ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პროზა
4 ივნისი, 2022


პიანიცა კონსერვების ქარხნიდან

#მემორია

ნინო დარბაისელი სტრონი

პიანიცა კონსერვის ქარხნიდან

  დალაგებულ, მაგრამ უსტუმრო სახლში თავს მუდამ ისე ვგრძნობ, როგორც  ლამაზ კუბოში. ნუცუბიძეზე, საკუთარ, მაშინდელი საზომებით უზარმაზარ სახლში გავიზარდე და ეს სახლი სულ წამსვლელ-მომსვლელით იყო სავსე. სადმე შეხვედრილები ერთმანეთს ჩვენთან ეპატიჟებოდნენ.
    დედაჩემის ძმა მიშიკოც, ნათელი დაადგეს,  გეპეის სტუდენტი ჩვენთან ცხოვრობდა და მისი კურსელები ხომ  ოჯახის წევრებივით გვყვანდნენ.
  ა.გ.  - მათ შორის  ყველაზე ახლობლად მივიღეთ. ყველანაირად გამორჩეული იყო.  გაგიკვირდებოდა კიდეც ადამიანს, ამ გაქანებულ სამოსნებთან რა საერთოს პოულობდა:  თვალადი, ტანადი, უნიჭიერესი, უგანათლებულესი, თმის გაჭაღარავება ახალგაზრდასვე დაეტყო და ისე უხდებოდა, როგორც, რა ვთქვა?!..  კარგი, ისე უხდებოდა, როგორც უხდებოდა.… მაგრამ ერთი ძალიან დიდი ნაკლი ჰქონდა… პრინციპში, მრავალი ჩემი ნაცნობისთვის სანატრელი ნაკლი - პოეზია უყვარდა ძალიან და ფენომენალური მეხსიერების წყალობით, ყველაფერი ქართული თუ არაქართული, უშეცდომოდ, ზეპირად იცოდა. მურმან ლებანიძე - ქვეყანას ერჩია. მე - იმთავითვე, ხან ვინ პოეტი მიყვარდა, ხან ვინ და  სულ თავგანწირვით ვკამათობდით.
      ჩემს პირველ ნაწერებსაც სხვას ვის წავაკითხებდი, ვინ გამიჩერდებოდა! რაც უფრო ვიზრდებოდი, ჩვენი მეგობრობაც იზრდებოდა და დაუჯერებლად კი ჟღერს,  მაგრამ უკვე სტუდენტი რომ  ვიყავი,  ცხოვრების ნატვრა რომ აისრულა და კიევის უნივერსიტეტში გადადოდა რაღაცნაირი მათემატიკის კათედრაზე, რომლის პროფესორიც გახდა მოგვიანებით,  წასვლის წინა დღეს გამოსამშვიდობებლად მოვიდა და  მითხრა, ჩემი ახალი ნივა შენ გყავდეს, ტარება ისწავლე, ლექციებზე იარე და რომ ჩამოვალ ხოლმე, მაშინ დავჯდებიო.  ვიცი,  ამ მოგონებას  ჩემი ფეისბუქ  მეგობრები-მისი დიშვილ-ძმიშვილებიც წაიკითხავენ და გულში მაინც გაიფიქრებენ, ხედავ, შენო,  რაღა ნინო, ჩვენ აქ არ ვიყავითო?
გასაგებიცაა. სამოცდაათიანების ბოლოს, ოთხმოცდაათიანების დასაწყისში კი არა,  ახლაც ღვიძლი ბიძა არ ეტყვის ასეთ რამეს ბევრ ადამიანს.
  მე რა ვუპასუხე?!
  უარი. 
  რად მინდოდა ამხელა პასუხისმგებლობა და სტრესი, იმის მერე სიბერეში ძლივს ვისწავლე მანქანის ტარება. თვითონ რა უყო იმ ნივას, აღარ მახსოვს.
  ჰო და კიდევ, უცოლო იყო და ასეც დარჩენილა, ახლა გავიგე.
დაინახავდა თუ არა ვინმე ჩვენი ახლობელი, ეგრევე მაჭანკლობის ხასიათზე დგებოდა, მოდით, იცით ვინ გავურიგოთ? ახლობელი მყავს კარგი გასათხოვარიო და ასე შემდეგ.
  ვიქნები რა,  ცოტა ფრივოლური!
  ქალის გასაცნობად სულ მცხეთის სალობიოში მივდიოდით, მე დელეგაციის მუდმივი წევრი ვიყავი და  ახალ კანდიდატს რაღაცას აუცილებლად  მოუძებნიდა  ხოლმე დასაწუნებელს.
  ერთხელ ვუთხარი, ან მოიყვანე ეგ ცოლი ან არა და, მორჩა,  სალობიოში აღარ მოგყვები, მოვკვდი ამდენი ლობიოს ჭამით, ლამისაა ქრონიკული მეტეორიზმი დამემართოს-მეთქი.
  ეს ყველაფერი კიევში გამგზავრებამდე იყო, მანამდე კი ვიდრე პატარა ვიყავი, ასეთი რამ შეგვემთხვა:
  ჩვენს მეზობლად ერთი დედისერთა, ზომიერად ფერხორციანი თათული ცხოვრობდა. მე კი მუსიკაზე სხვაგან დავდიოდი, მაგრამ  შინ დავალებების მომზადებაში მეხმარებოდა და კიდევ დილაობით თმას მვარცხნიდა სკოლაში წასვლის წინ და ტორტივით დიდ ბაფთებს მიკეთებდა. ბევრმა მეზობელმა სცადა, მაგრამ თათულიზე კარგად არავის გამოსდიოდა  ეს საქმე და დილას ეზოს გადახურულში კბილებში სავარცხელგაჩრილი ბავშვების  რიგი ედგა.
    ისეთი მოწესრიგებული ადამიანი იყო. მეტი რომ არ შეიძლება. ერთი პრობლემა ჰქონდა. გათხოვება უგვიანდებოდა და ოჯახი წუხდა.
    რა დიდი გამოცნობა უნდა, რომ დედაჩემი გადაწყვეტდა, სახლში პატარა სუფრა გაეკეთებინა, ეს ორი გვრიტი ერთმანეთისთვის გაეცნო.
      ჩემი შვილი და დისშვილი ახალ თაობას ეკუთვნიან, ოჯახში სუფრას გავშლიდით თუ არა, სტუმრებს ასწრებდნენ დაჯდომას, ჩვენ კი ისე გავიზარდეთ, დედაჩემის თვალის ოდნავ  მოძრაობაზე ვხვდებოდით, რისი უფლება გვქონდა და რისი -  არა, როცა სტუმარი გვყავდა.
    იმჯერადაც სტუმრებს დავენახვეთ, ვაჩვენეთ, როგორი მოვლილები და კარგად აღზრდილები ვიყავით და სხვა ოთახში გავედით. თან ყური იქითა კედელზე მაქვს მიდებული, რომ რამე არ გამომეპაროს.
      აი,  საწყისი,  გაკრახმალებულად ჯდომითი ნაწილი მიიწურა  და თათული ფორტეპიანოს მიუჯდა. ხმა აქვს, გეგონება, იმ სავსე გულ-მკერდში ბულბული უზის, ტკბილი, ტკბილი! ჯერ ,,მეც ალუბლები მიყვარდა კარგოო’, მერე ‘’ჩემი სანთლებია, ასე რომ იწვიანო’, მერე ‘’პადმასკოვნიე ვეჩერა’, დროდადრო დედაჩემის ხმა გამოდის, თათული გენაცვალე, ის იმღერე, ის ,,მე მიყვარს სიმღერა გედური’ და ისიც უსრულებს თხოვნებს.
  ამ სიმღერ-სიმღერაში ა.გ. ჩვენს  ოთახში შემოვიდა და მეკითხება, რას ფიქრობო...  სტოპ! 
აი, ეს არის დიდი შეცდომა. არასოდეს მკითხოთ აზრი, როცა რაიმე მნიშვნელოვანზე ფიქრობთ. რაღაც ოხრობა მემართება, მინდა ხოლმე, კარგი ვთქვა და სულ ასეთი რაღაც გამომდის. ვეუბნები:
  იცი, რა, თათული ისეთი კარგი გოგოა, კონსერვების ქარხანაში მუშაობს და  ძალიან მაგარი პიანიცაა, მთელმა სამეზობლომ იცის-მეთქი.
  ა.-ს თითქოს წითელი საღებავი აასხეს სახეზე.
  ბიძაჩემს ეუბნება, რაცხა კუჭი მაქვს ცუდად, მაწყინა ეტყობა გუშინდელმა საჭმელმა და სასწრაფოდ უნდა გავიქცეო, მიდის და მისდევს მიშიკო, დაიცა, კაცო, რა დროს კუჭია, გოგოზე რა აზრისა ხარო. ჩარბიან თავდაღმართში.  ვერ ეწევა. შეახტა  გაქანებულ ტროლეიბუსს და წავიდაო.
  ის იყო და ის, ა. - კაიხანი არ გამოჩენილა, ნათელა კონსერვების ქარხნის მუშას,  ვიღაც პიანიცას მირიგებდა, მანდ ფეხს როგორ მივადგამო. სიყვარული სხვა რამეა, უარესზეც შეგივარდება გული და გარიგებით - ეს როგორ მაკადრაო.
    ცალკე დედაჩემი გაკვირვებული იმეორებდა, რა უნდა ამ კაცს, ვეღარ გავიგე! კარგი დედისერთა გოგო, კარგ სახლკარიანი, კონსერვატორია დამთავრებული,  პიანისტი, მუსიკის მასწავლებელი,  სულ სახლში იჯდება, ოჯახს კარგად მოუვლის და თავისი შემოსავალიც სულ ექნება  კერძო მოწაფეებისგან,  შესახედავადაც  არ დაიწუნება,  ბავშვის ნათქვამ რაღაც სისულელეს როგორ აყვაო; ამაზეა ნათქვამი,  რა მრჯიდა, კარგი მინდოდა, ავი გამომივიდაო.
    ერთხელაც, ვხედავ, დედაჩემი ბაზრიდან კბილებამდე დატვირთული მოდის და ეს ჩვენი მარადი სასიძოც მოჰყვება კარგად დაზურგული. ამოაზიდინა ყველაფერი, წყალი დამალევინეთო, სული მოითქვა და მოითქვა.
    აი, ეს არის ნამდვილი მეგობრული სიყვარული.  ამასობაში თათული გათხოვდა, თანაც ძალიან კარგად,  ამ ამბავს კი სიცილით ვიხსენებდით ა.-ს სხვა თავგადასავლებთან ერთად.
    რა დრო გასულა!
    მერე ერთმანეთს დავეკარგეთ,  ის კიევში დარჩა, ჩვენ-ამერიკაში ვართ. მერე ვეძებდი  ფეისბუქზე, მაგრამ ვინაობა რუსულად უწერია, თან ფსევდონიმით და რას ვიპოვნიდი!
    ახლა ის კიევშია, დღეს მთელი დღე ვიწვალე დასაკავშირებლად,
    ხვალაც ვცდი!
  ღმერთო, დაიფარე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები