ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთი გაბინაშვილი
ჟანრი: პროზა
20 ივნისი, 2022


ბეღურები

მერცხლებმა მიტოვებულ ბუდეებს მოაკითხეს.
დაგვიანებით ჩამოვიდნენ წელს,
ალბათ ამიტომ თუ არ დადგა გაზაფხული.
დაყრუებული იყო ეზო - თითქოს სახლისთვის ენა ამოეგლიჯოთ.
მე კი ყოველ ღამე,
ქარი რომ ჩამტვრეული კრამიტიდან ძვრებოდა სახურავში
და ჩემი ბავშვობის შიშებს შორის დაფათურობდა,
ყოველ ღამე, როცა მისი გაუთავებელი წივილი სტკიოდა სმენას,
განთიადს ველოდი.

ველოდი, რომ  გადაიწმენდდა ცა ბინდს
და მერცხლების უდარდელი ჭიკჭიკს გავიგონებდი.
გავიგონებდი და ნიშნს გებით ვეტყოდი ქარს:
აჰა, მოვიდა ჩემი გაზაფხული,
ბევრიც ახლა დამირღვიე სიზმრები,
სიზმრები უსასრულოდ ვრცელსა და ლურჯ ზღვაზე,
ყაყაჩოების ველებზე,
მამაჩემის ჩარგული ჯუჯა ვაშლების ყვავილობაზე,
აივანზე გამოდგმულ ფერად ბალბებზე,
დედაჩემი ყოველ დილით თავისი თბილი და რბილი ხელებით, რომ ეფერება.
აჰა, დასრულდა,
აღარ გაიყინებდა ქუჩაში ლოთი ცეზარა,
აღარ შეეყინებათ შვილმკვდარ დედებს ცრემლი სახეზე.
აჰა, მობრძანდა!
მობრძანდა და ყველა კიდევ ერთხელ დავაჯერებთ საკუთარ თავს:
რომ დედამიწის ღერძი წაღმა დატრიალდება,
რომ აღარ გაფრინდებიან ბავშვები ქვაფენლისკენ,
რომ არ გამოშრება მიწა და არ გახმება ვაზი,
რომ აღარ იქნება ღალატი და შური,
აღარ იარსებებს ბოროტება და ტკივილი,
რომ აღარავინ შექმნის იარაღს,
რომ მხოლოდ ცაზე კი არა, ჩვენს თვალებშიც ამოვა სიყვარულის მზე,
რათა ერთმანეთს სულის უღრანები გავუნათოთ.

......
წელს მერცხლები გაზაფხულზე არ გამოჩენილან,
დაგვიანებით მოაკითხეს მიტოვებულ ბუდეებს,
მაგრამ საკუთარ სახლებში არ შეუშვეს ბეღურებმა.
პატარა, მობუზულმა, მშიერმა და დაღლილმა ბეღურებმა
დიდხანს, დიდხანს უდარაჯეს აივანზე,
იქამდე, სანამ მერცხლებს არ გაეფანტათ
ბაბუაწვერას ყვავილივით ყველა იმედი სახლში დაბრუნების
და არ გადაიკარგნენ!

ყრუ კაცს გავს სახლი.
ძალიან ხმაურობს ეს მდუმარება
და არ მაძლევს ძილის საშუალებას.
და მე იმ უსიზმრო და ვერგასულ ღამეებში ვფიქრობ
პატარა, აბუზულ, მავთულებზე ჩამოსკუპებულ ბეღურებზე და
მე მცხვენია  ადამიანობის გამო,
იმის გამო, რომ არაფერიც არ გვიგავს ბეღურებს.
......
რა იქნებოდა ზამთრის ღამეებში
ჩვენც ჩამოვმსხდარიყავით მავთულებზე,
მხრებით მივკვროდით ერთმანთის სხეულებს და
ასე ერთმანეთით და ერთმანეთისთვის არ გავყინულიყავით?!

და მერე გაზაფხულზე,
ცა რომ დაიწმენდდა ამღვრეულ მზერს,
რა იქნებოდა, არც ჩვენ მიგვეშვა არც ერთი მერცხალი ჩვენს სულში,
არც ერთი მერცხალი, რომელსაც შეეშინდა მოახლოებული ზამთრის სუსხის
და თბილი ქვეყნებისკენ გაფრინდა.

რა მოხდა თუ კი აღარ იჭიკჭიკებდნენ,
ან და ვინ იცის, თბილი ქვეყნებისკენ რომ არ გვქონდეს მზერა მიმართული,
რომ არ ველოდოთ ზამთრის გრძელ ღამეებში,
რომ მოვა მერცხალი და მოიყვანს გაზაფხულს,
მათ, შემოდგომით ჩვენგან წასულებს, რომ არ ველოდოთ,
იქნებ ჩვენც კი გვესწავლა ჭიკჭიკი?
..........
რა მოხდებოდა, რამით მაინც ვგავდეთ ბეღურებს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს