ნაწარმოებები


რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთი გაბინაშვილი
ჟანრი: პროზა
8 ივნისი, 2022


ზღვარი 9

მერვე თავი

- მამიკო როდის მოვა? დაველოდები, ზღაპრები უნდა წამიკითხოს, - ძილს უძალიანდებოდა სერგი.
- არ ვიცი, დე, ხომ იცი, მამიკო დიდი კაცია და მას ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები აქვს, - ატირებული აიყვანა ხელში ეკამ უმცროსი ვაჟი და საძინებელში წაიყვანა.
- დე, ხვალ ვერ გააკეთებს იმ დიდ საქმეებს? - შეეკითხა მთვლემარე ბავშვი.
- არა, დედიკო, როგორ შეიძლება დიდი საქმეების გადადება?!
- დე, დიდი საქმეები რა არის?
- დიდი საქმე ისაა, რისი ხვალისთვის გადადებაც არ შეიძლება, - შუბლზე აკოცა ბავშვს და საბანი ამოუგო.
- ზღაპრების კითხვა არაა, დე, დიდი საქმე?
- ზღაპრების კითხვა ყველაზე დიდი საქმეა, - ტირილის შეკავება ვეღარ შესძლო ეკამ, გვერდით მიიხედა, რომ შვილისაგან მალულად მოეწმინდა ცრემლი.
- იცი რა ვქნათ ახლა ჩვენ?! - ჩურჩულით უთხრა შვილს, - მე და შენ წავიკითხოთ ყველაზე მეტად რომ გიყვარს ის ზღაპარი.
- არ მინდა, - ნატკენი ხმით უთხრა სერგიმ, გულში თავისი საყვარელი დათუნია ჩაიხუტა და ზურგი აქცია დედას.
  მერე სანდროსკენ გადაიხარა, კედლისკენ გადაბრუნებული იწვა სანდრო და თვალები ფართოდ გაეხილა, შპალერისათვის მიეშტერებინა.
- გღვიძავს? - გაოცება ვერ დამალა ეკამ.
  სანდრომ დედას ამოხედა და ეკამ ამ მზერაში რაღაც საყვედურნარევი, უნდობი შენიშნა.
- ხომ იცი, დე, რომ თვითონაც ძალიან უნდოდა დღეს თქვენი წაყვანა, მაგრამ, როგორც ჩანს, ბევრი საქმე გამოუჩნდა, - სანდრო უსიტყვოდ გადაბრუნდა კედლისკენ, ეკა საწოლის კიდეზე ჩამოჯდა: მოდი, ხვალ კარი ჩავუკეტოთ და აღარსად გავუშვათ.
- ხვალ აღარ მინდა, - ცრემლი გადაყლაპა სანდრომ.
ეკასაც ცრემლი მოადგა თვალზე და შვილებს რომ ატირებული არ დაენახათ, ღამის განათება ჩაურთა და ოთახის კარი ფრთხილად გამოხურა.
  მერე იჯდა განთიადამდე ეკა სამზარეულოს მოუხერხებელ სკამზე, ფანჯრის რაფაზე ჩამოეყრდნო მკლავები, ცხვირი მიეჭყლიტა მინისთვის და ღამის ქუჩას ზვერავდა. განათების ბოძთან მურა ძაღლს დასძინებოდა. მელიისფერი წუწკი კატა კი სადარბაზოსკენ მოიპარებოდა. ცრიდა. უსიამოვნოდ სევდიანი ამინდი იყო. მარტოობა იგრძნო. ეწყინა. ძალიან მოუნდა ახლა თავადაც პატარა ყოფილიყო და ვინმეს დაემშვიდებინა, მოსულიყო, დაერწმუნებიან, რომ დამიანე დიდი კაცია და დიდკაცურ საქმეებზეა წასული, რომ მის მეუღლეს უნდა ახლა ცოლთან ჩახუტებულს ეძინოს, მაგრამ სხვა გზა არ აქვს, საქმეები არ აძლევენ საშუალებას... მაგრამ ეკა დიდი გოგოა და მას აღარავინ მოატყუებს, მის დამშვიდებას აღარავინ ეცდება. და მაინც სადაა დამიანე? ნუთუ სხვა ქალი... ფიქრის შეეშინდა ეკას და ტკივილს რომ არ აევსო სხეული, გაბრაზდა. ბრაზმა სისხლი გააბლანტა თითქოს. მოძრაობა გაუჭირდა. წამოდგა, ოთახში გაიარა-გამოიარა.
  სხვა ქალი გაჩნდა მის ცხოვრებაში? და როგორია ის ქალი? რითია ეკაზე უკეთესი? ალბათ მას არ აქვს მშობიარობის სახსოვარი - სტრიები მუცელზე, ძუძუს მოწოვების შედეგად დარბილებული და გალეული მკერდი, ქვაბების ხეხვისგან ძირამდე დასული ფრჩხილები, ბადრიჯნის გათლისგან შეყვითლებული თითები, სახლში ჯდომისგან გაფითრებული ღაწვები... არა, ეს შეუძლებელია, დამიანე მას არ უღალატებს. რატომ? რა დააკლო? რა არ აქვს დამიანეს? მან ხომ ყველაფერი გააკეთა? 10 წელია დაქორწინდნენ, 10 წელია სახლში წესრიგი და სისუფთავე გამეფებულა, 10 წელია არასდროს მოუკლია ცხელი სადილი და გაუთავებული პერანგები. ეკამ საკუთარი ცხოვრება გადადო, კარიერაზე უარი თქვა, ვაჟები გაუჩინა. მის მშობლებს პატივს სცემს. კარგი ცოლია, ეკა ძალიან კარგი ცოლია: ის ყოველთვის სახლში ხვდება ქმარს, ზედმეტ შეკითხვებს არ უსვამს, ფიქრი არასოდეს გაქცევია სხვა კაცისკენ, არ ითხოვს ძვირადღირებულ ჩექმასა და საზღვარგარეთ მოგზაურობებს. მას დაავიწყდა რა უნდოდა, რადგან მისი მთელი ცხოვრება ოჯახია და ახლა? ნუთუ დამიანეს მეტი უნდა და რა არის მეტი? კიდევ რა არის საჭირო კაცისთვის, ის ხომ თითქმის იდეალურია.
  კარგი წყვილია, კარგი ოჯახი აქვთ, მისაბაძი. უხდებიან ერთმანეთს. ხალხს მათი შურს, მათი მსგავსი ოჯახი ენატრებათ, ეკას იდეალური ურთიერთობის რეცეპტს ეკითხებიან და ისიც დაჯდება და არიგებს რჩევებს. ეკამ არ იცის უკეთესი ოჯახი როგორ შექმნას, არ იცის კიდევ რა არის საჭირო კარგი ოჯახისთვის და ახლა, ახლა როცა გაიარეს დამიანეს საყვარლები, გაიარეს კრიზისი, მშობიარობის შემდეგი სტრესი, გაჭირვება, დამიანეს უცნაური ახირებები - ეწერა წიგნები, როცა დაამარცხა ხმები, რომელიც ესმოდა დამიანეს, გადალახეს უძილო ღამეები, მეგობრებთან გაუთავებელი სმები და სიკვდილამდე სახიფათო ნაბახუსევები. ახლა თითქოს ყველა ქარიხშალი რომ ჩადგა, რა ემართება მათ ოჯახს? რა ემართება დამიანეს?
  ეკა წამოდგა, აბაზანაში გავიდა, დაორთქლილი სარკის წინ დადგა და საკუთარ თავს დააკვირდა. თვალები ისევ ისეთი აქვს - ზაფხულის ცასავით მშვიდი და წმინდა, როგორც დამიანე ამბობდა უწინ. თმაც ისევ ისეთი აქვს, როგორც ქორწინებისას, ყურებთან გადაჭრილი, სწორი, ოქროსფერი, სიმინდის ფუჩეჩის ფერი, აგონდება დამიანეს შედარება და ეცინება, ახსენდება, როგორ უჯავრდებოდა ქმარს, თავთუხისფერი, ან ოქროსფერი თქვიო, დამიანეს კი დაეჟინებინა, გამხმარი სიმინდის ფერიაო. ისევ თეთრია, როგორც ზღვის ქაფი. თვალები... თვალებში ჩააჩერდა საკუთარ ორეულს და შეებრალა, ისეთი მარტო და უმწეო იყო, აატირა ამ სიმარტოვემ. საწოლზე გაუხდელად მიწვა და ნამტირალევს ჩაეძინა.
  განთიადისას დაბრუნდა დამიანე სახლში. მძინარე შვილებს დახედა. ყურმოგლეჯილი დათუნია ჩაეხუტებინა სერგის და ისე ეძინა. კოცნა მოუნდა, მაგრამ გასაღვიძებლად დაენანა. დამიანეს გულზე დააწვა ცხოვრება. ახლა რომ წლები უკან დააბრუნა, ბევრ რამეს შეცვლიდა, ახლა რომ 10 წლით უკან დასწიოს საკუთარი ცხოვრება, სხვა გზას აირჩევდა, მაგრამ ახლა სხვა გზა აღარ არსებობს, სხვა სამყარო მხოლოდ ილუზიაა, დროს ვერ შეაჩერებს და მით უფრო ვერ დასწევს უკან. ვალდებულია, მოვალეობა აქვს, პასუხისმგებლობა ამ ბავშვების მიმართ, მათ კი ბევრი არაფერი, უბრალოდ მამა სჭირდებათ, მამასთან ერთად გატარებული მეტი დრო სჭირდებათ. თავისუფალი წუთების გამონახვას კი ბევრი ძალისხმევა არ უნდა, მაგრამ ბოლო დროს სულ უფრო უჭირს დამიანეს სახლში დაბრუნება, სულ უფრო ახრჩობს ეს ცხოვრება, ცხოვრება, რომელიც თავად შექმნა, თავად აირჩია.
  არც ახსოვს რატომ დაქორწინდა და მერე ძალიან მალევე მიხვდა, რომ მისი წარმოდგენა ოჯახზე შორს იყო რეალობისგან. ეკა არაჩვეულებრივი ცოლი გამოდგა, მაგრამ ხანდახან უნდა რომ ასეთი იდეალური არ იყოს, ხანდახან ძალიან უნდა, რომ ასეთი წესრიგი არ იყოს ყოველთვის, ასე ტყუპისცალებივით არ გავდეს დღეები ერთმანეთს. უნდა, რომ დილით ეკას ერთხელ მაინც დაეძინოს, ზუსტად 08:15 წუთზე ქურასთან არ ტრიალებდეს წინსაფარაფარებული და მაგიდაზე ორთქლი არ ასდიოდეს ცხელ ყავას. უნდა, როცა დამიანეს მაღვიძარა დარეკავს, ეკა შეიშმუშნოს, გვერდი იცვალოს და თავზე საბანი წაიფაროს, რომ ძილი არ დაუფრთხეს, დამიანე კი ფეხაკრებით ადგეს და სახლიდან გასვლამდე მძინარე ცოლს შუბლზე აკოცოს. უნდა, რომ ეკა ყოველთვის ასეთი მოწესრგებული, ასეთი ზუსტი არ იყოს, ხანდახან დაივიწყოს სტერეოტიპები და სწორად მოქცევა შეწყვიტოს, უნდა, ათასში ერთხელ მაინც დაივიწყოს, რომ დედაა და საკუთარ თავს სიგიჟის უფლება მისცეს. მაგრამ ეკა ყოველთვის სწორად იქცევა, ეკა ყოველთვის მართალია და ეს სიმართლე ჰკლავს ახლა დამიანეს. ხომ შეიძლება ასე ძალიან არ უყვარდეს ეკას ქმარი, ხომ შეიძლება...
  საკუთარი საქციელის გამართლებას, ამ დანაშაულში შეხიდებას ითხოვს დამიანე, მაგრამ არცაა დარწმუნებული, სიყვარული არის თუ არა დანაშაული. დამიანე ეცადა, მთელი 10 წელია ცდილობს, კარგი მამა და ქმარი იყოს, არც ერთი გამოსდის, ვერ ახერხებს, რადგან მთელი ძალით ცდილობს სხვის კანში შეძვრეს, ისეთი გახდეს, როგორად ყოფნასაც მისგან ელოდებიან, როგორად ყოფნაც სწორად მიაჩნია სამყაროს და როცა დამიანე ჩუმადაა მისი დუმილის მოსმენა არავის შეუძლია. არავის ესმის, დედამიწა რომ თვალებს ხუჭავს და ღრმა ძილში ეფლობა, როგორ სტკივა დამიანეს მიტოვებული ოცნებები.
  დგას საძინებლის კართან დამიანე და ტყუილი წამოზრდილ ფრჩხილებს ისე უჭერს ყელში, ჰგონია გაიგუდება. მოუნდა მძინარე მეუღლის გაღვიძება და ყველაფრის მოყოლა, მოუნდა მისთვის სიმართლის თქმა, მაგრამ რა იყო სიმართლე არც დამიანემ იცოდა. და თუ ეკა შეეკითხებოდა: რატომ, დამიანე? მას არ ჰქონდა პასუხი, მან არ იცოდა, რა ეპასუხა.
  ცოლს საბანი მიაფარა, დაწოლას აპირებდა, მაგრამ ეკა იწვა და ისე მშვიდად ეძინა, თითქოს საფრთხე საერთოდ არ ემუქრებოდა. იმ წუთას დამიანეს ევიც სძულდა და საკუთარი თავიც. აივანზე გავიდა. ჰაერი ჩაისუნთქა, ფილტვები ეტკინა. ისე აუჩქარდა გული, აფორიაქდა, თითქოს სიკვდილი ფეხდაფეხ ასდევნებოდა. კაბინეტის კარი შეაღო, ქურდული ნაბიჯით შევიდა, ფრთხილობდა ძველ ნაწერებს არ გაჰღვიძებოდა. მაგიდაზე მტვერი დასდებოდა კალმებს, გაყვითლებულიყო  ცარიელი ქაღალდები. ყოყმანობდა. ეძნელებოდა დაჯდომა, მაგრამ ახრჩობდა თითქოს ტკივილი და ვეღარ გაუძალიანდა, ჯერ გაუბედავი სიტყვები დაწერა, ნაფიქრი, მოზომილი, მერე აზრმა წაართვა სადავეები და ახლა გაუცნობიერებლად გადმოდიოდნენ ბგერები ქაღალდზე, იმ წუთას არ იცოდა რას ან რაზე წერდა დამიანე, მთავარი იყო, წერდა და იცლებოდა, ცარიელდებოდა და კარგად რომ ინათა, ბავშვები რომ ჟრიამულით წამოიშალნენ, გაბუტულმა ეკამ რომ უსიტყვოდ დაიწყო საუზმის მზადება, მხოლოდ მაშინ შეწყვიტა წერა და უჯრაში მალულად ჩაალაგა ნაწერები, უჯრაში ჩაკეტა დარდი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები