ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
27 ივნისი, 2022


დედა, როგორც განსაკუთრებული ფენომენი...


დედა - ჩემი საუკეთესო მეგობარი და მესაიდუმლე იყო, ჩემს ყველა საიდუმლოს მხოლოდ მას ვანდობდი, თვალდახუჭული ვენდობოდი. 53 წლის ასაკში გადაინაცვლა მარადისობაში.

დედაზე, როგორც განსაკუთრებულ ფენომენზე, არაერთი ლექსი და სტატუსი დაიწერა როგორც პოეტების, ისე პროზაიკოსების მიერ.

დედა ის ადამიანია, რომელსაც შეგიძლია თვალდახუჭული ენდო, შენი განცდები, შენი ტკივილი, შენი საიდუმლო გაანდო. დედა საუკეთესო მეგობარი და მესაიდუმლეა.

დედამიწაზე არავინ და არაფერი უნდა გააღმერთო დედისა და დედაშვილური სიყვარულის გარდა. ჯერ კიდევ როდის თქვა გენიოსმა ვაჟა-ფშაველამ:

,,ლამაზად შვილის აღმზრდელი
დედა მიცვნია ღმერთადა“.

არ არსებობს იმაზე ძვირფასი სიტყვა, ვიდრე
,,დედაშვილობა“.

დედაჩემის სიცოცხლეში მხოლოდ ერთი ლექსის დაწერა მოვასწარი მასზე, მხოლოდ დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ დამიგროვდა დედაზე ლექსები.

არ არსებობს დედაზე დაწერილი ცუდი ლექსი, დედაზე დაწერილი ყველა ლექსი თავისებურად კარგია.

დედაშვილურ სიყვარულზე უფრო დიდი გრძნობა არ არსებობს დედამიწაზე, ისევე როგორც არ არსებობს დედის გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილზე უფრო დიდი ტკივილი, შვილის გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილის გარდა.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ, დედა ისე მენატრება, როგორც ზვიად გამსახურდიას ენატრებოდა საქართველო დევნილობაში ყოფნისას.

1989 წლის იანვარ-თებერვალია, დედასთან ერთად ბაკურიანში ვისვენებ. თებერვლის თვეში მერაბ კოსტავამ ისტორიული სიტყვა წარმოსთქვა პარლამენტის შენობაში: „ჩვენი გამარჯვების გზა დიდგორზე გადის!“

ცნობილია რომ მერაბი არაჩვეულებრივად მღეროდა „შავლეგოს“, რომელიც შალვა ახალციხელს ეძღვნება. მე თურმე დიდი სიამოვნებით ვუსმენდი, დედამ მითხრა: ჯერ კიდევ აკვანში იყავი, „შავლეგოს“ რომ ღიღინებდიო.

ამ სულისკვეთებით, ასეთი სულისკვეთებით გამზარდა, ყოველთვის მეუბნებოდა: „არასოდეს გადაუხვიო მამულიშვილობის გზიდან, ეს საქართველოს გზაა!“

მეც დღემდე ვაგრძელებ მამულიშვილობის გზით სიარულს...

დაბოლოს, ჩემივე ლექსით მინდა დავასრულო:

წინაპართ ნაკვალევზე

მარტო ვარ, თამაშგარეში,
თუმც ეს კალამიც მიჭრის...
მშობელი დედის გარეშე
სიტყვის უთქმელად მიჭირს.

კვლავ მარტო დავეხეტები
დარში, თოვლსა თუ თქეშში,
მსურს წყარო დაუშრეტელი
შევსვა ჩემივე პეშვით.

არა ვარ შარახვეტია,
არც ვინმე მოგზაური,
თუმც მივეჩვიე ხეტიალს,
ჩემგან შორს არის შური.

მინდა მივიდე ტაძრამდე,
მცხეთაში პირველ ყოვლის,
ძალას მმატებს და მახარებს
დანახვა სვეტიცხოვლის.

ხეკორძულას წყალს შევსვამდი,
დროშას გავშლიდი ზართან,
მინდა მმოსავდეს მზესავით
დედა ღვთისმშობლის კალთა.

მივყვები დროის დინებას,
წევს თხოთის მთაზე ნისლი,
ძარღვებში მოედინება
მირიან მეფის სისხლი.

ღირდა ქაქუცას გაჩენა,
ერში დატოვა კვალი,
ისე უჭრიდა მარჯვენა,
როგორც ერეკლეს - ხმალი.

ლექსები ვუთხრათ ჩვენ ცოტნეს,
ცხრა ძმას, არაგველს სამასს,
თუკი რაიმე შევცოდეთ,
შენდობა ვთხოვოთ მამას.

მერაბ კოსტავაც ვახსენოთ, -
სინდის - ნამუსი ერის,
ვიდრე ამქვეყნად ვარსებობ,
გული ,,შავლეგოს“ მღერის.

არ დავივიწყოთ ზვიადიც -
კლასიკოს მწერლის შვილი,
ქვეყნისთვის არის დიადი
ყველა მამულიშვილი.

მსურს ჩანგი ავახმიანოთ,
ვიმღეროთ ვაჟას მთებზე...
და სიკვდილამდე ვიაროთ
წინაპართ ნაკვალევზე!

ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები