ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თემური57
ჟანრი: პოეზია
12 ივნისი, 2022


დიდება უფალს

    დიდება უფალს

              ,,პატრიოტულ ლექსებს საზოგადოების ერთი ნაწილი
              სიტყვების ბრახა-ბრუხად მიიჩნევს.
              მე კი, მეორე ნაწილთან ერთად ,,სისხლის ყივილად",
              რომელიც მუდმივად კვებავს ჩვენს ცნობიერებას.
              პირველნი განეკუთვნებიან ხალხს, მეორენი ერს.
                                        ავტორი.

ოცდათოთხმეტი საუკუნე არ არის ცოტა,
არ არის ცოტა, მაგრამ მაინც  გვეცოტავება,
ეს ეპოქებში მიღებული, ჩვენია ცოდნა,
თითო ლუკმად და თითოეულ სტროფად, ტაეპად.
ზოგი შემორჩა ისტორიის  ,,გასანთლულ ფურცლებს“,
სხვებმა ისურვეს ,,უსახელო“ სახელი გმირის,
ზოგიც ბაძავდა მოფუსფუსე პაწია ფუტკრებს
და გაიკეთა იანუსის ორსახა გრიმი.
აზელილია ერთმანეთში შური, სიმართლე,
მაგრამ  ირჩევა დღეს ადვილად ცრუ და მართალი,
,,შავ ტალანებში“ მაინც აღწევს უფლის სინათლე,
კუთხეში ყრია  დიდ გორებად  ,,ჭორის ნათალი“.
აიეტს ჟამმა მხოლოდ ,,დიდის“ სახელი მისცა,
ვერ გაამუქა მის მნათობზე ,,პატარა ლაქაც“,
მედეასა და იაზონის ზეციურ ფიცმა,
მთელი შემდგომი ეპოქები ღერღილად დაფქვა.
ეს სიყვარული  უწმინდესი, უთვალსაჩინო,
,,ლეგენდის ტოგით“ შემოსილი მოედინება,
კაცობრიობის მან გონება უნდა არჩინოს,
,,ყოვლისა ნათლის“ შემოქმედმა ასე ინება.
ჩვენ ვართ კოლხები, კოლხიდაში დაბადებულნი,
შთამომავლები ჰელიოსის უმრწმესი ვაჟის,
იბერიელთა, შონთა, ზანთა ძმათა კრებული,
გენეტიკური ბადიშები  ,,ქართული ხაზის“.
მომავლისაკენ ფეხი-ფეხში ვიაროთ მწყობრად,
ნინოს ჯვრით ხელში გავიაროთ ,,ხიდზე ბეწვისა“,
ჩვენს მტერს, ორგულს და მოღალატეს ვუტიროთ ყოფა,
სამშობლოსათვის ,,მკლავის ქნევა“ თუკი გვეღირსა.
რისთვის გვჭირდება ლაი-ლაი, მძლეთა-მძლეობა?
აგერ, ბურთი და მოედანი  ,,მწვანე მდელოთი“,
,,დიდგორის ველზე“ ჩვენ ჩავხერგეთ უკვე ხეობა,
ჩვცენი დროც დადგა, ქართველებო! რა რიგ ველოდით!
მომავლისაკენ! მერმისისკენ მივაპყროთ მზერა
და წინ ვიაროთ, რადგან  ,,ზურგი“ ჩახერგილია,
წმინდა გიორგიმ გვიწინამძღვროს, გვაკურთხოს ზენამ,
გარდაცვალება თბილ ლოგინში რა ხეირია!
ღმერთო! ამას გთხოვ: შეგვარიგე, ნუ დაგვყოფ აროს,
გვატარებინე ჩვენი მხრებით, ჩვენი საწილო,
ძე და ასულნი მოუმრავლე, უძლეველ ქართლოსს
და საქართველო არასოდეს აღარ გაწირო!
კაცობრიობის  დასაწყისის გვჭირდება მიჯნა,
აღმოსაჩენად წინაპრების ქართული კვალის,
როცა გაბრწყინდა უკუნი და ნათელი იქმნა,
ცეცხლი აინთო კერიაში, ახრჩოლდა კვამლი.
ხელჩასაჭიდი დაგვიტოვა ჩვენ ისტორიამ
და საჭიროა გადავქექოთ ჟამთასვლის მტვერი,
სხვები არ ვიცი რას ბჭობენ და რას მისტირიან,
ჩვენ, ჩვენი ვცადოთ, გავიაროთ  ,,უღრანი ტევრი“,
ტევრი წარსულის, ბუნდოვანი ბურუსიანი,
თუმცა აქა-იქ  ჭეშმარიტი გამონათებით, -
უფლის შექმნილი სულ პირველი ადამიანი,
იყო ქართველი, დასაბამით იშვნენ ქართები.
დიდებულია ამ საკითხზე ფიქრი და ბჭობა,
დედამ ქართვლისამ“ დაურწია ,,ანის“ აკვანი,
ასეა, ზოგჯერ საჭიროა აზრები ჭროღა,
კვერცხი აქ  ,,დავდოთ“ და ავტეხოთ სხვაგან კაკანი.
კითხვა დაისმის მეამიტი, თუმცა ნათელი:
,,კავკასიონზე რად მღეროდა დიდი ესქილე?
ან ,,მედეასთვის“ დამაშვრალი, ღამენათევი,
რატომ აღმოჩნდა ევრიპიდე, მისი  მეწყვილე“ ? -
სხვაც ბევრი ისმის შეკითხვა და მშველელი არ ჩანს,
არ ჩანს, რადგანაც ისტორიას არ სურს პასუხი,
თანაც საჩვენოდ მას  ,,ენაში“ არავინ ქაჩავს,
წუმპეში გდია, როგორც ტახი, ჭორით ნასუქი.
სხვანი მძლავრობენ და სიმართლეს ასახიჩრებენ,
ჩვენ კი ვიცინით და თავს ვაქნევთ უმისამართოდ,
სადღეგრძელოში ქართველობას ყველა ვიჩემებთ,
,,ჯიხვის ყანწებით“ ვადღეგრძელებთ მამულს სამადლოდ.
სწრაფად ილევა უმაქნისად განვლილი ჟამი
და ისტორიაც სხვას არგუნებს საჩვენო  ,,დაფნას“,
დანთხეულია  ,,გაყვითლებულ ფურცლებზე“ შხამი,
დაობს ნიფნიფი და იმოწმებს ნუფნუფს და ნაფნაფს!
მორჩა, გათავდა, დავასრულებ საყვედურს სხვათას,
თავადაც ასე ვმოქმედებ და მიმოქმედია,
თუმცა ამ აზრებს, საჩოთიროს, იმიტომ ვხლართავ,
ზეცის კურთხევით ქართველობა ჩვენი ბედია.
რამდენი ლექსი მოუძღვნიათ მამულო შენთვის,
რამდენჯერ ხმალი გადამტყდარა, ჩაშლილა მკლავი,
მაგრამ ყოველთვის ჭირისუფლად გვყოლია ღმერთი,
დაგვიმჩნევია წარსულისთვის ქართული კვალი.
ცრემლები ბლომად გვინთხევია, სისხლის ტბორებიც
მეწამულ ლაქად დაგმჩნევია ქართულო ზეცავ,
კაცობრიობის ისტორიის ჩვენ ვართ ტოლები,
ეპოქებს ვებრძვით და ,,ჰოესაც“  გმირულად ვკეცავთ.
რომელი ერთი ჩამოვთვალო ,,მცირე“ თუ ,,დიდი“ ?
მეფე, გლეხ-კაცი, სარდალი თუ შენი ასულნი?
უკუნ წყვდიადში ბოროტების, ჩვენ სანთლით ვლიდით
და საამაყო ამიტომაც დაგვრჩა წარსული.
მაშ, ვიამაყოთ, საამაყო რადგან გვაქვს ქართველთ,
ოღონდ გვახსოვდეს, რომ აწმყოდან მოსჩანს მერმისი,
ჩვენ წინაპრების ნაოფლარზე რომ ღამეს ვათევთ
და რომ ჩვენია უფლის-ციხე, ბანა, ხერთვისი.
აქაც რომელი ჩამოვთვალო, ,,დიდი“ თუ ,,მცირე“ ?
ვარძია, ოშკი, ხახული თუ თვით ნარი-ყალა?
რა მონასტრები ავაშენეთ, ავაგეთ ციხე,
ერთი ერისთვის ეს მრავალგზის განა არ კმარა?
მეტს ითხოვს სული ბობოქარი, დაუდგრომელი,
ნიჭის, სიკეთის აღმაფრენას ფოლკლორში, ქვაში,
ღვინის, პურისა და ,,ჩაკრულოს“ ჩვენ ვართ მშობელი,
ცეცხლისმფრქვეველი ჩვენც გვყოლია თეთრშუბლა რაში. -
მედეა, ნანა, შუშანიკი, მეფე თამარი
და ჯავახეთით შემოსული მადლი უფლისა,
დედა ქართვლისა - ქეთევანი, სხვანი მრავალნი,
მამულო ჩემო, შემოგევლე, შენი გულისა!
მზის ძე, ფარნავაზ, მირიანი, ვახტანგ, აშოტი,
ბაგრატ, დავითი, დემეტრე და  ,,ბრწყინვალე ბიჭი“,
მერე ნელ-ნელა ავიშალეთ, ღმერთსაც დავშორდით, -
,,პატარა კახი“ -  გადაკრულად სიტყვის თქმა მიჭირს.
დიდი ტკივილი, უსაშველოდ დიდი ტკივილი,
ჩინგიზის რისხვას ასხლეტილი ჯალალ ედ-დინი,
არ იყო ცრემლი, შეწყალება, თუნდაც ჩივილი,
და იყო ხიდის მოედანი  გადაჭედილი.
,,მზის ჩასვენება“ მარადისი, მტრისგან ნანატრი,
წინაპართ  რწმენა და იქორი თითქოს დამიწდა,
თავისუფლება  სამწლიანი,  ,,ბედის დანართი“,
,,წითელ ეშმაკზე“ საქართველოს ძალით დაწიდვნა.
სიკვდილ-სიცოცხლის გამრიგევ და ყველაფრის შემძლევ,
არ მასვენებენ მუზები და ფიქრი ღალატზე,
ერთ წრეზე ბრუნვას ჩვენ მუდმივად როდემდე შევძლებთ ?
,,შუღლის  კარები” სამუდამოდ თუ არ ჩავრაზეთ?
გვიშველე კვლავაც, შემოქმედო! შენი გვაქვს რიდი,
მოგვეცი ძალა, რომ ხელი ვკრათ ღალატს ქარაფით,
,,იქმნას ნათელი“ გაიფანტოს, გაბრწყინდეს ბინდი
გვერქვას ქვეყანა და არ ვიყოთ  ,,ბედის დანართი“.
,,წყალნი წავლენ და დარჩებიან ქვიშანი მხოლოდ“,
ერთი მესია კვლავ არგუნე მიწას ნასისხლარს,
გაგვამთლიანე და გვამღერე ,,ჩაკრულო“ ქოროდ,
ვფიცავთ შენს სახელს, რომ  ,,ხის აბჯარს“ ისევ ავისხამთ.
არ მავიწყდება, მოღალატე თანამოძმენიც,
უდღეურ დღეთა მათევარი ჩვენი მეფენი,
ისტორიაში რომ  ვენ ნახავ, რომ ვერ მოძებნი, -
მათი უგვანო საქციელი, შეუფერები.
მონათა სყიდვა, ისტამბოლის  ,,ტყვეთა ბაზარი“,
,,შვილო, გოგიავ“ ! - მოლაღურის ჩუმი ტირილი,
ხვიჩას დედის თავს დაცემული მძიმე თავზარი,
,,ტეხურას“ პირას ამოსული გოჩას ტირიფი.
იყო  ,,დიდგორი“, ,,ბასიანი“, თუნდაც  ,,ხრესილი“,
მაგრამ  ხომ იყო ,,ბაზალეთი“ , ,,კრწანისის ბრძოლა“?
და,  ვიღაც  აღა -საჭურისი, ჭკუაშეშლილი,
,,ჭრელ  აბანოში“ რომ ისურვა განცხრომით წოლა?
იყო და არა იყო ესე, ჩვენი ზღაპარიც,
ნაცარქექია, ხუთკუნჭულა, მძლეთა-მძლე  გმირი,
წიქარა ხარი, სალამურა, დევის ხარხარი,
უფერულ  ჟამთა შესანიღბად, მსუბუქი გრიმი.
მოვდივართ ასე უთავბოლოდ და აცა-ბაცად,
ზოგჯერ ამაყნი და ზოგჯერაც შესაზიზღარნი,
არ დაილია, ეს ,,მოიცა“,  ,,პაწახან გვაცათ“ !
არა და არა, არ აღსრულდა ჩვენი მიზანი.
მიზანი რაა? ესეც მგონი კარგად არ გვახსოვს,
ერთნი რასა და მეორენი, რასა ბოდავენ,
მაინც ვქადულობთ, იმედი გვაქვს გავიტანთ ახოს,
ისიც არ გვესმის, რომ არა გვყავს ქვეყნად მოდავე.
არა, მოყვარე! მოკეთე  თუ  სიკეთის მქმნელი,
ვინმე ისეთი, შეგვედაოს და გზა გვიჩვენოს,
თუმცა ყველასთვის ჩვენ სავსე გვაქვს  ,,უხადი ქვევრი“
და თავს ვთავაზობთ, რომ როგორმე გამოგვიყენონ.
მაინც ვერ ვხვდები, რა ერი ვართ, რა გვინდა თვითონ,
რა დაგვიკარგავს და რად ვქექავთ სხვათა საქექარს?
ერთმანეთს ვებრძვით და ამ ბრძოლით თავს კარგად ვირთობთ,
ჰო! იმას ვგარავრთ,  ,,შინ გლახას“ და  ,,გარეთ საქებარს“.
ჩვენ ვართ ქართველნი და ერი ვარ უთვალსაჩინო,
სხვის ნასუფრალზე არ ვყოფილვართ ღამის მთეველნი,
ჩვენმა მარჯვენამ ჩვენი შრომით  უნდა გვარჩინოს,
ოფლითა ჩვენით მოვიპოვოთ სასუფეველი.
დე, მომიტევონ, წინაპართა წმინდა სულებმა,
მახჩობს ბოღმა და ამიტომ ვარ ასე შეშლილი,
ყურს ნუ მიმიგდებთ, რაც ძოღან ვთქვი ერთმა სულელმა,
მე  მხოლოდ ერთი, თქვენ მრავალი, დავსვათ წერტილი.

 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს