ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
27 ივლისი, 2022


დარი არ დარობს დარულად

#ავდარიანა

ნინო დარბაისელი

“დარი არ დარობს დარულად”

(მონახაზი დარიანული დღიურების ქართულ წყაროთა შესახებ)

      ცისფერყანწელების მიზანი იყო, ქართული ლექსი ევროპული რადიუსით გაემართათ. ცხადია, ამას ესწრაფვოდა მათი თავკაცი - პაოლო იაშვილი.
    “რომ ჩემი კოცნა, სიყვარული, ხმაც ქართულია,
ყოველთვის ციურს ჯერ უცნობი სიგიჟე რომ მსურსო“,  - ციკლის ერთ-ერთ პირველ ლექსში “უვერტიურა”, თითქოს სრულიად შეუფერებელ ადგილას, ეროტიკულ კონტექსტში… უცებ  პატრიოტული მოტივი( !!) შემოაქვს მის ლიტერატურულ მისტიფიკაციას -  ელენე დარიანს.
  გავიხსენოთ, როგორ “ზის” ეს  მოულოდნელი განაცხადი მცირე ზომის ლექსის შიდა კონტექსტში:

პაოლო იაშვილი

უვერტიურა

ისე მოვედი, რომ არავინ არ მომელოდა,
მივეცი კოცნა მებაღეს და... გაიღო კარი,
მარტო ვიყავი!.. ჩემს გარშემო ლურჯად ბნელოდა,
მაგრამ შემომხსნა ქმრის ხელებმა ტანზე ქამარი!...
გავყვეთ სიმღერებს! ჩემი ვნება ალდართულია
და ის მახარებს, მამაისებს ბაღში შემოსულს,
რომ ჩემი კოცნა, სიყვარული, ხმაც ქართულია,
ყოველთვის ციურს ჯერ უცნობი სიგიჟე რომ მსურს
ჩემი ცხოვრება ისეთია, როგორც ოცნება,
ჩემი წუხილი, სიხარულიც ტრფობის ბრალია,
ჩემს სხეულს მეფობს ხან სინაზე, ხან საოცრება,
დედოფლობს გული! ის ყოველთვის მომღერალია.
.
    ეს,  სხვათა შორის,  ტექსტში მნიშვნელოვანი სათქმელის აქცენტირების რიტორიკული ხერხია.

    მე ვფიქრობ, რომ  ,,დარიანული დღიურების ყველაზე ქართული ძირები - ვეფხისტყაოსანშია. თუმცა ეს უჩემოდაც შენიშნულია და სხვადასხვაგვარად გამოთქმულიც (გ. ასათიანი, მ. ჯალიაშვილი და სხვ).
        …ვიდრე მკითხველი შემნიშნავდეს, ვიტყვი: დიახ, მახსოვს, რომ ვეფხისტყაოსანში  მამამ  იმთავითვე გაა-მეფა თინათინი,  ანუ იგი მეფეა, მაგრამ ცოლქმრობაში იგი - დედოფალია, ანუ ქალის პოზიცია აქვს “ვით დედოფალს, ვით მონას და ცოლს”.
  ავთანდილი - მისი შერთვით ხდება არა სრულუფლებოვანი მეფე, არამედ მეფე-კონსორტი, როგორც მაგალითად, დავით სოსლანი. 
      მე -  ასეთი არგუმენტები მაქვს:
    - ვინ არის  ვეფხისტყაოსნის სამეფო მიჯნურ წყვილთა შორის  ის ქალი პერსონაჟი, რომელსაც ეროტიკულ ამბებს უკავშირებენ?
  - თინათინი (გავიხსენოთ  ამის თაობაზე ნ. ნათაძის წერილიც, რომელიც აგორაზე გვედო).
    - ვინ არის ელენე დარიანივით სულ ლოდინის რეჟიმში?
  - თინათინი.
    - იგი -  დედოფალია, მისი ქმარი  - ავთანდილი  კი  “თავადი”.
  რატომ უნდა მივიჩნიოთ ორივეგან - ვეფხისტყაოსანშიც და შესაბამისად დარიანულ ნარატივშიც ქმარი - თავადად ( “თავადი დარიანი”), ყოველთვის, გარდა  სასიყვარულო თავგადასავლის ,,აკმესი” -  იმ მომენტისა, როცა იგი  მეფე/ნეფეა?
გავიხსენოთ  ტრიოლეტების ეს თაიგული

მეფის ქორწილი

ტრიოლეტები

1
ქორწილი ხარობს და სხივოსნობს მეფე ძვირფასი,
ფირუზის თასი ქარვისფერი ღვინით აივსო;
მეფემ დედოფალს მიაწოდა მეფური თასი.
ქორწილი ხარობს და სხივოსნობს მეფე ძვირფასი.
ტახტის გარშემო ქალწულების გრძნეული დასი
უმღერის მეფეს:- „მოგვილოცავს დღე სამაისო“,
ქორწილი ხარობს და სხივოსნობს მეფე ძვირფასი,
ფირუზის თასი ქარვისფერი ღვინით აივსო.

2
ანათებს დარბაზს ვეზირების ტანსაცმელები,
ცეცხლისფრად ელავს ლალის ფარჩა და ოქრომკედი,
ვერცხლის სურებში სჩქებს ღვინო და სხვა სასმელები.
ანათებს დარბაზს ვეზირების ტანსაცმელები...
...და დაღალულან დედოფლის თეთრი ხელები,
დედოფლის სახე ფერმკრთალია,ვით ნისლში გედი.
ანათებს დარბაზს ვეზირების ტანსაცმელები,
ცეცხლისფრად ელავს ლალის ფარჩა და ოქრომკედი.

3
მოსწყინდა მეფეს აწ ნადიმი და სილამაზე,
სამეფო გზაზე ცისფერ ვარდებს შლიან მონები.
დილის სხივებმა გაიხარეს მტერდისფერ ცაზე...
მოსწყინდა მეფეს ეს ნადიმი და სილამაზე,
ამშვენებს რიჟრაჟს დედოფალის თეთრი სინაზე,
და მეფე მიდის, როგორც ძველი ფარაონები.
მოსწყინდა მეფეს ეს ნადიმი და სილამაზე,
სამეფო გზაზე ცისფერ ვარდებს შლიან მონები.

4
სეფედარბაზში მზის სხივების ცეცხლი ანთია;
აღარ არიან მონები და ტახტის ქალები.
ფერმკრთალ დედოფალს მეფემ მოხსნა ფარჩის მანტია...
სეფედარბაზში მზის სხივების ცეცხლი ანთია,
მეფის თვალები ორი შავი ბრილიანტია,
ვნებით დედოფალს უღამდება ბნელი თვალები.
სეფედარბაზში მზის სხივები ცეცხლი ანთია,
აღარ არიან მონები და ტახტის ქალები.

    - ავთანდილი, თინათინისგან, ტარიელისა და ნესტანისგან იმით განსხვავდება, რომ  იგი სამეფო წარმომავლობისა არ არის, თუმცა არაბეთის მეფის, როსტევანის კარზე მისი ოჯახი დიდად დაწინაურებულია, წარჩინებულია,  ქართული სამეფო კარის იერარქიული მოდელის მიხედვით - თავადი.
    რატომ არის ერთ პატარა ლექსში, პირამიდებში“ სამჯერ ნახსენები (!!!)  ცხენი, ხოლო დასაწყისშივე ხაზზგასმულია, რომ ეს ცხენი  - არაბულია? (შემდგომ ორჯერ - რაშად - ჯადოსნურ ცხენად მოიხსენიება).
    იმიტომ ხომ არა, რომ ავთანდილი- სწორედ არაბეთიდანაა?

პირამიდებში

იქ, სადაც სდუმან პირამიდები
მზის ქორწილის დროს მე დავწვები მზისფერ სილაზე,
იქ, სადაც სდუმან პირამიდები
შენ მომინდები,
შენი თვალები, შენი მკლავები, შენი სინაზე.
შენ მოგაფრენს ცხენი არაბული,
თვალებ დანაბული,
საყვარელ ხელებს მივეცემი როგორც ნაზ საწოლს
და შენ დამკოცნი ვით დედოფალს, ვით მონას და ცოლს.
ტკბილი იქნება ცხელ სილაზე ჩვენი თამაში
მზიურებს მაშინ
არაფერი მოგვაგონდება...
პირამიდებში ატირდება ლოდინით რაში
ლურჯ სფინქსთან მივა, დიდხანს უცქერს და დაღონდება.
სილიან ტანით მდინარისკენ გავეშურებით
მწვანე ტალღებში დავამშვიდებთ ჩვენს ვნებას ალურს;
გამოფხიზლდება შენი რაში სფინქსის ყურებით,
დაუწყებს ძებნას უდაბნოში თავის სიყვარულს.

  ჩემი აზრით, ელენე დარიანის ამბავი - ანუ ნარატივი, როგორც ახლა მოდაშია თქმა - ეს არის პასუხი კითხვაზე,  თუ ,,რა ხდება  დიდი ამბის, ზღაპრის მერე? - იმის მერე, როცა გმირები საწადელს ეწევიან, როგორ გრძელდება ოჯახური ცხოვრება შეყვარებული წყვილისა ქორწილის მერე?
  ელენე - სახელი სონორული, მღერადი სიტყვაა და რამდენიმე დინებას აერთიანებს.
    მერე რა, რომ რეალობაში ეს სახელი  პაოლოს  ერთ-ერთ ქალსაც ერქვა. იმ დროს ხომ ძალიან გავრცელებული იყო.
    რაც შეეხება დარიანს, გავიხსენოთ,
რას ეუბნება როსტევანს ვეზირი, როცა ამცნობს  ტარიელის საშველად ავთანდილის  გაპარვის ამბავს:

  მზე აღარ მზეობს ჩვენთანა,
დარი არ დარობს დარულად.

    ავთანდილის დაბრუნება -  გამოდარებაა, დარის დარობა, დარიანი დღის დადგომა და ასე შემდეგ. 
    ვფიქრობ, პაოლოს ლიტერატურული მისტიფიკაციის პოეტურ-ალქიმიურ შენადნობში ასე მონაწილეობს ქართული მხარე.
  რუსული - ბრიუსოვია,  ამაზე ადრე ვისაუბრეთ, ჩემამდე -  ლევან ბრეგაძეს წერილიც აქვს, დანარჩენ ევროპულ წყაროთა შესახებ - დევს ფეისბუქზე  ჩემი თეზისები.

#ქართული_პოეზიის_საგანძურიდან
***
პაოლო იაშვილის ლიტერატურული მისტიფიკაცია - ელენე დარიანი, თუმცა დედოფლად იხსენიება, მხატვრულ  თუ ვირტუალურ რეალობაში ერთი
საწყალი, დღენიადაგ მოღალატე  თავადი ქმრის მომლოდინე არსებაა, - მიტოვებული, მაგრამ არც ბოლომდე მიტოვებული, ცხოვრებაზე იმედგაცრუებული და მაინც მეოცნებე…
  პოეტური ჩანაფიქრის მიხედვით, მთელი მისი სითამამე თუ სიმამაცე ალბათ იმაში გამოიხატება, რომ დღიურს დაუფარავად “უამბობს” თავისი უბედო სიყვარულის ამბავს.  დღიურის მეშვეობით გულახდილობს თავის თავად ქმართან, რომელსაც ეს ამბები ან აინტერესებს, ან არა…

ცხადია,  ელენე დარიანის არსება დინამიურ სახედ არის ჩაფიქრებული, აქვს თავისი აღმართ-დაღმართები, თუმცა მისი მხატვრული ყოფა - ძირითადად დაბლა მოემართება. აქ მინდა,  მკითხველმა გაითვალისწინოს მისტიფიკაციის, ნიღბის ქმნადობის ერთი მომენტი:  როდესაც  ავტორის მიერ,  პერსონა ძირითად ხაზებში, პარამეტრებში ჩასმულია,  ასე ვთქვათ, უკვე ,,არსებობს”, არაა საჭირო,  მისი ამბის გადმოცემა რეალური ყოფის ქრონოლოგიას მისდევდეს. (მაგალითად,  დაბადება-ჩვილობა-ბავშვობა-ყრმობა- მოწიფულობა და ასე შემდეგ).
  ავტორის ნებაა, ვირტუალური რეალობის ქრონოლოგიიდან თავისთვის  სასურველ მომენტს მაშინ შეეხოს, როცა მოესურვება. (დარიანული ამბები მისი პარიზში გამგზავრებით მთავრდება)
    ეს რომ ასე არ იყოს, ქრონოლოგიურად პირველი ლექსები ,,უვერტიურა”(შესავალი) და “მეფის ქორწილი” გვექნებოდა,  ანუ ციკლს ექნებოდა გამოკვეთილი, კონცეპტუალური დასაწყისი და დასასრული, მაშინდელ ავტორთა  მისტიფიკაციების მნიშვნელოვანი ნაწილის დარად.
    შეიძლება თუ არა, საერთოდ,  “დარიანული დღიურების” ჩარჩო-ნარატივზე მსჯელობა?
  ვფიქრობ, შეიძლება, ოღონდ ფრთხილად და არაკატეგორიულად…
    აქ ვწყვეტ მსჯელობას და გტოვებთ პირისპირ ამ უმშვენიერეს ლექსთან:

პაოლო იაშვილი

ელენე დარიანი წერს უბრალოდ და აბნეულად

ამაღამ  მგონი იქნება ქარი…
ვაი დედოფალ ტყემლების ბრალი.
დაღონებული წავიდა ქმარი
და დაბრუნდება დილაზე მთვრალი.

დიდი ხანია ამ ბუხრის ალში..
ტკივილით იწვის ჩემი ოცნება…..
ქმარმა გასცვალა მომღერალ ქალში
ჩემი ცოდვილი პატიოსნება.

ალბათ მოჰყვება მას სავარცხელი
უფრო უბედურ ჩემი მეტოქის,
მეტყვის ბრძანებით: – მომეცი წყალი
ჩემი ფერადი, სპარსული დოქის!

ცოლი ვარ მე მისთვის სასახელო
(მე ის მკოცნიდა სხივიან დღეში)
ღვინით გასვრილი მისი საყელო.
გადავარდება მყუდრო კუთხეში.

ქმრის სითამამე ჩემი ბრალია,
არ ვწუხვარ ბევრჯერ რომ მოვეხათრე.
რადგან ძვირფასი მატად მთვრალია,
დაეძინება მას ჩემზე ადრე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები