ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკე...
ჟანრი: პროზა
11 ივნისი, 2022


ანდერძი(6)

- იცი რა ხდება ჩემო ეკა? წარმოიდგინე რომ პლანეტამ მიზიდულობის ძალა დაკარგა.

- წარმოვიდგინე, მერე?

- მერე რა და, ზუსტად მაგ მდგომარეობაში ვართ ახლა ჩვენ, კაცობრიობა. ყველაფერი, რაც ჩავაბეტონეთ არის ადგილზე. დანარჩენი ჰიიი!

- რა ჰიი?

- კოსმოსში.

- ისედაც იქ არ ვართ?

- ჰო მაგრამ...

- რა მაგრამ, მოეშვი საკუთარი ტვინის ბურღვას.

- ჰაჰაჰა, ვაჰ, რა გულიანად გამაცინე.

- რა გაცინებს?

- მოშე ჩაგისახლდა.

- მოშე  ვინაა გოგო?

- არის ერთი. მეგობარი. არის არა, იყო, უფრო სწორად რომ ვთქვა.

- მოიცა, ვინ მეგობარი? მეგონა სასმელმა შეგათრო და იმიტომ ბჟუტურებ კოსმოსმოსზე, თურმე...

- არანაირი თურმე. ერთხელ ვნახე ცხოვრებაში, ისიც ძალიან მინდოდა მენახა და
მადლობა გადამეხადა. ერთ დროს ძალიან შემეშველა. ფაქტობრივად გადამარჩინა. უბრალოდ პატარა საჩუქრით მინდოდა მადლიერება გამომეხატა და რომ გადამეცა ხომ უნდა მენახა?!
სიტყვას  ზოგჯერ ისეთი ძალა აქვს განგრევს, ზოგჯერ საერთოდაც არ აქვს ფასი.
თქმით კი ბევრჯერ მითქვამს მისთვის მადლობა, მაგრამ...
მადლობა გაცვდა ადამიანებისთვის...
მგონი ბოდიშიც, მაინც არავინ არავის არაფერს პატიობს...
ჰოდა, რას ვამბობდი? რას ვამბობდი და ...
არაფერსაც არ ვამბობდი... სისულელეა ყველაფერი...
სიცოცხლეც მათ შორის.- წაწყვეტ-ნაწყვეტ, დანანებით საუბრობდა ანა.

- დადე დასკვნა?

- დავდე. საკუთარი გამოცდილებით დავდე.

- გამიზიარე, გეთაყვა.

- ადამიანის ცნობიერება ვერ ეწევა გარდაუვალ ცვლილებებს. ჩვენ ისევ ძველებურად ვჭეჭყავთ, დროს ვერ ვუწყობთ ფეხს, თუ ფრთებს.

- მოიცა, მოიცა, შორს წახვედი, დამიბრუნდი აბა. რატომაა  სიცოცხლე        სისულელე ?

- უსიყვარულოდ უაზრობაა. ახლა ვინც დადის, სუნთქავს და ლაპარაკობს ცოცხალი გგონია შენ?

- კი. ნამდვილად.
მკვდარი არ დადის, არ სუნთქავს და არც ლაპარაკობს.

- შენთვის ადვილია თქმა. ალბათ ადვილია, რადგან ამბობ. პრინციპში ასეც უნდა იყოს, ჩემსავით ხომ არ დაიტანჯება ყველა? ჰოდა, არც უნდა დაიტანჯოს!
დაასხი ერთი, ზომბების სადღეგრძელო უნდა დავლიო.
რას მიყურებ? მიჩვეული ხარ ჰო, ჩემთან რომ ყველაფერი კარგადაა? შენც მიგაჩვიე.
ზომბებს გაუმარჯოთ, იარონ, ისუნთქონ, ილაპარაკონ! ჰე, მომიჭახუნე.

- მგონი მეტი მოგვივიდა.

- ჰო, მეც ზუსტად მაგას ვამბობ. შენ არ ვიცი და მე ნამდვილად მეტი მომივიდა, ჩემო ეკა, მოვინდომე სიცოცხლე და სიყვარული.

- კარგი, გეყოფა ახლა. მშვენიერი სიცოცხლე გაქვს და უჭულბუჭულებიანი  სიყვარული.
რა ასე არაა?!

- უჭულბუჭულები მშვენიერია, ვინ ამბობს არაო?
სიყვარულის რა მოგახსენო, სადაა აბა?

- სახლში, ალბათ ტელევიზორს უყურებს. -  სიტყვა მიუგდო ეკამ მეგობარს და სიგარეტს მოუკიდა.

- გულთმისანი ხარ პირდაპირ. ეგ სიყვარული, - თითებით  ბრჭყალების იმიტაცია გააკეთა ანამ, - შენი დამსახურებაცაა და ადვოკატობ ჰო?!
რა გაკვირვებული მიყურებ, გახსოვს რომ ვემალებოდი და მტუქსავდი, გადი, გელოდებაო?

- როგორ არ მახსოვს, მაგრამ რას ბავშვობ ახლა, ნუ გადამრიე.

- მართალი ხარ, არ გედავები. ვბავშვობ. ასაკისთვის და თანამდებობისთვის შეუფერებელი მე...
აი ზუსტად მაგიტომაა ჩემთან ყველაფერი კარგად ყველასთვის გარშემო.
ყველა მშვიდადაა. ხვდები?
ბედნიერად მირიხინებენ გაზაფხულები, შემოდგომები და ასე შემდეგ...
კაი, მოდი ახლა ღმერთის სადღეგრძელო ვთქვათ, ყველაფერი ისე როა, როგორც უნდა იყოს.

- რამე პრობლემები გაქვთ შენ და გიორგის?

- არანაირი, რას ამბობ, ყველაფერი იდიალურადაა.

- რა გინდა მაგ კაცისგან? ოჯახის კაცია, შრომობს, აკეთებს რაც შეუძლია. ვერ ხედავ რა ქვეყანაში ვცხოვრობთ? არცა ვკვდებით არცა ვრჩებით. თავს ზევით ძალა არაა.

- სხვაგან წახვედი, ეკა.  არქონა არაა მიზეზი. არც ყოფილა არასდროს და არც ახლაა, არ მიცნობდე მაინც.
პრინციპში არც მის პიროვნებას ვერჩი, საერთოდაც არავის ვერჩი. პრობლემა მე ვარ.
ამ იდილიისთვის შეუფერებელი, კონტექსტიდან ამოვარდნილი.

- დაიწყო ისევ.
და შენ თავს რას ერჩი? მეტყვი? შეგიძლია მითხრა?
ასეთი არეული არასდროს ყოფილხარ. რა გჭირს?

- მე ვარ ქაჯი.
ასე არ ეძახიან მონდომებულ და გაუბედავ ქალებს?
ზატო ბოზი არ ვარ, მოღალატე არ ვარ.
მაგრამ მოღალატე როგორ არ ვარ, თუ საკუთარ თავს ვღალატობ?
კარგი, შევთანხმდით რომ მოღალატე ვარ.
როგორაა დაწერილი? უკეთუმცა თვალმა შენმა გიმტყუნოს, ამოიღე და გადააგდე, გულმა გიმტყუნოს, თავმა გიმტყუნოს?
აიღე და გა-და-აგ-დე !

- ვაჰ, სერიოზულადაა საქმე.
აბა მითხარი ვისთან იქაჯე?
ნუ, რომ არ იბოზე,  მაგაში დარწმუნებული ვარ. საერთოდ ეგ სიტყვა რა მოსატანი იყო, თუ ლამაზი ქალის აღსანიშნავად არ გამოვიყენებთ? - ეკამ მხრები აიჩეჩა, მის სახეზე გაოცებაც იყო და ღიმილიც ერთდროულად.

- ქაჯი, ქაჯია ! ჩემო ეკა. თუ ქაჯია? ყველასთვის ქაჯია.

- გოგო, ნუ დამტანჯე, მითხარი რა შეგემთხვა?

- არაფერი განსაკუთრებული, ოთხი წლის წინ პატარა ბიჭით მოვიხიბლე, მსუბუქად რომ ვთქვათ.

- ჰა ჰა ჰა, - გადაიკისკისა ეკამ. - გამაკვირვე?! ჩემთან ამბობ გოგო მაგას? უი, შენ რა გითხარი. ჩემ უჩას მაინც არ იცნობდე და არ იცოდე ჩვენ შორის სხვაობა.

- ცამეტი წელი არაფერია - ძლივს გაეცინა ანას.

- მოიცა, მოიცა, უფრო პატარა?

- ჩვიდმეტი წლით  პატარა. - ამოიოხრა ანამ.- მარიკუნაზე ცოტათი დიდია.

- მოყვევი ახლა რა მოხდა, თორემ ფანტაზიას არ ვუჩივი და უარესს ვიფიქრებ.

- არაფერია საფანტაზიო, ქაჯი ვარ მეთქი და წერტილი.

- ანუ, გული დაგწყდა.

- გული კი არ დამწყდა, გამისკდა.

- უფრო კონკრეტულად? რამ გაგიხეთქა  ეგ გული?

- რომ ასეთი რამ დამემართა საერთოდ, გრძნობები გამიჩნდა პატარა ბიჭის მიმართ. სამსახურიდან წამოსვლასაც კი ვფიქრობდი. აღარ შემეძლო იქ გაჩერება. ხელ-ფეხი მიკანკალებდა. გული ცუდად მიხდებოდა...- თავი დახარა ანამ და თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა
- არ მჯერა ამას კიდევ ერთ ადამიანს რომ ვუყვები.

- ე.ი. მეორე ვარ, პირველი ვინაა? - ცნობისმოყვარედ შეხედა ეკამ.

- მოშე.

- ე.ი. ვიღაც მოშე დააყენე ჩემზე წინ?

- იცი როგორაა , ჩემო ეკა, შენი წუხილი ახლობელს არ უნდა გაანდოო, ნათქვამია, უცხოს უფრო ადვილად ეტყვი, გაივლის და წავაო. არ შეწუხდება შენ გამო. ახლობელი რატომ უნდა დაამძიმო?
ისეთი სასოწარკვეთილი ვიყავი, ისეთი, ვერ აღგიწერ.
ეტყობა ძალიან არ მინდოდა სიკვდილი, თორემ ღია ფანჯარასთან მბორგავი, რაღატო უნდა მოვჭიდებოდი ხავსს?
ადექი და გადახტი რა! - თითქოს საკუთარ თავს საყვედურობდა ანა.

- რას მეუბნები, ანა, აღარ ვიცი ახლა გაგტისკო, თუ გული შემიღონდეს, რა ღია ფანჯარა?

- ნუ წუხხარ, წასული ამბავია. სამი წელი გავიდა მას მერე.
მოშეს დამსახურებით.  ზუსტად იმ საღამოს, ზუტად იმ წუთებში რომ მწერდა, როცა ცრემლი მახრჩობდა და უკვე გამოღებულ ფანჯარასთან ვიდექი...
უტრაკო ვარ, მშიშარა.

- არც კი ვიცი რა გითხრა. - შეწუხდა ეკა.

- ჰო, ასე იყო. თავად მოშესაც არ სჯეროდა , როცა ამას ვეუბნებოდი. მგონია რომ დღემდე არ სჯერა და...

ყველა ადამიანი ხომ საკუთარი შეგრძნებებით ხელმძღვანელობს, ეკა, მე საიდან მეცოდინებოდა რას ფიქრობდა ის ჩემზე. ამიტომ საკუთარ გრძნობას და ემოციას ვეყრდნობოდი.
ჯერ ალბათ ვიღაც ტუტუცი და  მატყუარა ვეგონე, მერე საცოდავი, მერე საინტერესო მოვეჩვენე, ბოლოს ისტერიჩკა და გადარეული.
დამღალეო, მე მაგდენი არ  შემიძლიაო.
კაროჩე მოვბეზრდი.
თუმცა ახალი და მოულოდნელი არაფერი უთქვამს ჩემთვის.
სამი წელზე მეტი გვქონდა მიმოწერა და მე თავიდანვე ვუთხარი, მოგბეზრდები და მიმატოვებ-მეთქი.
ვიცი რომ შენ არაფერში გჭირდები, მე მჭირდები და ნუ დამეღლები-მეთქი. ზუსტად ეს სიტყვა, "დაღლა" ვუხსენე.
ხან რომ წარმოვიდგენდი დასასრულს, იმდენად არ მინდოდა ურთიერთობის ფიასკო განმეცადა, გაქცევას ვცდილობდი მისგან. მაგრამ ვუბრუნდებოდი, მენატრებოდა, შევეჩვიე. ძალიან შევეჩვიე.
სიცარიელე ყოველთვის ითხოვს შევსებას. სინამდვილეში სიცარიელე არც არსებობს. ის მუდამ რაღაცით ივსება. რაღაცნაირად კმაყოფილი ვიყავი , რომ სწორედ მისით ვიყავი შევსებული.
იმიტომ რომ არ  იყო ხამი.
იმიტომ რომ იყო ჭკვიანი.
იმიტომ რომ ჩემთვის იყო ღმერთი, რომელმაც ყველაზე მძიმე წუთებში  ინტერნეტით ისარგებლა და მომწერა.
თავად აზრზე არ იყო, ისე ამიყვანა ხელში და გადმომსვა იმ ფანჯრის რაფიდან.
ყოველთვის, როცა მიჭირდა წარმოვიდგენდი, რომ მის მკერდზე მედო თავი და მისსავე გულის ცემას ვუსმენდი.
ვუსმენდი და ვმშვიდდებოდი...

ჰოდა, წარმოიდგინე შევხვდი, ეკა, შევხვდი, ნახევარი საათი ველაპარაკე და ხელებზე არც კი შევხედე, იმ ხელებზე, რომელიც გამომიწოდა.

- კაი, რა გატირებს, ანა, რომ დაგცინო კი ხარ ღირსი, მაგრამ ეგეც აღარ შემიძლია, გთხოვ დაწყნარდი - ეკამ ცალი ხელი მხარზე შემოხვია მეგობარს, ცალით ისევ სიგარეტს დაწვდა.

- არ ვტირი, სასმელის ბრალია ალბათ, ცრემლები თავისით მომდის.

- მერე რა პრობლემა შექმენი, ოცდამეერთე საუკუნეში ? გადაეღო ფოტო ხელებისთვის , გამოგიგზავნიდა, დაგებეჭდა და ჩაგესვა ჩარჩოში. - გაეღიმა ეკას.

- კი, როგორ არა. რომ გვიდეს,შეჭრილ თმას არ გამოხვეტს შენკენ. რა იცი რაში გამოიყენოსო.

- ცოტა დავიბენი, ანა, პატარა ბიჭმა გაწყენინა, მაგრამ  საბოლოოდ მოშეზე უფრო გაცხარებული ხარ, თუ ვცდები?

- შენ ცოტათი დაიბენი , რა გიჭირს?!  მე ძალიან, ეტყობა ქაჯებს ასე სჩვევიათ. ქანქარა ხომ  იცი? ერთ ბოლოსკენ გადაქაჩავ, პროსტო ხელი უნდა გაუშვა თავისით გარბის უკიდურობისკენ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს