მეხუთე თავი
დამიანე 7 წელია “Old Cellar”-ში მუშაობს. ღვინის საექსპორტო კომპანიაა, თავად მარკეტინგის სამსახურის უფროსია. დადის სოფელ-სოფელ, მარნიდან-მარანში, კომპანიიდან-კომპანიაში, აგემოვნებს, აფასებს, ევაჭრება, ყიდულობს და გააქვს საზღვარგარეთ ქართული სიმდიდრე. ეს ქართული სულის გაპნევა კი არა, ქართული ჯიშის სხვებისთვის გაცნობაა, ერთგვარი დემონსტრირებაა, თავის მოწონება, - ედავება ერეკლეს, რომელსაც ჰგონია, რომ უცხოელი ქართული ღვინის ფასს ვერ გაიგებს. - რატომ, ერეკლე ბატონო, ღვინო მხოლოდ ქართველების საკუთრებაა? აგერ ბერძნებმა, ბახუსი, კაცი, რომელმაც პირველი ვენახი გააშენა, ღმერთად აღიარეს. ეგვიპტელებმაც გააღმერთეს ვაზის პირველი მიმგნები. მეტიც, მათთვის ღვინო იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ ფარაონებს სამარხში 6 სახეობის ღვინოს ატანდნენ. საუკუნეების განმავლობაში პირველობდა მევენახეობა-მეღვინეობის საკითხში საფრანგეთი, სხვათა შორის, რომ არა მათი მიგნებები ვაზის მღრღნელების წინააღმდეგ, ვინ იცის, როგორი იქნებოდა ამ დარგის ბედი, ახლა ესპანელების ღვინოს არ იკითხავ? - ღიმილით ეპასუხება დამიანე. - ფრანგმაც იცის, იტალიელმაც, არც ამერიკელი დაიწუნებს საფერავს, მაგრამ ქართველისათვის ღვინო მეტია, ვიდრე სასმელი, ქართველისთვის ქრისტეს სისხლია, სიწმინდეა. აბა ვაზის გაჩეხვა რატომაა, კაცო, ცოდვა? რა ვაშლის ხეს თუ ჭრი და ატმის, ყურძენი რაღაა? რა, ჩემო ბატონო, და შენ ხარ ვენახიო, არ გსმენია? ღვთისმშობელს გაუტოლა ქართველმა ვაზი, ამ ვაზის ჯვრით გაქრისტიანდა ერი, ამ დალოცვლით გაიგო ჯვრის მადლი და ძალა, აი, აქაა მთელი საქმე, მთელი ცხოვრების სიბრძნე.... ესეც რომ არ იყოს, მსოფლიოს არც ერთ მევენახეობის რაიონში არ მოიპოვება ვაზით ისეთი მდიდარი აბორიგენული ასორტიმენტი, როგორც ჩვენშია. ჩვენს წელთაღრიცხვამდე 431 წელს ქსენოფონტეს უნახავს და გაოცებულა ქართული ვაზითა და უზარმაზარი ქვევრებით. სხვა თუ არაფერი, თრიალეთის სამარხებში აღმოჩენილი ქრისტეს შობამდე 5000 წლით დათარიღებული ამფორა მოწმობს, ვაზის როგორი კულტურა ჰქონდა ქართველს. და რაც შეეხება ეგვიპტელებს, მათი ღვინის უძველესი ჭურჭლის გათვალისწინებით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ჩვენგან ისწავლეს ვაზის მოვლა. - გეთანხმებით, მაგრამ დღეს კონკურენცია ძალიან მაღალია. ქართული ღვინო ცოტა მძიმეა, მეტად ალკოჰოლიანი. - ამას თავისი მიზეზი აქვს: ძველად სპარსეთის მეფეებისთვის ურმებით მიჰქონდათ ქართლიდან და კახეთიდან ღვინო. როგორც ირკვევა, ჩვენმა წინაპრებმა იცოდნენ საექსპორტო ღვინის მომზადება, ის მეტი ალკოჰოლიანი უნდა ყოფილიყო, რომ ისპახანამდე ძალა არ დაეკარგა. - რა უცნაურია, სხვა ერები ნაბიჯ-ნაბიჯ ვითარდებიან, წინ მიდიან, სწავლობენ საკუთარი და სხვების გამოცდილების საფუძველზე, ჩვენ კი სულ უფრო უკან-უკან ვიხევთ, ვივიწყებთ ცოდნას, რომელიც გვქონდა. საინტერესოა, იმხელა ბაზრიდან ჩვენ ფაქტობრივად ადგილობრივი მოხმარების დონეზე დავეშვით და ახლა გვიწევს მსოფლიოს ჩვენი ღვინო გავაცნოთ, დავარწმუნოთ მის ისტორიასა და ხარისხში. - მაგას ბევრი მიზეზი აქვს, ჯერ დაავადებებმა გააჩანაგა ვაზი. მეცხრამეტე საუკუნეში ყოფილა მილდიუმა და იოდიუმი ისე მოდებული, წამიკითხავს, თავიდან დასჭირდათო ვენახის გაშენება. მერე მსოფლიო ომები, მუშახელი აღარ იყო ვაზის მისახედად. ამის შემდეგ, შენ ხარ ჩემი ბატონი, ბაზრებიც დავკარგეთ. აი, ასე მივედით იქამდე, ღვინის სამშობლოში დაბადებულმა ხალხმა სპირტის სმა დავიწყეთ. - მაგაზე ერთი ამბავი გამახსენდა. ახალგაზრდობაში მწერლობაში ვცადე ბედი, ჩემი წიგნი ახალი გამოსული იყო და სკოლები მიწვევდნენ შეხვედრებზე, გორში დამპატიჟეს, ბიბლიოთეკაში. იქ ერთი კარგი კაცი გავიცანი, კარალეთის სკოლის დირექტორი აღმოჩნდა და მთხოვა ხვალ ჩვენთან მოდიო. ხათრი ვერ გავუტეხე. საკლასო ოთახის ნაცვლად მარანში აღმოვჩნდი - კარგი ღვინო, მჟავე, დედას პურები. გავიკვირვე, თანამედროვე სკოლაში მარანი არ მინახავს-მეთქი. იმიტომაც ხართ ნარკომანები და გაუბედურებულებიო, - მომახალა დირექტორმა. თურმე ამ კაცს ნერგები უყიდია, სკოლის ეზოში ვენახი გაუშენებია, ბავშვებს თან ვენახის მოვლას ასწავლის, თან სახლში ატანს ნერგებს და ვენახს აშენებინებს. ჯერ ერთი ყველა ქართველმა უნდა იცოდეს ვაზიო და მეორეც, სახლში რომ კარგი ღვინო ექნება სპირტს არ იყიდის და გულ-მუცელს არ ჩაითუთქავსო... წლების შემდეგ ისევ მოვხვდი იმ სკოლაში, დირექტორი ვიკითხე და უჩივლაო ვიღაცა მაგისტრის დიპლომიანმა და ხარისხით აჯობაო, მოხსნეს თურმე ის კარგი კაცი. - გაგიკვირდა? - ჰკითხა ერეკლემ, - მე არა! ყველაზე მეტად უნდათ, ისტორია დაგვავიწყონ. უკულტურო, უწიგნური ადამიანის მართვაზე ადვილი რა არის? საითაც გაირეკავ, იქით წავლენ. ერთ ხანს გაჩუმდნენ, დამიანე სურათიდან მომღიმარ პატარა გოგოს ათვალიერებდა. - ეს პატარა ანგელოზი ვინაა? - იკითხა ბოლოს. - ეს? ეს ჩემი ქალიშვილია! - სიამაყე გაკრთა მასპინძლის ხმაში, - აი, ეს კიდევ მამაჩემია, მან დაიწყო აქ ვენახის მშენებლობა, ეს პირველი ყლორტია, - თვალები ეცრემლება ერეკლეს, მამა ახსენდება. ის პირველი ნაბიჯები. ძლიერი და გულმართალი მამა ჰყავდა ერეკლეს. მუდმივად მდუმარედ მოსიარულე, თვალებთბილი, ღიმილმოძალებული, მუხლჩაუხრელი. მამა ახსენდება და კიდევ უფრო ეძალება ბრაზი, ვის მისცემს, ვის გააჩეხვინებს მის ნაწვალებს, მის ნაშრომს, მისი ოფლით დანამულ მიწას?! ზვრებს შორის თითქოს ისევ ამჩნევს ხოლმე მამის ლანდს. ახლა კი, ვიღაც გადამთიელი მოსულა და ამ მიწის დასაკუთრებას ითხოვს. არა, ბატონო, ყველაფერს ვერ იყიდით, ყველაფერი არ ხურდავდება ოქროზე, არის რაღაცები, სულაც რომ არ გააჩნია შესატყვისი ღირებულება, განუზომლად დიდი და მნიშვნელოვანია. ახლა კი, ახლა მოსულან, ედავებიან, მერე და რაში? ეს რა მარტო მიწაა? ეს მისი სხეულია, მისი ნაწილია, ამ ვენახში და ამ ვენახთან ერთად მოკვდება და არ კი დათმობს. ფიქრს მიჰყვა ერეკლე, ფიქრი კიდევ გაწყვეტილი მარგალიტის მძივივით ჩამოიმარცვლა, მიჰყვა ერთმანეთს და გაიყოლა მასპინძელიც. ერეკლე ფიქრობდა მამაზე, დამიანე კი კედელზე გამოფენილ ისტორიას ათვალიერებდა: ერთ ფოტოზე ერეკლეს მამაა, პატარა ყლორტებით ხელში, ვენახის გაშენებას იწყებდა ამ სურათში, მერე ერეკლე ჩანდა, სულ პატარა იყო, მსუქანი მტევანი ეჭირა, იღიმოდა და გაზაფხულის მდელოზე ახლადახავერდებული ბალახივით ხასხასა თვალები ჰქონდა, წინ ორი კბილი აკლდა და სასაცილოდ გამოიყურებოდა. რთველის სურათია, იმ წელს გადაღებული, გასაოცრად დიდი მოსავალი რომ მოუვიდათ. მერე მოდიოდა არყის გამოხდისა და თონისპირზე დალეული პირველი ჭიქის ფოტოები. სულ ბოლოს ევის სურათები იყო, ერთგან ვაზს სხლავს ევი, სხვა ფოტოზე ერთ-ერთ კონფერენციაზე გამოდის სიტყვით. აი ის ფოტოც, ერეკლეს რომ ყველაზე მეტად უყვარს: მოკლე კაბა აცვია ევის, მაქმანებიანი საცვალი უჩანს, დაბერილი ლოყები აქვს, წითელი, მოთხუპნული პირი და ორი კიკინა. საწნახელში დგას, ყურძნის დაწურვას ცდილობს. მარჯვენა მხარეს თაროებზე ჭურჭელი გამოეფინათ, აქვე იყო განსხვავებული სასმისები, თიხის ფიალები, დოქები, მტვერდადებული ბოთლები. კედლეთან ხის მაგიდა დგას და რამდენიმე სამფეხა სკამი, მაგიდის თავზე ჭრაქია. იქვე აკიდოებია, ჯერ კიდევ კარგად შენახული, დაუჩამიჩებელი. დარბაზის ბოლოს ხის მოაჯირიანი კიბით სარდაფში ჩადიოდი. სარდაფის კედლები შეეთეთრებინათ, კარგა მოზრდილი საწნახელი და ქვევრები იყო, იქვე ყურძნის საწური მანქანაც ედგათ. ხის კასრები, დასაძველებელი ღვინოები. ზეთში დამბალი და ფისით შეწებებული ხის იატაკი. მასპინძელი თითოეული ნივთის ისტორიას უყვება: აგერ ამ ყანწით ფრანგ მხატვარს, ლუი კრუსს დავალევინე. აი, ეს გასაოცარი მინის მწვანე სასმისი იტალიელებმა გვაჩუქეს ვერონის ვენახებში სტუმრობისას. ამ მინის ბოცაში 30 წლის ღვინოა, ქალიშვილი, რომ შემეძინა იმ წელს შევინახე. შვილი რომ ეყოლება, მაშინ გავხსნი. ეს ყველაზე პატარა ქვევრია, ამ ქვევრებში ზედაშეს ვინახავთ... კიბემ გაიჭრიალა. დამიანეს თითქოს გუმანმა უგრძნო ევი უნდა ყოფილიყო და განგებ არ შებრუნდა, სურდა ქალის კიდევ უფრო დაინტერესება, მისი სასიამოვნოდ გაკვირვება. დამიანეს ცხოვრება ისე წავიდა, რომ იმ ერთადერთი, იმ ვერნაპონვი ქალის დასავიწყებლად, მუდმივად ქალების გარემოცვაში ტრიალებს. ისეთი მარტივად დაიგულებს ხოლმე ქალს სათავისოდ და მერე იმავე წამს ქრება ამ ქალის მიმართ ყოველგვარი ინტერესი. რაღაც სპორტად იქცა, შეჯიბრებად. იყო დრო, ვეძებო, არწმუნებდა საკუთარ თავს, მერე ხელი ჩაიქნია, მორჩა, ჩაიარა ცხოვრებამ, ახლა მხოლოდ ერთი გზაა წინ, ამ გზაზე მოვალეობები საგზაო ნიშნებივით აფრთხილებენ: იპოვნო ბედნიერება და იცხოვრო საკუთარი თავისთვის, ბავშვობაში ძილის წინ მოყოლილი ზღაპარივით ტყუილია. ცხოვრება მეტისმეტად სასტიკი რამეა და ის ბედნიერების შანსს არ გაძლევს, ის შენგან მოითხოვს გზის ბოლომდე გატანას. გზა კი, მოგწონს შენ თუ არა, არავინ გეკითხება და ხანდახან, იმ სევდად მოდიდებულ ღამეებში, გადაუხვევს ხოლმე გზიდან ტყისკენ დამიანე, მაგრამ იმავე ბილიკით უბრუნდება პირვანდელ წერტილს, გზისპირას მიტოვებულ მოვალეობებისა და საჭიროებებისაგან ავსებულ გუდურას მხარზე მოიგდებს და მძიმე ნაბიჯით მიჰყვება გზას. მაგრამ ახლა უცნაურად ასჩქარებია გული, თითქოს ეს სულ სხვა შესაძლებლობა და სულ სხვა გზაა - ხსნის გზა, თითქოს ევი არაა ჩვეულებრივი ქალი და არც მისი მოწვდილი ღვინო იყო ჩვეულებრივი. უკვე მთელი საათია ბჭობენ დამიანე და ერეკლე. ორივემ იცის ჭეშმარიტება, უბრალოდ ერთმანეთი ეკარგკაცათ, ეს დავა და აზრების პაექრობა მოსწონთ,თითქოს რაღაც ახალი აღმოეჩინოთ ქვეყანაზე. დათიკო კიდევ დგას და ხან ერთს ეთანხმება, ხან - მეორეს. წიგნი არ უკითხავს დათას, მაგრამ გული აქვს იმხელა, საგულეში ვერ ეტევა, ამოიღებს და მოგცემს საკუთარ სიცოცხლეს. არც ახლა აქვს საჭირო სიტყვები პაექრობაში ჩაერთოს, მაგრამ დაჰყვება უკან მხნე ნაბიჯით და ხდის ქვევრებს თავს, ჭურისპირს იჩოქება და ხაპით იღებს ღვინოს, იღებს და აგემოვნებინებს სტუმარს. მარჯვენას უქებს დამიანე ერეკლეს, მოსწონს ღვინო და ღვინოზე მეტად ცეცხლივით შემოგზნებია იმ ქალის გასაოცარი სურვილი, ახლა ზურგიდან რომ უახლოვდება. პატარა, მოზომილი ნაბიჯით, რომ მოდის და რაც უფრო მოკლდება მათ შორის მანძილი, მით ნაკლები ჟანგბადი რჩება და მერე, თითქოს ჰაერში იწევა დამიანე, უჰაერო სივრცეში ტრიალებს და აღარც ესმის ევის მისალმება, გუმანით გრძნობს და ღიმილით ბრუნდება მოსულისაკენ. დამიანეს ბოკალი მარცხენა ხელში გადააქვს და მარჯვენას მისასალმებმად უწვდის ევის. გაოცებული ქალი ერთ ხანს ვერ მოდის გონს, მერე დაბნეულობა მხრებს უმძიმებს და ათრთოლებულ თითებს აგებებს კაცს. დამიანეს საკმაოდ ბევრი ღვინო აქვს დაგემოვნებული, თუ დღეს უფრო ლამაზია ევი, არ იცის, ამიტომ ხელს აღარ უშვებს. ასე თითებს საყრდენივით ჩაჭიდებული მოიკითხავს ქალს, რომელიც ახლა ეჩვენება, რომ სულ იყო მის ცხოვრებაში, სულ უყვარდა, სულ სჭირდებოდა. - „Old Cellar“ მოხარულია, რომ გამოფენაზე თქვენი ღვინის დაგემოვნება შესთავაზეთ. იმედია, ნაყოფიერი იქნება ჩვენი თანამშრომლობა. ახლა კიდევ უფრო დაიბნა ევი. სუნთქვა შეეკრა. სიწითლე მოედო ევის, სიტყვები ვეღარ იპოვნა. წავალ სამზარეულოში, ნინას დახმარება უნდაო, იცრუა. ნიშნისგებით გააყოლო თვალი დამიანემ ევის, ზღვაზე იმ უეცარი შეხვედრისა და განშორების შემდეგ, სამაგიეროსავით ჟღერდა აქ მისი უცნაური გამოჩენაევი სამზარეულოში შევიდა და მაგიდასთან უღონოდ ჩამოჯდა. - ნინა, გთხოვ, ყავა მომიმზადე და მერე ყველაფერში მოგეხმარები, - ბავშვივით შეეხვეწა ნინას, რომელსაც თონიდან ახლადამოყრილი პური მაგიდაზე გასაგრილებლად ჩაემწკრივებინა. - ოო, ახლა შენი ამბავი რომ ვიცი, არ მორჩები ხვალამდე მაგ ყავის სმას, - წაიბუზღუნა ქალმა და მკვირცხლი მოძრაობით ყურმოტეხილ ფინჯანში ყავა დაუსხა. - ხომ იცი, სანამ არ დავლევ, ვერაფერს გავაკეთებ, - თავი შეაცოდა ევიმ, ფინჯანი ხელებში მოიქცია და ფანჯრიდან გახედა ვენახს. ზვრებს შორის ერეკლე და დამიანე გაჩერებულიყვნენ. სტუმარი ვაზის ფოთლებს ხელით სინჯავდა, რაღაცას ეკითხებოდა მასპინძელს. უცნაურად აფორიაქდა, აღელდა. ყავა მოსვა. ყავამ საღი აზრი მოიტანა. ყავის გარეშე ევის ცხოვრება წარმოუდგენელი იყო, არ შეიძლებოდა დილის უყავოდ დაწყება, მთავარი ყავა კი არა, პროცესი იყო: ის უნდა დამჯდარიყო მოკეცილ ფეხზე, ხელებში მოექცია, დაბზარული ფინჯანი და უსიტყვოდ ესვა ყავა. ბოლომდე თითქმის არასდროს სვამდა, ნახევრამდე ძლივს ჩადიოდა, მერე ეჭირა ხოლმე ხელში გაციებული ფინჯანი და სადღაც სხვაგან იყო, სხვა ფიქრებში, სხვა სამყაროში. სანამ ევი ყავას სვამდა, ნინამ სუფრა ვერანდაზე გააწყო. აქედან მთელი ველი ჩანდა, აბიბინებული ზვრებიდან მოდიოდა სიგრილე. იუარა ნინამ, სუფრასთან ვერ დავჯდები, ქურას უნდა მივხედოო, ცხელ-ცხელ ხაჭაპურს მოგიტანთო მალე. სუფრას კი ხაჭაპურის გარეშეც არაფერი აკლდა. ყველაზე მთავარი იგრძნობოდა, ვალდებულების გამო არ შეწუხებულიყო დიასახლისი, სითბოთი სავსე ღიმილით დაიარებოდა, გულღიად... ისე უშუალოდ ესაუბრებოდა სტუმარს, დამიანემ თავი შინ იგრძნო, ბებიის სახლი გაახსენდა - თავისი ბავშვობა. შეუქო დამიანემ ნახელავი ევის, იუარა, ქებას ვერ მივიღებ, დიასახლისობის დიდი ნიჭით არ გამოვირჩევი, ნინას დამსახურებააო. - ეს, ბატონო დამიანე, შემთხვევითაა ქალად დაბადებული, ამის საქმე ქურა და კერძები არაა, სამაგიეროდ, ღვინის უმაღლესი სპეციალისტია, ბარე ორი კაცი მანახვე ისე იცოდეს ვაზი, როგორც ევიმ. ღვინო და ცხენია ამისი საქმე. რომ არ მოიკითხო, ველად გაიჭრება, თავისი ცხენითა და თოფით და უნდა ეძებო მერე ტყე-ტყე. - ცხენი და თოფი? ამას, ალბათ, ხუმრობთ, დათა ბიძია, - გაიკვირვა სტუმარმა. - იჰ, რას ვხუმრობ, შენ რომ იცოდე, ეს რა ჯიბგირი იყო... ევის შერცხვა, ცდილობდა, დათასთვის ენიშნებიდა, გაჩუმდიო, მაგრამ კაცს საშუალება მისცემოდა თავის გოგოზე ელაპარაკა და ახლა მისი შეჩერება შეუძლებელი იყო. - გაბრაზებდათ? - დაინტერესდა დამიანე. ახლა ისეთ სითბოს გრძნობდა, ისეთ სიახლოვეს, თითქოს ეს ქალი მისი ნაწილი ყოფილიყოს. ყველაფერი აინტერესებდა, სურდა, მასზე ყველა წვრილმანი სცოდნოდა. - ეეჰ, ამას ისეთი თავგადასავლები ჰქონდა, - ორი თითით მოიწმინდა ტუჩის კუთხეები და უკბილო პირით შესცინა დათამ, - არ გაგვექცა კია და მთელი ქედები სირბილით მოგვატარა?! - კარგი, დათა ბიძია! - ვეღარ შეიკავა თავი და უსაყვედურა ევიმ, - რა დროს ჩემი თავგადასავლებია, მამას გავხედოთ, ამდენი ხანია ვალოდინებთ სტუმარს, - ევის ერთი სული ჰქონდა, დამიანესთან მარტო დარჩენილიყო და გაეგო რა ხდებოდა. ეს კაცი - ასეთი სასურველი და ახლობელი - მაინც ვინ იყო და რა სურდა მისგან. მაგრამ დათას თითქოს ევის სიტყვები არც გაეგოს, სტუმრის ინტერესი რომ შენიშნა, კიდევ უფრო მოეგუნება ლაპარაკი. - ერთხელ, ათი-თერთმეტი წლის იქნებოდა, რაღაცაზე გაგვიბრაზდა, მოახტა ცხენს და გავარდა. ეს რომ ცხენს გააჭენებდა, მერე აღარც შიმშილი ახსოვდა, აღარც წყურვილი. გაფრთხილებული გვყავდა, მზის ჩასვლისთვის უნდა მოესწრო სახლში. ჩვენ, მე და მამამისი, ვენახში გავედით - გაფურჩქვნის სეზონი იყო. მოვედით სახლში და დაგვხვდა ჩემი ქალი გაგიჟებული, ბავშვი არ მოსულაო, ზის და ტირის, გამოთქვეფილი აქვს ლოყები. აბა ბავშვი არ მოსულაო და, დავყარეთ ეგრევე რაც ხელში გვქონდა და გავიქეცით. მივრბივართ, მაგრამ ახლა არ იკითხავ სად მივრბივართ? წარმოდგენა არა გვაქვს. გავრბივართ და თან მთელი ხმით ვყვირით. კი ვიცით, აქ ევის ყველა იცნობს და თუ სოფელშია ბუზის აფრენას ვერავინ გაუბედავს, მაგრამ, ვაი თუ ტყეში დაუღამდა?! საწყალ ერეკლეს, თუ გული არ გაუსკდებოდა მაშინ, არც მეგონა. - სად იყო? - ვეღარ მოითმინა ამბის დასრულებამდე აღელვებულმა დამიანემ. - აგერ, - ხელი გაიშვირა დამიანეს ზურგს უკან აღმართული მთისკენ დათამ, - იმ მთის ძირში ვიპოვნეთ. - გზა ვეღარ გამოიგნო? - ისე აჩქარებოდა დამიანეს გული, თითქოს ეს ქალი მართლა მისი საკუთრება ყოფილიყო და დაჰკარგვოდა. - დაიკარგა არა კიდე ისა, - ხელი ჩაიქნია დათიკამ, - ცეცხლი დაენთო და იჯდა ასე არხეინად, რომ დაგვინახა, ზურგი გვაქცია, დღეიდან აქ ვიცხოვრებ, ვინადირებ და როცა მომშივა, ხორცს შევჭამ, თქვენი არაფერი მინდაო. - ღმერთო! - მძიმედ ამოისუნთქა დამიანემ და გაიცინა, - როგორ გადაგირჩათ ცოცხალი? - მისმა თვალებმა კი მტაცებლური მზერით შეხედეს ევის და ურცხვად უთხრეს: ცუდი გოგო ყოფილხარ შენ, ევი, სიამოვნებით დაგსჯიდი. - უჰ, გიყვარდეს, - გაეცინა დათასაც, -მამამისმა მთელი ზაფხული გამოკეტა სახლში. ცხენთან მიკარება აუკრძალა. ეს ისეთი ჯიქი იყო, გული გვიკვდებოდა მისი ცოდვით, ნინა ამის ოთახის კართან იჯდა და ტიროდა მთელი ზაფხული. ერეკლესაც ძვლები ეწვოდა ცოდვით, ელოდებოდა ერთი სიტყვა ეთქვა, ეთხოვა მაპატიეო, ყველაფერს დაივიწყებდა, მაგრამ ეს და პატიების თხოვნა?! - ისევ ჩაიქნია ხელი დათიკამ. - ღმერთო, თქვენ ძალიან საშიში ყოფილხართ! - გაოცება ვერ დამალა დამიანემ. - გეთანხმები! სიცოცხლისათვის ვარ საშიში, - ეშმაკურად გაიღიმა ქალმა. - ღირს გარისკვად, - დაბალი ხმით გადაულაპარაკა დამიანემ. - ეგ რა არის, - აგრძელებდა დათა და თან მადიანად აბოლებდა თუთუნს. დამიანეს გულში სიხარული გაუკრთა, რომ ახლა შეეძლო ამ ქალის გვერდით ყოფნა, ქალის, რომელიც ისეთი კარგი იყო, არ შეიძლებოდა ნამდვილი ყოფილიყო. მას მხოლოდ სიზმარში შეეძლო ეარსება, მხოლოდ ოცნებაში შეეძლო ეცხოვრა. ნუთუ ჯერ კიდევ შემწევს უნარი ზმანებების ასეთი ძალით განცდის? - იფიქრა კაცმა და ძველი დრო გაახსენდა, ის დრო, სრულიად წარმოუდგენლის რწმენაც რომ შეეძლო, ის დრო, საერთოდ როცა სწამდა რამის. „ახლა რისი გწამს, დამიანე?“ - შეეკითხა საკუთარ თავს. - არა, მაინც რას აკეთებდი ტყეში? არ გეშინოდა? - იკითხა დამიანემ. - რას აკეთებდა და მაშინ დაიწყო წერა, - საუბარში ჩაერია ნინა, რომელსაც ხაჭაპური გამოეტანა და მაგიდის კუთხესთან ჩამომჯდარიყო. - წერა? - გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა დამიანეს. - აბა, არ იცოდი?! - ისე გაიკვირვა ნინამ, თითქოს დანაშაული ყოფილიყოს ევის უნარების არ ცოდნა, - ისეთ მუსიკას წერს. - კომპოზიტორი ხარ?! - არა, არა, უბრალოდ ჩემთვის ვერთობი, ამათ არ უნდა მოუსმინო, - თვალით მოხუც ცოლ-ქმარზე ანიშნა ევიმ და მინერალური წყალი მოსვა. - წერს კიდევაც და უკრავს კიდევაც, - დაამატა დათიკამ, მერე მარნიდან მომავალი ერეკლე დაინახა და გაჩუმდა. იცოდა, არ უყვარდა ერეკლეს ევის ქება. ბავშვობიდანვე ამაზე ჰქონდათ დავა, კარგი თუ რამე აქვს, ამის შესახებ თავადაც ეცოდინება და ცუდი უნდა უთხრა მხოლოდო. მით უფრო, ძალიან ბრაზდებოდა, შვილს თუ სახალხოდ შეუქებდნენ, სირცხვილია, სხვებმა თქვან თუ კარგია. ნუ გეშინია თავმდაბლობით ისეც არ გამოირჩევა და ჩვენი ქება-დიდება აღარ სჭირდებაო, - ეტყოდა ხოლმე ერეკლე ნინასა და დათას. ერეკლეს შვილის ქება არ უყვარდა, მაგრამ ევიმ იცოდა, მისი წინსვლა არავის ისე არ ახარებს, როგორც მამას. არც სჭირდება, არც ელის ერეკლეს სიტყვებს, ევიმ დიდი ხანია უსიტყვო ამბების მოსმენა ისწავლა. ახლაც მამაზე ფიქრობს ევი, მოეწონებოდაო უთუოდ დამიანე. მომიწონებდაო არჩევანს. არც მაშინ იტყოდაო არაფერს, მაგრამ გულში შემაქებდაო, - გაუხარდა ევის, როცა მიხვდა, რომ მისმა გულმა მამის მოსაწონი კაცი იპოვნა. მერე საკუთარ ნაფიქრს შეუბღვირა, რა არჩევანზე საუბრობო, ევი, რაებს ბოდავო. მალულად გახედა დამიანეს. რა უცნაურად თბილი თვალები აქვსო, თითქოს მილიონი მზე ჩაუმწყვდევიათო მასში. ან იქნება ტკივილები დაუნთიაო და კოცონი თუ მათბობსო ასე. ხელებს მივუფიცხებდიო ამ ცეცხლს, იფიქრა ქალმა. აზრი ერეკლეს გამოჩენამ გაფანტა. სუფრას მიუჯდა მასპინძელი, მოიბოდიშა დაგვიანება. ოჯახი დალოცა სტუმარმა, ხაჭაპურის დანა-ჩანგლით გაჭრა დააპირა, მაგრამ მერე ეს ფორმალობები ეზედმეტა, შუაზე გაკეცა და მადიანად ჩაკბიჩა. დუმილი ჩამოდგა. ეს წვეულება, ცხადია, არ იყო, იცოდა დამიანემ, ერეკლესა და ევის თანამშრომლობის დეტალები აინტერესებდათ, მაგრამ ამ ქალის კიდევ ერთხელ ნახვის სურვილი საღ აზრს ფანტავდა. კონტრაქტის პირობები კარგი მიზეზი იქნებოდა მისი კიდევ ერთხელ და შედარებით არაფორმალურ გარემოში ნახვისო, იაზრა. უსიტყვობა დიდხანს გაგრძელდა, სიჩუმე სულის ამოხდას ელოდა. - აღარ უნდათ, აღარც ვაზი უნდათ, აღარ მიწა უნდათ, აღარც მუშაობა. აღარ უყვართ. რომ აღარ გიყვარს, იმას ვერ მოუვლი, ისიც არ მოგცემს მოსავალს. ვაზი უსულო კი არაა, ცოცხალია, დაელაპარაკები მოგისმენს და გაიგებს, მოეფერები და ისიც ცდილობს, პატივი გცეს, რაიმეთი გასიამოვნოს. ბევრ კაცზე უფრო ჭკვიანიც არის და გამგებიც, - უთხრა ერეკლემ. - ბატონო ერეკლე, მე მახსოვს ეს მხარე. მამას ჰყავდა ბიძაშვილები, გვერდით რაიონში ცხოვრობდნენ. ხშირად დავდიოდი მათთან ბავშვობაში. ბებო ჰყავდათ ფილოლოგი, შეიძლება იცნობდით, ქალბატონი რუსუდანი, - კი, გამიგიაო, დაუდასტურა ერეკლემ, ქალი იყოო უჭკვიანესი. ამბობდნენ, მთელ მხარეში არ ექნებათ იმდენი წიგნი ნანახი, მას რომ წაკითხული აქვსო. - უჰ, წიგნებს ნუ იკითხავ. ბიბლიოთეკა ჰქონდა ისეთი, - გააგრძელა დამიანემ, - სახლში ყველა კუთხეში წიგნი იყო. უნიკალური გამოცემები ჰქონდა. საწყალი, წავიდა და გაჩანაგდა ყველაფერი. მაგას ორი ბიჭი ჰყავდა თუ გახსოვთ, დიდი საბერძნეთში წავიდა საცხოვრებლად. უმცროსი - მხედრიონში იყო. კი იცით, ბევრი რისთვის წავიდა იმ დაწყევლილ ომში, ჩამოვიდა კიდევ უფრო გაუბედურებული. ჰოდა, ის ბიბლიოთეკა - რუსიკო დეიდას მთელი სიმდიდრე - არაყზე გაცვალა. - ვიცი ეგ ოჯახი. რომ არ ეკადრებოდა რუსუდანს, ისეთი კაცი გახდა. ჯერ იქ ძარცვა და გლიჯა რაც შეეძლო, მერე აქ იდგა დღე და ღამ ქუჩაში ავტომატით და აწიოკებდა სოფელს. გაუბედურდა ოჯახი სულ, ცოლ-შვილმა მიატოვა, მარტო ამოხდა სული. ცოდოა ახალგაზრდა კაცი, მაგრამ, ჩემო დამიანე, ძმის სისხლი - იმ უბედურებაში სარგებლის პოვნის მცდელობა - არავის შერჩება. ყველას უკვირდა, თუ კი მათ რაიონში კარგი კაცი იყო, თუ ვინმესგან ადამიანი დადგა, რუსიკოს დამსახურება იყოო და თავისი შვილი, ვერ... - მართლა საოცარი ქალი იყო. ჩემთვის, ერთგვარად, ცოდნის საზომი. მთელ ზაფხულს იქ ვატარებდი, სულ ვფიქრობდი, ნეტავ ოდესმე მეც თუ გავხდები ისეთი ჭკვიანი, რომ ამდენი წიგნის წაკითხვა შევძლო-მეთქი. მერე კი მივხვდი, რომ ჭკუას წიგნები არ გაძლევს და სულაც არ გხდის უკეთესს მხოლოდ წაკითხული წიგნების რაოდენობა, წიგნების ხარისხშია საქმე და კიდევ, შენ რისი გაგება შეგიძლია ამ ხარისხიანი წიგნებიდან. დეიდა რუსუდანის გვერდით ჩამოვჯდებოდი და საათობით ვუსმენდი მიყვარდა მის გვერდით ყოფნა. წიგნს წაიღებდა, სახლიდან მოშორებით დაჯდებოდა მიწაზე და კითხულობდა. მიწაზე რომ ზიხარ, უკეთ თუ კითხულობს-მეთქი ვფიქრობდი, არა და საწყალი ქალი, სახლის ხმაურს გაურბოდა. ჰოდა, სადაც მე და რუსუდანი ვსხდებოდით წიგნის საკითხავად, იქიდან მთელი ეს მხარე ჩანდა, უსასრულოდ დიდი ვენახები იყო. თვალუწვდენელ მინდვრებზე გადაჭიმული ზვრები. ამ დილით რომ მოვდიოდი, ვფიქრობდი, რა მიაგნებს-მეთქი აღდგომელაშვილებს და გაოცებული დავრჩი, სულ ორი-სამი ვენახიღაა, რა დაემართა იმ ზვრებს? - ეს ვაზები მთლად ვენახებისა და ღვინისთვის კი არ იყო, სტრატეგიულ ზოლს წარმოადგენდა. მტერი პირველად ჩვენ შემოგვესეოდა, შემოდიოდნენ და აქედან იწყებდნენ ბრძოლას. თუ ვერ აკავებდნენ მტერს, გარბოდნენ ქართველები, უკან იხევდნენ და მერე იმ მიტოვებულ ადგილას იმაგრებდა მოსული ფეხს. ჩვენმა წინაპარმა ვენახები გააშენა, როგორც რთგვარი საზღვარი, ეს ვენახი სამშობლოს სიმბოლო იყო და ყველას თავისი წილი სამშობლო უნდა დაეცვა. ყველაზე გამორჩეული მებრძოლები ჩაასახლეს ამ მიწებზე. ვაზს კიდევ უბრალოდ მოვლა კი არ უნდა, სიყვარული სჭირდება, როგორც შვილს არ დატოვებ მტრის ხელში, ისე ვენახს ვერ მიატოვებ და ამიტომ იმ პირველ შემოტევას ღირსეულად უძალიანდებოდნენ. ამ ვაზებით, ამ ღვინით მარაგდებოდა მთელი ეკლესია. საბარძიმე ღვინო იყო. მოვიდოდა მტერი, ერთ ძირს გადათელავდა? მის ნაცვლად ათს ჩარგავდნენ. ახლა კიდე, - ხელი ჩაიქნია ერეკლემ და ხელში შერჩენილი ჭიქიდან ბოლომდე გამოცალა საფერავი. გაუმარჯოსო, ჭიქა ასწია დამიანემაც და ღვინო მოსვა. ეამა. ცოტა ხანს ჩუმად იყვნენ, მერე ისევ მიუბრუნდა სტუმარი ერეკლეს: - რა დაემართა ახლა იმ ვენახებს? - გაჩეხეს! ჯერ იყო და მთავრობის შეცვლა რომ უნდოდათ, მოვიდა ოპოზიცია და გადაუხადა ხალხს ფული, ვითომ ხელისუფლებაზე ისე ხართ გაბრაზებულები, რომ ვაზებს ჩეხავთო, რა იყო, ჩვენს ქვეყანაში მოღალატის პოვნა გაუჭირდებოდათ?! მიჰყვნენ და ძირში დაჩეხეს. იჯდა საწყალი მამაჩემი და ხმამაღლა ტიროდა. რა იყო, კაცო, შენსას ხომ არ ჩეხავენ, დამშვიდდიო, აწყნარებდა დედა. ადამიანების გადაგვარება მატირებს, თორემ ჩემი ვინ უნდა გაჩეხოს, ხომ გამოვღადრე ყელი და ჩავმარხე ამ ზვრებშიო. წავიდნენ, აბა აქ ვიღა გააჩერებდა მოღალატეს. ვიფიქრე, ეს ამბავი დააფიქრებს ხალხს, იქნება უფრო მეტი სიყვარული იგრძნონ-მეთქი, მაგრამ შენც არ მომიკვდე, არ გასულა ორი-სამი წელი და არ დაიწყეს ამ ვენახების გაყიდვა? დიდძალ ფულს იხდიდნენ, წახვიდოდი ქალაქში იმ ფულით და წლები ფეხი-ფეხზე გადადებული იცხოვრებდი. ჩემთანაც მოვიდნენ, რაიონის თავკაცი მოჰყვა: შენ, ერეკლე, უკვე დაბერდი, რამდენიმე წელი და ეგაა, ამ ვაზს ვეღარ მოუვლი. ვაჟი არ გყავს, ეს გოგო კიდევ რას მიხედავსო. შენ ჩემს ქონებაზე ნუ ნაღვლობ და ისე თამარიც კი იყო ქალი და რომელი ხართ თქვენს მთავრობაში იმისი ფეხის მტვერის ფასი-მეთქი, - ვუთხარი. მიწყინა და წავიდა. მაგრამ მარტო მე ხომ არ ვარ? დაითანხმა ხალხი. კაცი რომ ფულზე სულს გაყიდის, მაგას რაღა უნდა ელაპარაკო. მივადექი ისევ მთავრობას, ვუთხარი: შენ თუ არა, პაპაშენი ხომ არის-მეთქი ამ მიწისთვის მკვდარი, არ ქნა, არ გააყიდინო ეს ვაზები მტერზე. ვინ მოდის ხმლის ქნევით, რაღა დროს ეგაა, მორჩაო ეს ვაი პატრიოტიზმი. კაცო, მტერი მტერია, ხან ხმლით მოვა და ხან სიტყვით, ერთი იყოს, მოიქცევ შუაში, ღალატს იკადრებს და ჩაკლავ, მაგრამ ერთი შენღა რომ რჩები ამოდელა ადგილზე, ამოგკრავს პანღურს და როცა იმ რჯულისა და ჯიშისა იცხოვრებს, ის საზღვარიც გადმოიწევა და კიდევ ეგ გვინდა, ისედაც მარტო საზღვარიღა დავრჩით-მეთქი. რა ვქნაო, შეიშმუშნა, ზემოდან თქვეს, ინვესტიციას ხელი არ შეუშალოთო. შე უტვინო, ინვესტიცია ქვეყნისთვის გინდა და თუ ქვეყანა აღარ გექნება, ინვესტიციას რაღა თავში იხლი? მაგრამ რა ქვეყანა, ბიჭო, რის ქვეყანა! ჭამონ და აჭამონ შვილებს, არც შიში აქვთ, ჩვენთან როდის იყო ვინმეს ავკაცობისთვის პასუხს ვთხოვდით? - ერეკლემ ყველი აიღო, თონის პურს ყუა წაატეხა, უგულოდ გაღეჭა, მადა დაჰკარგვოდა, ისევ თეფშზე დააბრუნა პური, იდაყვები ჩამოაყრდნო მაგიდას, დამიანესკენ გადაიხარა და თითქოს საიდუმლოს ანდობდა ისე უთხრა: - შენ რასაც იხსენებდი, ეგ ვენახები ახლა სულ იმ ძაღლებს ეკუთვნით, ჩვენ, ეს რამდენიმე მევენახეღა ვუშლით ხელს. ეს მიწაც თუ ჩაიგდეს ხელში, დაიწყებენ ქალაქის მშენებლობას. დასავლეთით პატარა ვენახი რომ ჩანს, ვალერასია, კარგი კაცია ეგ, კარგი ქართველი, ჰოდა, მაგისი შვილი მუშაობს საპროექტოში. იმ ბალღს უნახავს, დიდი გალავნით შემოღობილი ქალაქის პროექტი აქვთ თურმე, თავისი სამლოცველოებით, სკოლებითა და სასაფლაოებით. ვასკდებით გულს, მაგრამ პატრონი არა გვყავს. წინათ მთავარსარდალი მოკვდებოდა და ომი წაგებული იყო, არ იცოდა მხედარმა საით წასულიყო, რა ექნა. ახლა, შვილო, მთავარსარდალიც მოგვიკვდა, სარდლებიც სულ დაწყდნენ და ხიდებიც გადამწვარია, მაგრამ ევის რას ვეუბნები იცი? სიცოცხლე არც არაფერია, ისაა, რაც გაგიკეთებია, და მე ჩემდა თავად და იმედია, ჩემს შვილსაც, რაღაც მნიშვნელოვანისთვის სიკვდილი გვირჩევნია, დიდხანს და მაძღრად ცხოვრებას! დაასხიო, ანიშნა ერეკლემ დათიკას. ხელი წამოავლო ჭიქას, ვინც ამ გაჭირვებულ და უბედურ ქვეყანაში ადამიანად დარჩა, ვინც თავისი კაცობა არ გაყიდა, იმ ხალხს გაუმარჯოსო, - თქვა და დალია. ნიკაპზე შერჩა ღვინის წვეთი, ხელის მტევნით მოიწმინდა. ნაღდ კაცებს გაუმარჯოსო, - თქვა დამიანემაც. აგრე იყოსო, კაცობისა და ადამიანობისა ყოფილიყოსო, დაკოჟრილი ხელით ასწია ჭიქა დათიკამაც. - ახლა რომ ვარ, ასე არ გამიჭირდებოდა, მაგრამ კრედიტი ავიღე, ბანკს ვესესხე, - თქვა ერეკლემ ცოტა ხნის შემდეგ, - ვიცი, დამახრჩობს ეს ვალი, მაგრამ გავუძლებ! რქა ვიყიდე, სულ ქართული ჯიშია, აგერ იქ, მომიჯნავე მიწაა, ჯერ არ ჩაუგდიათ ხელში, მე შევისყიდე, უნდა მივხედო და ვაზი ჩავყარო. მე ვაზს ჩავყრი, დათიკა თავის წილს გააკეთებს, შენ შენსას და რაღაც იყოს იქნება. თორე სულ იმას ვფიქრობ, სამოცდახუთს გადავაბიჯე უკვე, წავალ მალე და იქ რომ დამხვდებიან ხმალამოწვდილი ბავშვები, 12-13 წლისანი, ამ მიწისთვის დახოცილები და მკითხავენ: ერეკლევ, მე აკვნიდან რომ ვიცავდი, თვალი გახელილი რომ არ მქონდა და მომკლეს, ჩემი სისხლით რომ გავჟღინთე, ის მიწა ნოყიერი გამოდგაო? ხომ კარგად მიმიხედეო? - რა ვუპასუხო? ვუთხრა, შენ რომ თავი წაგაცალა იმ ურჯულოს შვილშვილს სარფიანად მივყიდე-მეთქი?! კიდევ ბევრი ისაუბრეს. დამიანეს ასე ეგონა, ცარიელი ვიყავი და ავივსეო, სხვა სული ტრიალებდა, სხვა ფერი ჩანდა აქედან მთებიც. კარგა ხანს გაგრძელდა სადილი. შენაცრისფრებულმა ღრუბლებმა მთები დამალეს. ზვრებს ძილისწინ თავსმოხვეული ფიქრებივით მოაწვა ბინდი. ღვინოსმულ დამიანეს მზერა აღარ ემორჩილებოდა. ევის თვალს ვეღარ აშორებდა, შეჰყურებდა მის მოღერილ ყელს, თითქოს მისი გულის გასახეთქად მკერდთან შეხსნილ ღილს, თითებს, მალი-მალ, რომ ეალერსებოდნენ საკუთარ კისერს. თავს ვეღარ იმორჩილებდა, დრო იყო ამ ქალს გასცლოდა, წამოდგა. წინ გადაუდგა ერეკლე, საჭესთან მთვრალი ვერ დაჯდებიო. - არა, მე სიცოცხლეს არ ვრისკავ, ჩემსას არ ვჩივი, სხვისი სიცოცხლე მენანება, - თქვა და ჯიქურ შეხედა ევის თვალებში, იმდღევანდე დაუმორჩილებლობაზე მიანიშნა, - ტაქსის გამოვიძახებ. - მე წაგიყვან, - წამოიძახა ევიმ და საკუთარმა ნათქვამმა გააკვირვა. გაოცებულმა მოხედა შვილს ერეკლემ. - მაინც ქალაქისკენ მივდიოდი, დამავიწყდა მეთქვა, დღეს მიასთან ვრჩები, - განმარტა ევიმ და საკუთარ თავზე გაეღიმა, როდის შემდეგ ვიგონებო ტყუილებს ასე მოხერხებულად. თუმცა რატომაც არა, საუკუნეა მიაკო არ მინახავს, გაუხარდება, - გაამართლა ფიქრში საკუთარი ტყუილი. სიამოვნება ვერ დამალა დამიანემ. ქალს ტყუილს მიუხვდა და თავისად დაიგულა, თავისად მიიღო. თითქოს მის ცხოვრებაში ახალი ერა დაწყებულიყო. ახალი კარი გახსნილიყო. კარს მიღმა იდუმალებით მოცული, საშიში სამყარო იყო, ევიმ მესაიდუმლის ღიმილით შეხედა დამიანეს და მოუბოდიშა ხუთ წუთში დავბრუნდებიო.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ეს წაკითხული მქონდა და ამის შემდეგიც აქ მახსოვს მაშინვე ვერ მივხვდი მუხას კომენტარს ტაქსი რა შუაში იყო?
გოგო ცხენითაც და მანქანითაც ერთნაირად დადის და ტაქსს აკადრებდა ან ტაქსს რაღა გაყოლა უნდოდა? ეს წაკითხული მქონდა და ამის შემდეგიც აქ მახსოვს მაშინვე ვერ მივხვდი მუხას კომენტარს ტაქსი რა შუაში იყო?
გოგო ცხენითაც და მანქანითაც ერთნაირად დადის და ტაქსს აკადრებდა ან ტაქსს რაღა გაყოლა უნდოდა?
3. საინტერესოა უფრო და უფრო საინტერესოა უფრო და უფრო
2. დიდი მადლობა, მუხა. <3 დიდი მადლობა, მუხა. <3
1. კარგად წერთ ყველაზე დიდი მავნებლობა იყო ვაზების აჩეხვის პერიოდი.
ქალი მაინც ქალია, საინტერესოა , ევი მობრუნდება ხუთ წუთში და დამიანეს ტაქსით გაჰყვება? დაველოდებით გაგრძელებას. კარგად წერთ ყველაზე დიდი მავნებლობა იყო ვაზების აჩეხვის პერიოდი.
ქალი მაინც ქალია, საინტერესოა , ევი მობრუნდება ხუთ წუთში და დამიანეს ტაქსით გაჰყვება? დაველოდებით გაგრძელებას.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|