ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთი გაბინაშვილი
ჟანრი: პროზა
12 ივნისი, 2022


ზღვარი 10


მეცხრე თავი

ევიმ კიბეზე აირბინა და მოუთმენლად დააკაკუნა. არავინ გამოპასუხებია. ახლა კიდევ უფრო აღელვებულმა დაარტყა გაშლილი ხელისგული კარს. სადარბაზოში ობლად ჩამოკონწიალებული ნათურა განათდა და საკეტი გაჩხაკუნდა. მასპინძელს არ დალოდებია, ფართოდ შეაღო კარი და ოთახში შევიდა. ნამძინარევი მია იდგა და გაოცებული შეჰყურებდა მეგობარს, რომელიც არც კი მისალმებია, ჩანთა იატაკზე მოისროლა, სამზარეულოში შევიდა და მაცივარში ცივი წყლის ძებნას შეუდგა.
- რა ხდება, მშვიდობაა? - იკითხა ჯერ კიდევ ძილაყოლილი ხმით მიამ.
  ევიმ წყალი დალია და აივანზე გავიდა, ისე რომ პასუხი არ გაუცია.
- მშვიდობაა? - გაუმეორა კითხვა მიამ.
- ჰო, შენთან ძალიან ცხელა, - თქვა და მოაჯირს გადაყრდნობილმა ღრმად შეისუნთქა ჰაერი. მია აივნის კარს მიეყრდნო და ხელები გულზე გადაიჭდო, სულაც არ მოჩვენებია რომ ცხელოდა, მეტიც, ახალგაღვიძებულ სხეულს სიცივისაგან ეკლები ეყარა. მაგრამ ამაზე მეტად ევის უეცარი გამოჩენა და მისი უცნაური ქცევა აკვირვებდა.
- კარგად ხარ? - მკლავზე ხელი შეახო.
  ევი თითქოს ახლაღა გამოფხიზლდაო, მეგობრისკენ შემობრუნდა. იდგა მია ფეხშიშველი, თმა ჩაეწნა, თვალებს ჯერ ისევ სიზმრების ნისლი ადგათ. მწვანე მაისური ეცვა, მამაკაცის, საგრძნობლად დიდი, თითქმის მუხლებამდე სწვდებოდა.
- ეს რა არის? - იკითხა ევიმ და ორი თითით ზიზღით შეეხო მიას მაისურს.
- რა უნდა იყოს... არაფერი... - ახლა მიამ დაიხედა მაისურზე დაბნეულმა.
- არაფერი ხომ? არაფერი! - მოულოდნელად ისე გაბრაზდა ევი, მიამ სიტყვების ძებნა დაიწყო, თავის გასამართლებლად.
- უბრალოდ კომფორტულია...
- არაფერი გეშველება! არა, არ მესმის, კიდევ რა უნდა გააკეთოს, რომ მიხვდე, თავმოყვარება აღარ გაქვს? საკმარისად ვერ გადაგიარა? - არ ცხრებოდა ევი.
- გითხარი, არაფერი ხდება-მეთქი, - ზურგი აქცია მიამ, - ყავას დაგიდგამ.
- მაშინაც ეგრე ამტკიცებდი არაფერი ხდებაო, რომ გაედევნე კუდში და დარჩი მერე მარტო. ხომ გაფრთხილებდი მაშინაც, არ აპატიო-მეთქი და ამჯერად უკვე ბავშვთან ერთად დარჩი და რა გინდა ბოლო-ბოლო, რამე გმართებს მისი? საკუთარი თავი არ გეცოდება?
- კაი გეყოფა რა.... უშაქრო?
- მე არა, შენ უნდა გეყოს! უნდა დაამთვრო რა და გამოდი აქეთ, შენ რა იცი ყავის გაკეთების.
- ნახევარი ჭიქა ყავა და ნახევარი ჭიქა წყალი - შენს ყავას რა დიდი რამე უნდა.
- სიყვარული სჭირდება, სიყვარული, - გაბრაზებულმა გამოართვა ჭიქა და თავად დაიწყო ყავის მომზადება ევიმ, - ადამიანი, რომელსაც თავად არ უყვარს ყავა, როგორ შეძლებს გემრიელად ამზადებდეს მას.
- შენ საერთოდ ნუ ლაპარაკობ სიყვარულზე რა...  არც ისეთი მარტივია, შენ რომ წარმოგიდგენია, - დაამატა მცირე ხნის შემდეგ და მისმა ხმამ წყენა ვერ დაფარა.
  სიყვარულის ხსენებაზე ჟრუანტელმა დაუარა ევის.
- მე სიყვარულზე კი არა, თავმოყვარეობაზე გელაპარაკები, - ეცადა მყარი ყოფილიყო სიტყვები, მაგრამ გზადაგზა მილიონ ნაწილად დაიმსხვრა. მის ნათქვამს დამაჯერებლობა აკლდა, რადგან თავადაც შეჰპარვოდა ეჭვი. სინდისის ქენჯნა იგრძნო. სხეულს შიში დაეუფლა.
  ისევ მოიტანა ფიქრის ქარიშხალმა ფორიაქი. ძალდატანებული და დაგეგმილი სიყვარულის არ მწამსო. შანსი თუ სჭირდება ადამიანს, ეს უკვე დაკარგული შანსიაო. ვერც უნდა მიხვდე, ისე უნდა მოვიდეს სიყვარული, ჯერ ეს სიყვარული უნდა იგრძნო და მერე დაინახოო კაცი, - ამბობდა ხოლმე ევი და მიაჩნდა: სიყვარული მხოლოდ ერთი გაელვება იყო, ერთი დიდი აფეთქება, რომელიც მოულოდნელად უნდა დაგტყდომოდა თავს. და ახლა სწორედ ასე მოსულიყო რაღაც, აღელვებული ტალღასავით აქაფებული და შემზარავი, მაგრამ მაინც ლამაზი და თუ ამ სილამაზით დატყვევებული არ გამოფხიზლდებოდა და არ გაიქცეოდა, ზღვა შეიტყუებდა და ვინ იცის, კიდევ შესძლებდა თუ არა ნაპირზე გამოსვლას. მაგრამ ევის თავს რაღაც ძალიან უჩვეულო ხდებოდა და გაქცევა არ უნდოდა. დამსუბუქებულიყო, ჰაერში აწეულიყო და საკუთარ თავს ვეღარ ამჩნევდა, საერთოდ ვეღარაფერს ამჩნევდა ევი. ერთი კი იყო, მოუსვენრობა შესძვრომოდა სხეულში და ადგილს ვეღარ პოულობდა. იდგა და ოთახს მიღმა იღიმოდა.
- და შენ რა გჭირს? რა ხდება? ამ შუაღამისას ჩემი წარუმატებელი ქორწინების განსახილველად მოხვედი?
  ევი ფიქრში იყო წასული და მიას კითხვა ვერ გაიგო.
- რა? - აზრმიუცემლად იკითხა მცირე ხნის შემდეგ.
- ეროვნული ვალუტა გაუფასურდა-მეთქი.
- ჰოო, ძალიან!
მიამ გამომცდელად შეათვალიერა ევი და ხმამაღლა გაიცინა.
- რა ვალუტა, გოგო, ხომ ხარ შენ ჯანმრთელად? რაზე ფიქრობ საერთოდ?
  ევი იჯდა მოკეცილ ფეხზე, თვალები დაეხუჭა, ნეტარებით სვამდა ყავას და ფიქრობდა კაცზე, რომელიც მას არ ეკუთვნოდა, მაგრამ მაინც მისი იყო - მისი სულის ნაწილი. მია ერთხანს ადევნებდა თვალს და მერე ღიმილით უთხრა:
- აბა, დაიწყე.
- რა დავიწყო?
- მოყოლა. დაწვრილებით, თავიდან ბოლომდე, დალაგებულად.
- რისი?
- კაი ახლა, მორჩი! ხომ არ დაგავიწყდა, რომ მთელი ცხოვრებაა გიცნობ და გიტან, - ისევ გაიცინა მიამ.
- ისე მართლა მთელი ცხოვრებაა ერთად ვართ არა...
- თემას ნუ ცვლი!
- რა გინდა?
- რა ხდება?
- რა უნდა ხდებოდეს, გოგო, რას გადამეკიდე?
- ციცინათელები გინთია თვალებში...
- რა უცნაური არსებები ვართ ადამიანები, ციცინათელების სინათლეს ვამჩნევთ, მაგრამ წამითაც არ დავფიქრდებით იმ სიბნელეზე, ამ სინათლემდე რომ დგას მის ცხოვრებაში, თითქოს სულაც არ გვეკითხებოდეს, რის ფასად ანათებენ.
- ვაიმეეე, - მოუთმენლობა დაეტყო მიას, - მიდი გისმენ, სინათლის მიზეზებზეც მაინტერესებს ყველაფერი და იმ სიბნელეზეც.
  ევიმ კიდევ ერთი ყლუპი ყავა მოსვა, მერე ფინჯანი მაგიდაზე დადგა და ნაჩქარევად წამოდგა.
- სად მიდიხარ?
- სახლში.
- გეფიცები, შენ თუ ნორმალური იყო. საერთოდ რისთვის მოდიოდი? ამ ნახევარი ჭიქა ყავის გამო გამაღვიძე?
- ნახევარი ჭიქა ყავა იყო იქნებ ახლა ჩემთვის ჰაერივით მნიშვნელოვანი?
- მორჩი მაიმუნობას და დარჩი ჩემთან. არ გინდა ნათლულის ნახვა?
  ევიმ ჩანთა აიღო, სადარბაზოში გავიდა და სირბილით დაეშვა საფეხურებზე. ნახევარი კიბეც არ ჰქონდა ჩავლილი, ისე მოაძახა მიას, უკან არც კი მოუხედავს:
- შენ თავს გეფიცები, ჯერ მართლა არ ვიცი რა ხდება. გავერკვევი და ხომ იცი, რომც არ გინდოდეს, მაინც მოგიწევს ჩემი მოსმენა.
  ევიმ მანქანა გააჩერა, მაგრამ მიხვდა, სახლი მის ღელვას ვერ დაიტევდა. ფილაქანს გაუყვა. შემოდგომას ჯერ ბოლომდე ვერ დაეძალა ზაფხულის მცხუნვარება. თბილი ღამე იყო. აუზის კიდეზე ჩამოჯდა. ხელი ჩაყო წყალში. გრილი იყო. ესიამოვნო ცეცხლმოდებულ სხეულს წყლის სიგრილე. ტანსაცმელი გაიხადა და წყალში ჩახტა. წყლის ხმაზე ახლად ჩაწოლილი ნინა წამოდგა და როცა დაინახა ევი ცურავდა, ლოყაზე მთელი ძალით შემოიკრა ხელი:
- რატომ თავი არ მომიკვდება, ცურვის დროა, შვილო, ახლა? სასწრაფოდ ამოდი, დროზე რომ გელაპარაკები, - ისეთი შეშფოთებული იყო ნინა, ევის გაეცინა.
- შენ რატომ არ გძინავს, ნინაჩკა? - ჰკითხა და უძრავად დაწვა წყალზე, თითქოს დაძინებას აპირებსო.
- რატომ არ მძინავს?! შენ ადამიანს მოსვენებას მისცემ?! შენი მარტო დატოვება იქნება? - ისევ აბუზღუნდა ნინა, - ამოდი, გოგო, რომ გელაპარკები, არ გეყურება? ამხელა გოგოა და საკუთარი თავის მოვლა ვერ უსწავლია. შენ უნდა მომკლა, შენ... - აღარ წყვეტდა ქალი ქოთქოთს.
  ევი წყლიდან ამოვიდა. სიცივემ მკერდში ჩაიკრა. ააკანკალა. ნინას ჩაეხუტა, აკოცა და ფეხშიშველა გაიქცა სახლისკენ. სანამ სველი ფეხების ტყაპუნით სახლში შევიდოდა, გამოსძახა:
- დედუ, ტანსაცმელი დამრჩა, წამომიღე რა.
- გიჟი, არანორმალური, გეფიცებით, ეს თუ ჭკუაზე იყოს, - ბუზღუნით მოიწმინდა სველი ლოყა ხელის მტევნით ნინამ. ევის ტანსაცმელი რომ სათუთად დაკეცილი შეიტანა ოთახში, გოგო ისევ სველი და შიშველი იდგა. წყალი წურწურით გასდიოდა, ერთიანად კანკალებდა და თან გაღიმებული ჩასჩერებოდა ტელეფონს.
- აჰა, არ ვთქვი, არაა ეს გოგო ნორმალური-მეთქი, - მიმართა საკუთარ თავს ნინამ, - გამოიცვალე, შვილო, გაცივდები. მაინცდამაინც რამე გინდა დაგემართოს?.. მეც მასე ვიყავი... არ ვუფრთხილდებოდი საკუთარ თავს... არავის ნათქვამი მე არ მესმოდ და ჰა, ხომ ხედავ, როგორ დავრჩი. მე მაინც შემომხედე, ასე გინდა შენც? ჯვარი გწერია, - ნაჩქარევად გადაისახა პირჯვარი ნინამ და თბილი ტილო მოახვია ევის მხრებზე.
- ნინაჩკა, შენ მაგაზე არ იდარდო, მე ხომ გყავარ? - ტილო მხრებიდან მოიცილა და გულში ჩაიკრა ქალი, - წამითაც არ იფიქრო მაგაზე, - ჩასჩურჩულა ევიმ.
- შენ კი, კი მყავხარ შვილო! - გული ყელში მოებჯინა ნინას და უფრო ამ ცრემლის დასამალად შეცვალა თემა, - შენ რაღაც ვერ გცნობ დღეს, აბა ერთი შემომხედე და მითხარი რას მიმალავ, რა ხდება შენს თავს.
  ევის ისევ გაუნათდა სახე, თითქოს გაზაფხულის დილა გაუთენდაო დედამიწას.
- არაფერი, ხდება, დედუ, რა უნდა ხდებოდეს?!
- არა, რაღაც ვერ არის ისე, რას მიმალავ, შე გასაქრობო? - გამომცდელად დააკვირდა ქალი.
- წავედი, ნინაჩკა, გავცივდები, წყალი უნდა გადავივლო, - სიტყვა აღარ დაამთვრებინა ევიმ, ისე ნაუცბათევად შევარდა აბაზანაში.
- ოოჰ, შენ რა ხარ, ვინც არ გიცნობს,- თავი სიცილით გადააქნია ნინამ და ოთახიდან გამოვიდა, - ნეტამც არ იქნება მართლა ხდებოდეს რამე, - საკუთარ თავს ელაპარაკებოდა ნინა, კიბეზე რომ ჩადიოდა.
  ევი კი იწვა გულაღმა, სველი ტილო შემოეხვია ტანზე და აჩქარებული გულის ბაგა-ბუგს უსმენდა. მისი გული რაღაც ჯერ ართქმულს უყვებოდა, შარბათივით ტკბილი იყო ეს ახალი სიტყვები და თითქოს ტუჩებზე ადნებოდა ბგერები. ვერც კი იგრძნო ოცნებაში წასულს როგორ დაათენდა. დილით სასადილო ოთახში რომ ჩავიდა და მხოლოდ ერეკლე და დათიკა დახვდნენ სუფრასთან, ნინა მოიკითხა. არ სძინებიაო, მთელი ღამე იწრიალა, ალბათ, წნევამ თუ აუწიაო ისევ, შესჩივლა დათიკამ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს