ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
7 ივნისი, 2022


წინაპართ ნაკვალევზე

მარტო ვარ, თამაშგარეში,
თუმც ეს კალამიც მიჭრის...
მშობელი დედის გარეშე
სიტყვის უთქმელად მიჭირს.

კვლავ მარტო დავეხეტები
დარში, თოვლსა თუ თქეშში,
მსურს წყარო დაუშრეტელი
შევსვა ჩემივე პეშვით.

არა ვარ შარახვეტია,
არც ვინმე მოგზაური,
თუმც მივეჩვიე ხეტიალს,
ჩემგან შორს არის შური.

მინდა მივიდე ტაძრამდე,
მცხეთაში პირველ ყოვლის,
ძალას მმატებს და მახარებს
დანახვა სვეტიცხოვლის.

ხეკორძულას წყალს შევსვამდი,
დროშას გავშლიდი ზართან,
მინდა მმოსავდეს მზესავით
დედა ღვთისმშობლის კალთა.

მივყვები დროის დინებას,
წევს თხოთის მთაზე ნისლი,
ძარღვებში მოედინება
მირიან მეფის სისხლი.

ღირდა ქაქუცას გაჩენა,
ერში დატოვა კვალი,
ისე უჭრიდა მარჯვენა,
როგორც ერეკლეს - ხმალი.

ლექსები ვუთხრათ ჩვენ ცოტნეს,
ცხრა ძმას, არაგველს სამასს,
თუკი რაიმე შევცოდეთ,
შენდობა ვთხოვოთ მამას.

მერაბ კოსტავაც ვახსენოთ, -
სინდის - ნამუსი ერის,
ვიდრე ამქვეყნად ვარსებობ,
გული ,,შავლეგოს“ მღერის.

არ დავივიწყოთ ზვიადიც -
კლასიკოს მწერლის შვილი,
ქვეყნისთვის არის დიადი
ყველა მამულიშვილი.

მსურს ჩანგი ავახმიანოთ,
ვიმღეროთ ვაჟას მთებზე...
და სიკვდილამდე ვიაროთ
წინაპართ ნაკვალევზე!

ოთარ რურუა

2022

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები