ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
26 მაისი, 2022


მამულიშვილებს

26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა (ისე, მე თუ მკითხავთ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე 9 აპრილია)!

26 მაისი ასევე არის ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტად არჩევის დღე. 1991 წლის 26 მაისს მოსახლეობის ოთხმოცდაშვიდმა პროცენტმა საქართველოს პირველ პრეზიდენტად სწორედ ზვიად გამსახურდია აირჩია!

26 მაისი მერაბ კოსტავას დაბადების დღეცაა, 83 წლის გახდებოდა.

საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქართველი უდაოდ იყო მერაბ კოსტავა!

მერაბის ბედი ძალიან ჰგავს ლევან გოთუას ბედს, ასევე დიდებული ქართველის. შეიძლება ითქვას, რომ მერაბ კოსტავა ლევან გოთუას ბედის თანაზიარია.

ლევან გოთუა არაერთხელ იყო დაპატიმრებული და გადასახლებული ბოლშევიკების მიერ. მისი ერთადერთი „დანაშაული“ თავისი სამშობლოს - საქართველოს სიყვარული იყო.

ლევან გოთუას მსგავსად, მერაბ კოსტავაც გადასახლებული და დაპატიმრებული იყო კომუნისტური ხელისუფლების მიერ.

მერაბმა თავის თანაკლასელ და განუყრელ მეგობარ ზვიად გამსახურდიასთან ერთად ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში დაიწყო ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. სიმბოლურია რომ სწორედ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს - 26 მაისს იყო დაბადებული.

მამულიშვილების ბრძოლამ საბოლოოდ შედეგი გამოიღო და 1991 წლის 9 აპრილს - ზვიად გამსახურდიამ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა! სამწუხაროდ მერაბ კოსტავა ვერ მოესწრო დამოუკიდებლობის აღდგენას, 1989 წლის 13 ოქტომბერს - ავტოავარიის შედეგად დაიღუპა ბორითთან.

მერაბ კოსტავას ცხოვრებიდან ყველაზე დასამახსოვრებელი ალბათ მაინც მისი სიტყვით გამოსვლა იყო რუსთაველის პროსპექტზე 1989 წლის 9 აპრილს. მერაბმა შეკრებილებს შემდეგი სიტყვებით მიმართა:

„მამულიშვილნო, ძმანო და დანო! საქართველოს ისტორიაში ყოფილა დიდებული წამები და ეს წამი არის ერთ-ერთი უდიდებულესი. როდესაც ამ სამოცდაათი წლის მანძილზე, ამ ტანჯვასა და ვაებაში, ამ სისხლისღვრაში, პირველად, ასე შეკრული, ასე მთლიანი, წარმოდგა ქართველი ერი ღვთის წინაშე!“

„წამებულნი 9 აპრილისანი!“ - ასე უწოდა სამშობლოსა და სარწმუნოებისათვის მოწამეობრივად აღსრულებულმა ერისკაცმა - ზვიად გამსახურდიამ 1989 წლის 9 აპრილს რუსეთის ბოლშევიკური იმპერიის ჯარის მიერ რუსთაველის გამზირის ბრძოლის ველზე მომწყდარ ქართველებს.

დაბოლოს, ჩემივე ლექსით მინდა დავასრულო:


მამულიშვილებს


მამულიშვილნო! მიყვარხართ,
დიდია თქვენი ამაგი,
ჯიხვის რქით დამილოცნია
ჩვენი ჯიში და ალაგი.

იყო დიდგორი, შამქორი,
ცხრა აპრილი და შინდისი,
ყველა ერთგული ქართველი
არის ამ ქვეყნის სინდისი.

თავისუფლებას უმღერის
დღეს მათი შთამომავლობა...
სამშობლოს სამსახურისთვის
მამულიშვილებს - მადლობა!


ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები