მეშვიდე თავი
ბინდი მოსძალებოდა ქალაქს. ლამპიონები უკანასკნელი გამვლელების ჩრდილებს ხან ოჩოფეხებს გამოაბამდნენ, ხან უჩინმაჩინის ქუდს ახურავდნენ. მაღაზიებს ჟალუზები ჩამოეწიათ, კუთხის კაფეში ჯერ ისევ სვამდა ყავას რამდენიმე წყვილი. ეს დამიანეს სტუდენტობის კაფე იყო. ადრე amor ერქვა. დიდი ცისფერი ვიტრინები ჰქონდა. ლექციების შემდეგ აქ ჩამოდიოდნენ საჭმელად. ქალაქში არსად ამზადებდნენ ასეთ გემრიელ ხაჭაპურს. ბოლო დროს ცოტა მეტი მარილი ჰქონდა, მაგრამ მაინც არ უღალატიათ საყვარელი ადგილისთვის. აქ საკუთარი მაგიდა ჰქონდათ, თავიანთი მუსიკა, აქაურობის სუნიც მათ ეკუთვნოდათ თითქოს. კაფეში შესასვლელ კიბესთან ბოზი მაყვალა ყვავილებს ყიდდა. მერე შექეიფებული სტუდენტები მორჩენილი ფულით ყვავილებს იღებდნენ და ქუჩაში ქალებს ურიგებდნენ. დამიანე არასდროს სჩუქნიდა ყვავილებს ახალგაზრდა გოგონებს, იმათ შველივით გრძელფეხებებს, ჩამოქნილი ყელითა და დიდი ნათელი, მეოცნებე თვალებით. ასაკმოძალებულ ქალებს შეარჩევდა ხოლმე, დაღლილებს, ჩაფერფლილებს, აღარაფრის მომლოდინეთ, აღარაფრისკენ მიმავალთ. მოვალეობებით დამძიმებულთ. იმ დროს დამიანემ ჯერ არც იმედგაცრუების შესახებ იცოდა რამე, არც მოსიარულე მკვდრების არსებობის სჯეროდა. მერე და მერე, თანდათან, ნელი და მტკივნეული სიკვდილი რომ დაიწყო, მიხვდა გული იმ ქალებისკენ რატომ უწევდა, ასე რატომ თანაუგრძნობდა. მაშინ დამიანე ძალიან სიმპათიური იყო, სიმპათიური და თან პოეტი. პოეტები კი სულ სხვაგვარად ხიბლავენ ქალებს. რა იციან ქალებმა, რომ პოეტები ყველაზე არასანდო პარტნიორები არიან, ყველაზე სევდიანნი. ყველაზე უმადურნი. რა იციან ქალებმა, რომ მუდმივად მუზებთან ბრძოლა მოუწევთ, მუზები კიდევ ჩვეულებრივი ქალები ხომ არ არიან, არამიწიერნი და არაამქვეყნიურნი, იქნება ყველაზე ულამაზონიც, იქნება ყველაზე ავნიც, იქნება ყველაზე მოღალატენიც, მაგრამ მაინც არავის მსგავსნი, არავის სადარნი და რადგან ისინი ღმერთკაცებმა - პოეტებმა შექმნეს, მოუწევთ მათთან პაექრობა. შეუძლებელია მუზას შეეჯიბრო. სულ მეორე ხარ, სულ მათ შემორჩენილ სითბოს უნდა დასჯერდე, სულ მათ ზურგს უკან უნდა იყო ამოფარებული. მუზები კი ისეთი ალისფერი ქალები არიან, ისეთი ურჩნი და ვნებიანნი, ისეთი დემონურად მიმზიდველნი, ისეთი თვალთმაქცნი, სად შეუძლიათ მიწიერ ქალებს მათთან გაჯიბრება! მაგრამ ქალებმა არაფერი იციან პოეტების შესახებ, ქალები მუზებს არ იცნობენ, მეოცნებე გოგონებს მიაჩნიათ, რომ პოეტებს სულ სხვანაირი სიყვარული შეუძლიათ, ჰგონიათ, რომ პოეტები ღამღამობით სერენადებს უმღერებენ, რომ ქუჩაში დაჩოქილნი წაუკითხავენ ლექსებს, ქონებას გაყიდიან, უკანასკნელ პერანგსაც გაიღებენ და მერე მილიონ ვარდს დაახვედრებენ აივანზე. მაგრამ პოეტები, მხოლოდ არარსებული ქალებისთვის ყიდულობენ ვარდებს. მათზე შეყვარებულ ქალებს კი წარმოდგენა არ აქვთ, სიტყვებშეუსხმელი სევდის გასაქარვებლად გათენებამდე სმებზე, წარმოდგენა არ აქვთ, უპასუხო კითხვებზე, სიზმრებზე, რომელში შეღწევასაც ვერასდროს შესძლებენ. ბევრი გოგო ტრიალებდა დამიანეს ირგვლივ და ვერც ერთმა შეუტოკა გული, ვერც ერთმა მიიპყრო მისი ყურადღება. ამ კაფეში იყო, ერთხელ, მეგობრები რომ შეკრებილიყვნენ. მაშინ კიდევ სხვაგვარი საღამოები იყო. მაშინ ჯერ ისევ იცოდნენ ადამიანებმა საუბარი, ჯერ ისევ შეეძლოთ ერთმანეთისათვის ხმა მიეწვდინათ. კარგად შეთვრნენ. მერე ერთ-ერთმა თქვა, მოდი გულწრფელად დავახასიათოთ ერთმანეთიო, მაშინ იყო, რომ წამოდგა ნატა, დამიანეს ჯგუფელი, და თქვა: - დამიანე, კარგი ქმარი ვერ იქნება, მაგრამ შეუდარებელი საყვარელი შეუძლია იყოს. იმ დროს დამიანე არც ქმარი იყო და არც საყვარელი. მერე ის პირველი ზედმიწევნით ახდა. ვერ გამოდგა კარგი ქმარი. არც იცის საერთოდ არსებობს თუ არა სტანდარტი კარგი ან ცუდი ქმრის, მაგრამ თუ მაინც სადმე არსებობს მსგავსი, დამიანემ ზუსტად იცის, რომ მას ვერ აკმაყოფილებს. ამ კაფეში იყო რატი რომ შეყვარებულს შეხვდა და მერე 6 წელი ხელჩაკიდებული დაჰყავდა და მერე ამ კაფეშივე დატოვა იმ გოგომ მარტო და კარი ხმაურით გაიხურა. ამ კაფეში იყო დამიანემ და გრიგოლმა უკრაინელი ტურისტები რომ გაიცნეს, მერე მაგიდები რომ შეაერთეს, ღვინოზე დაპატიჟეს, გიტარა რომ მოითხოვა გრიგოლმა და ხმისჩახლეჩვამდე უმღერა, დამიანემ კი მამის ნაჩუქარი სამაჯური რომ მოიხსნა და ვიღაც ანდრეის თუ სერგეის გადასცა. ამ კაფეში იყო საბა რომ დაჭრეს, ისე, სულ უმიზეზოდ, რაღაც გაუგებრობაზე დაწყებული შეხლა-შემოხლა რომ ბოლოს სასიკვდილო ჩხუბში გადავიდა. კაფეს რომ სკამი აღარ შეარჩინეს, ყველა ჭიქა რომ ნამსხვრევებად აქციეს და მერე ორი ღამე გაატარეს პოლიციაში. ეს კაფე დამიანეს ახალგაზრდობის ბევრ საიდუმლოს იტევს, ამ კედლებს თავისი ისტორია აქვთ. დამიანე ერთ ხანს კაფესთან იდგა და სიგარეტს აბოლებდა. სიამოვნებდა გრილი ჰაერი, ქალაქის ძილმორეული ხმები. უყვარდა ხმაური, სიმშვიდეს თავისი ამბები ჰქონდა, დუმილი არ აძლევდა საშუალებას რომ საკუთარ თავთან მარტო დარჩენილიყო, დამიანეს კი ახლა ფიქრი სჭირდებოდა. კაფეს მხოლოდ ადგილმდებარეობა შერჩენოდა. ახლა აქ დაბალი სავარძლები იდგა და პატარა მინის მაგიდები. კვამლში აღარ ჩანდა არაფერი, სხვა სული ტრიალებდა, სხვა ფერები. თითქოს წაეშალათ, გადაეღებათ მისი ისტორია, მისი ამბავი. დამიანემ ყავა მოითხოვა. ისეთ ძალას გრძნობდა, ისეთ ფორიაქს, თითქოს სულში სულ სხვა გაზაფხული აყვავილებულიყო, ათასი ატმის ხე აფეთქებულიყოს ერთდროულად. უცნაურ სიხარულს გრძნობდა, სიხარულს იმის გამო, რომ რაღაც სხვა გაჩნდა მასში, სხვა მზე დაიბადა, სხვა სინთლითა და სხვა ხმებით. არა დამიანე, არა! მემილიონედ უმეორებს საკუთარ თავს, მაგრამ ახლა ისეთი აღელვებულია, ისეთი ბობოქარი, ახლა ეშაფოტი მას ვერ შეაჩერებს, ახლა ვერაფერი დაუდგება წინ. მის წინ ქალია, ქალი ახალი სამყაროსავით ვრცელი და შეუცნობელი, სამყარო კი თითქოს მისი ხსნაა, მისი გადარჩენის გზა. არ შეუძლია დამიანეს, ცდუნებას ვერ გაუძლებს, უარს ვერ იტყვის, ევის ხომ ყველაზე სევდიანი თვალები აქვს, ევის თვალებში ხომ უძირო დარდია, ევის ყველაზე იდუმალი ხმა აქვს, როცა საუბრობს, სადღაც სხვაგან მიჰყავს კაცი. იმ სხვა მიწაზე კი დამიანეს ღრმად ამოსუნთქვა შეუძლია თითქოს. ევის თვალებში დანახულ ცას ყველაზე ნათელი ფერი დაჰკრავს, ყველაზე მაღალია და მაინც ისეთი მარტივად მისაწვდომი. ევის სიცილში ზარები რეკენ. ევი ის ქალია, დამიანეს სულ რომ ეგონა, რომ სადღაც ცხოვრობდა და მხოლოდ მის მისვლას ელოდა, მისთვის გაჩენილიყო, მისი სიყვარულისთვის შექმნილიყო. დამიანემ თითქოს სიმსუბუქე იგრძნო, სიმსუბუქე, რომ იპოვნა ცხოვრების აზრი. ვალდებულია ეს საკუთარი თავისთვის გააკეთოს, ვერა ამ გზას გვერდს ვერ აუქცევს, თითქოს აღარც არსებობს სხვა გზა, ყველა გზაზე ევია, ჰაერში მხოლოდ ევის ხმებია გაბნეული, მხოლოდ მის სურნელს აუვსია ყველაფერი. და შიში იგრძნო იმ გრძნობის გამო, რომლის დატევა ერთ სხეულს, ალბათ, ძალიან გაუჭირდებოდა, რომლის დაძლევას ვეღარ შესძლებდა დამიანე. დამიანე არის კიდევაც ახლა დამიანე და არც არის. რაღაც სხვა იგრძნობა თითქოს. წამლეკავად ძლიერი ტალღები უახლოვდება, ის კი დგას, ისე ასჩქარებია გული, ფიქრობს, რომ გაუსკდება და იცის, რომ ეს ტალღები მას გადათელავენ, წაიღებენ, წალეკავენ. და მზადაა ახლა დამიანე სიკვდილისთვის. სიკვდილის დრო მოსულა თითქოს. ამ სიკვდილს ქალის სახელი ჰქვია, ქალია სიკვდილი, ყველაზე მაცდური და სასურველი. ქალებზე ფიქრი აჰყვა პოეტს: არიან მზესავით ქალები, გვითენებენ და გვათბობენ, მაგრამ მათ არსებობას, მხოლოდ ზამთრის სუსხიან ღამეებში ვგრძნობთ. ამ მზესავით ქალებს - დედები ჰქვიათ. არიან შემოდგომასავით უხვნი, ფერადნი და თბილი ქალები, ჩურჩხელებს და ტკბილეულს რომ ინახავენ ჩვენთვის, ეს შემოდგომაქალები ბებიები არიან. არიან ზაფხულის დილასავით სურნელოვანი ქალები, ჩაგივლიან და სასიამოვნო ბურუსში გაგხვევენ. თვალს გაადევნებ, მაგრამ ვერ მისწვდები, სხვისთვის დაკრეფილ თაიგულებს ჰგვანან, შენ მხოლოდ შორიდან ტრფიალი შეგიძლია; არიან მარტის ქალები, ვერ გაგიგია, როდის გაწვიმდებიან და როდის მათი მცხუნვარება დაგწვავს. ხან ყვავილობენ და ხან თოვლი ადევთ მხრებზე - ეს გაზაფხულივით უთავბოლო და ამოუცნობი ქალები ცოლები არიან; და არიან ქალები - ქარიშხლები. როდის და საიდან წამოუბერავენ ვერც კაცს და ვერც ღმერთს რომ ვერ გაურკვევია. ყველაფრის განადგურება შეუძლიათ. ისინი ყველაზე მშვიდ ამინდებში ჩნდებიან და სამყაროს თავდაყირა აყენებენ. როდესაც ქარის წისქვილები დატრიალდება, შეგიძლია, სანგარში დაემალო და იქნება უსისხლოდაც დასრულდეს ომი, მაგრამ თუ ბრძოლაში ჩაერთვები და მის ქროლვას ააყოლებ სხეულს, ისე მაღლა აგიტაცებს, სულ სხვა ცის ხილვას შესძლებ, სულ სხვა სამყაროს დაინახავ. მაგრამ ფრენა რჩეულთა ხვედრია, უმეტესნი, ქარიშხლის ჩადგომის შემდეგ ნაქალაქარის ნანგრევებში იღუპებიან. ყველაზე საშიშნი და სასტიკნი არიან ქარიშხლები. ხანდახან მინდორზე ჩამოსხდებიან და ძალაგამოცლილ მკლავებს ასვენებენ, მაგრამ არ იძინებენ, არ კვდებიან, ისინი კიდევ უფრო ძლიერნი იმართებიან წელში და დაუოკებელი სურვილი აქვთ სისხლისღვრის, სამყაროს განადგურების. ერიდეთ! ამ ქარიშხლებს შეყვარებული ქალები ჰქვიათ! მაგრამ უკვე დაგვიანებული იყო სიფრთხილე, ყველაფრის წამლეკავი ქარები ამოვარდნილიყვნენ დამიანეს ცხოვრებაში, ახლა უკვე ძალიან გვიანი იყო თავშესაფრის ძებნა. თავშესაფარი კი სახლი არ იყო. სახლი მხოლოდ ოთხი კედელი არაა, სადაც წვიმისგან დაიცავ თავს. სახლში ყოველთვის ვერ გათბები, სახლში ყოველთვის საყვარელი ქალი არ გელოდება. ხშირად სახლები სატუსაღოებს ემსგავსებიან. ჩვენი ოცნებების უსაშველოდ ბნელსა და ნესტიან საპყრობილეებს, სამუდამო პატიმრებად რომ ვუქცევივართ. და ადევს ამ ციხეებს ყველაზე რთულად გასაღები ბოქლომი, ამ ბოქლომებს ჩვენი შვილების სახელები ჰქვია, მათ ვერ დაამსხვრევ, მათ არსებობას ვერ დაივიწყებ, სულ იქნებიან და ჩაგვკეტავენ, რათა საკუთარი თავისაგან დაგვიცვან. და ჰქონდა დამიანესაც თავისი სახლი, სადაც ქალი ელოდა. ის ქალი ცოლი რომ უწოდა, მაგრამ მაინც ვერ იქცა მის ქალად. და ვერც სახლი გახდა მისი, თითქოს დროებითი სტუმარია მხოლოდ. და ახლა იმ ქალის, ცოლადწოდებულის ბრაზით არის დაფარული კედლები. და ქალი, რომელიც სამზარეულოს ფანჯრის რაფას ჩამოყრდნობილი იდაყვებით გასცქერის ქუჩებს, ევი არაა.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. “ბოლო დროს ცოტა მეტი მარილი ჰქონდა,“
აქ ალბათ ერთი სიტყვის ჩამატებაა საჭირო წინ - “რომელსაც,“
...“გოგონებს, იმათ შველივით გრძელფეხებებს, “ აქ ალბათ გოგონების მერე წერტილი ჯობია და იმათ-ს მერე მძიმე თუ არადა აქ გრამატიკის პროფესიონალებიც არიან და იტყვიან თავიანთ გრამატიკულ -რედაქტორულ სიტყვას :)
“არიან ქალები...“ ( და ა.შ. ) ეს აღწერა ქალების მეცნობა, თითქოს წაკითხული მაქვს მანამდე კახებზეც მაქვს რაღაც მსგავსი წაკითხული, მაგრამ არ მახსოვს
მოკლედ შეყვარებულია ყურებამდე და იმის იქითაც ეს ჩვენი დამიანე :) “ბოლო დროს ცოტა მეტი მარილი ჰქონდა,“
აქ ალბათ ერთი სიტყვის ჩამატებაა საჭირო წინ - “რომელსაც,“
...“გოგონებს, იმათ შველივით გრძელფეხებებს, “ აქ ალბათ გოგონების მერე წერტილი ჯობია და იმათ-ს მერე მძიმე თუ არადა აქ გრამატიკის პროფესიონალებიც არიან და იტყვიან თავიანთ გრამატიკულ -რედაქტორულ სიტყვას :)
“არიან ქალები...“ ( და ა.შ. ) ეს აღწერა ქალების მეცნობა, თითქოს წაკითხული მაქვს მანამდე კახებზეც მაქვს რაღაც მსგავსი წაკითხული, მაგრამ არ მახსოვს
მოკლედ შეყვარებულია ყურებამდე და იმის იქითაც ეს ჩვენი დამიანე :)
3. ძალიან საინტერესო აზრებია 5 ძალიან საინტერესო აზრებია 5
2. Ფიქრობს და ფიქრობს, არც საკუთარ თავს ასვენებს და არც მე მაძლევს სიმშვიდის საშუალებას. :) Ფიქრობს და ფიქრობს, არც საკუთარ თავს ასვენებს და არც მე მაძლევს სიმშვიდის საშუალებას. :)
1. რამდენი ფიქრი , შეგრძნებები გრძნობები უტრიალებს თავში დამიანეს, კიდევ კარგადაა, მაგრამ მერე, მერე რამდენი ფიქრი , შეგრძნებები გრძნობები უტრიალებს თავში დამიანეს, კიდევ კარგადაა, მაგრამ მერე, მერე
|
|
მონაცემები არ არის |
|
|