ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
ჩავუარე დიდი ხნის მიტოვებულ სახლ-კარს, რომელსაც ჩვენ ,,ფლამინგოს ნაფუძარს“ ვეძახით. ჩემს ხიდს ისე გავუარე სახლისკენ არც გამიხედავს და მივედი იქ, სადაც ეგდო ერთ დროს მთელი ქალაქის უსაქმურებისა და ავარებისთვის ცნობილი ბეტონის ელექტრო ბოძი, რომელზეც ნამიჭამიების ,,დოღი” იმართებოდა. ბოძი თითქმის ბალახ-ბურდებს დაეფარათ, მაგრამ ერთი ტრაკის დადება ადგილი დარჩენოდათ, რომლითაც ეგრევე ვისარგებლე და სიგარეტს მოვუკიდე. ნამიჭამიები პატარა, დრეკადჯავშნიანი, მრავალფეხა მწერებია, რომლებიც შეხებაზე იგორგლებიან და სფეროს ფორმას იღებენ. თამაშის წესი ასეთია: სამ დამრგვალებულ ნამიჭამიას იღებ და დაფაზე კამათელივით აგორებ. როცა განლაგდებიან, იქიდან მოთამაშემ ერთი უნდა ამოირჩიოს და წკიპურტის კვრით ისე გააგოროს, დანარჩენ ორს შორის გააძვრინოს. ოღონდ გაგორებული არცერთს არ უნდა შეეხოს და არც დაფიდან გადავარდეს. მერე ისევ, რომელსაც უნდა ამ სამთაგან ამოარჩევს და დარჩენილ ორს შორის გააძვრენს. ასე წინ-წინ წაწევით ნელ-ნელა ფინიშის ხაზს უნდა გადააცილოს. თამაში საკმაოდ მაღალტემპიანია, რადგანაც დაყოვნებისას შესაძლოა ნამიჭამიამ თავი უსაფრთხოდ დაიგულოს, გაიშალოს და გაიქცეს. ასეთ შემთხვევაში მოთამაშეს ,,ბიძია“-თი მიმართავენ და ურჩევენ ბოვშებთან ითამაშოს. როცა თამაში ყოვნდება რთული განლაგების გამო და ასჯერ გაზომვა და ერთხელ დარტყმა ხდება საჭირო, ასეთ დროს წკიპურტს მცირე პაუზებით დაფაზე ურტყამენ, ხმამ და ვიბრაციამ რომ ნამიჭამიებს გაშლის სურვილი დაუკარგოს. სხვადასხვა კლასის მოთამაშეებისთვის სხვადასხვა დაფა არსებობდა, ყველაზე პრესტიჟული წაქცეული, ქვეშ ფიცრებ შეტნეული და თარაზოში გასწორებული, აქეთ-იქიდან პალოებით გამაგრებული ბეტონის ელექტრო ბოძი იყო. მასზე კიასომ აივანზე მორჩენილი ვერცხლისფერი ,,ბრონზეს” საღებავით ნიშნულები მიახატა. იყო შვიდი ერთმეტრიანი განყოფილება, რომლებსაც გასწვრივ შესატყვისი ციფრები ეწერათ, ხოლო მწვერვალზე დიდი ლათინური ასოებით - FINISHI. თამაშის დროს, აზარტში შესულს თუ ნერვები უღალატებდა და მოინდომებდა შორიდან ძლიერი დარტყმით გაეტანა გოლი, ზედმეტი ძალისხმევისგან ნამიჭამია თითზე მიტყლეზნილი რჩებოდა . ყველაზე კარგად კიასო თამაშობდა და არც არავინ იყო ვისაც მასთან თამაში ეხალისებოდა. რადგან არავინ იტყოდა კიასომ ესა და ეს დაამარცხა, ან ამას და ამას მოუგოო. კიასომ მიასოო ასე იძახდნენ და გამარჯვებულისთვის ლუდსა და რიონის წვერას ქალაქიდან ეზიდებოდნენ. ნამიჭამიების შერჩევას ბევრი არაფერი უნდა. დიდები უფრო რბილ ჯავშნიანები არიან და წკიპურტის დროს ადვილად ზიანდებიან. ჩვენ ასეთებს ბებრებს ვეძახდით და არ ვიჭერდით, გამოსადეგი იყო პრიალაჯავშნიანი ახალგაზრდა ნამიჭამიები, ისინი მკვრივებიც იყვნენ და დამრგვალებულები კარგადაც გორავდნენ. სათამაშო ნამიჭამიებს თუნუქის თავსახურიან კოლოფში ვინახავდით. ამოღებისას კარგად შეაჯანჯღარებდი და ხელისგულზე სამ ცალს გადმოიყრიდი. დღეები ყოფილა ასი ნამიჭამია გაგვიფუჭებია... ნამიჭამია ყველგანაა, სადაც ნესტია, მაგრამ რუას ნაპირზე ნებისმიერ ქვისა და მორის ქვეშ იყვნენ... მაშინ ბავშვები ვიყავით, ზაფხული იყო პაპანაქება, მქონდა გრიპის ვირუსი, ჟღვინტი ორივე ნესტოში და მხოლოდ სამი ნამიჭამია, მზე პირდაპირ დიდების დაფას, ანუ წაქცეულ ბეტონის ბოძს აცხუნებდა. სანამ ,,ისკიდო"ს ველოდებოდი ნამიჭამიები დიდების ბოძზე გავაგორე. გაგორდა დორიჩარივით. ნამიჭამიებს ისე მოზომილად ვაძვრენდი ერთმანეთს შორის და ისე მოხერხებულად გამომდიოდა, გული დამწყდა არავინ რომ არ მიყურებდა. პირველი მეტრი რომ დავფარე წამოვდექი, მარჯვენა ხელის შუათითი მოვისრისე, მერე მაჯა დავიფერთხე, ცხვირი გამოვიფერთხე, თითების დატკაცუნება ვცადე, თუმცა მხოლოდ ნეკებმა გაიტკაცუნა. ამ ხნის მანძილზე მარცხენა ხელით პერიოდულად ვაკაკუნებდი ნამიჭამიებს შორის, მეორე მეტრი რომ დავფარე მაჯით ცხვირი მოვიხოცე, შორტზე შევაწმინდე და განვაგრძე. შემდეგი სამი მეტრი არ შემისვენია, ცხვირიდან ჩამოწელილმა ჟღვინტმა ორ ადგილას აიღო დაფიდან მტვერი, რომლის ნაწილი ნესტოს კარიბჭეს მივარაყებდა. მხოლოდ ერთი მეტრი დამრჩა, გულს ბაგაბუგი გასდიოდა, ოფლში გაწუწული ფინიშამდე მტკაველნახევარ დარჩენილმა ისე, რომ ფრჩხილის კაკუნი არ შემიწყვეტია, ირგვლივ კარგად მიმოვიხედე, კაციშვილი არ იყო. ნეტა ვინმეს ეყურებია, ვთქვი ისევ დანანებით. კაკუნს მოვრჩი და სრულიად მარტივ განლაგებაში ის იყო ნამიჭამია წკიპურტით ფინიშის ხაზისკენ უნდა გამეგზავნა, ერთი ნამიჭამია მოულოდნელად გაიშალა და დაფის კიდისკენ გაქანდა, უცებვე გვერდიდან მოექცა და ბალახებში გაუჩინარდა. გავბრაზდი, მისი ყოფილი ადგილი თვალში წარმოვისახე და წკიპურტი მაინც დავარტყი, მაგრამ ზედმეტი მომივიდა და ისედაც ამდენი გორებისგან დარბილებული ნამიჭამია ფრჩხილზე შემომეზილა. ამაზე მთლად გავბრაზდი. მერე რა, ვფიქრობდი გაგულისებული, ეს მაინც არაფერს ცვლის, რაღა იყო დარჩენილი, რვა მეტრი ვაგორე, ფინიში თუ არ გადავკვეთე რა, ფინიშთან არ ვიყავი? რა აზრი აქვს ხაზის კვეთას, ხო ვიყავი ხაზთან. თავის გამხნევებას ვცდილობდი თუმცა არ გამომდიოდა. თფუ.. კიდე კაი არავის დაუნახია. მზე ხვამლს ეცემოდა და აქ ჩრდილი იდგა. ახლა გაივსება მოთამაშეებით აქაურობა. ახლა თუ სხვა ბავშვები არ მოვლენ, გავეცალო ჯობია თორე ნამიჭამიებს მე მომაგროვებიებენ. ჩლატუნი მომესმა. ასე ჩლატუნობდა ისკიდო. ჩლატუნს ბუნებრივია რეზინის ჩუსტები იწვევდა, რომლებში ისკიდოს ფეხის თითები იმდენადვე გადმოცდენოდა წინ, რამდენადაც ქუსლი შევარდნოდა უკან. - აქანა რა მოხდა იცი? - ვუთხარი ქედმაღლიდან. - რაია? - ამაზე ბოლომდე გევედი... აქედან დევიწყე და მივაფინიშე, - მიაფინიშე არა, ის კიდო... - უნამუსო ვიყო, - ეკაიფე ბებიაშენს - თუ არ გჯერა რა გიყო ახლა... -რა ბიჯო, ამაზე გადი თავიდან ბოლომდე? -კი. აქედან დევიწყე და დავაფინიშე - დააფინიშე არა ის კიდო... - ამ ჩემ ფეხებს, თუ არ გჯერა. - დეიგინე მაშინ... - ჩემი კარგი მოვტყან... ვთქვი და ნესტოზე შემხმარი მტვერი ფრჩხილით ავიმტვრიე. -ოოო შენი კარგი მეც მოვტყან... კარგი არა ის კიდო, მოდი აგერ გეთამ... უცებ ისკიდოს ყურადღება რაღაცამ მიიპყრო, ადგილიდან მოწყდა და წაქცეული ბოძისკენ გავარდა, შევხედე მეორე ბოლოდან ვირთხა მიცუნცულებდა, ერთი ნაბიჯიღა აკლდა ისკიდოს, ვირთხამ საფრთხე რომ შეამჩნია და კი სცადა მოკურცხვლა, მაგრამ რეზინის გაცვეთილი ჩუსტებიდან მუჭივით მოკეცილმა თითების მსხვილმა ძვლებმა კუთხესთან მიუსწრო. რამდენიმე ძლიერი წიხლით ,,მოწვეტა'' ისკიდომ და სისხლის შხეფები ტარანტინოს კინოსავით სულ ბოძზე და ბალახებზე ასხა. გამიკვირდა და შემშურდა მისი ასეთი უშიშრობაც და სწრაფი მანევრის უნარი. ასე, თითქმის შიშველი ფეხით ვირთხის მისრისვა. ,,მხეცი ხარ ისკიდო, არ ეცა პიტბულივით!?“ ისკიდო მკვდარ, დეფორმირებულ ცხოველს მოხრილი, ცალმუხლს ორივე ხელით დაყრდნობილი დასცქეროდა თავზე რომ წამოვადექი. ,,საღოლ ისკიდო, ქარბორბალა ხარ, ელვა“ ... ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა გასისხლული ცხოველი ვირთხა კიარა ზღარბი აღმოჩნდა. ისკიდოს გაოცება კი ტკივილს შერწყმოდა და ერთმანეთისკენ მიჭმუხნულ წარბებსა და ნიკაპს შორის მოქცეულიყო.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ჰორორი იყო ეს :)
ნამიჭამიები მართლა არსებობენ ?
ჰორორი იყო ეს :)
ნამიჭამიები მართლა არსებობენ ?
1. ნუ გვიზოგავ <3
და ძალიან ცუდი გადაწყვეტილებაა,რომ ფბ გააუქმე :) აქ რაღაც მოდუნებულია ხალხი , აბა ,შენ იცი. მართლა მოუთმენლად ველი შენს ნაწერებს <3
ნუ გვიზოგავ <3
და ძალიან ცუდი გადაწყვეტილებაა,რომ ფბ გააუქმე :) აქ რაღაც მოდუნებულია ხალხი , აბა ,შენ იცი. მართლა მოუთმენლად ველი შენს ნაწერებს <3
|
|
მონაცემები არ არის |
|
|