ნაწარმოებები


26 ოქტომბერი არჩევნების დღეა. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს თქვენი მოსაწონი მთავრობის შანსს. არ გაუშვათ ეს შანსი, აუცილებლად მიდით 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გააფერადეთ სასურველი ნომერი     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთი გაბინაშვილი
ჟანრი: პროზა
23 მაისი, 2022


ზღვარი 4

მესამე თავი

  თავის ტკივილით გაეღვიძა ევის. როგორც კი გუშინდელი საღამო გაახსენდა, მაშინვე სწრაფად დახუჭა თვალები, თითქოს დავიწყებას ცდილობდა. მაგრამ ევიმ იცის, რომ თვალების დახუჭვით რეალობა არ იცვლება, იცის, რომ დამალვა დიდი უგუნურებაა, ლაჩრობაა, ევი კიდევ ლაჩარი არაა. ის წლების განმავლობაში საკუთარ თავს უმეორებდა, პრობლემებს ღმერთი არ გვიქმნის, ჩვენ ადამიანები ვირთულებთ ცხოვრებას და არც ერთი ადამიანი არაა იმდენად ძლიერი, რომ მის დაგებულ მახეს თავი ვერ დააღწიოო. ამიტომ სულ იბრძვის, უსისხლოდ, უხმლოდ, მახვილის გარეშე, იბრძვის და იმარჯვებს, მაგრამ მაინც რჩება ნაჭდევები მკერდზე, ყველა ბრძოლის კვალი ატყვია. არ ცდილობს ევი დაივიწყოს ეს ომები, პირიქით, უნდა სულ ახსოვდეს მოწინააღმდეგე, რათა უფრო მეტად სწამდეს საკუთარი თავის, რათა უკეთ უფრთხილდებოდეს იმას, რაც ბრძოლით მოიპოვა.
  ახლაც ბრძოლაა, ვალდებულია ეს ომი არ აირიდოს. ბავშვობიდანვე მიაჩვიეს, რომ საკუთარი საქმე თავად უნდა გააკეთოს. ევიმ იცის, რომ არასდროს არავინ შეეხიდება, არავინ მიაშველებს ხელს, ყველას ჩვენი ვალი გვაქვს და ჩვენი საკეთებელი.პატარა იყო, ერეკლემ ლეკვი რომ აჩუქა. ლომა ერქვა მეცხვარის გაბურთულ ლეკვს. ევი ოთხის ძლივს იქნებოდა, მაგრამ ყოველ დილით, უთენია დაუკაკუნებდა ერეკლე კარზე, ადექი, ლომა მშიერია და ტირისო. ეხალისებოდა საყვარელი ცხოველის მოვლა ბავშვს, მაგრამ იყო ხოლმე ზამთრის ისეთი დილებიც, თბილი საბნიდან გამოძვრომა რომ ეძნელებოდა:
- მამიკო, გთხოვ, შენ აჭამე, ეს ერთხელ მხოლოდ, - შეეხვეწებოდა მამას.
- მე ჩემი საქმეები მაქვს. თუ გინდა, მშიერი არ იყოს, თავად უნდა ადგე!
სხვა გზას არ უტოვებდა ერეკლე, იძულებულს ხდიდა, უთენია წამომდგარიყო ევი.
- გამოდის, არავისი იმედი უნდა მქონდეს, - უთხრა მამას ერთხელ, მაშინ7-8 წლის იქნებოდა.
- რომ არსებობენ ადამიანები, რომელთაც უყვარხარ, ეს უკვე ძალიან დიდი იმედია. მოვა დრო, როცა წაიქცევი და ისინი მოვლენ შენს წამოსაყენებლად. ადამიანებს დახმარების სურვილი თავად უნდა გაუჩნდეთ, შენ არ ისარგებლო სიყვარულით. როცა აღმართს შეუდგები, იცოდე, რომ მხოლოდ შენმა ფეხებმა უნდა აგიყვანონ მწვერვალზე. გზაში თუ ვინმეს გადაუსწარი, დაიმახსოვრე, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ შენ უკეთესად შეგიძლია სიარული, ესე იგი, მას შენზე მძიმე ტვირთი მიაქვს, შენზე მეტად სჭირდება დახმარება, ამიტომ ხელი მიაშველე, შეეხიდე, მაგრამ მთლად ბოლომდეც ნუ გამოართმევ ტვირთს და შენი მხრებით ნუ ზიდავ, ცოდოა. მერე ავა მწვერვალზე, გადმოხედავს სამყაროს და ისეთი უმნიშვნელო მოეჩვენება, ნეტა რა ძალა მედგა, რისთვის მოვდიოდიო, იფიქრებს. ვერასდროს ვაფასებთ იმას, რასაც მარტივად მივიღებთ. შენც გეშინოდეს თავისით მოსული სიხარულების, ის ისევე მარტივად წავა და ცრემლს დაგიტოვს, - არიგებდა მამა ევის.
  ევი მიეჩვია, რომ სულ მარტო იყო, სულ თავისი საკეთებელი იყო ყველაფერი, ისე მიეჩვია ტვირთის ზიდვას, რომ ახლა, როცა ვინმე ხელის მიშველებას გადაწყვეტს, უკვირს, ეჭვით შეჰყურებს. ევიმ იცის, რომ თუ რამე უნდა, არ უნდა დაელოდოს, უნდა მივიდეს და თავად აიღოს. იცის, რომ თვალების დახუჭვით არსად გაქრება მოცემულობა, რომელშიც აღმოჩნდნენ; იცის, რომ ახლა უნდა ადგეს და სიმართლე უთხრას მამას; იცის, ერეკლე კითხვებს არ დაუსვამს, დაელოდება დაუსმელი კითხვების პასუხებს, უფრო კი შედეგებს.
  უცნაური კაცია ერეკლე. ბევრს ფიქრობს, უწინ ლაპარაკობდა, უფრო ღვინოსმული, სუფრასთან, ახალ ადამიანებთან, მერე უკლო საუბარს, ამ ბოლო დროს ევი გრძნობს, მამას წინადადების დასრულებაც უჭირს, უფრო კი ეზარება. თითქოს ყველაფერს მიხვდა და სხვისთვის გაზიარება ეძნელებაო, - ეტყვის ხოლმე ევი საკუთარ თავს, მაგრამ რაც მეტი დრო გადის, ხვდება, რომ უბრალოდ ერეკლესთვის სიტყვებმა მნიშვნელობა დაკარგეს. სათქმელს მაშინ აქვს აზრი, როცა მხოლოდ კი არ გისმენენ, ესმით კიდევაც. ერეკლემ კი იცის, რომ ადამიანებს არაფერი ესმით სხვისი ნათქვამიდან. ყველა თავისას უნდა მიხვდეს, იქნება შენი არც კი გამოადგეთ, იქნება აზრი არ ჰქონდეს, სადაც წაქცეულხარ იმ ადგილზე გამაფრთხილებელი ნიშნის დადგმას, რადგან ყველას თავისი ფეხის წამოსაკრავი ელოდება ცხოვრებაში.
  ერეკლე და ევი ხშირად კამათობენ, მაგრამ ორივემ ზუსტად იცის, რომ ერთმანეთზე ძვირფასი არავინ ჰყავთ და ამ კონფლიქტსაც ეს ტყუპისცალივით ერთნაირი ხასიათი იწვევს. ბავშვობაში ფიქრობდა ევი, რომ მამამ ვერ შესძლო საკუთარი თავის პოვნა, ვერ გაიმარჯვა და ეს აშინებდა. აშინებდა, რადგან შესაძლოა, მასაც ვერაფერი გაეკეთებინა, თავადაც აქ დარჩენილიყო, ამ ვაზებს შორის- ვერაფერი შეექმნა, თავისდამკვიდრება ვერ მოეხერხებინა. ამ ბოლო დროს კი ეჭვი შეუძვრა სულში, იქნება ამ მისწრაფებებზე უარის თქმა იყოსო მამას მთავარი გამარჯვება. იქნება
  სწორედ ახლა გაიმარჯვაო, როცა მიხვდა, რომ შექმნა სხვისი თვალის დასანახადაც შეიძლება და ისეც, რომ მხოლოდ შენ აღიქვამდე, შენს ფიქრში, შენს უხილავ სამყაროში.
  ვერშემდგარი მხატვარია ერეკლე, მაგრამ ევის სჯერა, რომ მსოფლიოში არავის შეუქმნია ისეთი გასაოცარი ტილო, როგორსაც მამამისი ყოველ დღე ფუნჯმოუსმელად ხატავს. თავად ევის მამის ნახატები არ უნახავს, მაგრამ როცა თვალებში შეჰყურებს, ხვდება: ახლა რომ ქმნის იმ ტილოს ფერი თვალები აქვს მამას- ხან პატარა ხუჭუჭთმიანი ბავშვივით ონავრული, ხან სიცოცხლის საზღვართან მდგარი მოხუცივით ყველაფრისმცოდნე, ხან ქალწულივით შემკრთალი და მეოცნებე. ხატავს მამა, ბევრს. ხატავს ყოველ საღამოს, როცა სველ მიწაზე ზის ზვრებს შორის, სახლთან ზურგშექცეული და სხვა სივრცეს ზვერავს, სხვა მთებსა და სხვა ცას შეჰყურებს.
- ისე დაიღალა ეს უბედური, ლაპარაკის თავიც აღარ აქვს, - ამბობს ხოლმე დათიკო.
  ევი არ ეპასუხება მოხუც სახლიკაცს, მაგრამ გულში იცის, რომ ამ დროს მამა ფიზიკურადაა აქ, სულიერად კი სადღაც შორს, გაცილებით მნიშვნელოვან ადგილას იმყოფება და ხელთუქმნელ ტილოებს ქმნის, ფრესკებს აფერადებს. იქნება მართლაც შეუძლია მამას პარალელურ სამყაროში მოგზაურობა, იქნება იმ დიდი სიჩუმის დროს დედასთანაა?! - აჯერებდა პატარა ევი საკუთარ თავს და შურდა მამის, რომელსაც შეეძლო დედასთან ასე ახლოს ყოფნა. თავს რომ დაიმარტოხელებდა, ევიც იჯდა ხოლმე მიწაზე, გამკნაჭულ მუხლისთავებზე ჩამოაწყობდა მკლავებს და ქედებს გაჰყურებდა. გაჰყურებდა და ხედავდა: იისფერ ცას, ცისფერ სანაპიროს, ბაცი წითელი ფერის ყვავილებს და ზღვას. იჯდა ხოლმე საათობით ამ სანაპიროზე და ტალღებს მოჰქონდათ მუსიკა და ოცნებობდა შორეულ ჰოლივიდზე, რომლის გაგონებაც არ სურდა ერეკლეს.
  სკოლის დასრულების შემდეგ ეყო სითამამე და მამის მალულად საბუთები ლინკოლნის საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრში გაგზავნა. იქნებ თამამებს უფრო მეტად სწყალობთ ბედი, მათ ვისაც საკუთარი თავის რწმენა აქვთ, ვისაც სჯერა, რომ შეუძლიათ ვარსკვლავებს მისწვდნენ. ცხელი ზაფხული იყო, მოლოდინად ქცეულიყო ევი, სხვაზე არაფერზე შეეძლო ფიქრი და ნიუ იორკში წასასვლელად რომ საკმაოდ დიდი თანხა და მამის დაყოლიება იყო საჭირო, ეს აღარ გაუთვალისწინებია. როცა დადებითი პასუხი მიიღო და ეს დაუტეველი სიხარული აუცილებლად უნდა გაეზიარებინა ვინმესთვის, მაშინღა წამოაგონდა, რომ მის აღტაცებას ასეთივე სიხარულით არ შეხვდებოდა ერეკლე.
ორი დღე უტრიალა მამას, სწორ დროს ეძებდა. ერთნაირები იყვნენ მამა-შვილი, სითბოს გამოხატვა არც ერთს შეეძლო. არ მიაჩნდათ რომ სიყვარულს სიტყვები სჭირდებოდა, მით უფრო ზედმეტი ალერსი. მაინც სცადა ევიმ, საღამოს განგებ არ წავიდა მეგობრებთან, თავს დასტრიალებდა, ნინას სუფრის გაშლა არ აცალა, თავადვე უსხამდა ღვინოს, აძალებდა, დალიეო, ფიქრობდა, ნასვამს ადვილად დაიყოლიებდა. მამას რომ გამხდარ ზურგზე მოხვია ხელი და შრომისაგან ბეჭებზე ამომჯდარ ძვლებს მიუალერსა, გამოდარებული ცასავით სუფთა თვალებში მზეები აენთო ერეკლეს. იცოდა, რომ ახლა ევი რაღაც ისეთს სთხოვდა, რაზეც დარწმუნებული იყო, უარს მიიღებდა. მაინც არ ჰკითხა შვილს, რა გინდაო, მალულად აკვირდებოდა. ლოდინი დიდხანს გაგრძელდა. აღდგომელაშვილების ფიცხმა ბუნებამ გასჭრა, ვეღარ მოითმინა და ამერიკული ოცნება გაანდო მამას.
  ერეკლემ სულ ერთი წამით შეწყვიტა ჭამა, გაჭირვებით გადაყლაპა ლუკმა, თითქოს ყელზე დაადგაო. მერე ვითომც არაფერი, ისევ სადილს მიუბრუნდა. სახე წამოენთო ევის. ეწყინა მამის სიჩუმე, ცრემლი მოადგა თვალზე. მაინც არ გატყდა, ასე მარტივად დანებება არ სჩვეოდა.
- ამერიკაში? - იკითხა მცირე ხნის შემდეგ ძალიან მშვიდად, ისე რომ ჭამა არც ამჯერად შეუწყვეტია, - მუსიკის სასწავლებლად? ოკეანის გადაღმა.... - დაუფარავი ირონიით ჩაიღიმა, მერე კოვზი დადო, მაგიდას იდაყვები ჩამოაყრდნო და შვილს თვალებში შეხედა. ჯიქურ გაუსწორა თვალი ევიმ. ერეკლემ მიამიტური გულწრფელობით იკითხა: და ჩაკრულო რომ ჩვენ ვიმღერეთ? სხვათა შორის, მრავალჟამიერიც...
- მამა... - თავის შეკავება ვეღარ შესძლო ევიმ, მისი მოჩვენებითი სიმშვიდე გატყდა, ცრემლი ვეღარ შეიკავა.
- რა მამა, რა.. აი, ეგ გღუპავთ თქვენ, რაც ცხვირწინ გაქვთ იმის დანახვა არ შეგიძლიათ.
ცოტა ხანს ჩუმად იყო და ახლა უკვე გაბრაზებულმა მიმართა შვილს:
- უნდა შეგრცხვეს მაგისი ქართველ კაცს. რობოტების აწყობა შეიძლება შეისწავლო, ეგეც ამერიკაში არა, იაპონიაში, - მაინც ვერ სძლია თავს და სიტყვას მარილივით მოაყარა სარკაზმი, - მაგრამ მუსიკა...
- რა ფოლკლორი, რაღა დროს ფოლკლორია, ახლა სხვა რამეა საჭირო, თანამედროვე....
- ნოტები7 იყო უწინაც და დღესაც. მუსიკაში ძველი და ახალი ვერ იქნება... აა, ხო, ეგ როგორ გამომრჩა, მანჭვა-გრეხვა შეგიძლია ისწავლო, მაგრამ მუსიკას ვერ ისწავლი.
- არ გესმის რასაც ვამბობ, არ იცი... არასდროს ფიქრობ, მე რა მინდა.
- ჰო, ეგრეა, მე არაფერი ვიცი... მაგრამ ერთი კი მესმის, შეიძლება სადილის მომზადება ისწავლო, ჩაგაწერინებს ნინა რეცეპტს... მერე, ცოტა ნიჭიც თუ აღმოგაჩნდა, იმ რეცეპტით სადილს მოამზადებ, მაგრამ მუსიკა არ ისწავლება, ის ან გაქვს სულში და გრძნობ, ან- არა.
- ჰოდა, რომ გაქვს, იმას ხომ სჭირდება გამოვლენა, დახმარება?
ერეკლემ ხმამაღლა გაიცინა.
- ადამიანი იცი როდის წყევტს განვითარებას? როცა იჯერებს, რომ რაღაცას წარმოადგენს. სირცხვილია, გენიოსიც რომ იყო, არ უნდა თქვა, სხვამ უნდა გითხრას. არ გაგიგია შენ, სჯობია იკითხონ ძეგლი რატომ არ დაგიდგესო, ვიდრე ის იკითხოს ვინმემ, ძეგლი რისთვის დაგიდგესო.
- სანამ ძეგლამდე მივა საქმე, მანამდე ხომ გჭირდება ადამიანს ხელის შეწყობა.
- ხელის შეწყობა? ვარსკვლავებამდე რომ ახვიდე, ჯერ მიწაზე უნდა ისწავლო მყარად სიარული. ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ახვიდე ცამდე. მაგრამ მანამდე დარწმუნებული უნდა იყო, რომ იმ ცას იმსახურებ...
- მერე ცოტა ხანს გაჩუმდა და უფრო თავისთვის, ვიდრე ევის გასაგებად დაამატა, - შენ წარმოდგენა არ გაქვს, რა საშინელებაა დაუმსახურებელი დიდება.
- მე შენ არ გგავარ! - უცბად წამოხტა ევი და თქმის წამსვე მიხვდა, რომ არ უნდა ეთქვა, მაგრამ ევი აღდგომელაშვილის მსგავს ადამიანებს, გაჩერების უნარი არ აქვთ. მათ გულს მეტისმეტად დიდი ხმა აქვს იმისთვის, რომ გონების ხმამ მისი გადაფარვა შესძლოს, - მე არ მეშინია! მე არ ვაპირებ საკუთარ თავზე უარის თქმას! დამალვას არ ვაპირებ!
ერეკლე წამით გაბრაზდა, სახე წამოენთო:
- რა გინდა, გოგო? - მერე ისევ მოძებნა ძალა და სიმშვიდე მოიხმო, - თუ შენში მუსიკაა, მაშინ მას არც ამერიკა სჭირდება და არც ევროპა. შენ სჭირდები. ბორკილებიც ვერ შეგაკავებს და მთელი სამყარო წინ რომ აღგიდგეს, მაინც დაწერ.
- და რისთვის ვწერო? საერთოდ აღარაფერს დავწერ, რა აზრი აქვს, დავწერო და საკუთარი თავისთვის დავუკრა?
- სანამ მაგ ჯილდოებსა და ჰოლივუდს თავიდან არ ამოიგდებ, ვერაფერს დაწერ, არა, კი დაწერ, მაგრამ ეგ არ იქნება ჭეშმარიტი მუსიკა!
- შენ ჩემი არ გჯერა, შენ მე შტერი გგონივარ, ფიქრობ, რომ არაფერი შემიძლია, მაგრამ დაგიმტკიცებ, ნახავ, მოვა დრო და მე ავიღებ ოსკარს!
- მერე? ოსკარს თუ აიღებ, ფიქრობ, რომ საუკეთესო იქნები?
- მართალი ხარ, მე ოსკარიც რომ ავიღო, მაინც არ იქნები კმაყოფილი, - თქვა ევიმ და მერე დადიოდნენ მამა-შვილი ოთახში წინ და უკან, ორივეს სახეზე ეწერა, რომ უსიტყვოდ იბრძოდნენ, კამათობდნენ. ისევ ერეკლემ შესძლო დამშვიდება, ფანჯრასთან მიმდგარ სავარძელში ჩაჯდა და ისე უთხრა შვილს, რომ ზედაც არ შეუხედავს, თითქოს მისთვის კი არა, საკუთარი თავისთვის საუბრობდა:
- ადამიანი იმიტომ არ უნდა წერდე, ხატავდე, მღეროდე, რომ ვინმეს თავი მოაწონო, სხვისთვის არ უნდა წერდე მუსიკას. ამას საკუთარი თავისთვის უნდა აკეთებდე, აღარ უნდა შეგეძლოს სხვაგვარად, ისე უნდა გახრჩობდეს მელოდია, რომ სხვა გზა არ დაგიტოვოს. როცა ხმებს მუსიკად აქცევ, შენ უნდა მშვიდდებოდე, მსუბუქდებოდე, ბედნიერებას უნდა გრძნობდე, მერე რაც შენ გაბედნიერებს, თუ სხვებსაც მოუტანს სიამოვნებას, ხომ ძალიან კარგი, თუ არა, არც ამით დაიქცევა ქვეყანა. ესაა ხელოვნება. ჭეშმარიტ ხელოვანს თავისი ეპოქა ვერ შეაფასებს.
- შენ არ მასწავლიდი, არასდროს დანებდე და იბრძოლეო?! ახლა რა გინდა, ხელი ჩავიქნიო?!
- იბრძოლე, მაგრამ იმისთვის, რაც მართლა მნიშვნელოვანია შენთვის. იმიტომ დაუკარი, იმიტომ დაწერე, რომ ეს შენ გინდა და არა იმიტომ, რომ ჯილდოები და ტაში დაიმსახურო. თუ რამეს შექმნი აქედანაც მიაწვდენ ხმას მსოფლიოს. ან იმაზე თუ გიფიქრია, ვთქვათ და ხმა მიაწვდინე მთელ დედამიწას, მერე მარტო ყვირილი კი არაა, გაქვს კი რამე სათქმელი? გიფიქრია, რა გინდა თქვა? ნუ ჩქარობ, გაზრდა აცალე შენს თავს. ასაკს კი არ ვგულისხმობ, შინაგან გაზრდას, სულიერ ზრდას. ჯერ შენ უნდა იყო საინტერესო, შენ უნდა ისწავლო, სათქმელი უნდა გქონდეს, რომ მერე სხვას უთხრა.
- სათქმელის მეტი რა მაქვს, მაგრამ აქ, ამ სახლში შენი ვაზებისთვის დავწერო და დავუკრა, რომ უკეთ მოისხან?
- ეს ვაზები ჩემი არაა, შენიცაა და ამის ფასი რომ არ გესმის, ეგაა პრობლემა.
- წავიდეთ რამდენიმე წელი, მიხედავენ, დათა და ნინა, აქ არ არიან?
- უკვე მილიონჯერ გითხარი, არსად წამსვლელი არ ვარ და წადი შენ თუ გინდა! - დაიღრიალა ერეკლემ. ევი აბა რისი ერეკლეს შვილი იყო, რომ გაჩუმებულიყო, დიახაც წავალო, აქეთ ეს აყვირდა და მერე ჯერ მამამ გაიჯახუნა კარი, მერე- შვილმა და დადიოდნენ მთელი დღე ბრაზმორეულები.
  დავა იმ დღეს არ დასრულებულა. წლები გაგრძელდა. ჯერ სიტყვიერად, მერე- უსიტყვოდ. ევიმ, ცხადია, ყოველთვის იცოდა, რომ მამას მარანზე უარს ვერ ათქმევინებდა. შეეგუა აზრს, რომ ერეკლეს თანხმობას ვერ მიიღებდა და ახლა საკუთარ თავს ედავება, სასწორზე ყოველ ღამე დებს მუსიკასა და ვაზს და შუაღამისას ადლი უმრუდდება, ვერ აწონა, ვერ გაიგო რომელს რა ფასი აქვს. იცის, რომ მუსიკა მისი ცხოვრებაა, ახლა უკვე ისიც იცის, რომ მუსიკის წერა ზვრებშიც შეიძლება და ამისთვის ამერიკა არაა საჭირო, მაგრამ არ უნდა წლების შემდეგ საკუთარ თავს უსაყვედუროს, რამდენი შემეძლო და ცოტაც ვერ შევძელიო. თითქოს იმ ბავშვობისდროინდელი ოცნების მიტოვებაც ენანება. სხვაზე აქამდე არაფერზე უფიქრია, იქაურ ცხოვრებაზე ფიქრობდა, წასვლაზე, ყველაფრის თავიდან დაწყებაზე. ახლა გეგონება სამყარო ამოტრიალდა, აქამდე ნაფიქრი, აქამდე წარმოსახული გაბაცდა, გაუფერულდა და რაღაც ახალი ფერები ჩნდება, ჯერ არ იცის ევიმ ამ ფერებით რისი შექმნა შეუძლია, ფრთებდამსხვრეული დგას და უფრთოდ ცდილობს ცაში განავარდებას. რაც დრო გადის, სულ უფრო რწმუნდება ევი, რომ ეს ვაზი მხოლოდ ვალდებულება არაა, მხოლოდ მამის ხათრით არ დასტრიალებს მტევნებს, არ ეალერსება ახლადამოხეთქილ ყლორტებს.
გაბრუებული თავი გაჭირვებით წამოსწია ევიმ საწოლიდან და საწოლის კიდეზე ჩამოჯდა. სარკიდან ანარეკლი შეჰყურებდა: შიშველი სხეულით, მხრებზე დაფენილი ჩალისფერი თმა ისე აბურდვოდა, თითქოს ქარიშხალში მოხვედრილიყოს. წამოდგა. გრილი იატაკი ესიამოვნა შიშველ ფეხისგულებს, სარკეს მიუახლოვდა. თითებით დაუდევრად გაისწორა თმა. თვალებში ჩახედა ანარეკლს. სარკის მიღმა ქალი იდგა და მიუხედავად იმისა, რომ ევის ეგონა ცხოვრება ჯერ არც კი დამიწყიაო, ისეთი შორი გზა ჩანდა გამოვლილი იმ მეორე ქალის თვალებში, ისეთი დაღლილი ჩანდა, ევი შეკრთა და გაუცნობიერებლად წაიღო თითები თვალებისაკენ. თითქოს სურდა ქუთუთოებთან ხორუმის მოცეკვავეებივით შემოწყობილი ნაოჭები დაეფარა. ახლა ევის მწვანე თვალები ჰქონდა, არა, მდინარის წყალივით სუფთა და კამკამა არა, ჭაობივით მუქი და ამღვრეული, ღრმა და საშიში. გამოუცნობი საფრთხე დამალულიყო თითქოს ამ სიმწვანის სიღრმეში. ისე უყურებდა ევი საკუთარ თვალებს, თითქოს აქამდე არასდროს ეხილა, თითქოს რაღაც ახალი აღმოეჩინოს, თითქოს ეს ყოფილიყოს გადამწყვეტი წამი, მის ოცდაათ წლიან ორჭოფობას დასმოდეს წერტილი. ახლა, ამ წუთას, ევი აღარ იყო მეოცნებე გოგო, საკუთარ სურვილებს აყოლილი, აღტყინებული, თითქოს ამ ღამეს მოეკლა ის გოგონა და მიეხურა კარი იმ ბრჭყვიალა, იმ ფერად სამყაროში გასასვლელი. ახალი ევი დაბადებულიყო. ევიმ იცის, რომ ამ ახალ ქალსაც ექნება მასავით სავსე მკერდი, ამ ქალსაც ისევ ექნება ხორბლისფერი, ოდნავ მზენაკრავი მკვრივი კანი, ამ ახალ ევისაც ექნება უბადლოდ ჩამოქნილი ფეხები, ამ ახალ ევისაც შეეფაკლება ლოყები ღელვისას, ამ ქალსაც, ახლა ასე სევდიანად რომ უყურებს სარკიდან, სიხარულის დროს ისევ თაფლისფერი მოედება მზერაზე, მაგრამ ის მაინც აღარასოდეს იქნება ძველი ევი, ის აღარ იქნება ევი, ის იქნება სრულიად სხვა ქალი.
  გასულმა ღამემ მცირე ეჭვიც გაუფანტა, რაც აქამდე ქონდა, ახლა უკვე იცის, რომ ეს ვენახი მისი ოჯახია, მისი ცხოვრების ნაწილია. ამიტომ ვალდებულია ახლა ადგეს, თვალებში ჩახედოს მამას და უთხრას, დავმარცხდით, მაგრამ ჯერ ყველაფერი არ მორჩენილა, სანამ ცოცხლები ვართ, შეგვიძლია, ყველა საზღვრის დარღვევა, ყველა აღმართის ავლა, ყველა სიტყვის თქმა, სანამ ცოცხლები ვართ, ჯერ კიდევ შეგვიძლია სასწაულის მოხდენა. ჯერ არ იცის ევიმ ვის ან რას უნდა ებრძოლოს. არ იცის, რა საფრთხეს მოიტანს ეს ბრძოლა, მაგრამ ძილის უფლება რომ არ აქვს, ეს დანამდვილებით იცის. გამოფხიზლდა. დიდი, ღრმა ძილიდან გამოფხიზლდა.„დედას ვუტირებ ყველას და ამ კაცს არავის დავაჩაგვირნებ!“- ხმამაღლა გამოსცრა კბილებში. ნაჩქარევად ჩაიცვა და ომში მიმვალი ჯარისკაცივით მტკიცე ნაბიჯით წავიდა ვენახისაკენ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები