრამ მელოდია სულ უფრო ხმამაღლა ისმოდა და თავში ურაკუნებდა თითოეული აკორდი. კართან მისული შედგა, მიხვდა ვერაფერს გააწყობდა და უკან გაბრუნდა, მანქანის კარი ნაჩქარევად გამოაღო, ნოტების რვეული მოძებნა, იქვე თუთის ხესთან გაბმულ ჰამაკში ჩაწვა და აზრმიუცემლად, ფიქრის გარეშე დაიწყო სხეულიდან ახალი მელოდიის გამოდევნა. ქარიანი დღესავით ცივი და ტკივილიანი იყო მუსიკა. თვალები დახუჭა. ხმები ჭიანჭველებივით მიესივნენ. დანებდა. მუსიკა სხეულს მიანდო, არც ახსოვს როდის ჩაეძინა. სიცივემ რომ გამოაღვიძა, სამი საათიც იქნებოდა, მამას მოსასხამი მიეფარებინა მხრებზე, მაგრამ მთებიდან მოსული ღამეული ქარისთვის ვერაფერი დაეკლო. წამოდგომა დააპირა. ნოტები მიწაზე მიმოიფანტა. დახრა და წამოკრეფა დაეზარა: იპოვნიან საკუთარ გზას - ქარის ხმები იყო და ისევ ქარებს თუ გაჰყვნენო შორეულ მხარეში.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ცოტა გაგრძელებული კია. დამაინტერესა ცოტა გაგრძელებული კია. დამაინტერესა
3. ცოტა გაწელილი მომეჩვენა დარწმუნებული ვარ საინტერესოდ გაგრძელდება და თან ნაკლებად მომეჩვენება გაწელილად :)
ცოტა გაწელილი მომეჩვენა დარწმუნებული ვარ საინტერესოდ გაგრძელდება და თან ნაკლებად მომეჩვენება გაწელილად :)
2. ნინა, მადლობა. <3 ნინა, მადლობა. <3
1. დავინტერესდი, მოგყვებით. დავინტერესდი, მოგყვებით.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|