ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარრურუა...
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
16 ივნისი, 2022


წიგნებზე, მუსიკასა და აფხაზეთზე

ბავშვობიდან მიყვარს წიგნები, წიგნების კითხვა. წიგნი ჩემთვის მარტოოდენ ცოდნის მიღების საშუალება არ არის, მეგობარიცაა... როგორც ადამიანს სჭირდება მეგობარი, ისე მჭირდება მე წიგნი... წიგნს კომპიუტერი ვერასოდეს შემიცვლის.

დაახლოებით 20 წელი ვიცხოვრე თბილისში და მეტროში წიგნის კითხვა ერთი დიდი სიამოვნება იყო ჩემთვის. ერთსა და იმავე წინადადებას რამდენჯერმე ვკითხულობდი. ხმაური სულაც არ მიშლიდა ხელს.

რაც შეეხება მუსიკას, მე ზოგადად ეგეთი პიროვნება ვარ: ვრთავ გემოვნებიან მუსიკას და მუსიკასთან ერთად ვკითხულობ წიგნს. კარგი პროცედურაა მუსიკის მოსმენასთან ერთად წიგნის კითხვა. თან მე კარგი მეხსიერება მაქვს. ერთხელ ან ორჯერ წაკითხული ეგრევე მამახსოვრდება და არასოდეს მავიწყდება. აი, მაგალითად: შოთა ნიშნიანიძის ლექსი „აფხაზური კანტატა“ ორი წაკითხვით დავიზეპირე. ზეპირად როცა ვკითხულობ, არ მავიწყდება სიტყვები, დედანში ვკითხულობ. არადა შოთა ნიშნიანიძის „აფხაზური კანტატა“ ძნელად დასაზეპირებელი ლექსია. მას შემდეგ ვისწავლე, რაც დიმიტრი ჯაიანის წაკითხული მოვისმინე. გენიალურად კითხულობდა. მე მასავით ვერ ვკითხულობ, მაგრამ მაინც. მე არ მაქვს პრეტენზია ჯაიანისებურად წაკითხვაზე.

1990-იანი წლების დასაწყისიდან, მას მერე, რაც წერა-კითხვა ვისწავლე, არაერთი ქართველი და აფხაზი პოეტის ლექსი წავიკითხე აფხაზეთზე, მაგრამ ნიშნიანიძის ლექსზე უკეთესი არსად შემხვედრია. შეიძლება ვინმემ ჩემი ეს სიტყვები გადაჭარბებულად მიიჩნიოს, მაგრამ ვფიქრობ, შოთა ნიშნიანიძის „აფხაზური კანტატა“ ყველაზე ცნობილი ლექსია - აფხაზეთზე დაწერილებიდან!

დღეს ჩემი სოხუმი სევდისფერია... სოხუმელი არ ვარ, ფოთელი ვარ, მაგრამ სოხუმი ჩემთვის ისეთივე მშობლიურია, როგორც ფოთი.

1991 წლის გაზაფხულზე - საქართველოს დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე, სოხუმში ვისვენებდი მშობლებთან და ბაბუასთან ერთად. მაშინ ჯერ კიდევ არ იყო დაკარგული აფხაზეთი, ჯერ კიდევ ქართველები აკონტროლებდნენ სიტუაციას ადგილობრივებთან ერთად.

ახლაც თვალწინ მიდგას თვალწარმტაცი ბუნება, ზღვის პეიზაჟი, ლამაზი გოგო-ბიჭები ერთმანეთს ესიყვარულებოდნენ, გულში იკრავდნენ ერთმანეთს, ლექსებს უძღვნიდნენ აფხაზეთს, სიმღერებსა და ცეკვებს დახვეწილად ასრულებდნენ. მერე კი...

მერე ჩვენ შორის მესამე ძალა ჩადგა და გაგვთიშა, გაგვთიშა მხოლოდ დროებით. აფხაზეთის ომში იყო ისეთი მომენტებიც, როდესაც ქართველი აფხაზს იფარებდა თავის სახლში და აფხაზი ქართველს.

ქართველებმა და აფხაზებმა ერთად უნდა ვიცხოვროთ, ჩვენ ერთმანეთის გარეშე მერმისი (მომავალი) არ გვაქვს. დარწმუნებული ვარ, აუცილებლად დადგება ის დღე, როდესაც ჩვენს გულებში სიყვარული დაბრუნდება.

აფხაზეთის სიყვარულმა ლექსების მთელი ციკლი შემაქმნევინა აფხაზეთზე, გთავაზობთ ერთ-ერთ მათგანს:

მატარებელი სოხუმში მიდის

ისევ ისე გელოდებათ აფხაზეთი,
რომ ერის ხმამ ძველებურად იჭექოს...
რომ გვიყვარდეს უფრო მეტად ერთმანეთი -
აფხაზეთში ნაომარო ბიჭებო.

ჩემივე ლექსიდან

მატარებელი სოხუმში მიდის,
ენით უთქმელი თან მიაქვს სევდა...
ომმა ჩატეხა მშვიდობის ხიდი,
ქართველ შვილს გლოვობს - აფხაზი დედა.

მატარებელი სოხუმში მიდის,
მგზავრებს ჯერ კიდევ აცვიათ შავი,
ვსვამ შესანდობარს ყველა იმ გმირის, -
ვინც საქართველოს შესწირა თავი.

ვიდრე ვარსებობ, ეს გულიც იწვის,
როგორც ტაძარში თაფლის სანთელი,
მესმის ყივილი მშობლიურ მიწის,
მიყვარს აფხაზი, მიყვარს ქართველი.

მინდა ვიმღერო ჩემივე ლექსი,
ნაომარ ბიჭებს ვუთხრა მადლობა...
მათი ღვაწლით და ამაგით ჩვენში
მწამს: იამაყებს შთამომავლობა!

ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს