ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთი გაბინაშვილი
ჟანრი: პროზა
23 ივნისი, 2022


ზღვარი 12


მეთერთმეტე თავი

აბაბულის მოთმინება ელეოდა, ბრაზი ეძალებოდა. ამხელა თანხა იმისთვის არ გადაუხდია, რომ ახლა, პატარა ქალაქის ჭუჭყიან სასტუმროში იჯდეს და ელოდოს. ელოდოს, როდის შესძლებს საკუთარ მიწაზე შესვლას. მაგიდაზე მაკეტი უდევს, ახალი ქალაქის მაკეტი - უსასრულოდ მაღალი გალავნით, ვიწრო ქუჩებით, პატარა თეთრი სახლებით, სამლოცველოთი, სკოლითა და სავაჭრო ცენტრით. აბაბული ზის ხოლმე, გადაჰყურებს ბაზრის უბნის მაწანაწალა ძაღლებს და ფიქრობს: თავის სუფთა ქალაქზე, თითქოს გრძნობს კიდევაც ფეხქვეშ ფილაქნებს, ხედავს მთვარისფერ ლამპიონებს და მერე ჯდება ქალაქის მარჯვენა კუთხეში, პატარა, მყუდრო ჩაიხანაში და დიდხანს სვამს უვარსკვლავებო ცასავით მუქ ჩაის.
  იქ, მის ქვეყანაში, მიწა დიდი ხანია უმაქნისი გახდა. მიწა ნაყოფს აღარ იძლევა. აქ კი მსუქანი, მშობიარე ქალივით მოწეული ბელტებია. ყველა თესლიდან შეგიძლია ნაყოფი მიიღო. მის ქვეყანაში წყალი კლავს. საქართველოში მჟავე წყლები აქვთ, ბუნებრივიად მოდუღარი გოგირდები. აქ წყალი წამლის გარეშე გკურნავს. ახლა აქ იქნება მისი სამშობლო. აქ მოიწყობს ქვეყანას. ჯერ ერთი პატარა ქალაქი ექნება, მერე იქნება გვერდით კიდევ სხვა ქალაქიც გააშენოს, ვინ იცის, ჯერ დიდი გზაა წინ, ორმოცი წელიც არ შესრულებია. მისი წინაპრებიც ასე იყვნენ: მიდიოდნენ, ეძებდნენ საუკეთესო ადგილებს, იბრძოდნენ, იმარჯვებდნენ და სახლდებოდნენ - ასე იქმნებოდა ქვეყანა. აბაბული არ იბრძვის. მას სიკვდილის ეშინია. არასდროს სჭერია ხმალი, ფული აქვს, ფული გაცილებით ბასრი და სახიფათო იარაღია. პაპამისის ხმალი ჭრილობებს ტოვებდა. ოქრო უფრო უხმაუროა, ნაკლები სისხლია. როცა მზეზე ზოდები ბრწყინვას იწყებენ, ადამიანებს ჰყოფნით გონიერება, არ დაიხოცონ და ისინი თმობენ ბრძოლის გარეშე. ოქრო ძალიან ბევრი აქვს აბაბულის, მაგრამ არასაკმარისი, კიდევ უფრო მეტი მონეტები უნდა, კიდევ უფრო მეტი ბრწყინავლება. ჯერ არ აშენებული ქალაქის ბინები უკვე იყიდება, 40 ოჯახს ჩალაგებული აქვს ჩემოდნები და ელოდებიან თავის რიგს.    ექსპერტებმა საქართველო ურჩიეს - ყველაზე ნოყიერი მიწააო, უთხრეს. უკვე 2 წელია იცდის მუსლი. იცდის და მოლოდინს რისხვა მოაქვს. ლოდინი გაუსაძლისი ხდება. იმ მიწაზე, სადაც 3აბაბულის ოაზისი გაშენდება, ვაზებია. აბაბულის არაფერში სჭირდება ღვინო, მას სხვა რამე ათრობს.
    არ უყვარდა მოგზაურობა აბაბული მუსლის. უსაფრთხო გარემო სჭირდება, ადგილების შეცვლა კი ყოველთვის საფრთხილოა. აშინებდნენ აბაბულის კავკასიით. არწმუნებდნენ, ველურების მხარეაო, აქაურ კაცებზე უყვებოდნენ. მოუსვენრობა ჭიანჭველასავით დააცოცავდა სხეულზე და ყველა ნერვს უტოკებდა, მაგრამ აეროპორტიდან გამოსვლისთანავე მოეხსნა დაძაბულობა - იმდენი გახდილი ქალი დადიოდა ქუჩაში ურცხვად, გაეცინა, - ღირსეული კაცი თავის საკუთრებას ასე არ ამზეურებსო. ტაქსის მძღოლს გაუზიარა აზრი:
- როგორ უშვებთ ქალებს ქუჩაში ასე? ჩვენთან ასეთი გახდილი ქალები საძინებელშიც არ დადიან.
- ჩვენ, ძმაო, ქართველებს, სახლში საყვარელი ქალი გვჭირდება, თორემ ძაღლი კი ჰყავს სოფელში პაპაჩემს მაჯისიმსხო ჯაჭვით მიბმული.
- თქვენი ქალები ქუჩაში მოურიდებლად აჩენენ ფეხებს, მათი ყურება უკლებლივ ყველა კაცს შეუძლია, - კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ მძღოლმა მოულოდნელად დაამუხრუჭა მანქანა და აბაბული ლამის სავარძლიდან გადმოვარდა. ქართველს მოხატული, დაკუნთული მკლავი დაეჭიმა სიბრაზისგან.
- ახლა კარგად მომისმინე: მუღამი იცი რა არის? ძალიან მაგარი ქალი რომ გყავს სახლში, ქუჩაში რომ გამოდის ყოველგვარი მხლებლის გარეშე, მიდის და ათობით ადამიანის მზერა მიჰყვება, მაგრამ შენ ისეთი მაგარი კაცი ხარ, საღამოს სახლში ბრუნდება და ყელზე გეკიდება. ჩვენ ასეთი ჯიშისანი ვართ, ქალის მოვლა და სიყვარული ვიცით. ამ ქალებს ვიფიცებთ და მათ გამო ვკვდებით და ის მზესავით ქალები ჩვენთან ამ კაცობის გამო არიან და არა იმისთვის, რომ, თუ ზურგს გვაქცევენ, ვინმე ქუჩაში გაამათრახებს, ან ქვებით ჩაქოლავს, - ტაქსის ახალგაზრდა მძღოლს ირონიულად გაეღიმა. მანქანის დაძვრას აპირებდა, მაგრამ ისევ მოუბრუნდა აბაბულის და კბილებში გამოსცრა: ეი, შენ, ამ ქალების სიშიშვლემ ძალიან არ გაგიტაცოს, თორემ მაგ მუგუზალივით თვალებს ამოგთხრიან და გადაგაყლაპებენ! აიღე ახლა შენი ბარგი და დაახვიე აქედან, შენი... - აბაბულიმ ძლივს მოასწრო საბარგულიდან ჩემოდნის აღება, რომ მანქანა ხმაურით შეერია ქუჩის ქაოსს.
  შეშინებული და დამფრთხალი დარჩა სტუმარი და საკუთარ თავს სწყევლის ამ ქვეყანაში ჩამოსვლისათვის, ყველაფერი გართულდებაო, ამ ხალხს საუბარი არ სცდონიაო, - ფიქრობს ვიწრო ტროტუარზე მდგომი უცხოელი. მერე მანქანიდან ვიღაცამ რომ სიგარეტის კოლოფი ქუჩაში ისროლა, მუსლის გაეცინა. წამოაგონდა, როგორ არწმუნებდნენ, სხვა ქვეყანა აირჩიეო:
- ჩვენებს ყველაზე მეტად საქართველოში გაუჭირდათ. ისტორიაში წერია, თურმე ქალებიც კი იბრძოდნენ, მიწისთვის კვდებოდნენ, არ ღირს, ნოყიერ მიწას სხვაგანაც ნახავ.
- ახლა ბრძოლა აღარაა, აღარავინ ომობს, რამდენი საუკუნე გავიდა მას შემდეგ, - შეედავა მუსლი.
- საუკუნეები არ ცვლის სისხლს, არ გინდა საქართველო, - ჯიუტად უმეორებდა მოხუცი მამა.
- საუკუნეები არა, მაგრამ ოქრო ბევრ რამეს ცვლის, ყველა ადამიანი იყიდება. მიწა მით უფრო. უბრალოდ დროის ამბავია გაიგო, ვინ რამდენი ღირს,
- უთხრა აბაბულიმ და თრიაქი გააბოლა. მაგრამ მაინც დაეკარგა მოსვენება. მაინც აჰყვა შიში. ახლა კი დგას ქუჩაში, სადაც მანქანებიდან ნაგავს ისვრიან და ეცინება, უფრო მარტივად მოგვარდება ყველაფერი, ვიდრე წარმომედგინაო, ამათ აღარც მიწა ჰყავრებიათ და არც საკუთარი თავებიო.
  მაგრამ იმედი გაუცრუვდა. უკვე 2 წელია საქართველოშია. 2 წელია პატარა სასტუმროს აფარებს თავს. აქ ერთადერთი გასართობი 19 წლის საყვარელია, რომელსაც უძიროდ შავი თვალები და ბინდისფერი თმა აქვს, სქელი, როგორც ნისლი და მზეზე აბრჭყვიალებული, ბრილიანტივით მბზინვარე. ლიაკოც იმ ქუჩიდანაა, სადაც უკვე აღარაა საქართველო. უყვარს ის ქუჩა აბაბულის. სამშობლოს ჰანგები ჟღერს. ის თრიაქით გაბრუებული კაცებისა და ჩადრიანი ქალების ქუჩაა. იმ ქუჩაზე ქართველი გოგოებიც არიან, მათი სხეულის ყიდვა შეგიძლია. მკერდგათქვირული, თვალებხატულა, ცქრიალა გოგოები არიან, ფუფუნების მძებნელნი, ამ უცხოდქცეულ ქუჩაზე მოხვედრილნი.
  როცა პირველად ჩამოვიდა აბაბულიმ მასმუდს ჰკითხა, კლუბის მეპატრონეს, სად იშოვე ეს გოგოები, მსმენია ქართველი ქალები თავს იკლავდნენ ომის დროს, მომსვლელს, რომ არ გაეუპატიურებინაო. მასმუდმა ხმამაღლა გაიცინა და შავი, მეჩხერი ულვაშებიდან ოქროს კბილი გამოაჩინა. მერე თრიაქი გააბოლა და აბაბულისკენ გადაიხარა.
- ყველა ქალწული იყო, ისეთი უცოდველნი და უბიწონი, - პირი ჩააწკლაპუნა, თითქოს ის გემო მოენატრაო, იმ პატარა გოგოების უბიწოების გემო, - უტვინო ხალხია, ქართველები. უტვინოზე მეტად კიდევ ფიქრი ეზარებათ. შეიძლება ქუჩაში მიდოდე და ვინმე მთვრალმა ბიჭმა გზა გადაგიჭრას, ჩემს ქვეყანაში რას დაეთრევიო, მაგრამ ამ ბიჭების დედები და დები ლუკმა-პურის საშოვნელად ჩვენთან მოდიან.
  ცოტა ხანს სიჩუმე ჩამოვარდა. მასმუდი რაღაცას იხსენებდა, აბაბულიც თავის ფიქრში იყო: თუ შიათ, ეს ძალიან კარგია, შიმშილს ვერ უძლებენ ადამიანები, შიმშილმა ბევრი რამ შეიძლება გაგაკეთებინოს, მით უფრო, თუ გვერდით მაგიდასთან ვინმე ზის და გემრიელად ილუკმება.
- ხელფასს იმდენს იღებენ, ჩვენ რომ ბავშვებს ჯიბის ფულად ვაძლევთ. აქ მოდიან და იწყებენ მუშაობას: მზარეულად, ჭურჭლის მრეცხავად, დამლაგებლად, მიმტანად. ვასაჩუქრებ, არაფერს ვაკლებ და ეჩვევიან. ადვილად ეჩვევიან ძვირფას სუნამოებსა და ძვირადღირებულ ტანსაცმელს. ფული აზარტია, ყველაზე უკეთ რომ იგებენ გემოს, მერე ვთავაზობ - ან გაიხურე კარი და წადი, ან იყავი და როგორც გეტყვი ისე მოიქეცი-მეთქი... ზოგის უბიწოება გავყიდე, ზოგს მე გავუგე გემო, ვასწავლე, რა და როგორ უნდა, - თვალი ჩაუკრა მასუდმა და ისე გაიცინა, ყველა მათკენ შემობრუნდა.
- როგორები არიან? - ჰკითხა აბაბულიმ.
- ისე რა, დიდი არაფერი, მორცხვები არიან. ჩვენი ქალი ჩადრით რომ გაივლის და მხოლოდ თვალები უჩანს, იმ თვალების ერთი შემოხედვით უფრო მეტად შიშველია, ვიდრე ეს გახდილი გოგოები.
  აბაბული ჩაფიქრდა და თეძოების რხევით მოსიარულე გოგოებს მუშტრის თვალით დააკვირდა.
- მაგრამ სიყვარული იციან, ასე მგონია სხვაგან არსად უყვართ ასე გაგიჟებით. თავიდან გგონია, რომ იყიდე და მერე, მიხვდები, არაფერში უნდა შენი ფული, შენ უნდიხარ და სჭირდები და ამ სიყვარულისთვის ყველაფერზეა წამსვლელი. თავს შეგწირავს, მოკვდება შენთვის. ისეთი თვალებით შემოგხედავს, თავი სამყაროს ბატონ-პატრონი გეგონება. კარგი ქენი რომ ჩამოხვედი, ცოტა ხანში თავად გაერკვევი აქაურობაში. კონტრასტების ქვეყანაა, ყველაფერში უზომონი არიან. გულით ცხოვრობენ. თუ უყვარხარ, ამ სიყვარულისთვის სიცოცხლეს გაჩუქებენ. თუ სძულხარ, ერიდე, თვალის დაუხამხამებლად მოგკლავენ. ტყუილი არ სჩვევიათ, ეშმაკობისთვის არ მოსდევთ გონება, ამიტომ ქართველის ნდობა შეიძლება, მის სიტყვებში ეჭვის შეტანა არ ღირს, - მასმუდმა კიდევ რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ აბაბულის გახედა და მიხვდა, აღარ უსმენდა, სადღაც სხვაგან იყო, თვალი გააყოლა მის მზერას და გაეცინა:
- ლიაკო ჰქვია, არაჩვეულებრივი გოგოა. ფეშქაშად იყოს ეს ერთხელ, ჯერ სტუმარი ხარ. მალე მოშინაურდები და მერე, ვაჭრობის საქმე შენც იცი როგორაა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს