ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთი გაბინაშვილი
ჟანრი: პროზა
15 ივნისი, 2022


ზღვარი 11

მეათე თავი

წნევას კი არ შეუწუხებია ნინა, ევიზე ფიქრი შეეყარა და მთელი ღამე არ მოასვენა. საწოლში ვერ გაჩერდა, ხალათი შემოიცვა ჩასუქებულ სხეულზე და ეზოში გავიდა.
- გადაიყოლეს ბავშვი ამ ვაზებითა და ვენახებით, საწყალი, მთელ დღეს მარანში აღამებს,-ბრაზი მოერია დათიკასა და ერეკლეზე. საკუთარ თავსაც გაუჯავრდა: არ უნდა გამეზარდაო ასე, არა, ეს ცხოვრება ქალის არაა! გათხოვდებოდა, შვილები ეყოლებოდა, ცხოვრებას ააწყობდა. ახლა უნდა შემოგვყუროს სამ ბებერს, ახლა მაგისი სათრევები უნდა გავხდეთ და მერე, მივყვებით ჩვენც ერთმანეთს და ევის რა ეშვლება? როგორ უნდა იცხოვროს? - არ შორდებოდა ფიქრი.
- მე რა, დედა არ ვარ? ჩვენი შვილიც არის, ჩემი და დათიკას შვილიც არის ევი, - უმეორებდა ნინა საკუთარ თავს და მთელი ღამე ევედრებოდა ღმერთს, ნეტამც არ იქნება, ღმერთო, ნეტა მართლა შეუყვარდეს ერთი კარგი კაცი, იქორწინოს, შვილები იყოლიოს. ვიცოდე, რომ პატრონი ჰყავს, ვიცოდე, რომ მარტო არ დარჩება. სიმარტოვეზე მძიმე არაფერია, სიმარტოვისთვის ადამიანის გაწირვა არ იქნება. ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და არაფერი ესმის.  წუხდა ნინა, რომელსაც კი არ გაეჩინა ევი, მაგრამ მისი გაზრდილი იყო, 4 წლიდან წამითაც არ მოშორებია გვერდიდან. არ სჯერა, ნინას, რომ მშობელ დედებს უფრო მეტად უყვართ შვილები. მხოლოდ გაჩენა ხომ არაა სიყვარული, სიყვარული მზრუნველობაში მოდის, ერთად გადატანილ წლებს მოაქვს დედაშვილური სიყვარული. მერე რა, რომ ნინას ექიმებმა უთხრეს უშვილო ხარო, მერე რა, მას მაინც ჰყავს შვილი და ყველა დედაზე მეტად დედაა ნინა.
  მანამდე იყო, რომ ერიდებოდა დათიკოსა და ნინას ერეკლესთან ცხოვრება, უთხრეს კიდევაც, ჩვენ წავალთ და მოვძებნითო საკუთარ ბუდეს. გაგონებაც არ უნდოდა ერეკლეს: რა არ გყოფნით, აქ რატომ ვერ თავსდებითო. მერე საწყალი თამარი გარდაიცვალა და აღარც უფიქრიათ წასვლა, ბავშვს როგორ დატოვებდნენ, პატარა ევის ვის ანაბარას გახდიდნენ.
  ერეკლეს მომიჯნავედ ცხოვრობდა ბესო, დათიკას მამა. თითქმის თანატოლები იყვნენ დათიკა და ერეკლე, თვეები იყო მათ შორის სხვაობა და ბავშვობიდან მეგობრობდნენ. მეტყევე იყო ბესიკი. კარგი კაცი იყო და კარგკაცობა არ აპატიესო, იტყოდა ხოლმე ერეკლეს მამა. არ აკარებდა თურმე ტყეს არავის, ემანდ რომელიმე ჯანსაღ ხეს ფოთოლი არ მოწყვიტონ, ან ნადირი არ მოკლანო. ტყის ყველა მტკაველი ზეპირად იცოდა. ახსოვს დათკას, დაჰყვებოდა მამას ტყეში, იმ ტყის შიშიც ახსოვს და მამის გასაოცარი სიყვარულიც. ერთ საღამოს სახლში რომ არ დაბრუნდა ბესიკი, მოიკითხეს მეზობლებში, ნაცნობებში. ბინდმა შეუშალა ხელი ტყეში ეძებნათ. მეორე დღეს მიაკვლიეს ხევში გადაჩეხილი.
- არ იყო ეგ უბედური თავისი ბედისწერით მკვდარი, იმ ნაძირლებმა მოკლეს, - იტყოდა ხოლმე ერეკლეს მამა, - ეგ ამბავი სულ ახალი მომხდარი იყო, არც კი გაციებულიყო იმ ცხონებულის გვამი და დაიწყო ტყის ჩეხვა, აღარ არის ნაკრძალიო. როგორ, კაცო, გუშინ თუ იყო, დღეს რაღა მოხდა? ხეები გაწყდა ტყიდან თუ? მაგრამ არა, იმ კაცის შიში ჰქონდათ, მოიშორეს, არ გაჩუმდებოდა და გააჩუმეს.
  წლამდეც არ გაჩერებულა ლუდკა ქმრის ოჯახში, გაუყიდია სახლ-კარი, წაუყვანია დათიკა და წასულა. მაშინ 9 წლისა ყოფილა დათა. მალევე გათხოვდა დედა, ჩვენი სკოლის დარაჯს გაჰყვაო, - იხსენებს ხოლმე დავითი: ცუდი კაცი არ იყო, არაფერს მერჩოდა, მაგრამ არც ვუყვარდი, ისე, სამადლოდ მაჭმევდა ლუკმა-პურსაო. თექვსმეტისა რომ შევსრულდი ავიკარი გუდა-ნაბადი და დავბრუნდი, მაგრამ ჩემი სახლი ვეღარ ვიპოვნე, ან კი რას ვიპოვნიდი, იმ ოჯახქორებს დაუნგრევიათ და სხვა სახლი წამოუჭიმიათ. ახლა არ ვიტყვი რას ვეძებდი? იქ ვიღა მიმასუნინებდა, მაგრამ ჩემი ბავშვობა მეწეოდა, ისევ იქ, იმ წლებში დაბრუნება მინდოდა. ცარიელ კედლებს რა ფასი აქვს, თურმე წარსული უკან დარჩენილი ადამიანები არიან.
  ერეკლეს დედას შეუფარებია. მას შემდეგ ძმებივით იზრდებოდნენ, არც ერეკლეს დავიწყებია არასდროს, რომ ძმები იყვნენ და არც დათას - რომ სამუდამოდ ამ ოჯახის მოვალე იყო. ყველაფერს თანასწორად იყოფდნენ, საქმეშიც ეხიდებოდნენ ერთმანეთს და მოსავალიც საერთო ჰქონდათ.
  ჯერ ერეკლე დაქორწინდა, ისეთი ქალი გამოდგა თამარი, ისე შესტრფოდნენ ერთმანეთს, დათასაც მოუნდა საკუთარი კერის შექმნა. შორიდან უყვარდა ნინა, ბევრი დავიდარაბა არ დასჭირვებიათ, მალევე მოაგვარეს საქმე. დათკა რომ დაოჯახდა, იმ თვეში იმშობიარა თამარმა. ორივე რძალი უხმაუროდ დადიოდა, სიმშვიდესა და სიხარულს დაატარებდნენ, ადვილად გაუგეს ერთმანეთს, დამეგობრდნენ. ოთხი წლისა იყო ევი ის ამბავი რომ მოხდა და დარჩა ნინას ანაბარა.  ალბათ, უფლის ნებაც ეს იყო, ისე მოხდა, რომ ნინას შვილი არ ეყოლა. პირველ ხანებში, ძალიან  წუხდა, ტიროდა. ერთხელაც არის მოვიდა დათა ვენახიდან და რას ხედავს, ჩაულაგებია თავისი ნივთები, მე აქ აღარ დამედგომება უნდა წავიდეო. არ გაუშვა დათამ. სად გაუშვებდა, უყვარდა.
- სიყვარულს ბავშვი არ სჭირდება დასტურად, ოჯახის გადასარჩენად. მე თუ მკითხავ გადასარჩენად თუ არის საქმე, არც უნდა ეჯაჯგურო ძალის-ძალად, ჰოდა, ჩვენც დავიწყეთ ცხოვრება. მერე შენ იყავი მისახედი და ჩვენი თავი აღარც გაგვხსენებია, - ეტყვის ხოლმე დათა ევის.
  ევის არ ახსოვს დათიკოს და ერეკლეს უთანხმოება. დათიკოს რბილი ხასიათი ჰქონდა, ერეკლეს - მკაცრი, ერთმანეთს ავსებდნენ, ხან ერთი სთმობდა, სადაც საჭირო იყო, ხან - მეორე. ღვიძლი ძმებივით ცხოვრობდნენ. უყვარდა ერეკლეს ნინაც, შენ რომ არ ყოფილიყავი, ამ გოგოს ვინ მიმიხედავდაო, ეტყოდა ხოლმე, უფრო კი გულში ემადლიერებოდა. ნინა ამ ოჯახის დიასახლისი იყო, კაცებსაც უვლიდა, ევისაც პატრონობდა და აგერ ისე მიაღწიეს შემოდგომას, გულში ავი არც ერთს გაუვლია.
  ევისაც ძალიან უყავრდა დავითი და ნინა. ჩუმი ქალი იყო ნინა. უსიტყვოდ, ბოდიშივით დაიპარებოდა დღენიადაგ. არავისი თქმა სჭირდებოდა, თავის საკეთებელს მიხედავდა, მუდამ წესრიგი იყო სახლში და ცხელი სადილის სუნი ტრიალებდა. ყოჩაღი ქალი იყო, ევი ისე წამოიზარდა, არ ახსოვს ნინა მოსასვენებლად დამჯდარიყოს. ჯანიანი, ხორციანი ქალი იყო, მაგრამ ისე სხარტი, ერთი საქმიდან მეორეზე მიეჩქარებოდა, მეორესაც ნაჩქარევად აკეთებდა, ახლა სხვა ელოდა.
- ხომ შეეძლოთ წასულიყვნენ, თავისი სახლი და ახალი ოჯახი შეექმნათ? - უთხრა ერთხელ ევიმ მამას.
  საღამოხანი იყო, ვახშმობდნენ, ერეკლემ გაოცებული შეხედა შვილს, მაშინ ევი 14-15 წლის იქნებოდა.
- შენ გინდა, რომ წავიდნენ? - ჰკითხა ერეკლემ.
- მე? არა, რას ამბობ, - ლუკმა ძლივს გადაყლაპა ევიმ.
  ერეკლე ერთ ხანს გაჩერდა, ჩანგალი თეფშს ჩამოაყრდნო, ცოტა ხანს საკუთარ სადილს დაჰყურებდა, მერე შვილს თვალებში ჩახედა და უთხრა:
- მე აღარ მახსოვს დრო, როცა დათა ჩემი ძმა არ იყო, არც ცხონებულ ჩემს მშობლებს ახსოვდათ, შენც უნდა დაივიწყო, რომ ღვიძლი ბიძა არაა, მაგრამ დათას არასდროს დაავიწყდება. ნაღდმა კაცებმა ასე იციან, ყოველთვის ახსოვთ ვინ იყვნენ და საიდან მოვიდნენ, ახსოვთ ვინ, როდის და სად გაუწოდა ხელი. ეს არასდროს დაივიწყო შენც, მათი იმდენი გმართებს, გახსოვდეს, ვალს ვერასოდეს დაუბრუნებ!
- არ დამავიწყდება, მამა, - და მართლა არასოდეს დავიწყებია ნინასა და დავითის მზრუნველობა.
  ახლა უკვე სამოცს გადააბიჯეს, ასაკი შეეპარათ და წამითაც არ ივიწყებს ევი, თუ რა მართებს ამ ადამიანების, ახლა მისი ჯერია, ახლა მან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, მან უნდა მიხედოს, მან უნდა იზრუნოს და იმედი არ გაუცრუოს. ამ ვალდებულებას კითხულობს ნინა ევის თვალებში, კითხულობს და სტკივა. არა, ევი არ უნდა შეეწიროს არც მათ და არც მათ იდეებს, არ უნდა მოკვდეს ამ ვენახებში, მას სხვა ცხოვრება ელოდება, მას სხვა გასაქანი სჭირდება. საკმარისია, ამ ზვრებმა ისედაც ბევრი ადამიანი იმსხვერპლა. ევი დედოფალივით გოგოა, არ დაუშვებს ნინა, რომ მისი ნაზი კანი ვაზის გაფურჩქვნისას დაწვას და დააბეროს მზემ, ევი კაცის ალერსში, ბავშვების ჟრიამულში უნდა ლევდეს ცხოვრებას.
  ვერ დაიძინა ნინამ, შვილობილის ანთებული თვალები აგონდებოდა, ნეტამც არ იქნება, ღმერთო, ნეტამც არ იქნება, - ბუტბუტებდა მთელი ღამე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს