ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
29 მაისი, 2022


ნათია გიორგიძის შესახებ

არიან ადამიანები, რომლებიც სამარადისოდ იბევებენ ადგილს შენს გულში, ყოველთვის იმას ფიქრობენ საკუთარი მოყვასი როგორ და რით ასიამოვნონ, მათ შემხედვარეს გინდა რომ სიცოცხლე არასოდეს დასრულდეს, სულ გვერდით გყავდეს... აი სწორედ ასეთი ადამიანების ჯგუფს განეკუთვნებოდა ჩემი დეიდაშვილი - ნათია გიორგიძე. სიცოცხლით სავსე იყო, ისედაც ლამაზი, ღიმილით კიდევ უფრო ალამაზებდა სამყაროს. 31 წლის ასაკში შეწყდა მისი მშვენიერი სიცოცხლე. მინდა რომ ლამაზი სულის ადამიანები უფრო ახლოს გაიცნოს საზოგადოებამ, რომ უფრო მეტად დააფასოს სიცოცხლე, რომ უფრო მეტად გაუფრთხილდნენ ერთმანეთს, რომ უფრო მეტად გაუღვივდეთ სიყვარული და პატივისცემა ნაადრევად გარდაცვლილ კარგი ხალხისადმი. დადიოდა ამ ქვეყნად ლამაზი სულის ადამიანი, ენერგიითა და სიცოცხლით სავსე ყმაწვილი ქალი, მიდიოდა და მიჰქონდა ქუჩა, მისი ღიმილი წამსვე არჩენდა უძლურს.

კარგი ადამიანები ნაადრევად მიჰყავს უფალს თავისთან, ალბათ უფალსაც კარგები უნდა თავისთვის, მაგრამ ჩვენ რა დავაშავეთ? ჩვენ - ადამიანებმა, რომლებსაც გვინდა რომ დიდხანს გვყავდეს გვერდით ჩვენი მოყვასი.

ნათიას ძალიან უყვარდა როგორც ქრისტიანული დღესასწაულები, ისე სახალხო დღესასწაულები. სახალხო დღესასწაულებიდან განსაკუთრებით უყვარდა 26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. „ეს დღე ჩვენიაო“, ხშირად მეუბნებოდა. ისე, მე თუ მკითხავთ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე 9 აპრილია!

უნიჭიერესი იყო, საოცრად უყვარდა ხელოვნება. 4 წელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანსამბლში ცეკვავდა, ასევე მშვენივრად უკრავდა და მღეროდა გიტარის თანხლებით. განსაკუთრებულად მღეროდა „არხოტო, სამშობლოს!“ ძალიან უყვარდა მოგზაურობა, ხშირად მოგზაურობდა როგორც ბარში, ისე მთაშიც. თავის მეგობრებთან ერთად ლაშქრობებში დადიოდა. ამ ყველაფერს იმიტომ გიყვებით, რომ მინდა საზოგადოებამ უფრო ახლოს გაიცნოს ასეთი ადამიანები, თუნდაც გარდაცვალების შემდეგ. ადამიანები მიდიან, კადრები კი რჩება.

დაბოლოს, ჩემივე ლექსით მინდა დავასრულო:

როცა ვსტუმრობ ,,საიმედოს“

სასაფლაოს შესასვლელთან, -
სამი დიდი ხე დგას ერთად...
ადგილს ჰქვია ,,საიმედო“,
მეც ვიღვრები ცრემლის წვეთად.

იქ ჩემი და განისვენებს,
ვარ კვლავ ცრემლშეუშრობელი,
ვიდრე გულიც მას იხსენებს,
მსურს: მწყალობდეს ღვთისმშობელი.

ვინც შემომრჩა, მინდა დიდხანს
ნუგეშად და რწმენად მყავდეს,
გაზაფხულის ყვავილივით
საქართველო ამიყვავდეს.

სასაფლაოს შესასვლელთან, -
სამი დიდი ხე დგას ერთად...
როცა ვსტუმრობ ,,საიმედოს“,
სულ ვიღვრები ცრემლის წვეთად

ნემსივით მჩხვლეტს რაღაც მკერდში,
თუმც ვარ ცრემლშეუშრობელი,
მჯერა: ყველა კარგ საქმეში
შემეწევა ღვთისმშობელი.

ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები