ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პროზა
13 ივნისი, 2022


წიგნებში ცხვირჩაყოფილი

#დილაუზმოს_ფიქრებიდან

წიგნებში ცხვირჩაყოფილი

  უკითხავთ ხშირად, ყველაზე მეტად რისი ან ვისი დატოვება გაგიჭირდა საქართველოშიო.
      კარგად ვიცი, კითხვის დამსმელს როგორ ვაამო ჩემი პასუხით. მაგალითად, თუ ვინმე ლიტმცოდნე შემეკითხება, შემიძლია ვუპასუხო, რომ ეს - ლიტერატურის ინსტიტუტში ჩემი ძალიან ძველი და ძველებური სკამია,  საზურგეზე, უკნიდან ოდესღაც  ჩემი ხელით, თეთრი  “კორექტორით” გამოყვანილი სახუმარო მინაწერით, რომ ეს არის ერთადერთი  სკამი დედამიწაზე, რომელსაც  არასდროს არავის დავუთმობ… თუ რაღაც ასეთი.
      ხომ არის გულის ამაჩუყებელი, არა?!
        თუ ჩემი ოჯახის მცნობი ვინმე შემეკითხება, პასუხს არ დავახანებ, ვინც ყველაზე ძალიან მენატრება, ჩემი ლამაზი დედიკო და ჩემი  დისშვილ-ძმისშვილები
არიან. სიზმრად ვხედავ, როგორ ვეხუტები და “სახლის თავზე დამხობობანას” ვთამაშობთ დაცემამდე…
  ეს პასუხიც ხომ როგორი გულის წვერზე მომდებია!
    მეზობელი თუ მკითხავს, ვეტყვი, რომ ეს ჩემი,  რამდენადაც შემეძლო, კაპიტალურად და კომფორტულად  გარემონტებული, გაწკრიალებულად მომლოდინე ბინაა, მერე რა, თუ ქალაქის მთლად ბოლოშია! დიდ დიღომში. მე ხომ ეს მის ნაკლად კი არა, მუდამ დიდ ღირსებად მიმაჩნდა.   
  რა სჯობს, ვაკელ ბუდე-ოჯახს რომ გამოეცლები, რაც კარგი საჭმელ-სასმელი აქვს, ტკბილეულობიანად,  კარგად ჩაილაგებ, თან წამოიღებ, ცხელი ჩაი-ყავა-კაკაო - გამოულევლად გაქვს; ელექტროჩაიდანს ხელს დაჰკრავ და ათუხთუხდება. დაჯექი ან დაწექი, როცა გაგიხარდება, რამდენხანსაც გეამება, წერე და იკითხე!
    ხმის გამცემი თუ მოგენატრა, ორი სართულით დაბლა გყავს დაქალი,  ნათია, დღისით კი სულ კლინიკაშია, მაგრამ საღამოობით სახლშია და რა სჯობს გვიანობამდე  ნათოსთან გემრიელ, საფუძვლიან  ჩასხდომას!
    და ასე შემდეგ…
    მაგრამ სინამდვილეში სულ სხვა რაღაც მენატრება.
    ვიცი, რასაც ახლა ვიტყვი, გიჟობად გამოიყურება, მაგრამ გულწრფელად ნათქვამი - ესაა!
    საბურთალოზე, ვაჟას ძეგლთან რომ 126-ე სკოლაა, ვიდრე  იქვე, სახლთან, მალაკნების სასაფლაოზე 151-ს ააშენებდნენ,  დაწყებითებში ჯერ იქ შეგვიყვანეს.
    მაშინ წესივით იყო, ოც კაპიკს გაძლევდა ოჯახი სკოლაში წასვლის წინ, რომ ბუფეტში კარგად გეჭამა.
    ჭამა მე რომ მიყვარდა, ისეთი უნდა, მაგრამ სკოლასთან, ზედ ვაჟას ძეგლის წინ წიგნების მაღაზია აღმოვაჩინე. სკოლაში მარტო დავდიოდით. თუ ბუფეტში არ დავხარჯავდი ფულს, შემეძლო იმ მაღაზიაში გადასაყვანი ნახატები, რვეულის გადასაკრავი ფურცლები, ,,სემიჩკა პეროები”, სოხუმის ბოტანიკური ბაღის სურათებიანი, სამკაპიკიანი ღია ბარათი მეყიდა.
შევაღებდი კარს და ….ვაიმეე, რა სუნი იდგა შიგ! -
- ნავთში ჩამბალი ახალი ნახერხისა.
  ყიდვით რაც მომდიოდა, ხომ გითხარით, მაგრამ  იმ მაღაზიის გამგე საიდანღაც ჩვენი ოჯახის ნაცნობი იყო (მგონი გივი ერქვა) და ყიდვამდე ნებას მაძლევდა, მეორე მხარეს, სადაც წიგნები ეწყო, სათითაოდ ამეღო ,ფრთხილად  გადამეშალა და შიგ ცხვირჩაყოფილს მესუნთქა, მეოცნება, აი, გავიზრდები, ვიშოვი ბევრ ფულს, მოვალ ამ მაღაზიაში და ყველა წიგნს ერთიანად ვიყიდი…, არა, საკანცელარიო განყოფილებასაც და ბარემ გამყიდველსაც…
    კარგით, რა! არ დამცინოთ  ახლა და არც განმსაჯოთ, ექვსი წლისა ვიყავი მაშინ და ახლანდელებივით დედის მუცლიდანვე დაბრძენებული კი არა, ნამდვილი, დინჯი მაგრამ გულუბრყვილო ბავშვი!
  ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ და თუ გინდათ, თვითონ შეამოწმეთ. დედამიწაზე არ არსებობს ორი ერთსუნიანი წიგნი. მსგავსსუნიანი კი  ბევრიც შემხვედრია, უბრალოდ, კარგად, დაკვირვებით უნდა ჩაისუნთქო.
    ჩვევა მაქვს ერთი, დედაჩემის სიტყვით, ცუდი. რამდენიმე წიგნის დაწყება ვიცი ერთდროულად და ზოგს თუ მალე ვამთავრებ, ზოგს - კაი ხანს ვუნდები.
    ძალიან რომ ამევსებოდა  საწერი მაგიდა და საწოლი წიგნებით, ჩემს თავს ასე ვეთამაშებოდი. თვალდახუჭულს უნდა ამეღო პირველივე ხელში მოხვედრილი წიგნი, ხელის ფათურით და სუნით უნდა გამომეცნო, რა იყო..
    შეგიმჩნევიათ, ძველ წიგნებს “ბუმერაბიკის” წებოსა და რაღაც ტკბილის სუნი რომ ასდით?
    ცარცის ქაღალდის მომჟაო სუნს ხომ ეგრევე გამოიცნობ, ძველიც რომ იყოს და ხელის გულიც რომ არ გადაუსვა.
    ახლა ენაზე გემოც ვიგრძენი. ამას დიდი როგორ ვიზამდი და ეტყობა,  იმ ჩვილობას გადაცდენილ ასაკში, ბავშვები ყველაფერს გემოს რომ უსინჯავენ, წიგნის კოლენკორის ყდაზეც მაქვს ენა ასმული და ვგრძნობ, წებოიანი მუყაოც მიღეჭია.
  არა, ძველი, ჩაყვითლებული ფურცლები რაღამ მაჭამა,  რატომ უნდა მახსოვდეს გემო? რას აკეთებდნენ უფროსები!
  ახალ წიგნებს აქ,  ამერიკაში სულ სხვა გემო-სუნი აქვთ. ყოფილა, მანქანა გამიჩერებია მარტოს, ,ბუქ ე მილიენში” ან სადმე,  ეგეთ ადგილას შევსულვარ, საათობით დავყოლივარ თაროებს და წიგნის უყიდავად გამოვსულვარ…
    გიჟი კი არა ვარ, ფულები ვყარო. რაც მომეწონება, გადავიღებ ფოტოს უცებ, ამაზონით გამოვიწერ და მაქსიმუმ,  ხუთ დღეში, მესამედ ან მეხუთედ ფასადაც კი, კარზე მომართმევენ.
    ძალიან ახალგაზრდობაში ძალიან ახლობელმა ბიჭმა იცოდა ხოლმე თქმა, შეიძლება, ათასი წიგნი, საუკეთესო გამოცემა გედოს სახლში და ბიბლიოთეკა მაინც არ იყოს, ამ დროს შეიძლება, სულ ასი წიგნი გქონდეს, მაგრამ ბიბლიოთეკაო.
    წიგნებს რომ ვყიდულობდით სადმე, ის - თავიდან  ბოლომდე, ლამის ყველა ფურცელს უთვალიერებდა, თაბახი არ იყოს შეცდომით ჩაკერებულიო, ამოწმებდა, ყდაში თუა აკურატულად ჩასმულიო, მუყაო თუ დგას სწორადო….
მე “ცხვირით  ვსწავლობდი”.
    უი, რა გამახსენდა!
  გამოთქმაც ხოა  - ,,წიგნებში ცხვირჩაყოფილი”.
    ვატყობ, ძალიან მგრძნობიარე ზონაში შევდივარ. არ მიყვარს ეს სენტიმენტები  და მომკალით!
    მე ხომ უბრალოდ, იმის თქმა მინდოდა, რომ  ჩაკეტილ ბინაში დატოვებული ჩემი ბიბლიოთეკის სუნები მენატრება!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს