ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლ. ლორია
ჟანრი: პროზა
30 მაისი, 2022


ეშმაკის მარცხენა ფეხი

                     
- ალო, დედა, მე  ვარ...
- ხო,  შვილო!  სად ხარ  შვილო?!  სად დაიკარგე, რა ნომრით რეკავ?
- დედა, ბრონირებულ  მანქანა მოვა  და შენ და მამა  გამოყვებით!
- რატომ შვილო!
- შეტევა მზადდება  ჩვენ  სოფელზე!  მეზობლები გააფრთხილე, გაიხიზნონ!  სად არის მამა , დაუძახე! 
- მამაშენი ომშია,  შვილო!
- რა ომში, გაგიჟდა? მე მეომება?
- მე უკრაინის მოქალაქე ვარ და ჩემი ქვეყანა უნდა დავიცვაო!
- სად არის ახლა?
- სოფლის შემოსასვლელთან!  ხიდთან,    თავდაცვით ზღუდეზე  ვიქნებიო, ასე დამიბარა.
- საერთოდ არ  გიყვარვართ არც შენ , არც მამას?!
- რატომ ამბობ,  შვილო ამას?
- ხო იცით  რომ რუსული არმიის პოლკოვნიკი ვარ.  მე ვარ ოფიცერი,  რომელიც ვასრულებ ბრძანებას.  ზუსტად ვიცი ჩვენს სოფელზე მზადდება  შეტევა.  მე ვთხოვე ამ შეტევის გადავადება,  იმიტომ რომ  თქვენ გაგიყვანოთ! ხელმძღვანელობა დათანხმდა და  სპეციალური ოპერაცია დაიგეგმა.
- გაგიჟდება შვილო ეს რომ მამაშენს ვუთხრა,    ან  ჩვენ რომ წამოვიდეთ, მეზობლები როგორ დავტოვოთ?
- სასწრაფოდ უნდა დატოვოს ყველამ სოფელი!  მამას ტელეფონი რატომ არ პასუხობს.
- არ წაიღო შვილო,  შენ ყოველ წამს ზარებით ამიკლებო! უკეთესია  თუ გეცოდინება რომ ტელეფონი არ მაქვს და მაშინ ნაკლებს ინერვიულებო!
- დედა,  მამას უყვარხარ -  დაგიჯერებს!      დაარწმუნე მამა, რომ მანქანას წამოყვეთ!    უსაფრთხო ადგილას  გადაგიყვანთ.  დამთავრდება ეს სპეცოპერაცია და  დაბრუნდებით  ისევ.
- რას სპეცოპერაცია,    ეს ომია,  შვილო, ეს ომია!  აქ ხალხი იღუპება, ბავშვები იღუპება! აქ შენი მეზობლები იღუპებიან!
- ხალხს არავინ ერჩის!
- ხალხს ერჩიან შვილო,  სწორედ,  ხალხს ერჩიან!  მთავრობა კი არ ომობს, ხალხი ომობს!
- მთავრობა არ მიხსენო, დედა!
- ვინ წამოიწყო, შვილო,  ეს ომი?  პუტინი  საერთოდ როგორ სუნთქავს  ამდენი ხალხის,  ამდენი ბავშვის დაღუპვის შემდეგ...
- არ გინდა დედა,  პოლიტიკა,  გთხოვ! დედა,  ხომ  ვიცი მამას როგორ უყვარხარ,  დაურეკე,  დაარწმუნე!  გთხოვ დედა, ძალიან გთხოვ!  თუ ოდნავ მაინც გიყვარვართ!
- ვერ ვთხოვ შვილო, აზრი არ აქვს, არ იცი მამაშენის ხასიათი?!
- დედა, მამა შენ გაღმერთებს.  გახსოვს, კოვიდი  რომ გქონდა და საავადმყოფოში მოგვიწია შენი გადაყვანა.    არ გვიშვებდნენ  სანახავად, ცოტა  შანსია გადარჩენისო, ასე გვეუბნებოდნენ.    საავადმყოფოს მისაღებში ვიყავით. მამამ სიგარეტი  გამომართვა, გარეთ გავალ, ცოტა ხნით, მოვწევო.  ცოტა ხანში მეც გარეთ გავედი. ძლივს  ვიპოვე -    რა სიგარეტი,  ხეს ამოფარებული პატარა ბავშვივით ტიროდა.  ახლო ვერ მივედი, მომერიდა,  მეც სხვა ხეს ამოვეფარე და ასე გამოგიტირეთ.  დედა,  თუ თხოვ დაგიჯერებს.  დედა,  მე როგორ ვიცოცხლო თქვენ რომ რამე მოგივიდეთ,  გთხოვ დედა...
- აბა რას მეუბნები, შვილო, რა ვთხოვო  მამაშენს,  შენს ქვეყანას უღალატე-თქო,  ეს ვთხოვო?! ანუ შენ გგონია მე არ მიყვარს, მარტო მას ვუყვარვარ?!
- დედა, შენ ხო რუსი ხარ?!
- ჯერ ადამიანი ვარ და  მერე ვარ რუსი!
- გთხოვ,  დედა... 
- იმან არ გაიხაროს შვილო, ვინც ამ დღეში  ჩაგვყარა, იმან არ გაიხაროს, დამიწდეს და დაე  ქვესკნელში  წავიდეს!
- დედა, დედა... არ მესმის ხმა....
- შვილო, გესმის... 

    *    *    *

- ეგოროვ,  ათი  ჯარისკაცი მინდა, ვინც უკრაინული იცის,  ათ წუთში ჩემთან იყვნენ.
- ამხანაგო პოლკოვნიკო, მთელ ნაწილში თქვენ იცით  მხოლოდ უკრაინული! 
- მაშინ ათი ყველაზე გამოცდილი მებრძოლი მინდა!
- არის,  ამხანაგო პოლკოვნიკო!


    *    *    *

ახლა ერთადერთი მიზანი ის იყო,  მოეტაცა ჯერ  მამა,  მერე დედა  და  ორივენი  სადმე,  უსაფრთხო ადგილას გადაეყვანა.  ზეპირად იცოდა სოფლის ყველა ბილიკი.  მამას  ყველას  ზაფხულს  აქ ჩამოყავდა ბებიასთან და ბაბუასთან.  ბავშვობისას მეზობლის პატარა ბიჭებთან ერთად  უომია კიდეც ამ  ტყეებში,  თითქოს ინდიელთა სხვადასხვა ტომები იყვნენ,  მეტსახელებიც ჰქონდათ -  ,,დათვის ბრჭყალი“,  ,,არწივის თვალი“...  თვითონ მას ,,ეშმაკის მარცხენა ფეხს“ ეძახდნენ.  მაშინ მოსკოვში ცხოვრობდნენ.      მერე სუვოროვის სასწავლებელში  ჩააბარა, თვითონ  მოსკოვში დარჩა და დედა და მამამ აქ, უკრაინაში  გადმოვიდნენ საცხოვრებლად.  მამამ ერთხელ თხოვა,  შენ ხო  უკრაინელი ხარ, იქნებ  უკრაინის ჯარში გააგრძელო სამსახურიო.  დედა ხო რუსია, რუსეთიც ჩემი სამშობლოაო,  - თავი იმართლა  მაშინ.  მერე მამაც არ დაბრუნებია ამ თემას... 
... შუაღამისას  ხიდიდან  საკმაოდ დაცილებით, აყოლებაზე,  ორი გასაბერი ნავით  გადავიდნენ მდინარის მეორე მხარეს. ნავები  ბუჩქებში დამალეს და  ტყის სიღრმეში შევიდნენ.  ღამის ოპტიკური  დაკვირვების  მოწყობილობით აკვირდებოდნენ  ირგვლივ ყველაფერს.  თუმცა უმთვარო ღამე იდგა, მაინც სახიფათო იყო    მდინარის  მოშიშვლებულ  ნაპირს  ჩაყოლა.  უპილოტო საფრენი აპარატის გადაღებული სურათებიდან  ჩანდა, რომ თავდაცვითი ნაგებობები  ხიდთან  იყო აგებული.  დიდი ალბათობით მამაც აქ იქნება სადმეო, - ფიქრობდა.  ზურგიდან აპირებდა ამ პოზიციებისთვის  შემოევლო.        მიდიოდა ცხოვრებაში  ყველაზე მნიშვნელოვანი დავალების შესასრულებლად  და ისევ დედის ხმა ედგა ყურებში:  ,,იმან არ გაიხაროს შვილო, ვინც ამ დღეში  ჩაგვყარა, იმან არ გაიხაროს, დამიწდეს და  ქვესკნელში  წავიდეს...“ 
  მოშორებით სოფელი ჩანდა.  უკვირდა,  სინათლეები იყო ყველგან ჩართული.  თვალებით  მშობლიური სახლი  მოძებნა,  ახლა  დედა ალბათ  ღუმელთან ზისო,  გაიფიქრა. 
  უცებ სოფელში განგაშის  სიგნალი ჩაირთო.  გაუკვირდა, ამ ღამით  არც დაბომბვა არ უნდა ყოფილიყო, არ შეტევას აპირებდნენ.  ამ მიმართულებით  არმიის ნაწილების გადაჯგუფება და  როტაცია მიმდინარეობდა.  ცოტა ხანში  რაკეტების სპეციფიკური ხმა გაისმა.  სოფელში  რამდენიმე ადგილას ცეცხლის ალი აიჭრა და სინათლე ჩაქრა.

    *    *    *

- ეგოროვ , ვინ გასცა  დაბომბვის ბრძანება,  ამის დედაც...  თქვენ რა გაგიჟდით!
- ჩვენ არ გვისვრია, ამხანაგო პოლკოვნიკო, ახლა ვარკვევთ რა ხდება!
- ეგოროვ, თქვენი დედაც...
- ხელები მაღლა! დაყარეთ  იარაღი! ალყაში ხართ...
- მამა?
- სანიოკ, ამის დედაც... შენ ხარ?!
უცებ    ირგვლი ყველაფერი  გააყრუა  აფეთქების ხმამ, რომელსაც  დაჭრილების და დაშავებულების კვნესის  და გინების ხმა შეერია...

    *    *    *

- დედა, შენ?!
- გონს მოხვედი, შვილო?!
- დედა, მამა სად არის?
- აი, აქვეა  შენს გვერდით... ისიც დაჭრილია,  კონტუზია მიიღო,  არაფერი ესმის,  თუმცა ექიმები ამბობენ  გაუვლის,  გადარჩებაო, ახლა სძინავს... 
- დედა, საავადმყოფო ვისია,    რუსების თუ უკრაინელების? 
- რა  მნიშვნელობა აქვს  შვილო?!  მთავარია გადარჩი...
- მარცხენა ფეხს ვერ ვასწორებ, დედა, დამეხმარე რა ...
- არ გაქვს შვილო მარცხენა ფეხი...




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები