ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთი გაბინაშვილი
ჟანრი: პროზა
2 ივლისი, 2022


ზღვარი 14


მეცამეტე თავი

საქმეებს გულს ვეღარ უდებდა დამიანე, ერთ ადგილზე ვერ ჩერდებოდა. ასაკიანი პროფესორი საბჭოთა მევენახეობაზე, მიკრორაიონებსა და ღვინის მოსავალზე საუბრობდა. დამიანეს სიტყვები ბუნდოვნად ესმოდა, მისი ფიქრი ხან ევის დასტრიალებდა, ხან ეკას, ხან საკუთარ თავს. ერთ მხარეს დაუძლეველი სურვილი იყო, ეს ქალი კიდევ ერთხელ ენახა, მეორე მხარეს საღი აზრი, რომელიც ახსენებდა, შენ მეუღლე და ორი შვილი გყავს და რადგან ევი იმ ერთი ღამის ქალებს არ გავდა, აქამდე რომ ჩნდებოდნენ პერიოდულად მის ცხოვრებაში და მხოლოდ პერანგის საყელოზე ტუჩსაცხის ლაქასა და ბეჭებზე ნაკაწრებს სტოვებდნენ და რადგან ამაზე მეტის მიცემა არც აღარავისთვის შეეძლო, ევის ამბავი დაწყებამდე დასრულებულიყო. და მიუხედავად ამისა, წამითაც არ შეეძლო ევის სახის, მისი ხმის, მისი თვალების დავიწყება.
  მხცოვანი მეცნიერი ქართული მევენახეობის მიღწევებსა და სისუსტეებზე საუბრობდა, დამიანე კი მალიმალ დაჰყურებდა ტელეფონის ეკრანს, ევის ზარს ელოდა. იმაზე კი პასუხი არ ჰქონდა, რატომ უნდა დაერეკა ქალს, მაგრამ გული მაინც რაღაცას უგრძნობდა თითქოს. ჰაერი არ ეყო და აივანზე გავიდა. მანქანების საყვირის ხმები ქალაქის ხმებს ერთვოდა და ქაოსს ქმნიდა. ამ ქაოსში კიდევ უფრო მარტო იგრძნო თავი და ხელები გონებას აღარ დაეკითხა, ისე აკრიფა ნომერი. ევიმ ყურმილი არ აიღო. რამდენიმე წამში ისევ გამეორდა ზარი, პასუხი არც ამჯერად გაუციათ. ახლა ღელვა შეეპარა, რამე ხომ არ ეწყინაო ჩემგან, თავს მარიდებსო უთუოდ. შიში შეეპარა, ეჭვი შეუჩნდა: ხომ კარგადაა, რამე ხომ არ შეემთხვაო.
- თქვენ, როგორც ექსპერტი, რა აზრის ხართ თიხის ჭურჭელში ღვინის დაძველებაზე? ქვევრის უპირატესობასა და სუსტ მხარეებზე რას იტყვით? - ეკითხებოდა ბატონი გენადი, დამიანეს კი დრო დასჭირდა კაბინეტში დასაბრუნებლად და კითხვის აღსაქმელად და კიდევ უფრო გაუჭირდა პასუხის მოძებნა.
  ახლა ქვევრებსა და ღვინის დაძველების ტექნოლოგიებზე გაცილებით მნიშვნელოვანი საფიქრალი ჰქონდა. გენადი მაჭარაშვილი ამტკიცებდა, ქვევრი უნიკალურია, მის მთავარ ხარვეზს უჟანგბადობა იწვევს, მაგრამ ესეც უცოდინრობის პრობლემააო. ქვევრსა და ხუფს შორის ტყავს თუ ჩავაყოლებთ, თიხას სუნთქვის საშუალება მიეცემაო. ახლა ღვინოს კი არა, დამიანეს არ ჰყოფნიდა ჰაერი, სუნთქვა გაუძნელდა, ბოდიში მოიხადა და ისევ გარეთ გამოვიდა. ავტოსადგომთან მისულმა გადაიფიქრა მანქანით წასვლა და ფილაქნებიან დაღმართს დაუყვა. უფიქროდ მიდიოდა, აზრმიუცემლად და მაინც, ახლა თითქოს ქალაქიც უფრო ეუცხოვებოდა, ქუჩაც, ადამიანებიც. ისეთი აღელვებული იყო, რაღაც მოუსვენარი ქარივით დაძრწოდა მის სხეულში და მოსვენებას ვერ პოულობდა. მეტროსადგურს ჩაუარა, რამდენიმე მეტრით გასცდა და ისევ უკან გამობრუნდა, მეტროში ჩავიდა. სტუდენტობა გაახსენდა. აღარც კი ახსოვს რამდენი წელია მეტროში არ ყოფილა, ძველად კი მისი საყვარელი ტრანსპორტი იყო.
  მეტრო საინტერესო რამაა, მაგრამ უფრო საინტერესო მეტრომდე მისასვლელი გზაა, რომელიც ცალკე სამყაროა, რომელიც ერთდროულად მთელ ქალაქს იტევს და თან ქალაქისაგან აბსოლუტურად განსხვავებული ტემპით არსებობს. აზრმიუცემლად ჩაიარა კიბე და სადგურზე გაჩერებულ მატარებელს თითქმის სირბილით მიასწრო.
  კარები იკეტება და თუ იჩქარე და შეასწარი ხომ კარგი, თუ არა და მოგიწევს მეორე მატარებელს ელოდო, რომელიც იქნებ აღარც კი მოვიდეს. მეტრო რაღაცით ცხოვრებას ჰგავს. თითოეული ჩვენგანი სინათლიდან სიბნელეში ვხვდებით და გავდივართ გზას, რომელმაც ისევ სინათლეში უნდა დაგვაბრუნოს. ყველას გვაქვს ჩვენი გაჩერება და ჩვენი ადგილი ამ მატარებელში, ზოგი ფეხი-ფეხზე გადადებული ვსხედვართ, ზოგი ცალ ფეხზე ვდაგავრთ, ზოგი სხვას ვუთმობთ ადგილს, ზოგიც სხვის ადგილს ვიკავებთ. წლებივით სწრაფად მიდის ვაგონი და ისე ვმგზავრობთ, რომ ვერ ვხედავთ ვინ გვმართავს, თუმცა ჩვენ თავად რომ ვერ ვაკონტროლებთ მატარებლის მოძრაობას, ეს ცხადია. კარები იღება, კარები იხურება, შემდეგი გაჩერება...
    შემდეგი გაჩერება უკვე სხვას ეკუთვნის, ჩვენ იქ აღარაფერი გვესაქმება; არიან ხოლმე ადამიანები, რომლებიც მეტროში ასვლისთანავე იძინებენ და ჩასვლამდე სძინავთ, ვერაფერს იგებენ, მათთვის თითქოს არც დაწყებულა გზა, ისე სრულდება. და იქნებ მათი ბედი სჯობდეს დამიანესავით ვაგონში ახლად შესულებს, რომელთაც წინ გრძელი გზა აქვთ და აღარც კი იციან საით მიდის მათი ცხოვრება.
  ექსკალატორზე ტელეფონის მიღება აღდგა და რამდენიმე შეტყობინება ერთდროულად მოვიდა. გული აუჩქარდა დამიანეს, ერთი მაინც იქნებაო ევისგან, მაგრამ შეცდა, ეკასგან იყო გამოტოვებული ზარები. ცოლს დაურეკა.
- სად ხარ? რატომ გამორთე? სად იყავი? - ისე დააყარა კითხვები ეკამ, დამიანემ ყურმილი განზე გასწია და ღრმად ამოისუნთქა.
- მეტროში ვიყავი, მშვიდობაა? - უპასუხა კაცმა, ძლივს რომ გააკეთა რამდენიმე წამიანი პაუზა ეკამ.
- სად? მეტროში? ეს ახალი ზღაპარია? და მაგ მეტროს არაყი ან კონიაკი ხომ არ ჰქვია შემთხვევით?
- რა იყო, ეკუშ, ისე მელაპარაკები, თითქოს ლოთი ვიყო, მასე ვარლამას არ ელაპარაკებოდა დარეჯანა.
- დარეჯანა ვინღაა?
- ვარლამას სქელგვერდება ცოლი.
- ვინ ვარლამა?
- ლოთი ვარლამა, გვერდით სადარბაზოში ცხოვრობდა. ცოლი ჰყავდა იმხელა, ლიფტში რომ შედიდოდა ნახევარი გარეთ რჩებოდა. გალოთდა ეს ვარლამა, აბა რა მოუვიდოდა იმის ყურებით. გამოვიდოდა უთენია, გამოძღებოდა, მერე ეგდო ხოლმე ტროტუარზე ჩაფსმული და ეძინა. ჩამოივლიდა უნივერმაღიდან დარეჯანა, უნივერმაღში მუშაობდა, ამოიჩრიდა ქმარს იღლიაში და მიჰქონდა სახლში, თან გზადაგზა კოსვლიპა თავზე უბრახუნებდა თონეში ჩასაკრავი ცომის გუნდასავით აფუებულ ხელებს. იმდენს ურტყამდა, სანამ სახლში აიყვანდა, გამოაფხიზლებდა. მერე ისევ დაიძვრენდა თავს, საწყალი ვარლამა და...
- ესე იგი, ჩაფსმული და გაუბედურებული დაჰყავდა ცოლს და კიდევ ვარლამა იყო საცოდავი და საწყალი?! ან რა ვარლამა, რის დარეჯანა, მე რას გეკითხები და შენ კიდევ რას მებოდიალები?
- გოგო, შენ არ მკითხე, დარეჯანა ვინ არისო?
- საერთოდ შემეშვი რა! - გაუთიშა ეკამ ტელეფონი.
  დამიანეს ხმამაღლა გაეცინა, უახლოეს ჯიხურთან შეჩერდა. გაზიანი სასმლის ყიდვა უნდოდა. სანამ გამყიდველი ხურდას ეძებდა, იმ იმედით, რომ იქნება კაცს ლოდინი დაზარებოდა და წასულიყო, ეკასგან სამი შეტყობინება მოუვიდა: „შენ მე შტერი გგონივარ, მასხარად რომ მიგდებ?“ „საერთოდ ნუ მიპასუხებ, თუ არ გინდა, რომ იცოდე არავის ვეხვეწები და არც სამათხოვრო ოჯახი მჭირდება რა.“ „ და რომ მითიშავ ტელეფონს, იქნება ვკვდებით, თუმცა შენ რაში გადარდებს, ფეხებზე არ გკიდია ოჯახი?!“
  დამიანემ ტექსტები წაიკითხა და მწარედ გაეცინა, ეკასთან დარეკა, ცოლმა არ უპასუხა. დამიანემ ხელი ჩაიქნია, ამ გოგოს გამოსწორება არ იქნებაო. ამასობაში თითქმის მისულიყო სახლთან, კიდევ ერთხელ სცადა ევისთან დაკავშირება, მაგრამ ამაოდ. ავალ ბავშვებთან, იქნება ევიზე ფიქრი გაფანტონო, მაგრამ სადარბაზოში შესული, მიხვდა, სახლში მისვლა არ უნდოდა. ამის დედაც, ვაშავებდე მაინც რამეს და ტყუილად არ მიწევდეს თავის მართლება, - გაიფიქრა და უხალისოდ მიაწვა ლიფტის ამომწვარ ღილაკს. ლიფტში ისევ ოფლისა და შარდის სუნი იდგა, იქვე სიგარეტის ნამწვავები, ხელსახოცები და ძაღლის განავალიც დაეტოვებინათ.
- ბინძურები არიან, ამათი... - ისევ უკან გამოვიდა და ფეხით აუყვა კიბეს. კარი უფროსმა ვაჟმა გაუღო.
- როგორ ხართ, მამი? - თმაზე მიეფერა შვილს.
  ბავშვმა მხრები აიჩეჩა. მიხვდა დამიანე, რომ ეკას უკვე გაემართა ერთი კონცერტი და თვალწინ დაუდგა სცენა უბედური ცოლისა და ნაძირალა ქმრის მონაწილეობით. წარმოიდგინა შუბლშეკრული, აცრემლებული ეკა, მაგიდაზე თავლსაჩინოებისათვის დატოვებული არყის ჭიქა, ძირზე ჩარჩენილი გულის წვეთებით და ისე დაეზარა სამზარეულოში შესვლა, ლამის უკან გაბრუნდა. მაგრამ სასტუმრო ოთახიდან ხმაური ისმოდა, ეკას დაქალები ვიღაცის ქმარის უსაქციელობის ამბავს დიდი სიცილით განიხილავდნენ. დამიანეს დანახვაზე საუბარი შეწყვიტეს. ეკა ქმარს მიეგება, კისერზე ჩამოეკიდა და ხმაურით აკოცა. გოგოები აღფრთოვანებილნი შეჰყურებდნენ მოსიყვარულე ცოლ-ქმარს. დამიანემ სტუმრებს შამპანური შესთავაზა, ერთი ჭიქა თავადაც დალია. მალევე მოიბოდიშა დაგტოვებთო და ბავშვების ოთახში შევიდა. სანდრო მეცადინეობდა, დამიანემ შვილს წიგნი გამოართვა, დაგეხმარებიო სწავლაში და მთელი საღამო ცდილობდა ყურადღება გადაეტანა, მაგრამ მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა.
  კარგად შეღამებულზე გააცილა ეკამ მეგობრები და კარი რომ მიხურა, ისეთი სახე მიიღო, თითქოს ახალგაზრდა მიცვალებული სწვენოდეს წინ. მთელი საათი დასჭირდა დამიანეს იმის ასახსნელად, რომ უბრალოდ მეტროთი მგზავრობა მოუნდა, საკუთარ თავთან მარტო დარჩენა სურდა, ჰაერი არ ჰყოფნიდა და გარეთ გასვლა გადაწყვიტა. ეკასთვის მაინც გაუგებარი დარჩა ქმრის საქციელი. კარგი, თავს გავიშტერებ, ვითომ მჯერა შენი, ვითომ ისევ ზღაპრების ასაკში ვარო.
  დამიანეს ყველაზე მეტად კონფლიქტი სძულდა. ასე ეგონა, დაძაბულობა და კამათი მკლავსო. სიმშვიდე უნდოდა. თითქოს სიჩუმე იმისთვის სჭირდებოდა, რომ უკეთ ეოცნება, სამყაროსაგან გასაქცევად სჭირდებოდა. იმ სხვა უფრო ნამდვილ სამყაროში კი ქალი გაჩნდა და ისე უცბად გაქრა, თითქოს ვარსკვლავი მოწყვეტილიყოს და სურვილის ჩაფიქრება ვერ მოესწროს.
  ბავშვები დასაძინებლად დაწვნენ, ეკამ ტელევიზორთან მოიკალათა, შოუ გადიოდა, ცნობილი სახეების სახლებს უჩვენებდნენ. დამიანე დიდხანს ეძებდა თაროზე წიგნს და ბოლოს პერუელი მწერლის რომანს წამოავლო ხელი. წაკითხვა უნდოდა, ერთი გვერდი სამჯერ მაინც ჩაიკითხა, ახლა ეს უბრალოდ სიტყვები იყო, სრულიად უცნობ ენაზე დაწერილი, დამიანეს გონებამდე ბგერები აღწევდა, მაგრამ გაგებას ვერ ახერხებდა. ქალი, რომელიც მის ფიქრებში გაჩენილიყო, გასვლას აღარ აპირებდა სხეულიდან. მოულოდნელად ტელეფონი აწკრიალდა. საძინებელში დასამუხტად შეერთებული დარჩენოდა დამიანეს. ღამის თერთმეტს იქნებოდა გადაცილებული, ეკამ ეჭვით გახედა ქმარს, პულტი მაგიდაზე ნაჩქარევად მიაგდო და ოთახისაკენ თითქმის სირბილით გავიდა. ამასობაში ზარის ხმა შეწყდა.
- ვინაა? - გასძახა დამიანემ. ეკას პასუხი არ გაუცია. იდგა და დამიანეს ტელეფონში გამეხებული სახით ეძებდა რაღაცას. ქართულ საგამოძიებო სისტემას ძალიან გაუმართლებდა, ეჭვიანი ცოლები რომ ჰყავდეთ დასაქმებული, - გაიფიქრა დამიანემ და სცადა, გულგრილი გამომეტყველებით ეკითხა:
- ვინ იყო?
- ევა! - წარმოთქვა ეკამ და ქმარს თვალებში შეაჩერდა. დუმილი რამდენიმე წამით გაგრძელდა და დამიანემ სიმშვიდის შენარჩუნება ვერ შესძლო. ტელეფონი თითქმის ძალით გამოგლიჯა ცოლს ხელიდან და აივანზე გავიდა.
  ევიმ დამიანეს მოუბოდიშა, ასე გვიან რომ გაწუხებ, ახლაღა ვნახე შენი ნარეკიო.
- დეტალების დაზუსტება მინდოდა კონტრაქტთან დაკავშირებით. კარგად ხარ? რომ არ მიპასუხე, ცოტა შემეშინდა.
- არა მიშავს.
- მშვიდობაა?
- ჩემს მდგომარეობას ახლა მშვიდობას ვერ ვუწოდებდი.
- რა ხდება? მე რითი შემიძლია დახმარება?
- მადლობა, მაგრამ, ალბათ, ვერ დამეხმარები. საქმე ცოტა რთულადაა.
- თუ რთულადაა მით უფრო უნდა მითხრა და გამოსავალს იქნებ ერთობლივად მივაგნოთ.
- სატელეფონო საუბრის თემა არაა, მაგრამ მაინც დიდი მადლობა შემოთავაზებისთვის.
- ზუსტადაც რომ მაგიტომ გირეკავდი, იქნება შევხვდეთ, შენ ამბებსაც მომიყვებოდი და კონტრაქტის დეტალებსაც დავაზუსტებდით.
- ხვალ? - ქალი შეყოვნდა, - მომწერე კომპანიის მისამართი და ვეცდები დღის განმავლობაში შემოვირბინო, ახლა ცოტა არეული მაქვს გრაფიკი.
- როცა მოიცლი დამირეკე და მისამართს ზუსტად გეტყვი. ყავა დავლიოთ, ყავასთან ერთად ყველა პრობლემა უფრო მარტივი ხდება.
- შენც ყავისტი ხარ?
- მეც? ეგ უკვე აღარ უნდა გეკითხა.
- ყავა ჰაერზე უფრო მნიშვნელოვანია!
- ხედავ, რამდენი რამით ვგავართ ერთმანეთს?
  ევიმ უხერხულად გაიცინა, მერე, კიდევ ერთხელ, მოუბოდიშა გვიან შეწუხებისთვის და დაემშვიდობა. დამიანემ ტელეფონი გათიშა და სიგარეტს მოუკიდა. უმთვარო ღამე იყო, უვარსკვლავო, მდუმარე. ღრმად ამოისუნთქა, თითქოს სამყარო გარინდულიყო და მის გულისცემას დამორჩილებოდა, თითქოს შეჩერებულიყო ცხოვრება, ქვაკაცებად ქცეულიყვნენ დედამიწელები და სრულიად მარტო დარჩენილიყო სამყაროში და ამ სიმარტოვეში ისეთი სრული იყო, ისეთი სავსე, საკუთარ თავს ვეღარ იტევდა. მოუწევლად ჩამწვარი სიგარეტი შერჩა ხელში დამიანეს და ისე ჩაეფლო ფიქრში, ვერც შეამჩნია, როგორ გამოვიდა აივანზე ეკა.
- ვინ იყო? - ჰკითხა ისეთი ხმით, რომ შეტევაზე გადასვლას აპირებდა.
  დამიანე გამოფხიზლდა თითქოს, ცოლს ირონიული ღიმილით შეხედა, ერთ ხანს ჩუმად იდგა, მერე ზურგი აქცია და ოთახში შევიდა. დამიანე გაუხდელი დაწვა საწოლზე და თვალები ჭერს მიაჩერა. ეკა თავზე წამოადგა.
- ხომ დაინახე ვინც იყო? - ჰკითხა გაღიზიანებულმა.
- და ეგ ვინაა? ან სახლში ვერ დაელაპარაკებოდი?
- ევი აღდგომელაშვილი, აღმოსავლეთის რეგიონში აქვს უზარმაზარი ვენახები, მათგან სადესერტე ღვინოების შესყიდვასა და იმპორტზე გატანას ვაპრებთ. ხელშეკრულებას ვაფორმებთ. გარკვეული დეტალები და რეკვიზიტები გვაქვს დასაზუსტებელი. დაგაკმაყოფილა?
- და სახლში ვერ ჰკითხავდი რეკვიზიტებს?
- ჰაერი მჭირდებოდა, ესეც შენ უნდა შეგითანხმო ვისუნთქო თუ არა? რა გინდა ბოლო-ბოლო თქვი რა ეს დედა არღნიანი. მიზეზებს ეძებ?
- არა მიზეზებს არ ვეძებ, მაგრამ ამ სახლში შენთვის საჭირო ჰაერი აღარ არის.
- ეკა, ბავშვებს სძინავთ და მოდი შეწყვიტე ეს ისტერიკა, მეძინება.
- იმ ქალს რომ გაუბი ნახევარსაათინი ჭორაობა, მაშინ არ გეძინებოდა?
- რა გინდა, გოგო, სახლში აღარ მოვიდე? რა ისტერიკებს მიწყობ აქ?! ვინ ქალი, საერთოდ იცი ვინაა? პარანოია დაგეწყო მგონი და თუ ცუდად ხარ, ვიმკურნალოთ, წავიდეთ, ამომივიდა ყელში, უკვე მოთმინება მღალატობს, შეწყვიტე ეს მარაზმი რა.
- ნუ ყვირი, ბავშვებს გააღვიძებ!
- ახლა გაგახსენდა ბავშვები? ვიფიქრე, ადრე მოვიდოდი სახლში და საღამოს თქვენთან ერთად გავტარებდი, მაგრამ ადამიანს სუნთქვის საშუალებას არ აძლევ. აჰა, აიღე ნომერი და დაურეკე, დაურეკე და ჰკითხე რა მინდოდა. დაურეკე! - დაიღრიალა დამიანემ.
  ეკამ კარი გაიჯახუნა, აბაზანაში შევარდა და ქვითინი დაიწყო. დამიანემ საკუთარ თავს სთხოვა მწყობრიდან არ გამოსულიყო, მაგრამ ისე განერვიულდა, კანკალი დააწყებინა. სამზარეულოში გავიდა, წყალი დაისხა, მაგრამ არ დაულევია, იატაკზე დაანარცხა. ჭიქა ნამსხვრევებად იქცა. ერთ ხანს მუშტებით იყო მაგიდაზე დაყრდნობილი, მერე მაცივართან მივიდა, საყინულედან მინერალური წყლის ბოთლში ნახევრად მდგარი არაყი გამოიღო და სასმელი ღვინის ჭიქაში მოაპირქვავა. ჯაჭვები გაიკეთა სითხემ. უსიტყვოდ გადაჰკრა და სხეულმა იგრძნო ალკოჰოლმა როგორ ჩაიარა კუჭამდე. შეაჟრჟოლა დამიანეს. მეორეც გამოცალა. ეკა, როგორც ჩანს მიხვდა, რომ დამიანე კართან არ აიტუზებოდა ბოდიშებით, გაუბედავად გააღო კარი და დამნაშავე ბავშვივით შევიდა სამზარეულოში.
  დამიანე მაგიდას მისჯდომოდა და უკვე მესამე ჭიქას სვამდა. თავადაც გვერდით მიუჯდა. ქმრის ჭიქას წამოვალო ხელი და დალია. ძლივს ამოისუნთქა. მერე კიდევ თითო დალიეს უსიტყვოდ.
- სიგარეტი არ გაქვს? - შემრიგებლური ხმით ჰკითხა ეკამ.
  დამიანემ კოლოფი გაუწოდა.
- მაპატიე, - უთხრა ეკამ და ტირილი დაიწყო.
  დამიანეს ხმა არ გაუცია. ფარდა გადასწია და მთვლემარე ქალაქს გახედა. კიდევ ერთი ჭიქა დალია, ახლა ისეთი ცხარე აღარ მოეჩვენა სასმელი.
- ძალიან დავიღალე, ეკა, - თქვა ცოტა ხნის შემდეგ.
- მეც დავიღალე.
- რითი?
- ყველაფრით.
- ანუ გამოდის რომ ერთმანეთი დავღალეთ და დასვენება გვჭირდება.
  ეკას რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ყელში გაჩხერილი ბგერები ვეღარ გაათავისუფლა. შუბლი მაგიდას ჩამოაყრდნო და პატარა ბავშვივით აქვითინდა.
- რატომ ტირი, ეკა? ახლა რაღა დავაშავე?
- გირეკავდი და შემეშინდა.
- რისი, გოგო, რისი შეგეშინდა? დავიკარგები ამხელა კაცი? ფეხით გავლა მომინდა და მეტროთი წამოვედი და საერთოდ ისე მომეწონა, შეიძლება გავაჩერო კიდევაც მანქანა და მეტროთი ვიარო. რა არის ამაში ცუდი, კაცი მოვკალი?
- ჰო, მოკალი, - თქვა ეკამ და ახლა ისტერიული სიცილი დაიწყო.
- ლოთო, - გაღიმება სცადა დამიანემაც. ხელი მოჰკიდა მეუღლეს და საძინებელში გაიყვანა. ტანსაცმელი გახადა, საწოლში ჩააწვინა, საბანი ამოუგო და თავად ისევ სამზარეულოში დაბრუნდა. ბოთლი თითქმის ბოლომდე გამოცალა. ცოტა ხანს აივანზე იდგა, ვერ მოისვენა, ტელევიზორშიც ვერაფერს მიაგნო საინტერესოს. ერთ ხანს წინ და უკან იარა, მერე ვეღარ დააოკა სხეულში გაჩენილი სიტყვები, ვეღარ შეძლო მისი დატევა და წერა დაიწყო. უფიქროდ წერდა, არეულად, უმიზნოდ და იღვრებოდა რაღაც გამოუცნობი ტკივილით შევსებული სიტყვები ქაღალდზე. იღვრებოდა და ცარიელდებოდა დამიანე, სიმსუბუქეს გრძნობდა. წერა რომ შეწყვიტა და ალკოჰოლმაც ნელ-ნელა დაიწყო ორგანიზმიდან გამოსვლა, იმ სიცარიელეში პატარა სევდა გაჩნდა და მერე გაიზარდა, გაბევრდა, ძალა მიეცა.
  დამიანე გამთენიამდე ებრძოდა სევდას. მერე ცა გაბაცდა, მზე ამოვიდა და კაცი მიახვედრა, რომ ყველა ბრძოლა და წუხილი უაზრო იყო, რადგან ახალი დღე იწყებოდა, გასული დღის ტყუპისცალივით მსგავსი, იმავე წუხილითა და სატკივარით, მაგრამ მას არ შესწევდა უნარი, ჩამოსულიყო ამ უთავბოლოდ მბრუნავი ბორბლიდან, ამ უთავბოლო ცხოვრებისთვის თავი დაეღწია.
- დანებდი, დამიანე, დანებდი! რით ვერ უნდა მიხვდე, შე გამოქლიავებულო, რომ ესაა შენი ცხოვრება - ესაა, რაც შექმენი, რაც დაიმსახურე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები