ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
17 ივნისი, 2022


აისმა ასო დალია

#ოპუსი,

(რომელზეც თვრამეტ წლამდე მოზარდები არ დაიშვებიან)

ნინო დარბაისელი სტრონი

აისმა ასო დალია

(გალაკტიონოლოგიური სავარჯიშო)

გალაკტიონის  პოეზიისა და მისი  შეცნობის მსურველთა  ნაწერების კითხვისას  ადრევე  ერთი რამ შევნიშნე: ამა თუ იმ სახეზე, ტაეპზე, პოეტურ კონცეპტზე და ა.შ, მოკამათენი  ცალ-ცალკე  - შემთხვევათა მნიშვნელოვან ნაწილში, მართლები იყვნენ, მაგრამ ერთის სიმართლე  - მეორე მხარისას  - არ გამორიცხავდა, ხოლო ამის შემხედვარე გენიოსის აჩრდილი სადღაც მიღმეთიდან იღიმებოდა.

პოეტის სიმბოლისტურ ლექსებში, განსაკუთრებით „არტისტულ ყვავილებში“ სადაც მათი დიდი უმრავლესობაა თავმოყრილი, გალაკტიონმა გამოიყენა ერთი პოეტურ-რიტორიკული ხერხი, რომელსაც მე  სამუშაო ტერმინად, „ომონიმურ პრიზმას“ ვუწოდებდი და რომლის უმაღლესი მწვერვალიც მოცემულია ლექსში ‘’უცნაური სასახლე’ (იხ, ჩემივე წერილი კრებულ’’გალაკტიონოლოგია 5“-ში)

რაში მდგომარეობს ამ ხერხის საიდუმლო:

პოეტი არჩევს ან ქმნის სიტყვებს, რომელიც ომონიმური ბუნებისაა, ანუ ერთგვარად გამოითქმის, დაწერილობა ერთნაირი აქვს, შინაარსი კი სხვადასხვა, ერთგვარად, პოლისემიური/თუ პოლისემური?  ბუნებისანი არიან.

ამ მიზნით,  დამატებით მნიშვნელობათა შესაქმნელად  იგი არცთუ იშვიათად მიმართავს იმერიზმებსაც.  არ ერიდება  უჩვეულო,“‘არალიტერატურულ“  სიტყვათწარმოებასაც, რომლის პოტენციაც ენას კი გაააჩნია, მაგრამ მანამდე არ დასჭირვებია და არ გამოუყენებია.

სხვათა შორის,  ადრეული ასაკის ბავშვების მეტყველებას  ახასიათებს ასეთი რამ: ანალოგურობის პრინციპით ახალი სიტყვათწარმოებანი. ეს ორი მოვლენა  გარეგნულად ერთმანეთს რაღაცით წააგავს, მაგრამ  არსობრივად, სავსებით იდენტური  არის თუ არა,  ამისი პასუხი უფრო  საფუძვლიანად ენათმეცნიერებს ან ფსიქოლოგებს ეცოდინებათ.

მეტი კონკრეტიკა რომ შევძინოთ ნათქვამს, გავიხსენოთ, რომ  ომონიმების გამოყენება -  მაჯამური რითმის თავისებურებაა. ესეც - კლასიკური ნიმუში:

      მზემან სხივი მომაფინა მაშინა,
      სიცოცხლე ვგრძენ, სიკვდილმა ვერ მაშინა“ 
(აკაკი ‘’აღმართ-აღმართ)

მოდით,  ავიღოთ უმარტივესი, ორსიტყვიანი წინადადება, რაიმე სინტაგმა, რომელში შემავალი თითოეული სიტყვა ორმნიშვნელოვანი იქნება, მაგალითად,

1. მალა - ზმნა მან ის (კაცმა ჭირი)
2. მალა - ხერხემლის ნაწილი

და
1.  ექო - ზმნა მას ის ( რამდენიც გინდა, ექო)
2. ექო - არს. სახ (ექოს გამოსცემს, აბრუნებს)
(შეიძლებოდა ,,აქო” - შექება, სხვათა ნათქვამის ო- იანი ადგილის გარემოება- მაგ. მითხრა, დადე აქო.)

მალა ექო ან ექო მალა - შემდეგ ვარიანტებს შექმნის სულ ოთხს:

11
12

21
22

ახლა ,,გავაშინაარსიანოთ” ციფრული ბლოკები:

1. 11  (კაცმა) მალა,  ექო სურდა ( შექება უნდოდა)
2. 12 (კაცმა) მალა ექო (უკან დაბრუნებული ხმა)
3.  მალა (ხერხემლის ნაწილი) ექო  ( ზმნა - ერთ კაცს სურდა)
4. მალა ( ხერხემლის ნაწილი) ექო (ხმა  - გაახსენდა  მალა, ექო გატყდა,  როგორც მალა,  ექო)

რომ შევადგინოთ, მაგალითად, სამწევრიანი მარტივი წინადადება ისე, რომ თითოეულ სიტყვას სამი მნიშვნელობა ჰქონდეს, არ დაიჯერებთ და შინაარსობრივ კომბინაციათა რაოდენობა იცით, რამდენი გამოვა? ოცდაშვიდი!

111 112 113

121 122 123

131 132 133

.

211 212 213

221 222 223

231 232 233

.

311 312 313

321 322 323

331 332 333

შემეძლო, აქ თავად გალაკტიონიდან დამედო რამე ნიმუში, სავსეა ასეთებით თუნდაც ‘’უცნაური სასახლე’ მაგრამ ამ დავალებას თქვენ გიტოვებთ, მე კი საკუთარს შემოგთავაზებთ, პრინციპში, სათაურიდან უკვე იცით:

აისმა ასო დალია

1, აისმა - განთიადმა

2. აისმა-  ხმა ქვემოდან ზემოთ

3. აისმა - ბევრმა ძახილმა აისმა ( აი, აი - ო)

(დამატებითი: აი სმა- დალევით აღტაცებული ადამიანის სიტყვები ან იმერიზმი ‘აი, ეს სმა)


1) ასო - ბგერის დაწერილობა

2.    ასო - სხეულის ნაწილი

3. ასო - მამაკაცის ორგანო

(დამატებითებიც იყოს, ჩვენ კი არ გამოვიყენებთ, მაგრამ მაინც:

.ასო - მაგ. ‘გამაგონე  ხმოვანი, იტყვის ბგერა ა-სო’, ანუ ა- სხვათა ნათქვამის ო-თი,

რაოდენობითი რიცხვითი სახელი წოდებით ბრუნვაში, მაგ. დარდო ათო და ასო)

1 . დალია  -ზმნა შესვა

2. დალია - ზმნა დააცოტავა,  დალეული ქალი, გამხდარი ქალი

3. დალია-  ქალია, სახელად დალი.

შეიძლებოდა აქ აგვეღო, მაგალითად,

‘დარია’:

1. დარია - ზმნა მან მას ის (კაცს ხელი რაიმე  სენმა)
2. დარია- ამინდია
3. დარია  - ქალის სახელი

          ან კიდევ ,,დადო”:

1.  დადო- ზმნა, მან მაგიდაზე ხელი
2. დადო - ზმნა  მან ის (პირობა)
3 . დადო - ქალ-დედმამისშვილთან, სხვათა ნათქვამის ო-თი,( უთხრა, გიხმობ დადო)

ერთიც:

1. მისია - ეკუთვნის ვინმე მესამე პირს. ( ჯერი მისია)
2. მისია - ზმნა ( მან მე დარდი მისია)
3. მისია - უცხო სიტყვა ( დამეკისრა მისია)

თავადაც შეგიძლიათ უამრავი მსგავსი მაგალითის შექმნა და თუ  ეს საქმე დიდად არ გეხალისებათ და ნახევარფაბრიკატებსაც სჯერდებით,  იშოვეთ და გადაშალეთ ავთანდილ სიხარულიძის შედგენილი ‘’ქართული ენის ომონიმთა ლექსიკონი’, ზურაბ სარჯველაძის რედაქციით! როგორც მახსოვს, სადღაც,  ინტერნეტშიც  დევს ელვერსია.

მე ზემოთ სქემატურად შესაძლო ვარიანტების ცხრილი შემოგთავაზეთ.

ახლა იქიდან მე თვითონვე ავიღებ სანიმუშოდ პირველ  ციფრულ ბლოკს და  სიტყვებად  ვაქცევ, თან ვეცდები, ცოტა ლექსს მივამსგავსო,  თუმცა ამთავითვე მინდა შევეგუოთ ერთ გარემოებას: არცთუ იშვიათად უჩვეულო სემანტიკას,  შინაარსს, სიტყვათშეთანხმებებს მივიღებთ  და რეცეფციისას მოგვიხდება ძალდატანება საკუთარ აღქმაზე,  რაც ჩვენს პირობებში -  რეალისტური თხზვითი საქმიანობისას ნაკლად გამოჩნდება, სიმბოლიზმის კონტექსტში კი შექმნის ‘თავისებურ სიმბოლისტურ ბუნდოვანებას,  რაც გალაკტიონის ავტორული  ინტენციაც უნდა ყოფილიყო.

111 112 113

121 122 123

131 132 133

აისმა ასო დალია

1. 111 -  განთიადმა  ბგერის დაწერილობა შესვა  (  მეტაფორა. -  განთიადმა  თითქოს ჩემი ნაწერით წყურვილი მოიკლა. ..არ დაგავიწყდეთ პირობა, რომ  დეფორმაციას ვერ ავცდებით)

2. 112 -  განთიადმა ბგერის დაწერილობა დაამცრო, დააცოტავა  ( მთელი ღამე ვწერდი და განთიადისას ასოები დაღლილობისგან წვრილად გამომყავდა

3. 113 - განთიადმა ბგერის დაწერილობა ქალად  ან ქალღმერთად  გამოაჩინა, აქ მე არაბუნებრიობას სიტყვებს შორის მრავალწერტილებით მივხედავდი ასე :აისმა... ასო... დალია.  ეს ხერხი ბევრგან გამოდგება,  სადაც სემანტიკური კონექცია ანუ  შინაარობლივი კავშირი სუსტდება.

ეს- პირველი ბლოკის მეორე სტრიქონი:

1, 121  განთიადმა  სხეულის ნაწილი, მაგალითად,  ბაგე  შესვა ( მეტაფორა:  აკოცა ვიღაცას

2, 122 განთიადმა სხეულის ნაწილი, მაგალითად ბაგე  დააცოტავა, დააპატარავა- ეროტიკის  პლანი ძლიერდება

3 . 123 განთიადმა სხეულის ნაწილი, მაგალითად, ბაგე ქალღმერთ დალის /ქალღმერთისას შეადარა.  სადაც კავშირი გისუსტდებათ,  არ დაგავიწყდეთ ჩვენი პატარა , მარტივი ხრიკი , -  მრავალწერტილების გამოყენებისა.

და მივედით პირველი ბლოკის ბოლო სტრიქონამდე, აქ კი მგონი ეროტიკა კი არა,  უკვე პორნო გამოგვივა (თვრამეტ წლამდე პოეტები ამწუთასვე  მოშორდით სავარჯიშოს!):

1. 131 განთიადმა მამაკაცის ორგანო  შესვა

2.  132 განთიადმა მამაკაცის ორგანო დააცოტავა/დააპატარავა

3 133 განთიადმა... მამაკაცის ორგანო ...ქალი ან/ქალღმერთიაო

და ასე შემდეგ.

დავალებები:

1.  მოიძიეთ გალაკტიონის ლექსებში  ორ და მრავალმნიშვნელოვანი სიტყვები და შესიტყვებანი, სცადეთ სხვადასხვაგვარი რეცეფციები. რამდენი?! - რაც მეტი, მით უკეთესი!

2, აიღეთ აქ მოცემული  მეორე  ან მესამე  ციფრული ბლოკი და ‘’გააშინაარსიანეთ”,  ნიმუშის მსგავსად.

2. მოიძიეთ ორ და მრავალმნიშვნელოვანი სიტყვები და სცადეთ, მათი გამოყენებით ააგოთ პოეტური სახე, კონცეპტი, ლექსი და ასე შემდეგ, რაც გაგიხარდებათ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს