ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მზია თვალაბეიშვილი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
23 ნოემბერი, 2022


გრიგოლ ორბელიანი და ნიკოლოზ ბარათაშვილი /მცირე ჩანაწერები დაუწერელი ესეისთვის/

        გრიგოლ ორბელიანი მასშტაბური და ერთგვარად წინააღმდეგობრივი
პიროვნება იყო, თავისი დადებითი და უარყოფითი თვისებებით. ასეთია მისი ლექსებიც. რამდენიმე ძალიან კარგი ლექსი აქვს. მისი ურთიერთობაც საკუთარ დისშვილთან წინააღმდეგობრივი იყო. მე, პირადად, ვერ წარმომიდგენია ასეთი ფინანსური შესაძლებლობების და გავლენების მქონე ადამიანმა, რომელსაც საკუთარი მემკვიდრეც კი არ ჰყავდა, როგორ გასწირა დისშვილი და განჯაში მათხოვრული ხელფასით აცხოვრა, როდესაც შეეძლო მისთვის ყოველთვიური საარსებო თანხის დაწესება, რაც მის შემოსავალს არაფერს დააკლებდა. ვთქვათ, ეს არ იკადრა და არ აკადრა ბარათაშვილს, მაგრამ იმავე ხელფასით, რომელიც ნიკოლოზს განჯაში ჰქონდა, ნაცნობ-მეგობრებთან სადმე, უფრო ახლოს, მოხელედ გამწესება მისთვის არავითარ სირთულეს არ წარმოადგენდა. არც ავადმყოფს უწამლა და არც მაშინ დაეწვა გული, როცა ბარათაშვილი სრულიად ახალგაზრდა გარდაიცვალა. ნუთუ საქართველოში მისი პატივით დაკრძალვა არ იყო ბიძის მოვალეობა? არ მესმის.
        ხანდახან ვფიქრობ, რომ თავისებურად უყვარდა ბარათაშვილი, მაგრამ როგორც რიხიან მეომარს /„ხარაბუზა ღენერალს“/რცხვენოდა სუსტი და მანკიერი დისშვილის გამო. რას გაიგებ?
        აი, ნიკოლოზ ბარათაშვილს კი ძალიან უყვარდა ბიძა, ამაყობდა მისით. ბაძავდა კიდეც. მოქმედ ჯარშიც სურდა მსახურება, მაგრამ კოჭლობის გამო დაიწუნეს.
        საინტერესოა ბარათაშვილის ორბელიანისადმი მიწერილი, ერთი შეხედვით, ირონიული/ შეიძლება ითქვას სარკასტული/ წერილები, რომლებშიც ერთ თემად საკუთარ თავს ბიძის მემკვიდრეთაც მიანიშნებს, სინამდვილეში კი იგი თავის მწარე ხვედრზე წერს.
        თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ლექსების წერაც ბიძის მიბაძვით დაიწყო და ამ საქმიანობაში ბიძაზე ბევრად ნიჭიერი აღმოჩნდა. ასე რომ, შეიძლება ითქვას, გრიგოლ ორბელიანის „წყალობით“ გვყავს დიდი პოეტი ნიკოლოზ ბარათაშვილი.
და თუ გრიგოლ ორბელიანისთვის, დისშვილისადმი გულგრილი დამოკიდებულების გამო, საყვედური გვეთქმის, ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეტური შთაგონებისთვის სამადლობლის თქმაც არ დაგვავიწყდეს.


      მზია თვალაბეიშვილი
      25.05. 2022

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები