მეექვსე თავი
ნიავი გახურებულ გულს ვერ უგრილებდა დამიანეს. ერეკლე რაღაცებს უყვებოდა, მაგრამ სტუმარს აღარაფერი ესმოდა. მღელვარებას შეეპყრო, ისეთ მოუთმენლობას აეტანა, თითქოს თხუთმეტი წლის ყოფილიყოს. ასაკიც დავიწყებოდა და მდგომარეობაც. დავიწყებოდა ყველა წეს-კანონი. ერთადერთი რამე, რაც სურდა, ამ ქალის გვერდით ყოფნა იყო - მისთვის თუნდაც წამიერი ხელის შეხება. შიში მოედო, იქნება აღარ გამოჩნდესო. ისე ღელავდა, საკუთარი თავის შერცხვა. გაბრაზდა: რა მემართება, ესეც ჩვეულებრივი ქალიაო, ერთი კოცნა და ისიც იმ ქალებს დაემსგავსება, რომლებსაც ჩემს ცხოვრებაში ჩაუვლიათ და აღარც მათი თვალები მახსოვს და არც ხმაო. ესეც არაფრით გამორჩეული ქალიაო, მაგრამ კარი რომ გახმაურდა და კიბეზე ქუსლების კაკუნით გამოჩნდა ევი, დამიანემ წამსვე უარყო საკუთარი ნაფიქრი. სისხლივით წითელი კაბა ეცვა ევის, ღრმად ამოჭრილი გულისპირით, სანახევროდ გახსნილი ღილებიდან ჩამოქნილი, თეთრი ფეხები ჩანდა. თმა გაეშალა და სიარულისას მხრებზე ტალღებად ეფინებოდა. აბრეშუმივით თმა ჰქონდა, მბზინავი და ღრუბელივით ფაფუკი. - ღმერთო, - აღმოხდა დამიანეს და გაუმართლა, რომ მისი ხმა არავის გაუგია. მხოლოდ ევის უგრძნო გუმანმა, რომ მისი ნასროლი ტყვია მიზანს არ ასცდენია. კაცი იდგა აღფრთოვანებული, დაბნეული და ფიქრობდა: მსოფლიოში არავის უხდება ასე წითელი. და იქნება იმის გამოც აუთრთოლდა ხელები და აუჩქარდა გული, რომ ეს მისი ფერი იყო, ღამეული ზმანების ფერი. ასეთი სისხლისფერი ქალი მოდიოდა ხოლმე მასთან იმ ღამეებში, როდესაც წერდა, ასეთი სისხლისფერი ქალი ეალერსებოდა ხოლმე მძინარეს, ყველაზე რთულ დღეებში, ასეთი სისხლისფერი ქალი ეგულებოდა სადღაც, მხოლოდ მისთვის კუთვნილ სამყაროში... - ფრთხილად იარე და რომ მიხვალ დარეკე, - დაარიგა ერეკლემ შვილი. - ბატონო ერეკლე, გპირდებით, ჩქარა სიარულის უფლებას არ მივცემ, - დააიმედა დამიანემ, მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის და დაემშვიდობა. ევი ის გოგო არ იყო, რომელიც სხვების ნებართვებს ელოდებოდა და აკრძალვებს ემორჩილებოდა, მაგრამ ახლა უნდოდა ეს გზა რაც შეიძლება გაგრძელებულიყო და ამიტომ მინიმალური სიჩქარით მიჰყავდა მანქანა. ძალიან ნელა მიდიოდნენ, მაგრამ დამიანეს მაინც ეჩვენებოდა, რომ სწრაფად ილეოდა გზა, რომელიც უნდოდა, რომ უსასრულოდ გრძელი ყოფილიყო. თითქოს საჭირო იყო რამის თქმა, მაგრამ სიტყვებს ეძინათ და დამიანეს მოსწონდა დუმილის ევისთან გაყოფა. ეს ქალი ჩემი ფერია, ჩვენ ერთი ნახატის ნაწილი ვართ, უბრალოდ მე შეცდომით აღმოვჩნდი სხვა პალიტრაზე, უთხრა კაცმა საკუთარ თავს. ევის ერთი ხელი მსუბუქად მოეკიდა საჭისთვის, მარჯვენა ხელი კი სიჩქარის გადამრთველზე ედო, მშვიდი სახით გაჰყურებდა გზას და იღიმოდა. დამიანე მიხვდა, რომ ეს ღიმილი მას ეკუთვნოდა, მისთვის იყო. ისეთი უცნაური სიახლოვე იგრძნო ქალთან, რომლის შესახებაც თითქმის არაფერი იცოდა და მაინც ეგონა, რომ მსოფლიოში ყველაზე უკეთ იცნობდა, რომ თავი ვეღარ შეიკავა და ევის ხელი ისე აიღო, თითქოს მოწყვეტილი ყვავილი ყოფილიყოს, აიღო და თავის ხელებში მოიქცია. ევი არ გასძალიანებია. ერთი კია, კაცმა იგრძნო როგორ დაუარა ჟრუანტელმა ქალს, როცა ხელისგულზე აკოცა. მერე თავის ხელს დაატოლა ევის თითები და ისეთი პატარა აღმოჩნდა, ორივეს გაეცინა. დამიანე თითებზე მიეფერა. ევი შეკრთა. ხელი გაითავისუფლა და სიჩქარე გადართო. კაცი კი იჯდა ევისკენ მობრუნებული და თვალს არ აცილებდა. ქალი ერთხანს ცდილობდა, აზრი ეპოვნა, თავშეკავება მოეხმო და საკუთარი თავი ეიძულებინა, ისე მოქცეოდა, როგორც მოიქცეოდა მანამდე, სანამ ძველი ევი იყო, ის ევი, დამიანეს გაცნობამდელი. მერე მაინც ვერ სძლია თავს და კაცს გამოხედა. დამიანე ღიმილით შეჰყურებდა. - რაო? - ჰკითხა ქალმა. - არაფერი, - უთხრა მცირე პაუზის შემდეგ დამიანემ, - უბრალოდ მადლობა. - რისთვის? - წარბები აქაჩა ევიმ. დამიანე მიხვდა, რომ ევის ეს სასაცილო ჟესტი უყვარდა. ახლა მისი გულში ჩაკვრა მოუნდა, გულში ჩაკვრა და თმაზე მიფერება. - არაფერი, გოგო, არაფერი, უბრალოდ მადლობა რომ ხარ და სულ იყავი თუ შეგიძლია! ევიმ მანქანა გააჩერა, ხელის მუხრუჭი ამოსწია, კაცისკენ შებრუნდა და თვალებში ჩახედა. დამიანეს თვალებში სევდა ფერხულს უვლიდა, მისი ტკივილი იგრძნო ევიმაც. ისეთი ძლიერი იყო წუხილი, რომ ევის ყველა ძარღვი დაეჭიმა, ყველა კუნთი ეტკინა, ამ კაცის შველა, მისი დარდის განაწილება მოუნდა, შეხიდება. გადაიხარა და დამიანეს ხელზე მიეფერა. ჰაერი აავსო სურვილმა, მერე კაცმა ხელი შეუცურა კისერში, ევიმ თავი უკან გადასწია, ძლიერ ხელს მიენდო. დამიანემ თავი წამოაწევინა, თვალებში ჩახედა. სიცხიანი ჰქონდა თვალები ევის, შეშინებული, შემკრთალი: - სად იყავი 10 წლის წინ? ახლა ძალიან გვიანია, ძალიან გვიანი. - ადამიანები, განსაკუთრებით ისინი, ვინც ჩვენს ცხოვრებას ცვლიან, ზუსტად საჭირო დროს მოდიან. განვლილი ცხოვრების, გადატანილი ამბების, განცდილი ტკივილების შედეგად ვხდებით ისეთები, როგორებიც ვართ და სწორედ ამ წლებგავლილებს გვჭირდება ჩვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანები... დამიანე ევისკენ გადაიხარა და ტუჩის კუთხესთან აკოცა. ევიმ სისუსტე იგრძნო, ისეთი თვალებით შეხედა, დამიანეს ეგონა, გული გამიჩერდებაო, მაგრამ თავს სძლია, ევის ხელი გაუშვა, სავარძელს მიაყრდნო ზურგი და თვალები დახუჭა. ევიც ძალას ეძებდა საკუთარ თავში, რომ ისევ გაეგრძელებინა გზა, მერე კი მანქანა დასძრა და ქალაქამდე ხმა არც ერთს ამოუღია. არც დამშვიდობებისას უძებნიათ სიტყვები. შეთანხმებულებივით დაუკრეს ერთმანეთს თავი, თითქოს საჭირო არაა, ყველაფერი ვიცი და მესმისო უთხრა ევიმ და დამიანემ დაიჯერა, რომ ევის მართლა ყველაფრის გაგება შეეძლო და ძალიან მოუნდა, დამჯდარიყო და მთელი ცხოვრება მოეყოლა ევისთვის, ყველა ჩადენილი ცოდვა გაემხილა, ყველა ტკივილი გაენდო. ევი მოუსმენდა და გაუგებდა, ევი ერთადერთი ადამიანი იყო მსოფლიოში, რომელსაც მისი გაგება შეეძლო და მოუნდა, რომ არასდროს აღარსად გაეშვა ქალი, რომელიც მისთვის გაჩენილიყო.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ოღონდ აქ ვერ გავიგე, ახლაღა დავაკვირდი თავები არეული რატომაა? ან მაშინ პირველ თავს დააწერეთ შესავალი და თავს ნუ დაარქმევთ მე მგონი ასე აჯობებს ოღონდ აქ ვერ გავიგე, ახლაღა დავაკვირდი თავები არეული რატომაა? ან მაშინ პირველ თავს დააწერეთ შესავალი და თავს ნუ დაარქმევთ მე მგონი ასე აჯობებს
5. მგონი ამის ჩათვლით მქონდა წაკითხული ვნახოთ აბა მომდევნო თავიც
კი, კარგი თხრობაა, უკეთესადც შეუძლია მგონი :) მგონი ამის ჩათვლით მქონდა წაკითხული ვნახოთ აბა მომდევნო თავიც
კი, კარგი თხრობაა, უკეთესადც შეუძლია მგონი :)
4. საინტერესოდ გადმოსცემთ 5 საინტერესოდ გადმოსცემთ 5
3. საინტერესოდ გადმოსცემთ 5 საინტერესოდ გადმოსცემთ 5
2. Მუხა, როგორ მახარებს ის ფაქტი, რომ კითხულობთ. ???? Მუხა, როგორ მახარებს ის ფაქტი, რომ კითხულობთ. ????
1. ევის ერთი ხელი მსუბუქად მოეკიდა საჭისთვის, მარჯვენა ხელი კი სიჩქარის გადამრთველზე ედო, მშვიდი სახით გაჰყურებდა გზას ... და ამ დროს დამიანეს მოუნდა ხელის ფათური, ევიმაც არ დააგვიანა ..გადაიხარა და დამიანეს ხელზე მიეფერა, ვახ,- რა დამწვრები ყოფილან. მერე, მერე... დაველოდებით. ევის ერთი ხელი მსუბუქად მოეკიდა საჭისთვის, მარჯვენა ხელი კი სიჩქარის გადამრთველზე ედო, მშვიდი სახით გაჰყურებდა გზას ... და ამ დროს დამიანეს მოუნდა ხელის ფათური, ევიმაც არ დააგვიანა ..გადაიხარა და დამიანეს ხელზე მიეფერა, ვახ,- რა დამწვრები ყოფილან. მერე, მერე... დაველოდებით.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|