ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთი გაბინაშვილი
ჟანრი: პროზა
26 მაისი, 2022


ზღვარი 5

მეოთხე თავი

შემოდგომა იდგა. ნაწვიმარ ზღვისპირა ქალაქში უცნაური სევდა ჩამომდგარიყო. ზღვა გრგვინავდა. მგზავრობამ დაღალა დამიანე. ღამე გამოვიდა ქალაქიდან. შედარებით ცარიელი იქნება მაგისტრალიო ივარაუდა, თუმცა სწრაფად სიარული მაინც ვერ შესძლო, მთელი ღამე წვიმდა და ამინდი მოძრაობას ართულებდა.
  ქობულეთში რომ ჩავიდა, ექვსიც არ იყო. სოფელ ვარჯანაულამდე 20 კილომეტრიც აღარ დარჩენილიყო. სამი-ოთხი საათი ჰქონდა თავისუფალი. ზღვისპირა ქალაქს ეძინა. ტყუილად შემოიარა მთელი ქალაქი, ყავა ვერსად დალია. სანაპიროსკენ წავიდა. ციოდა. წლებია ამ ქალაქში ნამყოფი აღარ იყო, უფრო სტუდენტობის დროს უყვარდა ზღვა. ვერჯანაულში ჯგუფელთან მოდიოდნენ მეგობრები და მთელი ზაფხული რჩებოდნენ. ვანოსაც, ისევე როგორც აქაურობის უდიდეს ნაწილს, ზღვა არ უყვარდა და ვერც იმას ხვდებოდა, რატომ ჩადიოდა ხალხი ამ ბინძურ წყალში და მერე რატომ იხრუკებოდა მზეზე. ვანო მთის კაცი უფრო იყო, მდინარე უყვარდა. მთელი ზაფხული ჯახირობდნენ, ის იქით, მდინარესა და ჩანჩქერებზე ეპატიჟებოდა, ამათ ზაფხულის თავგადასავლები სწყუროდათ. ის კარგი დრო გაახსენდა დამიანეს და უცნაურად ეტკინა წლების ასე სწრაფად ჩამარცვლა.
  ამოჩემებული ადგილი ჰქონდა. ქობულეთის შესასვლელთან, იქ ხალხი თითქმის არასდროს იყო. სიმარტოვეში უყვარდა ცურვა.ქარი თავის გაყინულ ხელებს უყოფდა პერანგის მიღმა და სხეულზე ჟრუანტელად ევლებოდა. ზღვას რომ მიუახლოვდა, მხოლოდ მაშინ შენიშნა, რომ სანაპიროზე ვიღაც იწვა. ერთი პერიოდი იფიქრა, მგონი აქ რაღაც რიგზე ვერაა და გაცლა სჯობიაო. მიბრუნებაც დააპირა, მაგრამ ქალი იწვა ზურგზე, გაუნძრევლად, მხოლოდ მისი თმა მოძრაობდა, კულულები ჰაერში უთავბოლოდ დასრიალებდნენ, დამიანეს შიში დაეუფლა, მკვდარი ხომ არააო. შიშს სინდისმა სძლია, ვაი თუ ვინმეს დახმარება სჭირდებოდესო და ნაბიჯს აუჩქარა, თითქმის სირბილით მიუახლოვდა უცნობს. იწვა ქალი, თითქოს მზეს მიფიცხებოდა. ხელები გაეშალა, თვალები დაეხუჭა, ოდნავ შესამჩნევი ღიმილი დასთამაშებდა ტუჩებზე. იწვა გაუნძრევლად, დამიანეს მისვლა ვერც კი შენიშნა.
  დამიანე თავზე წამოადგა. ქალს პატარა ტუჩები ჰქონდა, ღია ვარდისფერი, ისეთი გაცრეცილი, მართლა გაგიჭირდებოდა მის სახეზე სიცოცხლის ნიშანწყალი შეგემჩნია. ფეხზე გაეხადა და გვერდით დაეწყო სპორტული ფეხსაცმელი. იქვე ზურგჩანთა და ერთი ბოთლი წყალიც შენიშნა. ისევ ქალს დააკვირდა. ძალიან ეცნობოდა. ეს ქალი... ღმერთო, ეს ქალი... ვეღარ დაამთავრდა აზრი დამიანემ, ზმანება თუაო. უცნაური შიში დაეუფლა და ღელვა მოიტანა. ქალის სახისკენ დაიხარა. ქარის სიცივე გაკვეთა მისმა გახშირებულმა სუნთქვამ და კაცის სურვილის სითბო მოელამუნა სახეზე. თვალები ძალიან ფრთხილად გაახილა და არეული მზერა შეანათა კაცს.
  დამიანემ ხმის ამოღება ვერ შესძლო. გაოცებისაგან კინაღამ შეჰყვირა. ევის კი ძლივს შესამჩნევად გაუფართოვდა თვალის გუგები, მაგრამ გაოცება არ შეუმჩნევია, ისევ დახუჭა თვალები და ძალიან მშვიდი ხმით თქვა:
- გამარჯობა, - თითქოს აქ იმისთვის მოსულიყო და დაწოლილიყო გაყინულ სანაპიროზე, რომ დამიანეს უცდიდა. თითქოს ისეთი ბუნებრივი იყო მისი აქ ყოფნა, ისეთი ბუნებრივი იყო ამ კაცის მის გვერდით დანახვა, დამიანეს საკუთარ თავში ეჭვი შეეპარა. წამით იფიქრა, რომ მან ცხოვრების გარკვეული ეპიზოდები გამოტოვა, იფიქრა, რომ რაღაც გამორჩა და აქ კი არ წააწყდა ახლა ამ ქალს, რომელიც კაცმა არ იცის, რას აკეთებს, მასთან ერთად თავადაც ამ სანაპიროზე ცხოვრობს.
  კაცმა პასუხი დააგვიანა. ევიმ ისევ გაახილა თვალები. დამიანეს შიშმოძალებული მზერა ჰქონდა. ქალს გაეცინა. წამოჯდა, ხელისგულები დააყრდნო სანაპიროს, ოდნავ გადაიხარა, თავი უკან გადააგდო და ისევ დახუჭა თვალები.
- რაო, დამიანე? - იკითხა ევიმ კაცის დუმილი საგრძნობლად რომ გაგრძელდა.
დამიანემ ძლივს გადაყლაპა ნერწყვი და როგორც იქნა შესძლო სიტყვის თქმა:
- აქ რა გინდა?
- შენ გელოდებოდი, - თქვა მოჩვენებითი სერიოზულობით ქალმა.
დამიანე ევის პასუხმა დააბნია.
- ეს ჩემი ადგილია, - უხერხულობის დაძლევა სცადა კაცმა.
- ვიცი, - სერიოზულად უპასუხა ევიმ.
- რა? - კიდევ უფრო დაიბნა დამიანე.
- აბა სხვის ადგილას ხომ არ მოხვიდოდი?
- მაინც ვინ ხარ? - ხმამაღლა წამოსცდა დამიანეს ფიქრი.
- შენ ვინ გინდა რომ ვიყო? - აუციმციმდა თვალები ევის.
- პრინციპში სულ ერთია, - გაეცინა დამიანესაც.
  ევი გადაიხარა, მოშორებით დალაგებულ ფეხსაცმელს ისწვდა. დამიანეს ქალის შიშველი ფეხებისაკენ გაექცა მზერა. პატარა ფეხები ჰქონდა, არამიწიერად თეთრი და თხელი ტერფები. ფრჩხილებზე ალისფერი ლაქი ესვა. ეს ლაქი რაღაცნაირად აბათილებდა მთელს მის სერიოზულობას, მის ასაკს ამხელდა, რომ ამ სხეულს მიღმა ჯერ კიდევ პატარა ბავშვი ცხოვრობდა - მეოცნებე, ტრიპაჩი, პატარა გოგო. ევი ჯერ თასმის გაუხსნელად იცვამდა ფეხსაცმელს, მაგრამ ფეხი ვერ ჩადგა. გაჭირვებით გახსნა თასმები და ჩაიცვა. რამდენჯერმე სცადა თასმის შეკვრა, არ გამოუვიდა. ბავშვური დაჟინებით აკეთებდა თასმისგან კვანძს, მაგრამ ყველა ჯერზე უშედეგოდ სრულდებოდა მცდელობა. სახეზე წყრომა გამოესახა, თასმის ბოლოები ფეხსაცმელში ჩატენა. დამიანეს უცნაური სითბო ჩაეღვარა სულში. წამოდგა. ევის წინ ჩაიმუხლა, წვივზე მოჰკიდა ხელი, ფეხი მუხლზე დაიდო და თასმები შეუკრა.
  ევის ხმა არ ამოუღია. არც უხერხულობის გრძნობა დაუფლებია. თითქოს ყველაფერი ზუსტად ისე იყო, როგორც უნდა ყოფილიყო. კაცი თასმების შეკვრას მორჩა თუ არა, სწრაფად წამოხტა ევი ფეხზე, ჩანთა მხარზე მოიკიდა, შარვალი ჩამოიბერტყა და უსიტყვოდ გაუყვა სანაპიროს. დამიანე რამდენიმე წამს შეყოვნდა და მერე უკან აედევნა.
- უცხოპლანეტელი ხარ? - შეეკითხა გვერდით რომ ამოუდგა.
- შეიძლება, - გაეცინა ევის.
- მაინც რა გინდა აქ?
- დედამიწაზე? - ისევ გაიცინა ევიმ.
- ჰო... არა, - დაიბნა დამიანე, - აქ, ზღვაზე.
- ზღვასთან ყოფნას მიზეზი არ სჭირდება.
- ეგ ხომ, მაგრამ?
- მესიზმრებოდა.
- გესიზმრებოდა?
- ჰო, - ჩურჩულით თქვა ევიმ, - დავხუჭავდი თვალებს და თვალწინ მიდგებოდა, ისეთი მღელვარე, ისეთი სევდიანი, და ასე, ჩუმად, ჩუმად, - კიდევ უფრო დაუწია ხმას, - მეძახდა, ყოველ ღამე მეძახდა...
- ვააჰ ჩემი.
- რა?
- არაფერი, - ცოტა ხანს ღიმილით გაჰყურებდა სივრცეს და მერე დაამატა, - ესე იგი გიყვარს.
- შენ არა? - გაიოცა ევიმ.
- კი. მეც მიყვარს, მაგრამ არ მესიზმრება და არ მეძახის.
- ჰო, - დანანებით აღნიშნა ევიმ.
- მართლა რა გინდა აქ? - კიდევ ერთხელ იკითხა დამიანემ, რადგან ბოლომდე ვერ დაეჯერებინა, რომ ეს ქალი, ბოლო დღეებია რომ მოსვენება დაუკარგა და ძილი გაუკრთო, აქ, ასე მოჩვენებასავით გამოსცხადებოდა.
- მართლა ზღვა მენატრებოდა. ამ დროს მიყვარს ხოლმე, მარტო რომ რჩება. მისი მოსმენაც შეგიძლია, მასთან ლაპარაკიც...
- დიდი ხნით ხარ?
- არა, წუხელ ჩამოვედი და მივდივარ უკვე.
- ვააჰ, მეც ახლახანს ჩამოვედი და ვბურნდები ისევ საღამოს. დაკრძალვაზე ვარ, მეგობრის მამა გარდაიცვალა, - მართალია არავის უკითხავს დამიანეს შენ რაღას აკეთებო აქ, მაგრამ თავი ვალდებულად ჩათვალა, მოსვლის მიზეზი აეხსნა.
- კარგია, - თქვა ევიმ.
- რა?
- დაკრძალვა, - ისე სერიოზულად თქვა ევიმ, დამიანე კიდევ უფრო დაიბნა.
- რაა?
- აქეთ, როგორც ვიცი, განსხვავებული დაკრძალვის ცერემონიალი აქვთ. საინტერესო იქნება.
  დამიანე ვერ მიხვდა ეს ქალი იყო გიჟი თუ მისი გაგიჟება სურდა. იქნება მძინავსო იკითხა, მაგრამ აშკარად ზღვის სანაპიროზე მიაბიჯებდა, ამ უცნაურ ქალთან ერთად და ტალღების შხეფები სწვდებოდა სხეულს. და მაინც ყველაფერი იყო ძალიან აბსურდული.
- წამოდი, წაგიყვანო, არ გინდა?
- დაკრძალვაზე? - ევი შედგა, ჯერ დამიანეს შეაჩერდა მოჭუტული თვალებით, მერე საკუთარ ტანსაცმელს დახედა, - არა! - თქვა გადაჭრით, - შესაბამის ფორმაში არ ვარ.
  ისეთი სერიოზული იყო ევის პასუხი, კაცი ვერ მიხვდა, ხუმრობაში აჰყვა, თუ მართლა, მიზეზი რის გამოც დაკრძალვაზე არ გაჰყვებოდა, შეუსაბამო ტანსაცმელი იყო. გუმანი ჰკარნახობდა, გაიქეცი რაც შეიძლება შორს ამ ქალისგან, კარგს არაფერს გიქადისო, მაგრამ ამავდროულად რაღაც ისეთი ძალით იზიდავდა, საკუთარი თავის ცნობა უჭირდა.
- რითი ხარ ჩამოსული? - ჰკითხა იმ იმედით, რომ იქნება მანქანით არ იყოს და დავიმგზავროო.
- მანქანით, რუსთაველზე მყავს გაჩერებული. ჩემს კაფესთან, - იმედი გაუცრუა ევიმ.
- აჰა, შენ აქ კაფეებიც გქონია. მოგიწევს გამიზიარო შენი კაფე, თორემ ვალში ხარ. ხომ იცი, ჩემი ადგილი მიისაკუთრე დღეს.
  ევიმ საათს დახედა, ადრეა ჯერ არ იქნება ღიაო.
- ხომ გაიღება?
- კი, მაგრამ მე იმ დროს აქ უკვე აღარ ვიქნები, - შეწუხდა ევი, - თუმცა შემიძლია გაჩვენო და თუ  დრო გექნება ესტუმრე.
- უშენოდ რა აზრი ექნება... - მრავალმნიშვნელოვნად თქვა კაცმა.
- აბა თუ იცი, რატომ გვიყვარს ადგილების ამოჩემება?
- იმიტომ რომ მოგვწონს.
- ეგ ხომ, მაგრამ რატომ მოგვწონს?
- იმიტომ რომ...
- იმიტომ რომ იქ რაღაც ჩვენი მსგავსია, ჩვენი მუსიკაა, ჩვენი ყავა, ჩვენი კედლები, ჩვენი არომატი, ჩვენი ადამიანები, ჩვენი სკამები. და სულაც აღარ აქვს მნიშვნელობა ხშირად სტუმრობ თუ არა შენს ადგილს, რადგან ყოველთვის იქ ხარ.
- ეგ როგორ?
- როგორ და ადამიანებს არ შეგვწევს უნარი, დავტოვოთ ის, რაც გვიყვარს და ზურგიც რომ ვაქციოთ, წასვლას მაინც ვერ ვახერხებთ, რადგან ჩვენი ნაწილი მაინც იქ რჩება. აბა რატომ არ არსებობს მიტოვება?
დამიანე დაფიქრდა ერთხანს.
- და ვინ გითხრა, რომ არ არსებობს?
- სცადე და წადი იმისგან ვინც გიყვარს!
დამიანეს ისევ გაეცინა, ამჯერად უფრო მწარედ:
- არაერთხელ მიცდია.
  გაჩერდა ევი, მკლავში ხელი მოჰკიდა დამიანეს და თვალებში გაოცებულმა შეხედა. “არასოდეს ჰყვარებია!“ სიხარულით აღტყინებულმა გულმა თქვა და ამ სიხარულის მიზეზმა თავადვე შეაკრთო.
- მაინც რატომ არ შეგიძლია ცოტა გვიან წახვიდე? კაფესაც მაჩვენებდი, ცოტას ვისაუბრებდით.
- მეჩქარება.
- სად? - კითხვის დასმისთანავე მიხვდა, რომ უფლება არ ჰქონდა ამ ქალისთვის, რომლის შესახებაც არაფერი იცოდა, ანგარიში მოეთხოვა.
- მოვალეობები მიხმობენ.
- მართლა ზღვის სანახავად ჩამოხვედი რამდენიმე საათით?
- როცა გიყვარს მანძილი ქრებაო, არ გაგიგია?- გაიცინა ევიმ.
- მაინც რა არის იმ კაფეში ისეთი რაც მოგწონს?
- ნაყინის გამყიდველი ქალი.
- ქალი?
- კი, აა, არა, - გაეცინა ევის, - არასწორად გაიგე.
- რა ვიცი, ქალის გამო მიყვარს კაფეო და ვერ მივხვდი რაღაც, - მხრები აიჩეჩა დამიანემ.
- ნახე, მოგეწონება შენც.
- ნაყინი თუ ქალი?
- ორივე, - თვალი ჩაუკრა და ისე რომ დამშვიდობება არც უფიქრია, გზაზე გადაირბინა. გზის მეორე მხარეს ავტოსადგომზე ევის მანქანა ობლად იდგა.
  დაბნეული დამიანე ტროტუარზე იდგა და სიტყვებს ეძებდა. რაღაც ვერ იყო ყველაფერი რიგზე, ლოგიკას არ ექვემდებარებოდა არც ამ ქალის გამოჩენა და არც მასთან ასე უსიტყვოდ განშორება. ისე მოსულიყო, თითქოს სულ აქ იყო და ახლა ისე მიდიოდა, გეგონება მაღაზიაში ჩაერბინოს რამდენიმე წუთით. რას ნიშნავდა ევის ასე წასვლა, დაპირებას რომ ეს უკანასკნელი შეხვედრა არ იყო თუ... დაუოკებელი სურვილი დაეუფლა დამიანეს მასთან ყოფნის, მზად იყო პატარა ბავშვივით შეჰხვეწოდა, არ წასულიყო. მაგრამ მიზეზს თუ ჰკითხავდა ევი, თუ ეტყოდა, რატომ უნდა შეყოვნებულიყო მასთან, მაშინ რა პასუხს გასცემდა? სანამ დამიანე სიტყვებს ეძებდა, ევიმ მანქანა გზის სავალ ნაწილზე გადაიყვანა. მოულოდნელად პანიკის განცდა დაეუფლა დამიანეს.  მიხვდა, რამე უნდა მოემოქმედებინა, როგორმე უნდა შეეკავებინა, თუნდაც დასჭირვებოდა ახლა, აქ, ამ ზღვისპირა ქალაქის წვიმიან ქუჩაში დაეჩოქა და ეთხოვა, სულ ცოტა ხანს, თუნდაც კიდევ სულ ერთ წუთს მოეცადა. და სანამ დამიანეს თავში აზრები ერთმანეთს ერკინებოდნენ, ევი რამდენიმე მეტრით გასცდა კაცს, მერე მოულოდონელად დაამუხრუჭა. უკუსვლით დაბრუნდა დამიანესთან და მანქანიდან გადმოსძახა:
- ვანილის გასინჯე, კენკრის არომატით, - გაუღიმა და ის იყო ისევ უნდა დაეძრა მანქანა, რომ დამიანემ ორივე ხელი ჰაერში ასწია:
- მოიცა, მოიცა, სულ ერთი წუთით გაჩერდი.
  ევი თითქოს ამ თხოვნას ელისო, მანქანა ისევ გააჩერა.
- მაინც რა გგონია ეს? რა ჰქვია ახლა ჩვენს ამბავს?
- შენ ყოველთვის ასე იქცევი?
- როგორ?
- ცდილობ, ყველაფერი ჩარჩოებში გამოკეტო, შენს წესებსა და კანონებს დაუმორჩილო?
- არა, მაგრამ მაინც...
- ჩუუ, - საჩვენებელი თითი მიადო კაცს ტუჩებზე. დამიანეს ჟრუანტელმა დაუარა, ხელი წაიღო ევის თითების დასაჭერად, მაგრამ ქალმა დროზე მოასწრო თავის დაღწევა.
- არ წახვიდე.
ევიმ ოდნავ სევდიანი ღიმილით შეხედა.
- გთხოვ, სულ რამდენიმე წუთი მაინც.
  დაფიქრებული უყურებდა ერთ ხანს ქალი დამიანეს თვალებს, მზერას სიმართლისფერი დასდებოდა. ჯებირთან შედგნენ. ევი მოკეცილ ფეხებზე დაჯდა, იდაყვები მუხლისთავებს ჩამოაყრდნო და ზღვას გახედა. დამიანეც დაჯდა ჯებირზე, მაგრამ ზღვას ზურგი შეაქცია და ქალს გაუშტერა თვალი. რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ ევიმ ისე თქვა, რომ ზღვისთვის თვალი არ მოუშორებია.
- სიტყვები ბორკილებია. როგორც კი ცდილობ, რაიმეს სახელი დაარქვა, ჩარჩოში კეტავ. ზღვარს უწესებ. გასაქანს აღარ აძლევ... არის რაღაცები, რაც ისეთი მშვენიერია, არ უნდა შეეხო, თავისუფლება უნდა მისცე, ფრენის საშუალება არ უნდა წაართვა...
  სიჩუმე ნისლივით ჩამოწვა. დამიანე ევის შეჰყურებდა და მის დანახვას, მის ამოცნობას ცდილობდა. ქალის მზერას თითქოს ყველა მიწიერი საზღვარი გადაელახა. საზღვარში მყოფი უსაზღვროება“, - გაჩნდა სიტყვები კაცის გულში.
  ზღვიდან მონაბერმა ქარმა სიცივე მოიტანა. დამიანემ პიჯაკი გაიხადა. ქალისკენ გადაიხარა და სანამ მხრებზე მოახვევდა, ევიმ თვალები შეანათა. უძირო იყო მზერა და ამ მზერაში ჩაყვინთული ტკივილები ილანდებოდნენ. დამიანე მიხვდა, რომ ამ ქალის ყველა ტკივილის გაშიშვლება სურდა, მისი ყველა სიზმარი უნდა ეხილა, სამზეოზე გამოეტანა მისი ვნებები... ეს ქალი სრულად სჭირდებოდა - ყველა ფიქრითა და ზმანებით. ევიმ გაიღიმა და კაცს ხელი მიაშველა, პიჯაკი მხრებზე მოისხა. დამიანეს არეული თვალები ჰქონდა, მავედრებელი.
- ბედისწერის გჯერა? - იკითხა ევიმ მოულოდნელად.
- არ ვიცი... - აზრის პოვნა გაუჭირდა დამიანეს,- ალბათ არა. ჩვენ თავად ვქმნით ბედს.
- მაშინ რატომ არაა ჩვენი ცხოვრება ისეთი, როგორიც გვსურს?! - ვერ გაიგებდი ევი საკუთარ თავს ედავებოდა თუ კაცს.
- ჩვენ შეგვიძლია, თუ მოვინდომებთ, ყველაფერი შევცვალოთ.
- მე კიდევ მგონია, ყველაფერი რისი შეცვლაც შეგვიძლია, სრული ბლეფია. ჩვენს ცხოვრებაში ნამდვილი მხოლოდ ისაა, რასაც ვერაფერს ვუხერხებთ, რასაც, დიდი სურვილის მიუხედავად, ვერ ვცვლით.
  დამიანე ერთხანს ქალის სიტყვებზე ფიქრობდა და შემდეგ ჰკითხა:
- შენს ცხოვრებაში რა არის ნამდვილი?
ევიმ სევდიანი მზერა მიანათა კაცს, თქმით კი არაფერი უთქვამს. დამიანეს მოეჩვენა, რომ ახლა, ამ წუთას, ევიმ მთელი ცხოვრება გაანდო. მოეჩვენა, რომ ქალს ჭორიკანა მზერა ჰქონდა - მის თვალებს ყველა საიდუმლოს გამხელა შეეძლოთ, თუ მის წაკითხვას ისწავლიდი.
- შენ ახერხებ საკუთარი ცხოვრების მართვას?
- მცირე ხნის შემდეგ ისე იკითხა ევიმ, ზღვისთვის თვალი არ მოუცილებია.
- კი, - მიხვდა დამიანე, ეს „კი“ მოხუცის კბილივით მერყევი იყო და მეტი დამაჯერებლობისათვის დაამატა, - ვცდილობ, სწორად ვიცხოვრო.
  ევი წამოდგა. მხრებიდან პიჯაკი მოიხსნა. ახლა თავად მიუახლოვდა კაცს ისე, რომ დამიანეს სუნთქვა შეეკრა. ერთხანს მის ყელთან შეჩერდა, მერე პიჯაკი პატრონის ზურგს მოახვია, ხელი კაცის მხარზე მსუბუქად დაასვენა და ყურში ჩასჩურჩული:
- ასე გააგრძელე - ეცადე, სწორად იცხოვრო... - მერე მხრებში გაიმართა, გამარჯვებულის გამომეტყველებით შეჰღიმა და სანამ ზურგს აქცევდა, დაამატა, - სადამდეც და როგორც შესძლებ...
  დაუმშვიდობებლად აქცია ზურგი და წავიდა. დამიანე კი მის სიტყვებზე ფიქრობდა. ფიქრმა სხეულში პეპლების ჯარი აშალა. კაცი აღარ გასდევნებია ევის, თვალიც არ გაუყოლებია, იჯდა უძრავად და ახლა თავად გაჰყურებდა ზღვას. მერე ჯებირზე დაწვა, თვალები დახუჭა და სცადა არ ეფიქრა, უბრალოდ ეგრძნო. სხეულს სიმშვიდე ნისლივით დააწვა. გავარდნილი მეხივით დაატყდა სიხარული, დაუოკებელი, უსაზღვო სიხარული, რომელმაც ჯერ მუცელზე მოუღიტინა, მერე მკერდს მოედო, ბაგეებს მისწვდა და მოეჩვენა, რომ ახლა სიხარულს კი არ აევსო მისი სისხლი, თავად ქცეულიყო დიდ, უფორმო სიხარულად, გავსილი მზესავით სრულყოფილი იყო ბედნიერება და იგრძნო, რომ მეტისმეტად ბევრი იყო ეს სიხარული ერთი კაცისთვის, მოეჩვენა, რომ მთელი ქალაქის, ქვეყნის, სამყაროს გათბობას შესძლებდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს