ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
10 ივნისი, 2022


სეკვოია

#ლექსები

ნინო დარბაისელი

სეკვოია

(მოანას ხსოვნას)

რა გითხრა, ნინველაო,
რა ჭირი დაგიამო,
ყველა დაიჯერე, რაც გითხრა გადიამო?
კარგად დაიხსომე, ეს სიბრძნე ძველიაო:
მეგობრის დაკარგვა  - ყველაზე ძნელიაო,
ღალატი ისააო შენთვის  სამუდამო,
მარტო თუ გტოვებენ ორნი სამიდანო;
ბიჭს თუ აგაცლისო ძველი მეგობარი,
ზურგსუკან გლანძღავსო  - პირში მაქებარი;
ხელში მოგიკვდება, ენა ექარგება,
რამეს წაიღებს და გადაგეკარგება;
ვითომ შემოგავლებს იმ თავის ჩარჩულ თავს,
შენსას  - თუ კარგია, ჯღანებში ჩაჩურთავს,
თავისას ახარებს და მტერს ახარხარებს?

არა, ნინველაო!
როცა გიგანტების ახლოს დაიღლები,
კლდოვანზე მავალი ოფლად დაიღვრები,
ვეღარ გასწორდები, თუკი დაიხრები,
დაღლით გიცახცახებს კუნთები და მხრები,
როცა სეკვიოას ახლო დაუჯდები,
გაფცქვნილი კვერცხების ჭამით დამუნჯდები,
მშრალ ლუკმას ბოთლიდან წყალს რომ დააყოლებ,
საათს რომ დახედავ და აზრს დააყოლებ:
დროითი სხვაობა - შვიდი საათია,
იქ უკვე ხუთია, ჩვენთან რომ ათია.

- მორჩა ემპათია, რა შეღავათია!
ალბათ მოილია  ყველამ სიმპათია.
მჯერა,  ცა მოელის,
მჯერა, სულმნათია,
ფრთები ეძლევათ და ზეცა სულ მათია…
ახლა - დახურული მისი კასკეტია,
იმ გორგოლაჭებით ძლივს გამოეტია,
ვის დაახსომდები  ჩვენება, ცხადი ან?
ახლა - დარბაზიდან ყველანი გადიან,
ახლა  - კატაფალკა და ზღვა მანქანების, 
ჭედვა იმისთანა, ვერ გაექანები,
ყველანი ნელ-ნელა მიდიან,
მიდიან,
ტრასაზე - ხიდია,
ჰო, დიდი ხიდია, მერე სასაფლაო.
ძველი სასაფლაო,
ისეთი მოვლილი,
იფიქრებ, სიკვდილმა ყოფა მოთაფლაო.
იქ მწვანე ტენტია და ტენტქვეშ სკამები,
ერთმწყობრი, ერთფერი და ნაკამკამები
და ჭირისუფლები პირველნი სხდებიან.
დამთავრდა, ხვდებიან!
აი, ყვავილებიც -
ვარდები მარადი - ხავერდის, შავები
და კალა ლილია, ცოტაც კამელია,
თეთრი შროშანები,
უასაკო ია -
ახალ ბორცვს აყრია.
ცერმწვანე* მოანა - ყვავილთა მოენე!
მოანა, მანდ ალბათ ისეთი ჰავაა,
ისე საამური, ვით შენი ჰავაი,
ჰავაი,
ჰავაი!

( -ეჰ, რა ვქნათ, ასეა,
ბანანი შენ გქონდეს,
რუგზაკი სავსეა.
გაგიფცქვნი მანდარინს, მჟავე გეამება…
როგორ არ მინდოდა, ბაასი გამება!)

და დგას სეკვოია -
სამათასწლოვანი ხე უზარმაზარი,
დამწვარი, საზარი…
ძირს ყრია წიწვები.
თუ დიდხანს იდგები,
ბევრჯერ დაიწვები
და თუ დაეცემი,
იწვები,
იწვები არავის საფერი.
იცი,  იქ  ვაია,
გულში  - აქ, ვოია,
მაგრამ არაფერი!
სადაც გაიხედავ,
ყველგან- სავალია,
ყველგან მწვერვალია,
ღიმილი - ვალია,
არა, სეკვოია?
არა,  სეკვოია!

——-
*ცერმწვანე - ინგლ.  იდიომი (green thumb)  - პირი, რომელსაც  მცენარეთა მოვლა კარგად გამოუდის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს